სანავთობო «დიდი თამაში» დასასრულს უახლოვდება

    სტამბულის შეხვედრა, სადაც «კასპიის პროექტზე» საერთო პოზიციის გამოსამუშავებლად ხუთი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ, მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებათათვის უპირველეს სენსაციად იქცა.
    სამიტზე არ მიიწვიეს რუსეთი და ირანი - მაშასადამე, უკვე გამოიკვეთა და პოლიტიკურად დაფიქსირდა ორი ურთიერთგადამკვეთი (ურთიერთდაპირისპირებული) ღერძის შეუთავსებლობა.
    მოსკოვ-ერევან-თეირანის ალიანსი სერიოზულ კრიზისს განიცდის (ამაზე მეტყველებს თუნდაც ტერ-პეტროსიანის გადადგომა), ხოლო ალმაათი-ბაქო-თბილისი-ანკარას ღერძი სულ უფრო მტკიცდება; ნურსულთან ნაზარბაევს საერთოდ არ ახასიათებს მკვეთრი განცხადებები რუსეთის მიმართ, მაგრამ სტამბულის შეხვედრისას, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშკარად განაცხადა: «ყაზახეთს არ სურს დამოკიდებული იყოს რუსეთზე, - ტრანზიტის საკითხში».
    სამიტმა დაადასტურა, რომ ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტი დიდი ნავთობსადენის ტრანსპორტირებისათვის კვლავ პრიორიტეტულად რჩება. საბოლოო გადაწყვეტილებას 1998 წლის ბოლოს (დაახლოებით ნოემბერში ან დეკემბერში) მიიღებენ. მანამდე კი, მოვლენათა ჯაჭვი თანდათან იძენს «სიმძიმეს» და შემდგომ მისი გაწყვეტა უკვე შეუძლებელი გახდება - თუმცა ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა სწორედ ამ ჯაჭვის გაწყვეტის ცდაა.
    ტოკიოში ყოფნისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ უპირატესობას ანიჭებს ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტს საქართველოს გავლით. მისი განცხადება ლიტონი სიტყვა არ არის. რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კონსორციუმის ახალმა პრეზიდენტმა, დევიდ რიჩარდმა განმარტა: აქციონერთა კრება მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ნავთობსადენის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს აზერბაიჯანის პრეზიდენტს. მაშასადამე, საბოლოო სიტყვა სწორედ ჰეიდარ ალიევს ეკუთვნის. შესამჩნევად იცვლება ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციაც. 1997 წლის ივლისში ბილ კლინტონმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე რუსეთისადმი «შემრიგებლური ტონით» (ამერიკას საერთოდ სჩვევია სხვის ხარჯზე რუსეთთან შერიგება) თქვა, რომ შესაძლოა, კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებისათვის საუკეთესო ვარიანტი იყოს ორი დიდი ნავთობსადენის მშენებლობა, რომელთაგან ერთი რუსეთის, მეორე კი თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის.
    მაგრამ, როგორც ჩანს, აქციონერებმა დაარწმუნეს კლინტონი ამ იდეის აბსურდულობაში. პოლიტიკურ ასპექტებს რომ თავი დავანებოთ, ორი ნავთობსადენი მეტისმეტად ძვირი დაჯდება. თურქეთი დაინტერესებულია ბაქოდან (საქართველოს გავლით) ნავთობი ხმელთაშუაზღვისპირა პორტ ჯეიჰანში გადაიტვირთოს, მაგრამ სუფსა - ჯეიჰანის მონაკვეთი აგრეთვე, ძალიან ძვირი ჯდება (დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი), ამიტომ შესაძლოა, კონსორციუმმა შუალედური გადაწყვეტილება მიიღოს და თავდაპირველად ბაქო-სუფსის აგება დაადგინოს.
    თუმცა, აქ არის ერთი საყურადღებო ნიუანსი: თბილისისა და ბაქოს სამთავრობო კულუარებში უკვე გამოითქმის აზრი, რომ თუ დიდი ნავთობსადენი (ბაქო-ჯეიჰანი) მაინც უნდა აშენდეს, მაშინ ჯობს მან ახალციხიდან შეაღწიოს თურქეთის ტერიტორიაზე.
    საქართველოსთვის ორივე ვარიანტი მომგებიანია: სუფსაც საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ტანკერებით ნავთობის გადაზიდვას ის უპირატესობა გააჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნავთობის იმპორტიორები დაინტერესებული იქნებიან საქართველოს საზღვაო აკვატორიის დაცვით - არ არის გამორიცხული, უახლოეს წლებში შავ ზღვაში რომელიმე ამერიკული ავიამზიდი შემოვიდეს «ყოველი შემთხვევისათვის». ეს, რასაკვირველია, რუსეთის უმწვავეს რეაქციას გამოიწვევს, მაგრამ ამერიკა-თურქეთის სტრატეგიული ალიანსი ახალ პირობებში (ნავთობის ფაქტორის გათვალისწინებით) ნამდვილად განაპირობებს შესაბამისი სამხედრო სტრატეგიული ვითარების შექმნას.
    სამხედრო-სტრატეგიული ბალანსი შავი ზღვის აუზში კი ისედაც დარღვეულია, საბჭოთა კავშირის დაშლისა და შავი ზღვის ფლოტის გაყვანის შემდეგ.
    სტამბოლის შეხვედრამ რუსეთის მწვავე რეაქცია გამოიწვია (რაც მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო). პრიმაკოვის უწყებამ (რომელიც კოზირევის დროიდან მკვეთრად უპირისპირდება «საუკუნის პროექტს») საკმაოდ მკვახე განცხადება გააკეთა. მასში, კერძოდ, ნათქვამია: «რუსეთს კვლავინდებურად მიაჩნია, რომ კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ყველაზე იაფი და რაციონალური მარშრუტი იქნებოდა ბაქო-ნოვოროსიისკი - მით უმეტეს, რომ ამჟამად რეალურად მოქმედი ერთადერთი ნავთობსადენი სწორედ რუსეთზე გადის».
    განცხადების ავტორებს რატომღაც ავიწყდებათ: ბაქო-ნოვოროსიისკის მოქმედი ნავთობსადენის მშენებლობა (35-40-მილიონიანი გამტარუნარიანობით) ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, დავაკვირდეთ სიტყვა «რაციონალურს», რომელიც განსაკუთრებით არის ხაზგასმული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში. «რაციონალური» ამ კონტექსტში გულისხმობს აშკარა მუქარას: თუ არ გაითვალისწინებთ რუსეთის ინტერესებს, თუ არ მიიღებთ ჩემს წინადადებას, გვაქვს სხვა ბერკეტებიც გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ზემოქმედებისათვის. რასაკვირველია, იგულისხმება სომხეთი და სომხური ნაციონალიზმი. ისიც საგულისხმოა, რომ სტამბულის სამმიტი ლევონ ტერ-პეტროსიანის გადადგომისა და ერევანში «ომის პარტიის გამარჯვების» შემდეგ გაიმართა. ჰეიდარ ალიევმა რუსეთს აგრძნობინა, რომ თამაში დასასრულს უახლოვდება. იგი მზად არის, ვა-ბანკზე წავიდეს, როცა ხელში უკვე ძალიან ძლიერი კოზირები უჭირავს.
    რუსულ-სომხური ალიანსისთვის ერთადერთი გამოსავალია აშკარა აგრესია ნავთობსადენის «გადასაჭრელად», მაგრამ დასავლეთის პოზიცია ამ შემთხვევაში უკვე სულ სხვა იქნება, ვიდრე 1992-1993 წლებში, როცა რუსული იარაღით, ყარაბაღის ფრონტებზე, სომხები ტერიტორიებს იპყრობდნენ.
    რუსეთისთვის ვითარებას კიდევ უფრო ართულებს თურქმენეთის პოზიცია. რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ჩერნომირდინის ამასწინანდელი ვიზიტი აშხაბადში სრული კრახით დამთავრდა.
    მხარეებმა ვერაფერზე მოილაპარაკეს. რუსეთს ჯიუტად არ სურს მოახდინოს დასავლეთში თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება.
    შედეგად, თურქმენბაშიც კი მოთმინებიდან გამოვიდა. იგი სულ ადვილად შეურიგდა ალიევს (კასპიის სტატუსის თაობაზე მათი შეჯახება დროებითი აღმოჩნდა) და ახალი პროექტი წამოაყენა: გაზსადენის გაყვანა კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით - თურქეთისაკენ.
    რუსეთი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა აბსურდულ მდგომარეობაში. რუსი გეოპოლიტიკოსები და გეოპოლიტოლოგები კრემლის ბინადართ ურჩევენ, ამ პროექტის ჩასაშლელად ეკოლოგიური არგუმენტები მოიყვანონ (კასპიის ზღვის შესაძლო დაბინძურება), მაგრამ როგორღა მიმართოს მოსკოვმა ამ არგუმენტს, როცა სულ ცოტა ხნის წინ თავად მოაწერა ხელი თურქეთთან ხელშეკრულებას ბუნებრივი აირის მისაწოდებლად შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობის შესახებ? რუსული «გაზპრომის» ხელმძღვანელმა, რემ ვიახირევმა ბულგარეთის პროტესტი (იმავე ეკოლოგიური არგუმენტით) უკვე გამოაცხადა «პროვოკაციად».
    დავუმატოთ ყოველივეს თენგიზის საბადოსთან დაკავშირებული აჟიოტაჟიც, შევრონის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი (რიჩარდ მაცკე სწორედ ყაზახური ნავთობის თაობაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას შევარდნაძესთან) და სრულ სურათს მივიღებთ, თუ რა მოხდა თბილისში 1998 წლის 9 თებერვალს.
    ედუარდ შევარდნაძის მკვლელობითა და საქართველოს გარდაუვალი არეულობით მთელი ეს ჯაჭვი ერთბაშად წყდებოდა «ყველაზე სუსტ ადგილას» ანუ საქართველო დღესაც ამ ჯაჭვის მაინც ყველაზე სუსტი რგოლია და სწორედ ამიტომ ცდილობენ მაინც და მაინც აქ მის გაწყვეტას, რათა ევრაზიაში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის შექმნა არ დაუშვან.

7 დღე, 4 მარტი, 1998 წ.

მთელ გვერდზე