მორიგი ტერორისტული აქტი - ამჯერად წყნეთის გზაზე

    რამდენიმე დღის წინ, საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტის შესახებ ამცნეს საზოგადოებას, რომელიც არ შედგა.
    სპეცსამსახურებმა გააუვნებელყვეს ორი ნაღმი (პრეზიდენტის პრესმდივანმა ვახტანგ აბაშიძემ ხაზი გაუსვა: «რუსული წარმოებისაო» - თითქოს ამერიკული ან პაკისტანური წარმოების ნაღმები გამოეყენებინოს ოდესმე საქართველოში რომელიმე ტერორისტს). ისინი დისტანციური მართვის პულტით უნდა აფეთქებულიყვნენ მაშინ, როდესაც წყნეთის გზაზე ზურაბ ჟვანიას მანქანა გაივლიდა. პარლამენტის თავმჯდომარე მუდმივად წყნეთში ცხოვრობს, ამდენად არავითარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს იმის თაობაზე, რომ ამჯერად ტერორისტებს სწორედ იგი ჰყავდათ მიზანში ამოღებული.
    როგორც ჩანს, საქართველოში ტერორისტული «ამბოხის» ახალი ეტაპი იწყება. ამ ეტაპს წინა პერიოდის ბევრი თვისება და უცნაურობა ახასიათებს - იდუმალებით არის მოსილი ტერორისტული აქტის მომზადების წინა პირობა, ხოლო ოფიციალური ფიგურები ვარაუდითაც კი არ ასახელებენ, თუ ვის შეიძლებოდა სდომოდა ახალი ტერორისტული აქტის ორგანიზება საქართველოში. სავარაუდო კი ნამდვილად არის. უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, ტერორისტული აქტების ახალი სერია ხელს აძლევთ იმ ადამიანებს თუ ძალებს, რომელთაც ამით სურთ დაამტკიცონ, რომ იგორ გიორგაძე არ არის ერთადერთი, ვისაც ძალუძდა და ძალუძს საქართველოში ტერაქტების ორგანიზება. უფრო ზუსტად, იგორ გიორგაძის «იმიჯი» კვლავ გამოიყენება შირმად, რომლის მიღმა ჭეშმარიტი მკვლელი იმალება. იმავე ძალებმა მოკლეს გია ჭანტურიაც, სოლიკო ხაბეიშვილიც, გია გულუაც და ბევრი სხვაც, ვისი ვინაობა საზოგადოებამ არ იცის, ვინაიდან ისინი განსაკუთრებულ ფიგურებს არ წარმოადგენდნენ.
    ჯერ კიდევ 1995 წელს, იგორ გიორგაძის საქართველოდან გაქცევისთანავე, გამოითქვა ორიგინალური აზრი, რომლის თანახმად, უშიშროების ყოფილი შეფი არ ყოფილა მკვლელობათა მთავარი ორგანიზატორი და ავტორი. მკვლელობები ე.წ. «მხედრიონმა» დაგეგმა და აღასრულა, მაგრამ პოლიტიკურ ელიტას (როგორც ოპოზიციას ასევე უმრავლესობას) იმ დროს ხელს არ აძლევდა ნამდვილი დამნაშავისა და მკვლელის დასახელება, ვინაიდან თავად ჰქონდა შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ამ «ურჩხულის» შექმნაში. ამიტომ, იგორ გიორგაძე იქცა მთავარ დამნაშავედ. რასაკვირველია, გიორგაძესაც ხელი სისხლში აქვს გასვრილი, მაგრამ ის მაინც «რიგითი» არამზადა იყო. «მხედრიონელ» მგლებს: ჯაბა იოსელიანს, გიგა გელაშვილისა და სხვებს - იგორ გიორგაძის «ლიდერობა» სასაცილოდაც არ ეყოფოდათ. ეს რასაკვირველია, არ ნიშნავს, თითქოს იგორ გიორგაძე და მის ზურგს უკან მდგომი რუსეთის სპეცსამსახურები «არაფერ შუაში იყვნენ» და საერთოდ არ მონაწილეობდნენ ტერორისტული აქტების ორგანიზებაში.
    რუსეთი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული შევარდნაძის ლიკვიდაციით - ამის გაკეთება კი იმ დროს მხოლოდ «მხედრიონის» ხელით შეიძლებოდა - რათა რუსეთის «უშუალო ჩარევა» მინიმალური ყოფილიყო. «მხედრიონი» არ შედგებოდა «კრემლის აგენტებისაგან» - უბრალოდ, მათ საკუთარი ინტერესები ჰქონდათ, სულ არ აინტერესებდათ არც საქართველოს «საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია» და არც ის, თუ ვინ გახდებოდა «პირველი კაცი» საქართველოში ედუარდ შევარდნაძის შემდეგ. მათ იცოდნენ მხოლოდ ერთი რამ (არც ცდებოდნენ): თუ შეძლებდნენ შევარდნაძის მოკვლას, ქვეყანა უეჭველად «აირეოდა», დაიწყებოდა ანარქია და მათი «ძმაკაცები» (იმ დროს ასეულობით «მხედრიონელი» იყო დაპატიმრებული) ციხეებიდან გამოვიდოდნენ. სხვა არაფერი მათ არ აინტერესებდათ.
    სწორედ აქ არის გასაღები იდუმალებით მოსილი «ტერაქტისა» (რომელიც არ შედგა) - ზურაბ ჟვანიას წინააღმდეგ. კრიმინალური სამყაროსათვის ხელისუფლება ყოველთვის მიუღებელია: ნებისმიერი ხელისუფლება, - როგორიც არ უნდა იყოს იგი და რა პოლიტიკასაც არ უნდა ატარებდეს. ამდენად, უცხო ძალა, თუ იგი სახელმწიფოში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს, უეჭველად შეუწყობს ხელს კრიმინალურ-პოლიტიკური ფენომენის წარმოშობას და მის «პოლიტიზაციას». ამ დაინტერესებაში უნდა ვეძიოთ «მხედრიონის» კრიმინალურ-პოლიტიკური ფენომენის წარმოშობისა და მისი გაძლიერების მიზეზები.
    რასაკვირველია, კრემლის სპეცსამსახურებს არაფერი გამოუვიდოდათ, რომ არა ეს ჩვენი «ბრძენი» საზოგადოებრივი ელიტა და არანაკლებ «ბრძენი» და «ზნეობრივი» პოლიტოკრატია, რომელიც, შემდგომ თავად გახდა მსხვერპლი მის მიერვე შექმნილი ურჩხულისა.
    მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად საინტერესოა იმ პერსპექტივის დანახვა, რომელიც რუსეთის წინაშე იშლებოდა «წარმატების» შემთხვევაში. ვახტანგ გოგუაძეს, რასაკვირველია, ტყუილად «აბრალებენ» შევარდნაძის წინააღმდეგ «შეთქმულებაში» მონაწილეობას. «აფეთქების» შესახებ მან არაფერი იცოდა, მაგრამ დავსვათ კითხვა: რა საჭიროა, რომ სცოდნოდა? იქ, სადაც ტერაქტი დაიგეგმა, შესანიშნავად უწყოდნენ:
    - სახელმწიფოს მეთაურის «მკვლელობის» შემდეგ დროებით (5 ნოემბრის არჩევნებამდე) სწორედ ვახტანგ გოგუაძე გახდებოდა «საკვანძო» ფიგურა, - პოლიტიკურ ძალთა განლაგება ისეთი იყო, რომ პარლამენტი ნებას არ დართავდა რაიმე «დამატებითი ორგანოს» შექმნას. რასაკვირველია, ვახტანგ გოგუაძე მოიქცეოდა ისე, როგორც საკუთარი რწმენა უკარნახებდა, ანუ ისე, როგორც ხელს აძლევდა მოსკოვს.
    რაკი ზურაბ ჟვანიას მარშრუტზე ნაღმები აღმოჩნდა, - ეს უეჭველად იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი მას არ ენდობა და საკმაოდ «საშიშ» ფიგურად მიაჩნია. დღეს საქართველოში უკვე აღარ არის ისეთი მოღვაწე, რომელიც შეასრულებს ისეთსავე როლს, როგორიც ვახტანგ გოგუაძეს უნდა შეესრულებინა (მისდაუნებურად) 1995 წლის 29 აგვისტოდან - 5 ნოემბრამდე. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადება უაღრესად ნიშანდობლივი ფაქტია, რომელიც ბევრ ანალოგიას შეიცავს და სერიოზულ ფიქრებსაც აღძრავს.

თემურ ჟორჟოლიანი და ლონგი ჭელიძე - «დიდი შერიგების» პირველი მტრედები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ მიიღო გადაწყვეტილება «მხედრიონის» ერთ-ერთი ლიდერის ლონგი ჭელიძისა და «კონსერვატიულ-მონარქისტული» პარტიის თავმჯდომარის თემურ ჟორჟოლიანის განთავისუფლების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, თარგამაძის «კერძო ინიციატივა» არ იქნებოდა მხოლოდ - როგორც ჩანს, მან «ზემოდან» მიიღო თანხმობა.
    ლონგი ჭელიძე აქტიურად იბრძოდა აფხაზეთსა და სამეგრელოში, - იგი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა «მხედრიონში» და ჯაბა იოსელიანთანაც დაახლოებული იყო. 1995 წლის ოქტომბერში საქართველოს იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა შოთა კვირაიამ «წინასაარჩევნო აქტივის» კრებაზე განაცხადა: «ლონგი ჭელიძეს ჯერჯერობით მხოლოდ განუცხადებლობაში» ედება ბრალი. ეს «ჯერჯერობით» იმას ნიშნავდა, რომ «სამართალდამცველი ორგანოები» აქტიურად მუშაობდნენ, რათა ლონგი ჭელიძისათვის სხვა, უფრო მძიმე ბრალდებებიც წაეყენებინათ, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ვერ მოახერხეს. ლონგი ჭელიძე, ალბათ, არც «განუცხადებლობის» გამო იყო დასჯილი სამართლიანად - მას რომ რაიმე სცოდნოდა 29 აგვისტოს ტერაქტის შესახებ, - უეჭველად «თანამონაწილეობისათვის» მოსთხოვდნენ პასუხს.
    რაც შეეხება თემურ ჟორჟოლიანს - ეს უკანასკნელი, როგორც იტყვიან, «სულ სხვა ოპერის პერსონაჟია», ანუ მისი სოციალურ-პოლიტიკური წარმომავლობა კიდევ უფრო საინტერესოს და ნიშანდობლივს ხდის თარგამაძის გადაწყვეტილებას. თემურ ჟორჟოლიანი სასამართლო პროცესის გმირს, - ირაკლი სურგულაძეს უნდა შევადაროთ, რომელიც აგრეთვე გაათავისუფლეს ციხიდან, ოღონდ სხვა ფორმით. თემურ ჟორჟოლიანი არავითარ საშიშროებას აღარ წარმოადგენს. ისევე, როგორც არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ირაკლი სურგულაძე - სწორედ ამიტომ იჩენს ხელისუფლება ლმობიერებას, რითაც საკმაოდ «იგებს» საზოგადოების თვალში. ჟორჟოლიანისა და ჭელიძის გათავისუფლება უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია თავის ძალებში და დესტაბილიზაციის არ ეშინია. ამის გამო, ორივე «შეწყალებული» შინაგან საქმეთა სამინისტროში მკაცრად გააფრთხილეს, რომ ვადის დამთავრებამდე ეკრძალებათ პოლიტიკური მოღვაწეობა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ედუარდ შევარდნაძე კვლავ უერთგულებს საკუთარ პოლიტიკურ სტრატეგიას და სულ მალე «მეორე ბანაკიდანაც» გაათავისუფლებს ვინმეს, ანუ თავისუფლებას აჩუქებს რომელიმე მესამეხარისხოვან «ზვიადისტს», რომელიც დაპატიმრებული იყო (ვთქვათ) 24 ივნისის აქციისთვის, როდესაც პირველი პრეზიდენტის მომხრეებმა ტელევიზიის ხელში ჩაგდება სცადეს. ასეთივე გრადაციით გაგრძელდება შეწყალების პროცესი - ერთი «მხედრიონელი», ერთი «ზვიადისტი» - ერთი «ჯაბისტი», ერთი «ლოთისტი» და ა.შ.
    ეს პროცესი «პირველხარისხოვან ფიგურებამდე», რა თქმა უნდა, არ მივა - საეჭვოა ლოთი ქობალია შევარდნაძემ ოდესმე გამოუშვას ციხიდან, მაგრამ ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება «მესამე» და «მეორეხარისხოვანი» ფიგურების «შეწირვით» საზოგადოების თვალში «სამართლიანისა» და «შემწყნარებლის» ხატი დაიმკვიდროს.

აფხაზური ტრაგიკომედია

    გენერალ ვარდიკო ნადიბაიძის მოსკოვური ვოიაჟების საფუძველზე საშუალო ნიჭის დრამატურგიც კი შესანიშნავ პიესას შექმნიდა. ორი ჟანრის - ტრაგედიისა და კომედიის ზღვარზე. ვერა და ვერ გაიგო ბატონმა ვარდიკომ, რომ ატყუებენ, თანაც ატყუებენ ოსტატურად, შეიძლება ითქვას, «დიდოსტატურად» - ისეთივე «უბრალოებით», როგორითაც თავად გენერალი ვარდიკო ჰყვებოდა რა «თბილად» მიიღო იგორ როდიონოვმა, როგორ «მოიკითხა» საქართველო, რა დაპირებებით აავსო და გამოისტუმრა მოსკოვიდან.
    არ არსებობს ერთი მეათასედი, მემილიონედი პროცენტიც კი იმისა, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში (მაინც) შეასრულებს დანაპირებს და ჯარებს გადაიყვანს მდინარე ღალიძგაზე - სწორედ ესაა საქართველოს მთავარი მოთხოვნა. ამ მოთხოვნის შესრულება რუსეთისთვის აფხაზეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას ნიშნავს, - ეს კი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. აფხაზურ ფორმირებებსა და რუსულ არმიას შორის პირველსავე შეტაკებას მოჰყვება სკანდალი რუსეთის ფედერაციის საბჭოში და ისტერიკა სახელმწიფო სათათბიროში.
    რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს თავად ელცინს საქართველოს სიყვარულით უძგერს გული და «დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ვერ აკეთებს». აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა ისე, როგორც ეს საქართველოს სურს, - ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. «საშუალედო გადაწყვეტის» სახით მას შეეძლო მოეგვარებინა გალის რაიონის პრობლემა, მაგრამ პრობლემა სწორედ ის გახდა, რომ არძინბა (ნებაყოფლობით) ამას არასდროს დაეთანხმება და ძალზე სიმპტომურია, თუ რატომ არ დაეთანხმება: თუ საქართველოს ხელმძღვანელობამ რუსეთის მეშვეობით შეძლო თუნდაც გალის რაიონის პრობლემის გადაწყვეტა, ეს ძალზე ძლიერი პროპაგანდისტული არგუმენტი იქნება «პრორუსული პოლიტიკის» სასარგებლოდ. გალის «დაბრუნების» შემდეგ საქართველო მზად იქნება კიდევ რამდენიმე წელიწადი მოიცადოს (რაკი პირველ წარმატებას მიაღწევს) და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიბრუნოს აფხაზეთი რუსეთის მეშვეობით - ოღონდ რუსეთისადმი სტრატეგიული დათმობების ხარჯზე.
    არძინბასათვის მოვლენათა ამგვარი განვითარება სიკვდილის ტოლფასია, ვინაიდან ამ «რამდენიმე წელს» აფხაზეთი ბლოკადაში გაატარებს. ამიტომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ყოველნაირად ცდილობს, არც ერთი ნაბიჯით არ დახიოს «აფხაზური მილიცია» ენგურიდან, აფხაზური არმია – გალის არხიდან. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ თანდათან იქმნება ვითარება, როდესაც არძინბა უფრო მეტადაც კი ხდება დაინტერესებული სამშვიდობო ძალების გაყვანით, ვიდრე საქართველო. ამ ჯარების გაყვანა უეჭველად ახალ ომს ნიშნავს. ომი კი გამოიწვევს ბლოკადის მოხსნას, ჩრდილოეთიდან ეკონომიკური დახმარების განახლებას და აფხაზეთისათვის «თავისუფლად ამოსუნთქვას».

«დილის გაზეთი», 13 მაისი, 1997 წ.
   

მთელ გვერდზე