ოპოზიცია დასამარცხებლად ემზადება თუ. . . .

    საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებში (ტრადიციულად, ამ პარტიათა უმრავლესობა «ოპოზიციასთან» ასოცირდება) ერთგვარი დაბნეულობა შეინიშნება. ახლოვდება არჩევნები, ხოლო მრავალი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული. მაგალითად, ჯერ-ჯერობით არავინ უწყის, თუ როგორი სახის მმართველობითი სისტემა იქნება ასახული საქართველოს ახალ კონსტიტუციაში, როგორ გადაწყდება ყოფილი ავტონომიების პრობლემა, როგორი წესით ჩატარდება არჩევნები და სხვა.
    ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობას ეს პრობლემატიკა აღელვებს იმდენად, რამდენადაც მათი გადაწყვეტა უეჭველად იმოქმედებს მომავალ არჩევნებზე, რომლებიც კვლავ იქცევა ერთგვარ «ლაკმუსის ქაღალდად» - პოლიტიკურ ლიდერთა და აუტსაიდერთა გამოვლენისათვის.
    საეჭვოა, მომავალი არჩევნები (1992 წლის ოქტომბრის არჩევნების მსგავსად) «პრეფერენციებითა» და «საკომპენსაციო სიებით» ჩატარდეს, რადგან ეს უკვე აღარ აძლევს ხელს მმართველ ელიტას - იგი ამჟამად საკმარისად ძლიერია იმისათვის, რათა არავითარ კომპრომისზე არ წავიდეს და არჩევნების გზით სცადოს «მარყუჟად» შეკრული პოლიტიკური კვანძის ერთი დარტყმით გადაჭრა - მოისროლოს «აბეზარი» დისიდენტები ისტორიის სანაგვეზე და საბოლოოდ გაბატონდეს საქართველოში.
    თავის მხრივ, «ეროვნული მოძრაობის» წიაღიდან გამოსული პარტიებიც, ამჟამად, აქტიურ დაზვერვას აწარმოებენ - ცდილობენ ზუსტად დაადგინონ თავისი შანსის ოდენობა, განსაზღვრონ, ღირს თუ არა პოლიტიკური ბლოკების შეკვრა თუნდაც ყოფილ მოწინააღმდეგეებთან, რათა იმ შემთხვევაში, თუ ეს შანსი საკმარისზე მცირეა - შეინარჩუნონ პოლიტიკური არსებობა, ანუ ადგილი საქართველოს ხელისუფლების ოლიმპზე.
    პარლამენტი, რომელიც დღეს სწორედ ამ ფონზე მოქმედებს (უფრო ზუსტად - ამთავრებს თავის არსებობას), უნაყოფო დებატებსა და უაზრო კინკლაობაში ჩაიძირა; საპარლამენტო მუშაობას აღარავინ აქცევს სერიოზულ ყურადღებას; ყველას ესმის, რომ ამ ორგანომ თავისი თავი ამოწურა და სულ მალე უნდა დაუთმოს ადგილი ახალ ხელისუფლებას. ამიტომ, გააფთრებული დებატები მხოლოდ იმ საკითხებზე მიმდინარეობს, რომლებსაც შეუძლიათ (ან მომავალში შეეძლებათ) პოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე რეალური ზეგავლენის მოხდენა.
    ამგვარ საკითხთა რიგს განეკუთვნება თენგიზ კიტოვანის სადეპუტატო უფლებამოსილებათა აღდგენის (ანუ, ელემენტარულად, მისი ციხიდან გამოშვების) პრობლემა. ოპოზიციური პარტიები დაჟინებით მოითხოვენ, გენერალურმა პროკურორმა საკითხი გამოიტანოს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად, რადგან შესანიშნავად უწყიან: უმრავლესობა ვერ გაბედავს ხმა მისცეს კიტოვანის წინააღმდგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას - რის შემდეგაც, ხელისუფლება იძულებული იქნება იგი გაათავისუფლოს. ეს კი უეჭველად შეცვლის ძალთა განლაგებას ოპოზიციის სასარგებლოდ. მით უმეტეს, თუ საქმე «გარესაპარლამენტო» დაპირისპირებამდე მივიდა, რაც ნამდვილად არ არის გამორიცხული.
    ამავე დროს, ოპოზიცია აქტიურად ეძებს (და პოულობს) ე.წ. «ზვიადისტურ ოპოზიციასთან» მისასვლელ გზებს და ამ პროცესში აგებს როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად, ვინაიდან ზვიად გამსახურდიას მომხრეებს 1992 წლიდან - დღემდე, იოტისოდენად არ შეუცვლიათ თავიანთი პოზიცია, განსხვავებით საპარლამენტო ოპოზიციისაგან.
    თუმცა, «კონსერვატიულ-მონარქისტული» პარტიის შტაბ-ბინაში გამართული რეგულარული «შემრიგებლურ-გამაერთიანებელი» შეხვედრების მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის. ადვილი შესამჩნევია, რომ ამ თავყრილობებში დემონსტრაციულად არ მონაწილეობენ «რესპუბლიკელთა» ნაწილი და «ეროვნულ-დემოკრატები» მთლიანად.
    მრავალი დამკვირვებლის აზრით, მომავალ არჩევნებში შეიძლება სწორედ ამ ორი პარტიის ბლოკმა განსაზღვროს ოპოზიციისა და მმართველი ელიტის პოლიტიკური შერკინების შედეგი.
    ყოველ შემთხვევაში, განცხადებებისა და დეკლარაციების დონეზე ორივე ოპოზიციური ძალა მზად არის ალიანსისათვის, რომელსაც, როგორც ჩანს, მხოლოდ ის გარემოება უშლის ხელს, რომ ერთ-ერთი მათგანი მეტისმეტად სერიოზულად აღიქვამს პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულ რეიტინგებს, რომელთა მიხედვითაც, იგი ერთპიროვნული ლიდერია.
    სინამდვილეში ეს «რეიტინგები» მხოლოდ ჰიპოთეტურად თუ ასახავენ რეალობას და მათი სერიოზულად აღქმა (მითუმეტეს, მათ მიხედვით პოლიტიკის აგება) ძალზე სარისკოა.
    «ტრადიციონალისტთა კავშირი» და მისი ლიდერი - აკაკი ასათიანი კვლავინდებურად ცდილობენ «ცენტრისტული» პოზიციის შენარჩუნებას. ამავე დროს, ადვილად შესამჩნევია ამ პარტიის სიმპათია «მერაბ კოსტავას საზოგადოების» მიმართ. მათ შეიძლება შეუერთდეს, აგრეთვე, «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიაც» - ირაკლი წერეთელს არაერთგზის განუცხადებია თავისი დამოკიდებულება ვაჟა ადამიას მიმართ.
    ეს კოალიცია სერიოზულ ძალად იქცევა იმ შემთხვევაში, თუ საქმე შეურიგებელ დაპირისპირებამდე მივიდა, თუმცა ასათიანის «შუალედური» ტაქტიკა ამ შემთხვევაშიც შეასრულებს «ბუფერული ფაქტორის» როლს.
    «ილია ჭავჭავაძის საზოგადოება», მისი ლიდერებისათვის დამახასიათებელი უკომპრომისობის და კონფლიქტურობის გამო, ალბათ პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდება. თუმცა, ამ პარტიას უდიდესი შესაძლებლობები აქვს იმ თვალსაზრისით, რომ მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი, ბორის კაკუბავა, რადიკალურად განწყობილ ლტოლვილთა ლიდერად ითვლება.
    არის სიმპტომები იმისა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია დაპირისპირება ოპოზიციის შიგნით. ამის პირველი ნიშანი იყო საპარლამენტო სხდომაზე გამართული დისკუსია «რესპუბლიკელ» ზურაბ შენგელიასა და «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» ლიდერ თამარ ჩხეიძეს შორის.
    დაპირისპირების წარმოშობას უეჭველად განაპირობებს აგრეთვე იმ პოლიტიკური პარტიების უკმაყოფილება, რომელთაც, რიცხობრივი სიმცირის გამო, ფრაქცია პარლამენტში არ გააჩნიათ.
    ის, რომ ოპოზიცია ასე ადვილად წამოეგო ამ პრიმიტიულ «ანკესზე» - კიდევ ერთხელ მიუთითებს მის სისუსტეზე, რაც უახლოეს მომავალში შეიძლება საბოლოო მარცხის მიზეზი გახდეს.

«მიმომხილველი», 4 მაისი, 1995 წელი.
   

მთელ გვერდზე