გენადი სელეზნიოვი - ეჟვანშებმული საფრთხობელა

    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის, გენადი სელეზნიოვის ვიზიტს საქართველოში იმგვარი ფონი და «კეთილგანწყობა» დახვდა, რომ დაკვირვებული თვალი ადვილად შენიშნავდა წინასწარდადგმული სპექტაკლის ელემენტებს. რა თქმა უნდა, მოსკოველი სტუმარი ამ შემთხვევაში მხოლოდ გაბრიყვებული თოჯინა აღმოჩნდა და მეტი არაფერი.
    ხმებმა იმის თაობაზე, რომ «სახალხო ეროვნულ-დემოკრატებმა» მამუკა გიორგაძის თამადობით გენადი სელეზნიოვს დემარშს მოუწყობდნენ, ჯერ კიდევ სელეზნიოვის ჩამოსვლამდე გაიჟღერა; ზოგმა მიმომხილველმა ეს ტრადიციულ კონტექსტში გაიაზრა: «ედეპე»-ს განაყოფისთვის ეს ყურადღების მიქცევისა და აჟიოტაჟის ატეხვის კიდევ ერთი საუკეთესო საშუალება იყო.
    სინამდვილეში, ეს სპექტაკლი იმათ სჭირდებოდათ, ვინც პარლამენტში სანქცირებული დემარშით მოჩვენებითი ოპოზიციის შექმნას ცდილობდა; თავად ხელისუფლებას და პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარეს სჭირდებოდა, რომ სელეზნიოვს საქართველოში ასეთი ფონი დახვედროდა. ეს მათ რუსეთის მიმართ მკაცრი და დემონსტრაციული განცხადებების კეთების საშუალებას მისცემდა; თან თავს გაიმართლებდნენ მოსკოველ სტუმართან - რა ვქნათ, ძმაო, თავადაც ხედავ, რა განწყობაა თქვენს მიმართ თავად პარლამენტშიც კი! ამ დადგმას ჩვეული გულუბრყვილობით აუბა მხარი ქართულმა პრესამ და გენადი სელეზნიოვისათვის «უხერხული კითხვების დასმაში» ერთმანეთს გაეჯიბრა.
    სპექტაკლი იყო თავად სელეზნიოვის პრეს-კონფერენციაც მოსკოვში, სადაც, ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრით, სელეზნიოვმა «კეთილგანწყობაც» კი გამოამჟღავნა საქართველოს მიმართ.
    არადა, გენადი სელეზნიოვი რუსეთში არსებული და აქტიურად მოქმედი იმ შოვინისტური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც არასდროს შერიგებია და არც შეურიგდება საქართველოს (ან ნებისმიერი სხვა ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკის») დამოუკიდებლობას.
    სხვა საკითხია, თუ რატომ «დაითაფლა» ენა სელეზნიოვმა «გოსდუმაში» ჩატარებული პრეს-კონფერენციის დროს. ჯერ ერთი, ამჟამად რუსეთს (პოლიტიკური თვალსაზრისით) უკვე ხელს აძლევს საქართველოსადმი მოჩვენებითი კეთილგანწყობის დემონსტრირება.
    რუსეთის საქართველოსთან აშკარა დაპირისპირების შემთხვევაში ეროვნული მოძრაობა ჩეჩნეთში (მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიაში) კიდევ უფრო ძლიერდება, რაკი ხედავს, რომ რეალურია მოიპოვოს «გასასვლელი» მსოფლიოში საქართველოს გავლით.
    რეალურად სელეზნიოვის ვიზიტმა საქართველოში არანაირი შედეგი არ გამოიღო. რუსეთი კვლავ აგრძელებს ფარულ, შენიღბულ აგრესიას და არც აპირებს უარი თქვას ჩვენი ქვეყნის დანაწევრებაზე.
    სელეზნიოვის დათვური ღრიალის ფონზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ იმავე დღეს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი არავითარ საშიშროებას არ ხედავს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გეგმაში, ხოლო რუსეთის მცდელობა, აიძულოს საქართველო, უარყოფითი პოზიცია დაიკავოს ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის შემადგენლობაში ახალი წევრების მიღების მიმართ, წარუმატებელი იქნება.
    ესენგეს წევრი არცერთი ქვეყნის ხელმძღვანელს ამგვარი განცხადება ნატოს თაობაზე არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რუსეთთან ცალმხრივი დათმობების პოლიტიკა სრულიად უპერსპექტივოა - ჩრდილოელი მეზობელი არ აპირებს, რაიმე შეცვალოს აფხაზეთში და ხელი შეუწყოს (ყოველ შემთხვევაში, ხელი არ შეუშალოს) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

«მერიდიანი», 20 დეკემბერი, 1996 წელი.
  

  მთელ გვერდზე