მთავრობის გადადგომა ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ არა საქართველოში

    მსოფლიოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის გადადგომას მოსახლეობა საკმაოდ გულგრილად ხვდება. ბევრი ვერც იგებს ამის შესახებ, ვინაიდან იოტისოდენად არ აინტერესებს. საოცარი პარადოქსია - რაც უფრო დემოკრატიული, ცივილიზებული და ეკონომიკურად აყვავებულია ქვეყანა, მით უფრო ნაკლებია მოსახლეობის პოლიტიზებულობის დონე. საქართველოში ჯერჯერობით პირიქით არის. ამიტომ მთავრობის გადადგომაც უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკურ კატაკლიზმად მიიჩნევა. თვით მინისტრების დამოკიდებულებაც ერთგვარად ტრაგიკომიკურია. თავადაც ვერ ამჩნევენ, რომ საზოგადოების თვალწინ ისე ირჯებიან, თითქოს მათ მიერ დაწერილი განცხადება ეროვნული გმირობის ტოლფასია. არადა, იტალიაში მაგალითად, მთავრობა ზოგჯერ ორ თვეში ერთხელ იცვლებოდა, ყოველგვარი გართულებების გარეშე ტოვებდა სახელისუფლებო ოლიმპს და კაბინეტებს სხვა მინისტრებს უთმობდა. ასევე იაპონიაში: მთავრობის გადადგომისთანავე იკრიბებიან მინისტრები, ჩაიყენებენ შუაში პრემიერს, ეროვნული ტრადიციისამებრ იკივლებენ ხელების ზეაღმართვით: «ბანზაი» და იშლებიან. იმის თქმა არ მინდა, თითქოს მათი ქართველი კოლეგებიც ასევე უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ სიტუაციას ნაკლები ტრაგიზმი შეეფერებოდა. ასეთი განსაკუთრებით მღელვარე რეაქცია კი იმაზე მეტყველებს, რომ მრავალი მინისტრისთვის ეს თანამდებობა მხოლოდ ბიუროკრატიული პოსტი არ არის. ჩვენში კვლავ გამეფებულია კომუნისტური ეპოქისდროინდელი მენტალიტეტი, როდესაც თანამდებობა სოციალური წარმატების ერთადერთ ნიშნად და პირობად აღიქმებოდა. ეს მენტალიტეტი თუ არ შეიცვალა, ნორმალური სახელისუფლებო სისტემის ჩამოყალიბება ძალზე გაგვიჭირდება. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ მიუხედავად სიტუაციის «მომწიფებისა», პრეზიდენტს ნამდვილად არ სურდა თავად მიეღო გადამჭრელი ზომები, ვინაიდან ეს სერიოზულ სახელისუფლებო და პოლიტიკურ «რყევებთან» იქნებოდა დაკავშირებული.
    ფაქტობრივად, ნიკო ლეკიშვილის სენსაციურმა განცხადებამ პრეზიდენტს ხელ-ფეხი გაუხსნა, რათა საკუთარი სამთავრობო გუნდი განეახლებინა. «განცხადების დაწერა გადადგომის შესახებ» პოლიტიკურ დომინანტად იქცა. სახელმწიფო კანცელარიაში მინისტრთა «ცოცხალი რიგი» დადგა. «ამერიკული მოდელის» შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის გადადგომა არ ნიშნავდა სხვა მინისტრთა გადადგომას. ეს ან პრეზიდენტის ბრძანებით უნდა მომხდარიყო, ან საკუთარი სურვილით.
    სხვათა შორის, შექმნილი ვითარება (როგორც ყოველთვის) დიდოსტატურად გამოიყენა საკუთარი მიზნებისათვის რუსეთის პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომელმაც უმალვე დაიწყო ლაპარაკი სახელისუფლებო კრიზისზე საქართველოში; დავაკვირდეთ: არა სამთავრობო კრიზისზე, არამედ სწორედ სახელისუფლებო კრიზისზე.
    ამგვარი ინტერპრეტაცია მოსალოდნელიც იყო - აბა, ასეთ შანსს ხელიდან როგორ გაუშვებდნენ? რამდენად შეესაბამება სიმართლეს ამგვარი ინტერპრეტაცია - სხვა საკითხია. ფაქტობრივად, საქართველოში მართლაც შეიქმნა გარკვეული სახელისუფლებო ვაკუუმი. რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, რომ პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებით ცვლილებები «ძალისმიერ მინისტრებს» არ შეხებია. მათი გადადგომა გაამწვავებდა ისედაც დაძაბულ ვითარებას და გაზრდიდა დაძაბულობის ხარისხს. როგორც ჩანს, ამ გარემოებას თავად მინისტრებიც ითვალისწინებენ, ვინაიდან «საკუთარი ინიციატივით» ანალოგიური ნაბიჯი არ გადაუდგამთ. შესაძლოა, იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთში უაღრესად დაძაბული ვითარებაა, ამგვარი გადაწყვეტილება გამართლებულიც იყოს, თუმცა მთლიანობაში მთავრობის წევრთა უმრავლესობის გადადგომა მაინც ერთგვარი სერიოზული რისკია. შექმნილი მდგომარეობით შეიძლება ისარგებლონ სეპარატისტებმა და მათ ზურგს უკან მდგომმა რუსეთმა, რომელსაც, ბუნებრივია, დიდწილად ხელს აძლევთ ქაოსი და დესტაბილიზაცია საქართველოში.
    ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ მაგალითად, აფხაზეთში მაისის მსგავსი პროვოკაცია განხორციელდა, ან (მით უმეტეს) განახლდა საომარი მოქმედებები სეპარატისტულ რეჟიმსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის.
    იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთავრობა მხოლოდ «მოვალეობის შემსრულებელია», ხოლო ახლად დანიშნული სახელმწიფო მინისტრის გარდა არც ერთი სხვა თანამდებობის პირი (არა მხოლოდ მინისტრები) არ არიან და არც შეიძლება იყონ დარწმუნებულნი, რომ პოსტებს შეინარჩუნებენ - ფართომაშსტაბიანი პროვოკაცია აფხაზეთში უეჭველად შეასრულებდა იმ დეტონატორის როლს, რომელიც ააფეთქებდა სახელმწიფოს.
    მოხდებოდა ის, რაც, საბედნიეროდ, არ მოხდა თებერვალში, როდესაც პრეზიდენტზე თავდასხმისა და ჯიხაშკარის ტერორისტული აქტის მიუხედავად, სახელისუფლებო სისტემამ მდგრადობა შეინარჩუნა.
    ვინ იცის, იქნებ სწორედ ამიტომ მოხერხდა მაშინ სხვა ექსცესების თავიდან აცილება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სექტემბრის შუა რიცხვებამდე ან სექტემბრის ბოლომდე, ვიდრე პარლამენტი შეძლებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას, ხელისუფლებამ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს და ერთი სერიოზული შეცდომაც კი ძალიან ძვირი დაუჯდება.
    მომავალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, საკმაოდ გაურკვეველი ვითარებაა. დამკვირვებელთათვის გაუგებარია და უცნობი, მიმდინარეობს თუ არა პოლიტიკურ ძალთა შორის მოლაპარაკება კოალიციის თაობაზე; თუ მიმდინარეობს, რა ფორმით და რა ფორმატით.
    «მემარცხენეთა» მონაწილეობა ამგვარ კონსულტაციებში გამორიცხულია. ისევე როგორც «აღორძინების», ვინაიდან ისინი მთლიანად სახელისუფლებო კურსის შეცვლას მოითხოვენ, ანუ თვისებრივად უპირისპირდებიან ხელისუფლებას. მათთან კოალიციას მმართველი პარტიისათვის ამიტომაც არ აქვს აზრი. უფრო მეტად სავარაუდოა შეთანხმება «მოქალაქეებსა» და მემარჯვენე პარტიებს, - ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა და სახალხო პარტიას შორის. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რაც მათ შორის მოხდა, ერთი მთავრობის შემადგენლობაში მუშაობას მაინც შეძლებენ, რადგან პიროვნული ურთიერთობის დონეზე პრობლემები არა აქვთ.
    თუმცა უმრავლესობა მომავალ მთავრობაში მაინც «მოქალაქეთა» ნომენკლატურა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჟვანიაც და მიხეილ მაჭავარიანიც აცხადებენ, მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატურები არ ეყოლებაო, წარმოუდგენელია მთელი ეს «უსისხლო გადატრიალება» (როგორც მას უწოდეს) იმ მიზნით განხორციელებულიყო, მმართველი პარტია მხოლოდ პერსონალთა შეცვლას დათანხმებოდა.
    თუმცა, «მოქალაქეთა» ლიდერების ამგვარი განცხადებებიც «პოლიტიკური ტექნოლოგიის» გამოვლენად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია მაინც შედგა, ამ კოალიციის სხვა წევრებს მმართველი პარტიის კანდიდატებთან პრეტენზიები არ ექნებათ. ხოლო თუ ოპოზიცია უარს იტყვის კოალიციაზე, «მოქალაქეთა კავშირი» შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას ისეთი პიროვნებებით, რომლებიც არ არიან ანგაჟირებულნი და მოქალაქეთა კავშირთან არ ასოცირდებიან. სწორედ ამ ლოგიკიდან გამომდინარე იყო და არის შეუძლებელი მიხეილ მაჭავარიანის დანიშვნა თბილისის მერად. ბადრი შოშიტაიშვილის განთავისუფლების შემთხვევაში «მოქალაქეთა კავშირი» თბილისის მერის თანამდებობაზე მხარს დაუჭერდა (დაუჭერს) არაანგაჟირებულ პიროვნებას, ოღონდ იმავე ნომენკლატურიდან.
    კაცმა რომ თქვას, «მოქალაქეთა» მისწრაფებები ადვილად ასახსნელია - ახლოვდება დიდი «საარჩევნო ოთხწლეული». 1998 წელს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 1999 წელს - საპარლამენტო არჩევნები, 2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო 2001 წელს კვლავ ადგილობრივი არჩევნები.
    ყველაზე მეტად საინტერესო (ჯერჯერობით) მაინც ვაჟა ლორთქიფანიძის ფიგურაა. ზოგიერთს მიაჩნია, თითქოს მისი დანიშვნა სახელმწიფო მინისტრად სახელმწიფო კურსის რუსეთისაკენ «შეტრიალებას მოასწავებს», რაც უეჭველად ძალზე გამარტივებული შეხედულებაა. სინამდვილეში ვაჟა ლორთქიფანიძის მოსკოვიდან «ჩამოყვანა» სწორედ საპირისპიროს, ანუ დასავლური კურსის განმტკიცებას უფრო უნდა ნიშნავდეს, საქმე ის არის, რომ რუსეთში საქართველოს ელჩმა გარკვეულ (ქართულ) პოლიტიკურ წრეებში ერთგვარი ქარიზმა შეიძინა, თითქოს იგი თავად განასახიერებდა რაღაც განსაკუთრებულ განსხვავებულ პოლიტიკურ კურსს, თუნდაც იმავე რუსეთის მიმართ.
    სინამდვილეში, ვაჟა ლორთქიფანიძემ შესანიშნავად უწყის, რამდენად რეალისტურია «პრორუსული კურსი» თვით მოსკოვში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. ლორთქიფანიძე (განსხვავებით «ადგილობრივი» რუსეთელებისგან) ხედავდა, რომ რუსეთთან პრაგმატულ პარტნიორობას ობიექტური ფაქტორები უშლის ხელს და არა სუბიექტური.
    სახელმწიფო მინისტრის პოსტზე იგი პრეზიდენტის კურსს გააგრძელებს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მინისტრი მაინც მხოლოდ სახელმწიფო მინისტრია და არა პრემიერ-მინისტრი.
   

რუსეთის სამშვიდობო ძალები ენგურის აუზში დარჩებიან

    31 ივლისს ამოიწურა რუსეთის სამშვიდობო ძალთა მანდატის ვადა. ყველა სიმპტომის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, კვლავ დატოვოს რუსული სამხედრო კონტინგენტი ენგურის სანაპიროზე.
    ჯერჯერობით ეს პირდაპირ განცხადებული არ ყოფილა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის უკანასკნელი გამონათქვამები დამკვირვებლებს მაინც აფიქრებინებს: «ცისფერჩაფხუტიანები» არ გავლენ, საქართველო მათ გაყვანას არ მოითხოვს, არც მანდატს გაუგრძელებს, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მომავალ სამიტზე «უკანა რიცხვით» მოხდება მანდატის ვადის გაგრძელება, - როგორც არაერთხელ მომხდარა.
    ამ სქემის საწინააღმდეგოდ ალტერნატიული (თავისთავად ყურადსაღები) წინადადებაც გაჩნდა. მაგალითად: რატომ არ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვოს სამშვიდობო ძალების გაყვანა, მიაღწიოს მათ გაყვანას, მაგრამ იმავდროულად შეუთანხმდეს აფხაზურ მხარეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ განახლდეს საბრძოლო მოქმედებები? დაცულ იქნას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რისი გარანტიც გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მისია იქნება (სხვათა შორის, ამ მისიის ყოფნა კონფლიქტის ზონაში უშუალოდ არ არის დაკავშირებული სამშვიდობო ძალთა ყოფნა-არყოფნასთან), იმავდროულად მოხდეს შეთანხმება, რომ აფხაზი სამხედრო დამკვირვებლები გადმოვლენ ზუგდიდსა და წალენჯიხის რაიონებში, ხოლო ქართველი დამკვირვებლები - გალის რაიონში, რათა გააკონტროლონ, რომ მხარეები არ შეიყვანენ უსაფრთხოების ზონაში მძიმე ტექნიკასა და შეიარაღებულ ფორმირებებს.
    სანაცვლოდ, აფხაზური მხარე არ შეუშლის ხელს გალიდან მაისის მოვლენათა დროს დევნილი 50 ათასი ქართველის დაბრუნებას, შეიქმნება ვითარება, როდესაც აფხაზეთთან საქართველოს ექნება საშუალება ეკონომიკურად ითანამშრომლოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით პრობლემა «გაიყინება»; მართალია, სამშვიდობო ძალების გაყვანის შემდეგ რუსეთი უეჭველად გახსნის საზღვარს მდინარე ფსოუზე, მაგრამ საქართველოსთვის ამას მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინაიდან პრობლემის გადაწყვეტის ძალისმიერი გზა საბოლოოდ გამოირიცხება.
    საქართველოს ხომ ნამდვილად არ აძლევს ხელს საომარ მოქმედებათა განახლება, - ეს ხელს შეუშლის საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებას, ააღორძინებს ქაოსს და საერთოდ, ქვეყანა ახალი სისხლისმღვრელი ომისათვის არც ერთი თვალსაზრისით მზად არ არის;
    ეს შესანიშნავად იციან სეპარატისტებმაც და სწორედ ამიტომაა ძალზე საშიში ზემოთ აღწერილი სქემის განხორციელება. არძინბამ საპასუხოდ (მისთვის ჩვეული ცინიზმითა და უმოწყალობით) შეიძლება საკუთარი გეგმა აამოქმედოს. სეპარატისტებს დასაკარგი ბევრი არაფერი აქვთ. თუ რუსეთის სამშვიდობო ძალები ენგურის ნაპირებიდან გავლენ, აფხაზური რეჟიმი შეიძლება დაემუქროს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გადმოლახავს ენგურს და დაიწყებს დასავლეთ საქართველოს დაპყრობას. ამის თავიდან ასაცილებლად საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ოქმს, რომლითაც აღიარებულია «თანასწორსუბიექტურობის» პრინციპი, რაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს. ფაქტობრივად. რაც უნდა დააფიქსირონ გაეროს დამკვირვებლებმა, «მშვიდობისმყოფელთა» გაყვანით გაღიზიანებული რუსეთის პრესა და ტელევიზია უეჭველად ისეთ შთაბეჭდილებას შეუქმნის მსოფლიო საზოგადოებრიობას, თითქოს საბრძოლო მოქმედებები საქართველომ განაახლა და არა აფხაზეთმა.
    არძინბას ადგილზე ნებისმიერი ცინიკური პოლიტიკოსი ასე მოიქცეოდა, ამიტომ, რუსეთის სამშვიდობო ჯართა გაყვანის შემთხვევაში, ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, ვითარების «გაყინვაზე» არძინბას რეჟიმი არ დაგვთანხმდება. იგი უეჭველად შეეცდება, ხელთ იგდოს ინიციატივა და შეტევაზე გადმოვიდეს.
    თუ ჩვენის მხრივ სერიოზულ დათმობაზე არ წავალთ. რუსეთის სიმპათია ნებისმიერ შემთხვევაში მის მხარეს იქნება, რითაც სეპარატისტები ყოველთვის ძალზე ოსტატურად სარგებლობდნენ. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან (როგორც ანალიზი ცხადყოფს) არის აფხაზურ მხარესთან კომპრომისზე წასვლა სამშვიდობო ძალთა გაყვანამდე, ან უმალვე, მათი გაყვანის შემდეგ, რაც ძალზე სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.
    ოპოზიციურ ძალთა დაწყნარება-დამშვიდება შეუძლებელი გახდება. მაშასადამე, არსებობს სულ სამი ვითარება, რომელიც შესაძლებელია თეორიულად და პრაქტიკულად: 1. სამშვიდობო ძალთა გაყვანა და სრულმასშტაბიანი ომის განახლება. 2. სამშვიდობო ძალთა გაყვანა და ომის განახლების თავიდან ასაცილებლად აფხაზეთის «დე-იურედ» აღიარება თანასწორ სუბიექტად - აქედან გამომდინარე ყველა შედეგით და 3. იმ ჩიხში დარჩენა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით.
    რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ამჟამად საქართველოსთვის ჩიხში დარჩენა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ჩანს, ვინაიდან ჩიხში დარჩენა სჯობს უფსკრულში გადაჩეხვას. ჭკუათმყოფელი კაცი არ შეიძლება ამ დასკვნას არ დაეთანხმოს.
   

მიხეილ ჭკუასელის პირველი და უკანასკნელი შეცდომა

    საქართველოს ახალგაზრდა ფინანსთა მინისტრს, რომელმაც თითქოს მთლიანობაში არცთუ ურიგოდ დაიწყო მოღვაწეობა, როგორც ჩანს, ნერვებმა უმტყუნა და ყოვლად უპატიებელი შეცდომა მოუვიდა.
    იმდენად მძიმე და უპატიებელი, რომ მას იგი შეიძლება გადაჰყვეს, ანუ ემსხვერპლოს როგორც თანამდებობის პირი. მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს «საგადასახადო ამნისტიას», ანუ მეწარმეთათვის ვალების პატიებას იმ პირობით, თუ ისინი მომავალში მაინც პირნათლად მოიხდიან ვალს ბიუჯეტის წინაშე.
    უმძიმესი შედეგი, რომელიც ჭკუასელის ამ მოუფიქრებელ, გაუაზრებელ განცხადებას მოჰყვა, არის ნათელი ილუსტრაცია იმისა, რას ნიშნავს საბაზრო ეკონომიკა და როგორ რეაგირებს სამეწარმეო ისტებლიშმენტი თითოეულ მოუფიქრებელ, ნაუცბათევ სიტყვაზე.
    ფინანსთა მინისტრის განცხადებას მოჰყვა კატასტროფული შედეგი ბიუჯეტის შევსების თვალსაზრისით. გადასახადები ცენტრალურ ბიუჯეტში მკვეთრად შემცირდა. ივლისში სულ აიკრიფა 25 მილიონ ლარზე ნაკლები; ივლისის შემოსავლების გათვალისწინებით, ინსპექციის მიერ წლეულს, 7 თვეში, ბიუჯეტში მობილიზებულია 173 მილიონი ლარი, რაც სულ 10 პროცენტით მეტია შარშანდელ დონესთან შედარებით.
    არადა, შარშანდელი წელი ხომ სრული «ჩავარდნა» იყო! წლევანდელი წლის ივლისის ბიუჯეტი 84 პროცენტითაც ვერ შესრულდა. საწარმოებმა (მინისტრის განცხადების შემდეგ) მკვეთრად შეამცირეს გადასახადები ბიუჯეტში. რატომ უნდა გადაიხადონ, თუ მაინც აპატიებენ? დარწმუნებით შეიძლება ითქვას: აწი აღარავითარი «მკაცრი ღონისძიება», არავითარი პროპაგანდა ან მოწოდება აღარ გაჭრის. რაკი ერთხელ გაიჟღერა სიტყვა «ამნისტიამ», დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, წლის საბიუჯეტო გეგმა ვეღარ შესრულდება, როგორ ძალისხმევასაც უნდა მიმართოს ფინანსთა სამინისტრომ, რომც უარყოს თავისი განცხადება, მოახდინოს მინისტრის წინადადების დეზავუირება - არაფერი ამ საქმეს აღარ ეშველება.
    ქართველ ბიზნესმენს, მეწარმეს, ისედაც არ ეპიტნავება (რომც ჰქონდეს საშუალება) გადასახადის გადახდა - იმას «ამნისტია» გააგონე და საერთოდ რამეს გადაიხდის? - შენც არ მომიკვდე! რაკი სიტყვა «ამნისტიამ» გაიჟღერა, მაშასადამე, ხელისუფლება (ვიმეორებ) პრინციპში უშვებს ამის შესაძლებლობას.
    ამიერიდან საგადასახადო ინსპექციას ათჯერ მეტი ძალისხმევა დასჭირდება, რათა თუნდაც იმ დონეს მიაღწიოს, რასაც მინისტრის განცხადებამდე ახერხებდა და ისიც გაურკვეველია, შეძლებს თუ არა საერთოდ რაიმეს გამოსწორებას.
    გარდა ამისა, კორუფცირებულმა საგადასახადო ინსპექტორებმაც შესანიშნავი საბაბი მიიღეს «ფრთების გასაშლელად». პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მიშა ჭკუასელმა (ძალაუნებურად) ლახვარი ჩასცა ჩამოყალიბების პროცესში მყოფ საგადასახადო კულტურას საქართველოში.
    ამ ზიანის გამოსწორებას არათუ თვეები, წლები დასჭირდება. სიტყვა «ამნისტიის» ხსენება იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა უმდაბლეს დონეზეა, სიკვდილს უდრის. ეს იგივეა, რომის პაპის ინდულგენცია მისცე ქურდს. მოიპარავს აბა, რას იზამს? მიშა ჭკუასელის საბედისწერო შეცდომა ისევ და ისევ შეუთავსებლის შეთავსების მცდელობაა.
    «ამნისტიის» იდეა ეგრეთ წოდებული «მემარცხენე ოპოზიციისაგან» მოდიოდა, - მას რა ენაღვლება, განა პასუხს მოსთხოვს ვინმე?

დილის გაზეთი, 3 აგვისტო, 1998 წ.

მთელ გვერდზე