დარიალის აქციამ დაადასტურა, რომ რუსეთის კვლავ მისტიურად გვეშინია

    კადრები, რომლებიც ლარსთან, გვირაბში მომხდარ დაპირისპირებას ასახავდა, კვლავ ადასტურებს ჩვენი მენტალიტეტის უცნაურ თვისებას - ლამის პათოლოგიურ, მართლაც მისტიურ შიშს რუსეთისა და რუსული ფენომენის მიმართ.
    ეს უცნაურობა საქართველოს ისტორიაში არაერთგზის გამოვლენილა. ქართველებს საოცარი დამოკიდებულება გვაქვს რუსული ფენომენისადმი - თითქოს ვებრძვით, მაგრამ საქმე საქმეზე თუ მიდგა, წინასწარ დამარცხებულად ვგრძნობთ თავს.
    ამას ყოველთვის ძალზე ოსტატურად იყენებენ ჩვენი მტრები. მაგალითად, არძინბამ აფხაზეთის ომის დროს შესანიშნავად იცოდა, რომ «რუსის» ხსენებაზე ქართველებს ფეხები მოეკვეთებოდათ, ხელები აუკანკალდებოდათ და თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდნენ სოხუმიდან.
    იგივე მოხდა დასავლეთ საქართველოშიც: როგორც კი გაიგეს «ზვიადისტებმა», ჩვენს მოწინააღმდეგეს (ესენგეში შესვლის სანაცვლოდ) რუსეთი მხარს უჭერსო, უმალვე დაყარეს იარაღი და გაიქცნენ. სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ იმავე ფენომენის მიმართ, ვთქვათ ჩეჩნებს ან თუნდაც აფხაზებს. ჩეჩნები ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ რუსეთთან დასაპირისპირებლად. ამიტომაც გაიმარჯვეს, ჩვენ კი სწორედ ფსიქოლოგიურად არ აღმოვჩნდით ამისთვის მზად. ცხრა აპრილიდან დაწყებული მუდმივად უკან ვიხევთ (ისევე, როგორც იხევდნენ უკან ქართველი ახალგაზრდები კბილებამდე შეიარაღებული სალდაფონების წინაშე), უკან დახევას კი ქართული მენტალიტეტი ვერ ეგუება.
    რა თქმა უნდა, მადლობა ეთქმით იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც (მათი გაგებით) უიარაღოდ იბრძოლეს ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ცარიელი ხელებით დაუპირისპირდნენ რუსულ სამხედრო მანქანას და მთელი მსოფლიოს თვალწინ დაადასტურეს თუ რა უცერემონიოდ, აგრესიულად ექცევა რუსეთი მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს.
    ალბათ, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს აქცია გამართლებულიც იყო, მაგრამ ყოველი ასეთი «უიარაღო პროტესტი» თუ «უიარაღო დაპირისპირება» უდიდეს ზიანს აყენებს ქართულ მენტალიტეტს, ქართულ ცნობიერებას. ჩვენი მენტალიტეტი ვერ ეგუება «უმწეობის ზნეობრივ უპირატესობას», - მას ფიზიკური გამარჯვება ესაჭიროება თვითრწმენისა და თვითდამკვიდრებისათვის.
    საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ კი, ჯერ კიდევ 1988-89 წლიდან, საქართველოში გადმოიტანა ჩვენი ეროვნული ცნობიერებისათვის სრულიად უცხო ფენომენი. პირობითად შეიძლება მას «განდიზმი» ვუწოდოთ. როდესაც დიდი მაჰათმა განდი ინდოეთში შიმშილობდა და «ბოროტებისა და არაძალადობრივ დაუმორჩილებლობას» ქადაგებდა, იგი, რასაკვირველია, საკუთარი ხალხის ცნობიერებასაც ითვალისწინებდა. საქართველოში (კავკასიაში) იგივემ არ გაამართლა. კავკასიაში «მორალური გამარჯვების» ცნება (ფიზიკური დამარცხების შემთხვევაში) ვერ ასრულებს იმავე როლსა და ფუნქციას, როგორც სხვაგან. ამიტომ, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, რომ 9 აპრილი იყო «უდიდესი გამარჯვება», სინამდვილეში ეროვნულმა ცნობიერებამ (მენტალიტეტიდან გამომდინარე) იგი უდიდეს დამარცხებად აღიქვა.
    იგივე განმეორდა ლარსთანაც - უიარაღო ავაზაკთა ხროვა ავტომატებით ხელში დადგა. ავტომატებზე წინასწარ ხმის ჩამხშობებიც გაეკეთებინათ, რომ სროლა უფრო გაადვილებოდათ და ზედმეტი ხმაურის გარეშე ჩაეხოცათ უდანაშაულო ახალგაზრდები.
    მაგრამ კადრები, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ გაიტანეს რუსებმა თავისი, როგორ გააძევეს ქართველები გვირაბის გარეთ, მაინც ძნელი სანახავი აღმოჩნდა. ეჭვი არავის შეეპაროს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსები ცეცხლსაც გახსნიდნენ და ქართველებს იქვე ჩახოცავდნენ (გვირაბში ჰაერში სროლაც ვერ მოხერხდებოდა). ფაქტობრივად, მოპიკეტეები უდიდეს რისკზე წავიდნენ. იქნებ, მადლობაც ეთქმით ამისათვის, მაგრამ მსხვერპლი რომ ყოფილიყო, სისხლი რომ დაღვრილიყო, დღევანდელ ხელისუფლებას უეჭველად მოუწევდა პასუხი გაეცა ოპოზიციის (თუნდაც ანტირუსული ოპოზიციის) დემაგოგიურ კითხვა-ბრალდებაზე:
    რატომ არ დაუშალა მან (ხელისუფლებამ) ახალგაზრდებს ესოდენ რადიკალური აქციის ჩატარება მაშინ, როცა იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე?» ანუ განმეორდებოდა იგივე, რაც მოხდა 9 აპრილის შემდეგ. არავითარი «გამარჯვება» (თუნდაც მორალური) ეს არ იქნებოდა. რუსეთის ტელევიზია საქმეს ისე წარმოადგენდა, თითქოს მთვრალი და ნარკოტიკით გაბრუებული ქართველი ახალგაზრდების ბრბო, რომელთა მიღმა სპირტის მაფია იდგა, შეიჭრა რუსეთის ტერიტორიაზე და თავს დაესხა რუს მესაზღვრეებს. ისინიც იძულებულნი გახდნენ, თავდაცვითი ზომები მიეღოთ. ჩვენს მიერვე შექმნილი (თუ ჩვენთვის ხელოვნურად თავსმოხვეული) იმიჯი ქართველის უიარაღო პროტესტს ვერ ეგუება, ამის გაგება და ამ რეალობასთან შეგუება კი არაფრით გვსურს.

მერიდიანი, 10 დეკემბერი, 1997 წ.

მთელ გვერდზე