თამაზ ნადარეიშვილს აფხაზეთის თაობაზე პოზიცია იოტისოდენად არ შეუცვლია

    აფხაზეთის პრობლემის მოგვარების თაობაზე საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არსებობდა. მაგალითად, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე «რესპუბლიკელებს» ამ საკითხში განსაკუთრებული პოზიცია ეკავათ;
    მეორეს მხრივ, არსებობდა და არსებობს «გოგუაძის პარტია», რომელიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რუსეთის მიმართ განსაკუთრებულად ლოიალური პოლიტიკით აპირებს. თავად ამ პარტიის წევრთა დიდი უმრავლესობა ცდილობს რუსეთი დაიყოლიოს არძინბას მიმართ პოლიტიკის შეცვლაზე, _ რაკი დარწმუნებულია, რომ საკმარისია კრემლიდან არძინბას უბრძანო, შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერიც უმალვე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
    ერთადერთი მოღვაწე, რომელსაც პოზიცია 1992 წლიდან - დღემდე არ შეუცვლია, არის არძინბას ყოფილი მოადგილე, ამჟამად «აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს» თავმჯდომარე, თამაზ ნადარეიშვილი. იგი ყოველთვის სრული დარწმუნებითა და უეჭველობით აცხადებდა: აფხაზეთის პრობლემა ვერ გადაწყდება ძალის გამოყენების გარეშე. ამას ამბობდა ნადარეიშვილი ომის დაწყებამდე, ასეთი იყო მისი პოზიცია ომის პერიოდშიც, ამასვე ამბობს იგი დღეს.
    ნადარეიშვილს სასაცილოდაც არ ჰყოფნის არძინბასთან გამართული მოლაპარაკებანი და ქართველ «ლიბერალთა» იმედები დიპლომატიური ძალისხმევითა და ქაღალდზე მიღწეული «გამარჯვებებით» დაებრუნებინათ აფხაზეთში ასეულობით ათასი ლტოლვილი და ამით აღედგინათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
    როგორც ჩანს, ნადარეიშვილის ურყევი პოზიციის საფუძველია ის გარემოება, რომ იგი იცნობს აფხაზთა მენტალიტეტს, ძალიან კარგად იცნობს აფხაზური სეპარატიზმის ისტორიას და ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს მოვლენა ჩვეულებრივ რაციონალურ ახსნას ან (მით უმეტეს) მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევით გადაწყვეტას არ ექვემდებარება.
    ნადარეიშვილი კარგად იცნობს თვით ვლადისლავ არძინბასა და სეპარატისტთა ლიდერებსაც _ მათ შორის კონსტანტინე ოზგანს და სერგეი შამბას. ამავე დროს, ნადარეიშვილს პირადი მოტივაციაც გააჩნია და ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირადი მოტივაცია და ამ მოტივაციაზე დამყარებული განწყობა რეალობას ემთხვევა. ოღონდ ნადარეიშვილს ზოგჯერ ავიწყდება, რომ რეალობას შევარდნაძეც კარგად აცნობიერებს, მაგრამ მისი დამოკიდებულება აფხაზეთის პრობლემისადმი პოლიტიკური აუცილებლობის კატეგორიებით განისაზღვრება.
    თამაზ ნადარეიშვილი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ იგი შეიძლება შეეწიროს კიდეც ამას როგორც პოლიტიკური ფიგურა.
    ედუარდ შევარდნაძემ რუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: «ჩვენ თანახმა ვართ, გადავდოთ აფხაზეთში განსაკუთრებულად აგრესიულად განწყობილი ლტოლვილების დაბრუნება».

«მიმომხილველი», 19 თებერვალი, 1996 წელი.
 

    მთელ გვერდზე