ბალკანეთის კონფლიქტის შემდეგ მსოფლიოს ახალი წესრიგი ელის
   

    კრიზისი, რომელიც იუგოსლავიის გარშემო ვითარდება, გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფაქტობრივად, დღეს ბალკანეთზე მსოფლიოს მომავალი მოწყობის, მომავალი «მსოფლიო წესრიგის» კონტურები იკვეთება.
    ეს ნახევარკუნძული კვლავ რჩება საკაცობრიო მნიშვნელობის «ცხელ წერტილად» და ასრულებს ისეთივე როლს, როგორც I და II მსოფლიო ომების დროს, როდესაც ბალკანეთს ყველა მეომარი მხარის სტრატეგიულ გეგმაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
    სერბთა ნაციონალიზმი ამჟამადაც «პლანეტარული მაშტაბის» პატრუქია, რომელმაც შეიძლება მსოფლიო ააფეთქოს.
    ბოსნიის დაახლოებით ნახევარი სერბებმა საბოლოოდ დაიპყრეს. ნატოს «სამშვიდობო ოპერაცია», ისევ და ისევ მხარეთა «გამიჯვნით» შემოიფარგლა, რამაც ფაქტობრივად დააკანონა ეთნიკური წმენდის შედეგები.
    ნატოს ჯარები პოლიციურ ფუნქციებს მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიებზე ასრულებენ: ზოგიერთი სამხედრო დამნაშავე მათ დააკავეს და გადასცეს სამხედრო ტრიბუნალს, მაგრამ მთლიანობაში, სერბები მაინც გამარჯვებულნი გამოვიდნენ ამ ომიდან.
    სამაგიეროდ, სასტიკად დამარცხდნენ ხორვატეთში, სადაც პრეზიდენტ ტუჯმანის ჭკვიანური პოლიტიკის წყალობით, ხორვატებმა ხელსაყრელი საინფორმაციო ფონიც შექმნეს და სამხედრო ძალითაც დასჯაბნეს სერბი ფაშისტები.
    კოსოვოს პრობლემა იუგოსლავიაში ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში არსებობდა. ალბანელები მაჰმადიანები არიან და ალბანეთისაკენ მიილტვიან, მაგრამ სერბებისათვის ამ ტერიტორიის დაკარგვა ეროვნული იდეოლოგიის შერყვნა იქნებოდა, ვინაიდან ისინი მიიჩნევენ, რომ კოსოვო სერბული სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ამიტომ სერბული არმია და პოლიცია კოსოვოში განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. მათ ბოლო დროს ეთნიკური წმენდაც კი დაიწყეს, ვინაიდან თუ კოსოვოს დემოგრაფიულ სურათს შეცვლიან, პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიან. მსოფლიო შეაძრწუნა საშინელი სიმხეცის, ქალებისა და ბავშვების ხოცვა-ჟლეტის ფაქტებმა. ბუნებრივია, შესაბამისმა რეაქციამაც არ დააყოვნა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპის ქვეყნებმა ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენეს იუგოსლავიის პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩს: შეწყვიტოს ალბანელთა ჟლეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერბთა პოზიციებს კოსოვოში ნატოს ავიაცია დაბომბავს.
    სიტუაცია უაღრესად დაძაბულია. საქმე შეიძლება ფართომაშტაბიან ომამდე მივიდეს. სერბები უკან დახევას არ აპირებენ, ვინაიდან სერბული ჯარების გაყვანა კოსოვოდან (რასაც დასავლეთი მოითხოვს) ფაქტობრივად ამ ტერიტორიის დაკარგვას ნიშნავს.
    ალბანელებიც მზად არიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლონ სერბთა ძალმომრეობას. მაშასადამე, პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა უბრალოდ არ არსებობს. რუსეთი, რა თქმა უნდა, სერბეთს უჭერს მხარს. მისი სატელიტი, ლუკაშენკოს ბელორუსია კი აშკარად ემუქრება დასავლეთს: «ჩვენ მივაწვდით უახლეს იარაღს იუგოსლავებს, დასავლეთს ეს აგრესია ძალიან ძვირად დაუჯდება».
    მართლაც, ვითარება ერთობ სერიოზულია. იუგოსლავია არ არის არათუ სუდანი, არამედ ერაყიც კი. იუგოსლავიის არმია ერთ-ერთი უძლიერესი იყო «აღმოსავლეთის ბლოკში». სერბეთი იუგოსლავური არმიის ხერხემალს ქმნიდა; იუგოსლავიის არმია შეიარაღებულია ისეთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით, რომელთაც შეუძლიათ ძალზე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ნატოს ავიაციას.
    გარდა ამისა, იუგოსლავიას აქვს საშუალო სიშორის «დედამიწა-დედამიწის» ტიპის რაკეტები. რა შეუშლის ხელს მილოშევიჩს, ნატოს მიერ განხორციელებული დარტყმის შემთხვევაში, დაბომბოს ლონდონი, ბერლინი და პარიზი? ტექნიკური თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია. სერბეთის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევა მხოლოდ განამტკიცებს მილოშევიჩის პოზიციებს, «შეაერთებს» მას სერბულ ნაციონალიზმთან და სერბეთის ეროვნულ გმირად აქცევს.
    ბუნებრივია, რუსეთი (უშუალოდ, ან ბელორუსეთის დახმარებით) ყველანაირად შეეცდება კრიზისი რაც შეიძლება მეტად გამწვავდეს და სერბებმა სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჩაითრიონ დასავლეთის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტი;
    არავინ იცის, რა მოხდება ბოსნიაში კოსოვოს დაბომბვის შემდეგ; იქ ხომ იმავე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული?
    სად არის გარანტია, რომ სერბები მათაც «ოკუპანტებად» არ გამოაცხადებენ და საპასუხო დარტყმებს სწორედ მათ წინააღმდეგ არ განახორციელებენ?
    ფაქტობრივად, ეს ფართომაშსტაბიან ომს ნიშნავს, თანაც არა მხოლოდ ჰაერში, არამედ ხმელეთზეც. დასავლეთი ყოველთვის ერიდებოდა სახმელეთო ომს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში სერიოზული დანაკარგები უბრალოდ გარდაუვალია, რაც «ააფეთქებს» საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში.
    ერთი ჯარისკაცის სიკვდილიც კი საზოგადოებრივ აღშფოთებას გამოიწვევს. მით უმეტეს, როდესაც ათიათასობით ამერიკელი, ფრანგი, გერმანელი და ინგლისელი დაიღუპება.
    ვიმეორებ: სერბები არ დაუშვებენ ისეთ ვითარებას, რომ «ნატომ» მხოლოდ ჰაერიდან ბომბოს სერბთა პოზიციები, ხოლო სახმელეთო ბრძოლებში არ ჩაერთოს. მილოშევიჩმა შესანიშნავად უწყის, რა რეაქციას გამოიწვევს დასავლეთში ჯარისკაცების დაღუპვა, ამიტომ უეჭველად განახორციელებს «საპასუხო» დარტყმას ნატოს პოზიციებზე ბოსნიაში.
    სერბული არმია საკმარისად ძლიერია, რათა ხანგრძლივ, სისხლისმღვრელ ომში ჩაითრიოს დასავლეთი. რამდენად აცნობიერებენ ამას ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში? ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდ არ აცნობიერებენ, ან მოწინააღმდეგის ძალას არ ითვალისწინებენ და ადვილად ებმებიან ევგენი პრიმაკოვის ხაფანგში.
    რა თქმა უნდა, მთავარი პროვოკატორი აქ რუსეთია. ეს ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის პერიოდში შევიდა, რადიკალური რეფორმების გატარება არ სურს და ცდილობს დასავლეთს ფული შანტაჟით წაგლიჯოს.
    ბალკანეთზე დიდი ომის დაწყება უაღრესად ხელსაყრელია მოსკოვისთვის, ვინაიდან ამით განუზომლად ფართოვდება პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელი სივრცე და რუსეთს შეეძლება გარკვეული, ტაქტიკური ხასიათის დათმობებით ახალ-ახალი კრედიტები მიიღოს დასავლეთისგან.
    მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია საზოგადოებრივი აზრიც. რუსულმა შოვინიზმმა ისეთი ძალით იფეთქა, შეიძლება ახალი «მესიანიზმიც» კი წარმოშვას; «მესიაც» მზადაა გენერალ ლებედის სახით, რომელიც უმალვე გაამკაცრებს თავის რიტორიკას.
    ეს ფაქტორი დასავლეთისათვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა კი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
    «ერთადერთი ზესახელმწიფოს» სტატუსი ამერიკას უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს. თუ ამერიკა ბალკანეთის კონფლიქტში არ ჩაერევა, მხოლოდ მუქარით შემოიფარგლება და გათავხედებულ სერბებს არ «დაარტყამს», ამით იგი საკუთარ სტატუსს დააკნინებს, რაც აგრეთვე გამორიცხულია, ვინაიდან «ზესახელმწიფოებრიობა» ამერიკული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის განუყოფელ ნაწილად იქცა;
    როგორც ჩანს, ესეც პრიმაკოვის «ხაფანგის» ერთ-ერთი მექანიზმია. ამერიკა, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, რაც უფრო ძლიერია, მით უფრო მძიმე ვითარებაში ვარდება, ვინაიდან იძულებული ხდება იტვირთოს საკუთარი გლობალური სტატუსის შესაბამისი პასუხისმგებლობა. რუსეთს კი ამ გზით სურს აიძულოს ვაშინგტონი, დათანხმდეს «პოლიცენტრისტული მსოფლიოს» კონცეფციას, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ გორბაჩოვმა შეიმუშავა.
    რუსეთი ამ პოლიტიკას არ მოეშვება, ვინაიდან ეს ერთადერთი საშუალებაა სახელმწიფოებრივი რანგის, გლობალური გავლენის შენარჩუნებისა.
    ამრიგად, ევროპა ახალი, ფართომაშსტაბიანი ომის საშიშროების წინაშე დგას. პრიმაკოვის მზაკვრულ პოლიტიკას შედეგი მოაქვს. იუგოსლავიის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება უდიდესი, სტრატეგიული ხასიათის შეცდომა იქნება. იუგოსლავიის დამარცხება საჰაერო დარტყმით შეუძლებელია, სახმელეთო ომი კი ასიათასობით მსხვერპლს მოითხოვს, რასაც დასავლური ცივილიზაცია ვერ შეურიგდება.
    მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ცივი ომი დამთავრდა და თითქოს მიეცათ შესაძლებლობა თავისუფლად ამოესუნთქათ.
    იუგოსლავიაში ომის დაწყებისთანავე, მთელი დასავლეთი რუსეთის მძევალი გახდება. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ უმალვე შეიძლება გააქტიურდნენ ანტიდასავლური ძალები მსოფლიოს სხვა რეგიონებში; მაგალითად, სადამ ჰუსეინი უკვე «ჩასაფრებულია» და გაფაციცებით ელის ომის დაწყებას ევროპაში, რათა კვლავ გააქტიურდეს ახლო აღმოსავლეთში; ერთი სიტყვით, ვითარება და ძალთა განლაგება ისეთია, რომ XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ომი გარდაუვალი გახდებოდა.
    კიდევ ერთი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი არ განსაზღვრავს გეოპოლიტიკას და არც თვით გეოპოლიტიკური დაინტერესებაა ყველაფრის განმსაზღვრელი.
    რა ეკონომიკური ან თუნდაც პოლიტიკური ინტერესი აქვს დასავლეთს კოსოვოში? არავითარი! მაგრამ ალბანელებმა შეძლეს თავიანთი ბედი დაეკავშირებინათ დასავლეთის «გლობალურ პასუხისგმებლობასთან».
    დასავლეთს არ შეუძლია პასიური იყოს და «არ ჩაერიოს» კონფლიქტში, ვინაიდან ეს დააკნინებს მას საკუთარ თვალში და შერყვნის მის ავტორიტეტს მსოფლიო სხვა რეგიონებში. მსოფლიო ხომ მხოლოდ დასავლეთი (ევროპა-ამერიკა) არ არის, იგი მართლაც გაცილებით მრავალფეროვანია.
    შექმნილი ვითარებისა და პოტენციური საშიშროების გათვალისწინებით, დასავლეთის მხრიდან გაცილებით რაციონალური იქნებოდა არ დაეწყო ომი სერბთა წინააღმდეგ, მაგრამ აემოქმედებინა ყველა ბერკეტი, - უშუალოდ სამხედრო ძალის გამოყენების გარდა.
    მაგალითად, მოეხდინა იუგოსლავიის სრული იზოლირება და (რაც მთავარია) შეეწყვიტა ყოველგვარი ეკონომიკური დახმარება რუსეთისათვის. ელცინი ამჟამად უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება, სიტუაცია რუსეთში «წკიპზეა» მისული, უახლოეს მომავალში შეიძლება დაიწყოს მასობრივი გამოსვლები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.
    ამ ვითარებაში რუსეთს ჰაერივით სჭირდება დასავლური კრედიტები, ოღონდ მტკივნეულ რეფორმათა გატარების ნაცვლად, მას ურჩევნია ფული შანტაჟით მიიღოს!
    დასავლეთმა ამის საშუალება არ უნდა მისცეს. მას ყველა საშუალება გააჩნია საიმისოდ, რათა ვითარება რუსეთში ეკონომიკური ბერკეტებით მართოს. რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციები მის რეალურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება. მეშახტეები მალე გამოუყვანენ წირვას რუსულ ისტებლიშმენტს, რომელიც კვლავინდებურად ოცნებობს ძველ დიდებასა და გავლენაზე. რაც უფრო მტკიცე პროტესტს განაცხადებენ რუსი პოლიტიკოსები «იუგოსლავიის საქმეებში ჩარევის» გამო, მით უფრო «ცივი ღიმილით» უნდა შეხვდნენ მათ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში.
    სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსბეობს. ყველა სხვა აქცია მხოლოდ რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს. ამერიკელებს, თუ საერთოდ არ დაბრმავდნენ, თავიანთი ძლევამოსილებით და მსოფლიო დიდებით, ეს კარგად უნდა ესმოდეთ.

7 დღე, 12 ოქტომბერი, 1998 წ.

მთელ გვერდზე