აფხაზეთის დაბრუნება «ეკონომიკური მეთოდებით» ილუზიაა
   

    ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გააქტიურებულმა «ქართულ-აფხაზურმა მიმოსვლამ» მოსალოდნელი შედეგი გამოიღო. ანუ მას საერთოდ არ გამოუღია რაიმე შედეგი, თუმცა პოლიტიკის კანონებიდან გამომდინარე, უშედეგობა თავისთავად შედეგია.
    მიუხედავად მრავალი განცხადებისა «პოზიციათა დაახლოების» შესახებ, რეალურად მთელი ამ ორომტრიალიდან არაფერი გამოვიდა და არც გამოვა, ვინაიდან ყველა თეორიულ პოსტულატსა და «ინტელექტუალურ კონსტრუქციას» ანგრევს ერთი მარტივი, პრაქტიკული მოსაზრება: აფხაზებმა დიდი სისხლის ფასად მოიპოვეს დამოუკიდებლობა, რომელსაც არაფრისდიდებით აღარ დათმობენ. ქართული მხარე კი კვლავინდებურად ებღაუჭება რაღაც უიმედო «ხერხებსა» და მეთოდებს. მაგალითად, «დავიბრუნოთ აფხაზეთი ეკონომიკური გზით». ესეც ერთგვარი მარქსისტულ-კომუნისტური სტერეოტიპია, რომლის თანახმად პოლიტიკას ეკონომიკა განსაზღვრავს და არა ის უზენაესი ეროვნული ინტერესები, რომელსაც ემსახურება ეკონომიკაც, პოლიტიკაც და სამხედრო სტრატეგიაც.
    ნიკო ლეკიშვილმა სოხუმში ვიზიტისას თან «კოკა-კოლას» პრეზიდენტი თემურ ჭყონიაც იახლა. როგორც ყველაზე წარმატებული ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც თითქოს შეუძლია «ეკონომიკური მეთოდებით» აითვისოს აფხაზეთი, არადა, ამ შემთხვევაში ჭყონიას იმედად ყოფნა, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, გულუბრყვილობაა. ქართული კაპიტალი აფხაზეთში, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება და ვერც კონკურენციას გაუწევს რუსულ კაპიტალს. ამდენად, თუ საქმე ფულზე მიდგა (არადა, საქმე სწორედ აქეთ მიდის), რუსეთი სულ ადვილად «აითვისებს» აფხაზეთს და ამ მიწა-წყალზე საქართველოს ნიშან-წყალსაც გააქრობს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით აფხაზეთი ტრადიციულად უფრო «ჩრდილოეთისაკენ» იყო მიმართული, ვიდრე აღმოსავლეთისაკენ და ამ გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლა არც ნიკო ლეკიშვილს შეუძლია და არც «კოკა-კოლას».
    სახალხო ფრაქციისა და სხვა საპარლამენტო ჯგუფების აღშფოთება (მათ ამ საკითხზე მთავრობის ანგარიში მოითხოვეს) უფრო მ გარემოებამ გამოიწვია, რომ «ეკონომიკური მეთოდით» აფხაზეთის დაბრუნების ილუზია აუბრალოებს და აჩლუნგებს ქართული საზოგადოების მზადყოფნას სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო ქმედითი ზომების გასატარებლად - რაღა საჭიროა ან არმია, ან სამხედრო მზადყოფნა, თუკი აფხაზეთის პრობლემა «კოკა-კოლას» მეშვეობით შეიძლება გადაწყდეს? ამიტომ სპეციალური საპარლამენტო «მოსმენებზე» ოპოზიცია  მოითხოვს განმარტებას, თუ კონკრეტულად რა პროგრამებს ამუშავებს მთავრობა აფხაზეთის მიმართ - ხომ არ ენიჭება ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ამა თუ იმ ფირმის პრაგმატულ ინტერესს ზოგად-ეროვნულ ინტერესებთან შედარებით?
    სხვათა შორის, საქმის ამგვარი შეტრიალება გამორიცხული სულაც არაა, ვინაიდან კაპიტალს განვითარების საკუთარი წესები აქვს, ამდენად მას ვერც «სამშობლოს სიყვარულს» მოსთხოვ და ვერც «ეროვნულ-სახელმწიფოებრივ» ინტერესთა გათვალისწინებას. გარდა ამისა, გაუგებარია, მაინც რაში მდგომარეობს «ეკონომიკური შანსი». აფხაზეთის სოფლის მეურნეობისათვის გასაღების ერთადერთი და ამავე დროს ყველაზე მეტად ხელსაყრელი ბაზარი არის რუსეთი. არძინბა არასდროს დათანხმდება «აფხაზური» მანდარინის ან ჩაის გაყიდვას საქართველოში და რომც დათანხმდეს, ზუგდიდში ან თბილისში გამოჩენას ვერც ერთი აფსუა ვერ გაბედავს; ენერგეტიკულად საქართველო უფროა დამოკიდებული აფხაზეთზე, ვიდრე აფხაზეთი - საქართველოზე; მრეწველობა ჩვენ თავად ვერ აგვიმუშავებია, ფქვილი კი აფხაზეთში თურქეთიდან შედის. ამრიგად, ხელისუფლებას გაუჭირდება დეპუტატებს აუხსნას, რისთვის იხარჯება «კოკა-კოლა» სოხუმსა და თბილისში ორგანიზებულ «სამთავრობათაშორისო შეხვედრებზე».

მერიდიანი, 17 ოქტომბერი, 1997 წელი

მთელ გვერდზე