საქართველო გაეროს პროტესტებს ყურადღებას არ აქცევს
   

    ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, ოთხშაბათიდან იგი პირადად მიიღებს მონაწილეობას დასავლეთ საქართველოში მიმდინარე სამხედრო მანევრებში ანუ, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, უშუალოდ უხელმძღვანელებს წვრთნას. შემდგომ კი გააკეთებს «სათანადო დასკვნებს» გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში ან თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე გამოსვლისას.
    დასკვნებში როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის კომპეტენტურობისა და კვალიფიციურობის შეფასება იგულისხმება. თუმცა, ჯერჯერობით, ვარდიკო ნადიბაიძის პოზიცია არ შერყეულა - იგი ყოველდღიურად აწვდის დაწვრილებით ინფორმაციას პრეზიდენტს სწავლების მიმდინარეობის თაობაზე. თვით სამხედრო მანევრთა უპრეცედენტო მასშტაბი კი ნადიბაიძეს ერთგვარ «ინდულგენციას» აძლევს. მართალია, ყულევის სამხედრო პოლიგონზე დესანტის გადმოსხმისას ორი ჯარისკაცი დაიღუპა, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ეს მცირე რაოდენობაა იმასთან შედარებით, რაც ამგვარი მანევრების დროს არის მოსალოდნელი, ვინაიდან წვრთნა მიმდინარეობს «რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში», ანუ, ფაქტობრივად, საბრძოლო ვითარებაში, ამდენად (სამწუხაროდ), მსხვერპლი გამორიცხული არ არის.
    სამხედრო სწავლებაში მონაწილეობს ათი ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი (სულ საქართველოს შეიარაღებულ ძალთა რაოდენობა ოცდაათი ათასს აღწევს), ასამდე ტანკი და ჯავშანმანქანა, ხუთი საბრძოლო ხომალდი, რომლიდანაც მოხდა სასწავლო დესანტის გადმოსხმა; ტერიტორიას «ამუშავებს» ავიაციაც . მიმდინარეობს უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი საარტილერიო დაბომბვა.
    ამასობაში, გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთი პროტესტი განუცხადა საქართველოს ხელისუფლებას. საქმე ის არის, რომ, ფორმალურად, ქართული მხარე ამ მანევრებით (აფხაზეთთან მიმდებარე ტერიტორიაზე), არღვევს ხელშეკრულებას «ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების» შესახებ, რომელსაც 1994 წლის აპრილში მოეწერა ხელი. ხელშეკრულებით, არც ერთ მხარეს აქვს უფლება, «შეზღუდული შეიარაღების» 24-კილომეტრიან ზონაში (ენგურიდან ორივე მიმართულებით) შეიყვანოს სამხედრო ტექნიკა, მით უმეტეს, განახორციელოს მსხვილი სამხედრო შენაერთების გადაადგილება.
    მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ (რაც, თავისთავად, საყურადღებო პრეცედენტია) გადაწყვიტა, ამჯერად არ მიაქციოს ყურადღება გაეროს უსაქმურ და არაფრის მაქნის «დამკვირვებელთა» ან მათი ხელმძღვანელის (ლივიუ ბოტას) პროტესტს. ეს «სამხედრო დამკვირვებელი» მოსახლეობის გენოციდის აღსაკვეთად არაფერს აკეთებდა, საერთოდ, მხოლოდ «საზღვარს აფიქსირებენ» საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ამდენად, თუ ოფიციალურ თბილისს მათი რიდი და პატივისცემა არ აქვს, სავსებით ბუნებრივია.
    გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნათა იგნორირება გაბედა. როგორც ჩანს, იგი საამისოდ უკვე საკმარისად «მყარად» გრძნობს თავს.
    რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი მანევრების დაწყება სწორედ 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის ოთხი წლისთავზე და მათი ორგანიზება ენგურის სანაპიროსთან. მიუხედავად შევარდნაძის განცხადებისა: «არავის ვემუქრებითო», სამხედრო წვრთნა სწორედ აფხაზი სეპარატისტებისადმი მუქარის გამოვლინებაა. დღეს ამგვარი დემარში უკვე აღარ არის სასაცილო - როგორც ორი ან სამი წლის წინ იქნებოდა. რაც შეეხება მანევრებს უსაფრთხოების ზონასთან, აფხაზეთის პრობლემა, სამხედრო თვალსაზრისით, მხოლოდ «ზღვიდან» შეიძლება გადაწყდეს. ერთადერთი ზღვისპირა პოლიგონი კი აფხაზეთის მახლობლად, სწორედ ყულევში მდებარეობს.
    ძალის დემონსტრირება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, გაიყვანოს სამშვიდობო ძალები და განაახლოს ომი აფხაზეთში - დემონსტრაცია, ჯერჯერობით, მხოლოდ დემონსტრაციად რჩება. სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს მაინც არ შესწევს ძალა, განახორციელოს «ბლიც-კრიგი» აფხაზეთში. ახალ ომს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ იგი სამ-ოთხ დღეში დამთავრდება.
    ენგურის სანაპიროდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის შემდეგ (ეს პროცესიც, რა თქმა უნდა, გაიჭიმება დროში) აფხაზური ფორმირებები დაიკავებენ უშუალოდ ენგურის სანაპიროს, მაგრამ ენგური არ იქნება რეალურად პირველი ზღუდე. სეპარატისტებმა 1994-96 წლებში გალის არხის მარჯვენა მხარეს (სწორედ იქ, სადაც მთავრდება «უსაფრთხოების ზონა»), ააშენეს მძლავრი საფორტიფიკაციო სისტემა: რკინა-ბეტონის სიმაგრეები, თხრილები და ა.შ.
    როდესაც მსუბუქად შეიარაღებული აფხაზური «მოწინავენი» ენგურზე ჩაწვებიან პირველი ტალღის მოსაგერიებლად (რომელსაც ისინი დიდხანს ვერ გაუძლებენ), ძირითადი მასა სეპარატისტული ფორმირებებისა გალის არხთან განლაგდება.
    კვლავ დაფიქსირდება რუსეთის ტელევიზიის მეშვეობით, რომ საქართველომ პირველმა დაარღვია ხელშეკრულება და «გადალახა აფხაზეთის საზღვარი», ხოლო გალთან დისლოცირებული აფხაზური საარტილერიო შენაერთები «გრადის» ტიპის დანადგარებიდან დაბომბავენ ზუგდიდს, რათა გამოიწვიონ პანიკა მოსახლეობაში და გაართულონ ქართული რეგულარული არმიის მოქმედება.
    საარტილერიო წერტილების მოსპობა ავიაციით გართულდება, ვინაიდან საქართველოს მხოლოდ მოძველებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავები ჰყავს, მფრინავთა კვალიფიკაციაც დამაეჭვებელია, ხოლო სეპარატისტებს ჯერ კიდევ ომის დროიდან შემორჩათ უახლესი ჰაერსაწინააღმდეგო სითბური რაკეტები.
    საქართველოს ერთგვარ უპირატესობას აძლევს ის გარემოება, რომ აფხაზებს ნამდვილად გაუჭირდებათ სანაპირო ზოლის დაცვა ხმელეთიდან, სამაგიეროდ, მათ ჩვენზე მრავალრიცხოვანი, კარგად შეიარაღებული «საზღვაო ფლოტი» ჰყავთ (ოცდაათამდე კატარღა) და ნამდვილად ძალუძთ, გაართულონ დესანტის გადასხმა აფხაზეთის სანაპიროზე.
    რაც შეეხება კოდორის ხეობას, ეს «პლაცდარმი», შეიძლება, არათუ უპირატესობად, «აქილევსის ქუსლადაც» კი იქცეს, ვინაიდან ომის განახლებისთანავე აფხაზები უეჭველად განახორციელებენ შეტევას ორი მიმართულებით: ლათადან და ტყვარჩელიდან, რითაც აიძულებენ საქართველოს სამხედრო სარდლობას, მნიშვნელოვანი ძალა გადაისროლოს კოდორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ანალოგიურია ვითარება შეიქმნება გალის რაიონშიც, სადაც ნამდვილად დაბრუნდა ორმოცი ათასამდე ქართველი.
    დესანტის გადასხმას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ იგი ალყაში არ დარჩება 24 საათზე მეტს. ამჯერად დგება ვითარება, როდესაც საქართველოს შეუძლია იომოს ხანგრძლივი დროის (ვთქვათ, ერთი წლის) განმავლობაში, მაგრამ «ბლიც-კრიგის» პოტენციალამდე ჯერ კიდევ შორს ვართ.
    7 დღე, 8 ოქტომბერი, 1997 წ.
   

მთელ გვერდზე