შტორმი ბათუმის აკვატორიაში

    მას შემდეგ, რაც ფრაქცია «აღორძინება» ფაქტიურად ორ ნაწილად გაიყო, გაჩნდა ინფორმაცია «პროტესტანტ» დეპუტატთა ჯგუფის მიერ ახალი ფრაქცია «აჭარის» შექმნის შესახებ.
    ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჯგუფი ძლიერი და გავლენიანი გახდება თვით აჭარაში და პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალადაც ჩამოყალიბდება, ვინაიდან მას სათავეში ედუარდ სურმანიძე ჩაუდგა. სურმანიძე აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი გვარის წარმომადგენელია, რომელიც აბაშიძეების შტოს არაფრით ჩამოუვარდება.
    სწორედ ეს გარემოებაა ნიშანდობლივი - ედუარდ სურმანიძის გასვლა ფრაქციიდან იმაზე მიუთითებს, რომ განხეთქილება მხოლოდ ფრაქციის დონეზე არ დაწყებულა. უთანხმოება თვით აჭარის მმართველ ელიტაშია და ბევრი აღარ იზიარებს ასლან აბაშიძის კონფრონტაციულ კურსს თბილისის მიმართ.
    როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო შევარდნაძის ფრთხილმა, მოზომილმა და შორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ ამ საკითხებში. ედუარდ შევარდნაძეს ასლან აბაშიძე რომ «უყვარს», გასაგებია, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მას არცერთი სიტყვით, არცერთი ფრაზით «ასლანისტებისათვის» საბაბი არ მიუცია, აშკარა პოლიტიკურ ბრძოლაზე გადასულიყვნენ.
    აჭარის ლიდერის ბოლოდროინდელმა ინტერვიუებმა (ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით) მტკივნეული ასოციაცია გამოიწვია არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმშიც. აჭარის ელიტის უდიდეს ნაწილს თბილისთან დაპირისპირება სულაც არ ეპიტნავება. საბედნიეროდ, ისინი აჭარის განვითარების წინაპირობას სწორედ თბილისთან ფრთხილ და კონსტრუქციულ ურთიერთობაში ხედავენ (თუ, რასაკვირველია, სისულელე არ ჩაიდინეს და აჭარის ავტონომია ეჭვქვეშ არ დააყენეს - რასაც არავინ აპირებს). თავად ასლან აბაშიძემ კი ემოციები ვერ მოთოკა, პიროვნულ ინტერესებს გადაჰყვა და აშკარად გადააჭარბა.
    აჭარის მმართველმა ელიტამ უმალ აგრძნობინა თავის ლიდერს, რომ მას «მეტისმეტი მოსდის» და იგი სულაც არ აპირებს, თავისი ინტერესები ასლან აბაშიძის პიროვნულ ინტერესებს ანაცვალოს. ეს უთანხმოების მხოლოდ პირველი ნიშანია. თუ ასლან აბაშიძე თავისას არ მოიშლის, განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდება და მწვავე დაპირისპირების ხასიათს შეიძენს. მოვლენათა ამგვარი განვითარების შემთხვევაში კი, ბუნებრივია, არც თბილისი დარჩება გულხელდაკრეფილი.

მერიდიანი, 12 აგვისტო, 1997 წ.
 

    მთელ გვერდზე