მოსკოვის შეხვედრა ალბათ მაინც შედგება

    «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» უმაღლესი დონის სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრების საკითხი კვლავინდებურად გაურკვეველია.
    შაბათს ამ თემაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება მაინც არ მიიღეს.
  უშიშროების საბჭო, დახურულ სხდომაზე ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ (სარწმუნო წყაროს ცნობით განსახილველმა საკითხმა დისკუსია გამოიწვია), შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განცხადებით, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის დედაქალაქში ტერორისტული ჯგუფის წევრთა თავშეფარების გამო. ნათქვამია აგრეთვე, რომ პრეზიდენტი თავად მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძე, მისთვის დამახასიათებელი ფრთხილი ტაქტიკიდან და პოლიტიკური ტექნოლოგიის კანონებიდან გამომდინარე, ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში.
    ვითარება ამ ქვეყანაში თითქმის ყოველდღიურად იცვლება. პრეზიდენტი ელცინი მოულოდნელად ავად გახდა. მისმა პრეს-მდივანმა სერგეი იასტრჟემბსკიმ ავადმყოფობა გაციებით ახსნა, თუმცა რუსულ ისტებლიშმენტში უკვე ალაპარაკდნენ «ინსულტის შესაძლებლობაზე». გამორიცხული არაფერია, ვინაიდან ალკოჰოლისადმი ელცინის მიდრეკილება საყოველთაოდ ცნობილია, ხოლო მისი ჯანმრთელობის გაუარესება 1996-97 წლებში შესაძლოა ბახუსისადმი მეტისმეტმა ტრფიალმაც გამოიწვია.
    თუ ბორის ელცინი ვერ შეძლებს უხელმძღვანელოს სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომას, იგი ამ მისიას უეჭველად პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ჩერნომირდინს დააკისრებს. ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა ლიდერების უმრავლესობა უარს იტყვის მოსკოვში გამგზავრებაზე და თავადაც პრემიერ-მინისტრებს გაგზავნის. შეიქმნება აბსურდული ვითარება (მთავრობის ხელმძღვანელებმა ხომ სულ ახლახან ითათბირეს იმავე მოსკოვში) და ამ ვითარებაში შევარდნაძის შესაძლო უარს მოსკოვში გამგზავრებაზე მწვავე პოლიტიკური დემარშის სახე აღარ ექნება; თუმცა ფაქტი ფაქტად დარჩება.
    ამიტომ პრეზიდენტი არ ჩქარობს და მოვლენათა განვითარებას ელოდება. აქვე აღსანიშნავია ორი მომენტი: სავსებით გამართლებული აღმოჩნდა შევარდნაძის საკმაოდ მკვახე რეაქცია «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოქვეყნებულ პროვოკაციულ სტატიაზე, რომლის ავტორები მას «ურჩევდნენ», ავადმყოფობის გამო გადამდგარიყო თანამდებობიდან.
    ედუარდ შევარდნაძის თქმით, «ყველა ქვეყნის ჟურნალისტი, სჯობს, უპირველესად საკუთარი პრეზიდენტის ჯანმრთელობით დაინტერესდეს და შემდეგ მიაპყროს თვალი სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტების ჯანმრთელობას». ამ სიტყვებმა მოსკოვურ ისტებლიშმენტში მწვავე რეაქცია გამოიწვია, თუმცა 9 თებერვლის შემდეგ ცერემონიების არც აუცილებლობაა და არც საშუალება.
    ნებისმიერი ჭკუათმყოფელისთვის უკვე აბსოლუტურად ცხადია, რომ მოსკოვში, სულ ცოტა, იცოდნენ ჩეჩნურ-ზვიადისტური ალიანსის მზადების თაობაზე - ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ.
    ამასთან, იქმნება არცთუ უსაფუძვლო შთაბეჭდილება, რომ ჩერნომირდინს ელცინის ტახტის დასაკავებლად ამზადებენ. საქართველოსათვის ეს არასასურველი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან რუსეთის ამჟამინდელი პრემიერი აშკარად არაკეთილგანწყობილია ჩვენი ქვეყნისადმი.
    მაგალითად, კიშინიოვის სამიტზე, როდესაც სხდომის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევარდნაძემ სცადა, მწვავედ დაესვა აფხაზეთის საკითხი, ჩერნომირდინი დემონსტრაციულად წამოდგა ადგილიდან და წასვლა დააპირა. ელცინმა იდაყვში წაავლო ხელი თავის პრემიერს და ლამის ძალით დასვა. ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლება უკვე აშკარად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბორის ელცინი (მიუხედავად დიდი სურვილისა) მესამედ ალბათ უკვე ვეღარ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე.
    მოსკოვის სამიტზე გამგზავრების ან გამგზავრებაზე უარის თქმის პრობლემა, რა თქმა უნდა, არა იმდენად მოსკოვის სახელისუფლო ოლიმპს, არამედ თვით საქართველოში შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება.
    ნებისმიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ესაჭიროება რაციონალური გათვლა, - დადებითი თუ უარყოფითი შედეგების აწონ-დაწონვა. ედუარდ შევარდნაძეს ამ პრინციპისათვის არასდროს უღალატია და არასდროს უმოქმედია მხოლოდ ემოციაზე დაყრდნობით. მით უმეტეს, რომ, ზოგადად, პოლიტიკაში ემოცია დიდი ვერაფერი დასაყრდენია.
    ჰეიდარ ალიევის დემარშმა, რასაკვირველია, ახალი ვითარება შექმნა. ალიევი ძალზე ჭკვიანი და ეშმაკი პოლიტიკოსია. იგი ნამდვილად ცდილობს, ქართველი კოლეგა დააყენოს თვისებრი არჩევანის წინაშე - გარკვეულწილად, პრობლემებიც შეუქმნას მას. საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს არაერთგზის განუცხადებიათ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებად და პირად მეგობრებად მიაჩნიათ თავი. ორი ქვეყნის პოზიცია ემთხვევა ერთმანეთს ნავთობსადენის საკითხში, ობიექტურად შეთავსებადია აზერბაიჯანისა და საქართველოს პოზიციები სეპარატიზმთან დამოკიდებულებაშიც.
    მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანს მაინც სხვა საწყისი მდგომარეობა აქვს. ალბათ მექანიკური მიბაძვა, იმავე პოლიტიკური ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ამჟამინდელ პოლიტიკურ კონტექსტში.
    აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ჯერ კიდევ 1992-93 წლებში გაიყვანეს რუსეთის შეიარაღებული ძალები, რის შედეგადაც ამ ქვეყნის მეოთხედი სომხურმა არმიამ დაიპყრო. ორ მოვლენას შორის, რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირი არსებობს. აზერბაიჯან-ირანის საზღვარს, პრეზიდენტ ელჩიბეის მოთხოვნით, რუს მესაზღვრეები აღარ აკონტროლებენ. სამაგიეროდ, აკონტროლებენ . . . . . . . . სომხური შეიარაღებული ფორმირებები!
    მიუხედავად ამისა, ჰეიდარ ალიევმა სიმტკიცე ნამდვილად გამოამჟღავნა და მოსკოვს კომპრომისი შესთავაზა. ოღონდ ყარაბაღის დაბრუნების სანაცვლოდ. ამჟამად აზერბაიჯანში ოდესღაც უზარმაზარი საბჭოთა არმიიდან ერთადერთი ქელბაჯარის რადიოსარელეო-სალოკაციო სადგურიღა დარჩა.
    საქართველოში კი პრინციპულად სხვა ვითარებაა: რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ოთხი სამხედრო ბაზა აქვს: თბილისში (ვაზიანში), გუდაუთაში, ახალქალაქში და ბათუმში.
    რაც შეეხება დსთ-ს, თბილისში არსებობდა იმედი, რომ თუ ფორმალურად მაინც (ამ ეტაპზე) შენარჩუნებული იქნება რუსეთის გეოპოლიტიკური არეალის მთლიანობა, რუსეთი მეტ-ნაკლებად დაეხმარება ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს სტაბილურობის შენარჩუნებაში.
    9 თებერვლის ტერაქტი თითქოს საპირისპიროს მეტყველებს, მაგრამ არის საკმაოდ საფუძვლიანი აზრიც, რომლის თანახმად, ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის მომზადება ან თვალის დახუჭვა ამგვარ მზადებაზე რუსეთის სახელისუფლო სისტემაში გამეფებული ანარქიის შედეგია - ანუ ერთმანეთს უპირისპირდება ორი იმპერიული კონცეფცია, რომელთაგან ერთი («ფრაგმენტული იმპერიალიზმის დოქტრინა») ითვალისწინებს მეზობელ ქვეყნებში სეპარატიზმის მხარდაჭერას და სეპარატისტული ტერიტორიების უშუალო მიერთებას; მეორე კი - ამ ბერკეტის გამოყენებას რუსეთთან დსთ-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გასაღრმავებლად.
    ელცინი უდავოდ მეორე დოქტრინას წარმოადგენს. ამიტომ მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მოსკოვში (სწორედ მოსკოვში და არა სხვა რომელიმე ქვეყნის დედაქალაქში) ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» ლიდერთა ყოველწლიური შეკრების ფაქტი.
    ეს არის ინტეგრაციის პირველი დონე; რუსეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მას განავითარებს. ასეთ სიტუაციაში მოსკოვს გამგზავრებაზე უარის თქმა ნიშნავს «ფრაგმენტული იმპერიალიზმის» ადეპტთა პოზიციების გაძლიერებას. ედუარდ შევარდნაძემ ალბათ სწორედ ეს მომენტი გაითვალისწინა და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, მაინც წავიდეს მოსკოვში 19-20 მარტის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
    უკანასკნელ ხანს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტიც თანდათან ასეთი გადაწყვეტილებისაკენ იხრება. ყოველ შემთხვევაში, ბაქოდან მოსული ინფორმაციები ამგვარი ვარაუდის საფუძველს ნამდვილად იძლევა.
    უაღრესად სარწმუნო წყაროს ცნობით, უშიშროების საბჭოს შაბათის სხდომაზე, საბჭოს წევრთა უმრავლესობამ უარყოფითი დამოკიდებულება გამოთქვა პრეზიდენტის მოსკოვში შესაძლო გამგზავრებასთან დაკავშირებით. ძირითადი მოტივი ისევ და ისევ უშიშროების საკითხებია. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები მოსკოვთან - ყველა დეტალის დასაზუსტებლად.
    როგორც ჩანს, პრეზიდენტის დაცვის სამსახური აპირებს რუსი კოლეგების წინაშე მკაცრად დასვას ზოგიერთი საკითხი. არ არის გამორიცხული, მოლაპარაკების საგანი გახდეს ამ ქვეყანაში (რუსეთში) მიღებული პროტოკოლიდან და დაცვის უზრუნველყოფის წესებიდან გარკვეული გადახვევაც, რათა საქართველოს შესაბამის უწყებას მიეცეს საშუალება, პრეზიდენტის დასაცავად განსაკუთრებული ზომები მიიღოს. საქმე ეხება იარაღის რაოდენობას, ხარისხს, შესაბამის ინფორმაციას და ასე შემდეგ. რუსული სპეცსამსახურებისთვის საკითხის ასე დაყენება, რა თქმა უნდა, «სილის გაწნაა», მაგრამ სავსებით დამსახურებული.
    რაც შეეხება სამიტის სავარაუდო შედეგებს, მათი განჭვრეტა ძნელი არ უნდა იყოს. ასეთ სამიტებამდე საქართველოს ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს, წინასწარ მოსამზადებელი სამუშაო ჩაატაროს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყანათა ლიდერებს სთხოვოს მხარი დაუჭირონ მის წინადადებებს და ა.შ..
    თუმცა, ვლადისლავ არძინბამ კვლავ განაცხადა, რომ თუკი მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ გაითვალისწინებს აფხაზური მხარის პოზიციას, იგი არ იქნება უფლებამოსილი აფხაზეთის ტერიტორიაზე და «არ მიიღება რაიმე პრეტენზია მათი შეუსრულებლობის გამო». ამგვარი განცხადებები ნებისმიერ შემთხვევაში ხელსაყრელია ჩვენთვის, ვინაიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ინტეგრაციის მომხრეებს (მოსკოვში) არწმუნებს, რომ ინტეგრაციას სწორედ სეპარატისტთა შეურიგებლობა უშლის ხელს. ამდენად, თუ არძინბა უფრო მკვეთრ განცხადებებსაც გააკეთებდა (დსთ-ს წინააღმდეგ) მით უკეთესი!
    სავარაუდოა, რომ საქართველოს პროექტს, აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით «მშვიდობისადმი იძულების» ოპერაციის ჩატარების თაობაზე, ამ ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მაგრამ პრეზიდენტი ელცინი (მიუხედავად მისი მხარდაჭერისა) დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ისევე, როგორც არ მოაწერა ხელი კიშინიოვის სამიტის გადაწყვეტილებას.
    მიუხედავად ამისა დსთ-ის შეხვედრებით და თუნდაც განუხორციელებელი გადაწყვეტილებით იმგვარი რეალობა (პოლიტიკური ფონი) იქმნება, რომელშიც საქართველოს შეეძლება განაგრძოს ორმხრივი კომპრომისის ძიება რუსეთთან ან პირიქით - დააფიქსიროს ამ კომპრომისის შეუძლებლობა და საბოლოოდ შეტრიალდეს დასავლეთისაკენ.
   

    «ადგილობრივი არჩევნებით» სეპარატისტები სახელმწიფოებრივი იმიჯის განმტკიცებას ცდილობენ
   

    აფხაზეთში ჩატარებული, ეგრეთ წოდებული, «ადგილობრივი არჩევნებით» აფხაზი სეპარატისტები კიდევ ერთხელ ემიჯნებიან საქართველოს.
    მათთვის მთავარია რამენაირად, ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით ისეთი აქციები ჩაატარონ, რომლებიც პოლიტიკურად გამიჯნავს, განაცალკევებს აფხაზეთს - საქართველოსაგან. საქართველოს ხელისუფლება არჩევნებს მხოლოდ შემოდგომაზე მართავს. საერთაშორისო ტრადიციის თანახმად, ნებისმიერი კენჭისყრა ხალხის (ნაციის) ერთიანობის დადასტურებად აღიქმება. თვით ის ფაქტი, რომ აფხაზეთში არჩევნები საქართველოსგან განცალკევებულად იმართება, საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან ბევრს ნიშნავს. აფხაზეთი ამით სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთ ნიშან-თვისებას იძენს. ამ არჩევნებით არძინბა და მისი სეპარატისტული ხროვა აფიქსირებს, რომ საქართველო სხვა ხალხისაგან (ნაციისაგან) შედგება, აფხაზეთი კი - სხვა ნაციაა, რომელსაც უკვე (თურმე, ნუ იტყვით) საკუთარი დემოკრატიული ტრადიციაც კი გააჩნია;
    გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ხდება იმის დემონსტრირება, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია ან რეალური სახელმწიფოებრივი გავლენა არ ვრცელდება. სეპარატისტთათვის ამ რეალობის ფიქსაცია ძალზე მნიშვნელოვანია; რაც უფრო მწვავე იქნება საქართველოს უარყოფითი რეაქცია ამ არჩევნებზე, მით უკეთესი არძინბასათვის - მით უფრო ცხადი გახდება დღევანდელი საქართველოს უმწეობა, რამე ზეგავლენა მოახდინოს მიმდინარე პროცესებზე. გაეროს, ეუთოს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს კი სეპარატისტები აინუშშიც არ ჩააგდებენ. ისინი გაქნილი პოლიტიკოსები არიან და შესანიშნავად იციან: ცივი და რაციონალური საერთაშორისო თანამეგობრობისათვის (დეკლარაციების თუ დემაგოგიური განცხადებების მიუხედავად) მთავარია ფაქტი და არა ამ ფაქტის შეფასება.
    არძინბა ადგილობრივ არჩევნებს ატარებს იმ მიზნითაც, რათა გაამწვავოს შიდა დაპირისპირება ქართულ საზოგადოებაში. ასეთი ანტაგონიზმი მისთვის ყოველთვის ხელსაყრელია. ჯერ ერთი, ღიზიანდებიან ადგილობრივი დემოკრატიის ადეპტები, რომლებიც სულ უფრო მწვავედ სვამენ საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თაობაზე. თუმცა, საკითხავია, როგორ აპირებს არძინბა «ადგილობრივი თვითმმართველობის» არა მხოლოდ წარმომადგენლობითი, არამედ აღმასრულებელი რგოლის დაკომპლექტებას?
    გარდა ამისა, ღიზიანდებიან ლტოლვილები, რომელთა ლიდერებს (მაგალითად, ბორის კაკუბავას) ეძლევათ შესაძლებლობა, ბრალი დასდონ ხელისუფლებას უმოქმედობაში მაშინ, როცა «სეპარატისტები სახელმწიფოებრიობის უკანასკნელ ატრიბუტებს ქმნიან». ლტოლვილთა გამოსვლები და ახალი დესტაბილიზაცია კი საშუალებას მისცემდა აფხაზებს, თავიანთი სეპარატისტული მოძრაობა დაეგვირგვინებინათ: გაეხსნათ საზღვარი ფსოუზე და ჩაეტარებინათ (ამ მიჯნას ნელ-ნელა უახლოვდებიან) საპრეზიდენტო არჩევნები.
    ნუ დავივიწყებთ, რომ არძინბა სეპარატისტთა პარლამენტმა აირჩია და არა მოსახლეობამ. საერთაშორისო ორგანიზაციათა პროტესტზე სეპარატისტების რეაქციაც ერთობ ნიშანდობლივია. ვლადისლავ არძინბას თქმით, მისთვის «გაუგებარია, რატომ უნდა შეუწყოს ხელი ვითარების დესტაბილიზაციას აფხაზური სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პროცესმა?» სეპარატისტებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი არჩევნებით დემოკრატიას ამკვიდრებენ. პრინციპში, «ლოკალური არჩევნები», თანამედროვე დემოკრატიული აზროვნების შესაბამისად, მართლაც საზოგადოებისა და სახელმწიფოს დემოკრატიულობის ძირითადი ნიშანია. ამასთანავე, «ადგილობრივი არჩევნების» ჩატარება სახელმწიფოებრივ მდგრადობაზე მიუთითებს. თითქოს რა მდგრადობაზეა ლაპარაკი, მაგრამ სეპარატისტები მაინც ახდენენ მთელი მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირებას, რომ მათ «სახელმწიფოს» ადგილობრივი არჩევნებისა არ ეშინია. მაშინ, როდესაც საქართველოში ამ თემაზე დისკუსია არ წყდება.
    სინამდვილეში, რასაკვირველია, სეპარატისტთა «სითამამე» იმით არის გამოწვეული, რომ ამ ტერიტორიიდან ასეულობით ათასი ადამიანი განდევნეს და, ფაქტობრივად, ფაშისტური რეჟიმი დაამყარეს. ამდენად, თავისუფლად შეუძლიათ ჩაატარონ ნებისმიერი არჩევნები, მოახდინონ არა მხოლოდ დევნილი ქართული, არამედ აფხაზეთში ჩარჩენილი სომხური, რუსული, ბერძნული მოსახლეობის ტერორიზება.
    სეპარატისტთა მიზანია ადგილობრივი ორგანოებიც ისეთივე მონოეთნიკური იყოს, როგორიც მათი ეგრეთ წოდებული «პარლამენტია», რომელშიც მხოლოდ სიმბოლურად თუ შეიყვანეს თითო-ოროლა არააფხაზი ეროვნების დეპუტატი.
    მიუხედავად ამისა, არჩევნები მაინც არ ტარდება გალის რაიონში - ეს უეჭველად იმაზე მიუთითებს, რომ არძინბას ხროვა ვერ აკონტროლებს ამ ტერიტორიას. გალში თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა კი სეპარატისტებს ეშინიათ, რაკი შედეგად გალის საკრებულომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება რაიონის აფხაზური ადმინისტრაციისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.
    არძინბა ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, აინუშშიც არ ჩააგდებდა, მაგრამ იგი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა პოლიტიკური თვალსაზრისით.
    შექმნილი მდგომარეობა კვლავ და კვლავ მარწმუნებს, რომ ერთადერთი ეფექტიანი საშუალება სეპარატისტთა კომპრომისის ხასიათზე მოსაყვანად პარტიზანული მოძრაობის მაქსიმალური გააქტიურებაა. ეს საკითხი უშუალოდ უნდა დაუკავშირდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც, ვინაიდან სამშვიდობო ძალთა ყოველი აქცია პარტიზანთა წინააღმდეგ უეჭველად უნდა აღიქმებოდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სერიოზულ დარტყმად.
    სხვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან უბრალოდ არ არსებობს. ქართული პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს იმგვარი ვითარების შექმნა, როდესაც რუსეთი იძულებული გახდება შეურიგდეს საქართველოს მხრიდან «მცირე ინტენსივობის» სამხედრო ზემოქმედების განხორციელებას აფსუა სეპარატისტთა წინააღმდეგ. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ ამ ვითარებას დაემატება საზღვაო ბლოკადაც. ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა ივლისამდე არც ისე დიდი დრო დარჩა.
   

მესუთ ილმაზი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს
   

    თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, როგორც მოსალოდნელი იყო, კონკრეტული შედეგით დასრულდა. ილმაზმა და შევარდნაძემ მოილაპარაკეს, აპრილში გამოაცხადონ ტენდერი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაზე. კონკურსში მონაწილეობას ძირითადად, ალბათ, ამერიკული და გერმანული კომპანიები მიიღებენ. რკინიგზის ამოქმედება 21-ე საუკუნის დასაწყისში გახდება შესაძლებელი, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება მთელი კავკასიისა და, უპირველესად, საქართველოსთვის.
    საკმარისია ითქვას, რომ (ვთქვათ) თბილისი სტამბულს დაუკავშირდება ყველაზე იაფი ტრანსპორტით და სტამბულამდე მოგზაურობა გახდება იმაზე გაცილებით იაფი, ვიდრე მოსკოვამდე მგზავრობა იყო საბჭოთა პერიოდშიც კი - რომ აღარაფერი ვთქვათ დღევანდელ ტარიფებზე.
    ამ რკინიგზის გატარებას აზერბაიჯანიდან საქართველო-თურქეთისკენ უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ალბათ, არანაკლები, ვიდრე ნავთობსადენს; ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდის თვალსაზრისით.
    მიღწეულია, აგრეთვე შეთანხმება, ახალქალაქი-თბილისის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციის თაობაზე. ეს გზა მოემსახურება ტვირთნაკადებს არა მხოლოდ ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან, არამედ ჩრდილოეთი კავკასიიდან - თურქეთში. ამ პროექტსაც ძალზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. მესუთ ილმაზი დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტს, რომ სეპარატიზმის წინააღმდეგ შეურიგებლობის ატმოსფეროს დამკვიდრებით დაინტერესებულია არა მხოლოდ საქართველო, არამედ თურქეთიც.
    «დიდი ნავთობსადენის» თაობაზე კი მხარეებს, როგორც ჩანს, განსაკუთრებული მსჯელობა არ გაუმართავთ. მიზეზი გასაგებია: თბილისშიც და ანკარაშიც ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ. გაუგებარია, რა შეიძლება კიდევ მოხდეს ისეთი (რაკი 9 თებერვალს ქვეყანა პრეზიდენტის სიკვდილს «გადაურჩა»), რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას.
    პირიქით - ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესები გვარწმუნებს: მდგომარეობა კიდევ უფრო ხელსაყრელი ხდება სწორედ «დასავლეთის მარშრუტისათვის». ჩეჩნეთის ვიცე-პრეზიდენტ ვახა არსანოვის განცხადებით (რასაც შამილ ბასაევი და ასლან მასხადოვიც ეთანხმებიან), ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გადაკეტოს ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი, რადგან რუსეთი არ ასრულებს ჩეჩნეთის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს თანხების გამოყოფის თვალსაზრისით.
    თუ ეს მართლაც მოხდა (ჩეჩნებს, ამ შემთხვევაში, დასაკარგი ბევრი არაფერი აქვთ), საქართველოს შანსები კიდევ უფრო გაიზრდება. უფრო მეტიც: ჩვენ ვიქცევით კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების მონოპოლისტებად, ვინაიდან საქართველოს გავლით მოხდება არა მხოლოდ «დიდი», არამედ «მცირე» ნავთობის სრული ოდენობის ტრანსპორტირება. ხოლო ბორის ნემცოვის განცხადებები «ალტერნატიული ნავთობსადენის» მშენებლობის თაობაზე, აშკარად არარეალურია. ჯერ ერთი, ჩეჩნები იმ ნავთობსადენს ყოველდღიურად ააფეთქებენ. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში მან დაღესტანი უნდა გადაკვეთოს - ჩრდილოეთ კავკასიის ამ ქვეყანაში კი უახლოეს მომავალში ომი დაიწყება. იქ დაგეგმილია საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება, რაც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დაღესტნის მთელი საზოგადოების ანტირუსულ საფუძველზე კონსოლიდაციის შემთხვევაში.
    ედუარდ შევარდნაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთთან საქართველოს დაახლოება არ ბღალავს არც ერთი ქვეყნის კანონიერ ინტერესებს. იგულისხმება, რა თქმა უნდა, უპირველესად რუსეთი. ეს დიპლომატიური ფრაზაა, თუმცა რეალურად, თურქეთ - საქართველოს დაახლოება სწორედ თურქეთისა და საქართველოს ინტერესებს შეესაბამება.
    საქართველოს აინტერესებს თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა და ევროკავშირის მომავალი სუბიექტი. თურქეთი ესწრაფვის დააფიქსიროს საკუთარი გეოპოლიტიკური არეალი და დაუმტკიცოს იმავე ევროკავშირს, რომ იგი რეგიონული ზესახელმწიფოა, რომელსაც მთელ კავკასიაში შეუძლია პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა.
    რა თქმა უნდა, იგულისხმება ეკონომიკური და პოლიტიკური მექანიზმები. საქართველო ამ პროცესშიც გადამწყვეტ როლს ასრულებს. ჭეშმარიტად, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ღმერთმა გვარგუნა და იგი გონივრულად უნდა გამოვიყენოთ.

დილის გაზეთი, 16 მარტი, 1998 წ.

მთელ გვერდზე