გარეკავენ თუ არა საქართველოს პარლამენტს?

    შეიძლება თამამად ითქვას, რომ 22 მარტს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის თანხმობით ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ (საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების დაფუძნების შესახებ) თვისებრივად შეცვალა ვითარება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დაიწყო ახალი ეტაპი, რომლის უმთავრესი მახასიათებელი ის გახდება, რომ დროის მცირე მონაკვეთში (1995 წლის ოქტომბრამდე, როდესაც კანონით, უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები) ხელისუფლებას მოუწევს რამდენიმე კარდინალური, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღება.

    ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში, ედუარდ შევარდნაძე შეეხო ყაზახეთში შექმნილ ვითარებას ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მიერ პარლამენტის დათხოვნის შემდეგ და აღნიშნა, რომ «ნაზარბაევის გადაწყვეტილებას არ გამოუწვევია რაიმე სერიოზული გართულება».
    ვფიქრობ, სახელმწიფოს მეთაური შემთხვევით არ შეხებია ამ საკითხს - მით უმეტეს, რომ მთლიანობაში, საუბარი ეხებოდა გრაჩოვის ვიზიტსა და ამ ვიზიტზე პოლიტიკურ ძალთა რეაქციას.
    პარასკევს, გააფთრებული საპარლამენტო დებატების დროს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ, ყველასათვის მოულოდნელად განაცხადა, რომ «საქართველოში მზადდება პარლამენტის გარეკვა და ამ აქტს ამზადებს თვით სახელმწიფოს მეთაური».
    აქვს თუ არა ეჭვს საფუძველი? ვფიქრობ, რომ აქვს და აი, რატომ: ბაზების თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების გაფორმება მოხდება სახელმწიფოს მეთაურთა დონეზე, საპარლამენტო ოპოზიციისათვის კანონშემოქმედებითი მუშაობა ყოველგვარ აზრს დაკარგავს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამის შემდეგ ყოველი სხდომა დაიწყება პოლიტიკური დისკუსიით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე; პერმანენტულად დაისმება ხელშეკრულების დაუყოვნებელი დენონსირების წინადადება, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება სახელმწიფოს მეთაურისა და «უმრავლესობის» წინააღმდეგობა.
    პარასკევს, ფრაქცია «რესპუბლიკელების» სახელით, დეპუტატმა ივლიანე ხაინდრავამ, «ინტერპრეტაციის წესით» სადეპუტატო შეკითხვა დაუსვა თავდაცვის მინისტრ ვარდიკო ნადიბაიძეს: რა უფლებით მოაწერა მან ხელი დოკუმენტს ბაზების თაობაზე, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს დადგენილება რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ?.
    კანონის თანახმად, მინისტრი ვალდებულია გამოცხადდეს პარლამენტის სხდომაზე და უპასუხოს შეკითხვას, ხოლო ფრაქცია უფლებამოსილია დასვას მინისტრისადმი ნდობის საკითხი.
    ბუნებრივია, ამ დისკუსიაში უნდა ჩაერთოს სახელმწიფოს მეთაურიც (ვინაიდან თავდაცვის მინისტრმა სწორედ მისი მითითებით განახორციელა დოკუმენტის პარაფირება). ხოლო ამას, თავის მხრივ, მოყვება აქცენტის გადატანა თვით ხელშეკრულების არსზე, პოლიტიკური კურსის მართებულობაზე და ა.შ.
    ამრიგად, პარლამენტში რუსეთის ბაზების თემა ნამდვილად უსასრულო გახდება, ვინაიდან კანონშემოქმედებითი მუშაობა იმ პირობებში, როდესაც მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ოცდახუთი წლით (ანუ სამუდამოდ) დაკანონების პროცესი, ოპოზიციონერებს სრულ უაზრობად მოეჩვენებათ!
    გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ნაბიჯები, რომელიც უეჭველად მოყვება ხელშეკრულების გაფორმებას: რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს მიერ აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას. იგი უეჭველად შესთავაზებს შევარდნაძეს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის თვისობრივ შეცვლას - რუსეთის ჯარებისათვის საპოლიციო ფუნქციის მინიჭების ფორმით. მაგრამ ლტოლვილთა დაბრუნებისა და აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ნაწილობრივი აღდგენის წინაპირობად უეჭველად წამოაყენებს ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოსა და აფხაზეთს შორის.
    ესეც, რასაკვირველია, ოპოზიციის გააფთრებას გამოიწვევს, მაგრამ მთავარი ის გახლავთ, თუ რა მოყვება «აფხაზური ფაქტორის» ჩართვას საქართველოს კონსტიტუციური მშენებლობის პროცესში. ფედერაციული ხელშეკრულება ხომ ახალი კონსტიტუციის იურიდიული «გულანი», მისი საფუძველი გახდება. იგი განმსჭვალავს მის თითოეულ დებულებას, თითოეულ მუხლს; «აფხაზური ბერკეტის» გამოყენებით, რუსეთი უეჭველად შეეცდება ამ კონსტიტუციაში ჩადოს ისეთი იურიდიული მექანიზმები, რომლებიც СНГ-ს ტერიტორიაზე გაშლილ ან დაგეგმილ ინტეგრაციულ პროცესს მიესადაგება.
    ამავე კონტექსტში განიხილება ე.წ. «სამხრეთ ოსეთის» პრობლემაც. როგორც ჩანს, სამაჩაბლოში ოსთა პოლიტიკური ავტონომიის აღდგენა «უმაღლეს დონეზე» უკვე გადაწყვეტილია. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რა მოყვება ამას საქართველოს პარლამენტში?!
    ამრიგად, კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც შეიმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ და მეტ-ნაკლებად მისაღებია ოპოზიციისათვის (აზრთა სხვაობა არსებობს მხოლოდ მმართველობითი ფორმის საკითხში) შეიცვლება სხვა პროექტით, რომელიც ოპოზიციისათვის მთლიანობაში, კატეგორიულად მიუღებელი იქნება!
    ამის შემდეგ, საპარლამენტო სხდომების მართვა საერთოდაც შეუძლებელი გახდება. სწორედ ამიტომ, არც თუ უსაფუძვლოდ მეჩვენება ეჭვი, რომ სახელმწიფოს მეთაური შეეცდება პოლიტიკური და იურიდიული აქცენტის გადატანას რეფერენდუმზე - როგორც უზენაეს სამართლებრივ და პოლიტიკურ აქტზე.
    ნამდვილად არ არის გამორიცხული მოვლენათა ასეთი განვითარება: ერთ-ერთი მორიგი, ბობოქარი სხდომის შემდეგ (ჩხუბითა და დედის გინებით) შევარდნაძე გამოსცემს დეკრეტს პარლამენტის დაშლის შესახებ და უმალვე გაიტანს საერთო-სახალხო კენჭისყრაზე კონსტიტუციის პროექტს, რომელიც გაითვალისწინებს ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებას.
    არჩევნები შესაძლოა მაინც ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ფაქტობრივ მდგომარეობას ელექტორატის განწყობაზე უდიდესი ზეგავლენა ექნება.
    რა თქმა უნდა, მოვლენათა ამგვარ განვითარებას, სავსებით სამართლიანად, უდიდესი წინააღმდეგობა შეხვდება - მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პარლამენტის დაშლის შესაძლებლობას. ოპოზიცია უმალვე «გავა ქუჩაში», მას მხარს დაუჭერს თვით უმრავლესობის ერთი ნაწილიც და ა.შ.
    თუ გულწრფელნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ: დასავლეთისათვის უმთავრესია, მოჰყვება თუ არა ამა თუ იმ ნაბიჯს სერიოზული დესტაბილიზაციას საზოგადოებაში. პარლამენტის დათხოვას შევარდნაძის მიერ საზოგადოებაში შესაძლოა სერიოზული გამწვავება არც მოჰყვეს. ეს მხოლოდ ზოგიერთ პარლამენტარს ჰგონია, რომ დღეს თითოეული ქართველი პოლიტიკით «სუნთქავს და ცხოვრობს». სინამდვილეში, სამწუხაროდ, აპათიის დონე იმდენად მაღალია, რომ პოლიტიკურ პარტიათა მოწოდებებს მიტინგების, დემონსტრაციებისა და სხვა «ქუჩის აქციების» შესახებ მხოლოდ ამავე პარტიების ლიდერები და მათთან დაახლოებული პირები თუ გამოეხმაურებიან.
    რაც შეეხება ძალისმიერ დაპირისპირებას - ეს გამორიცხულია. ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც რამდენიმე პარტიას, საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით, შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლებისათვის. ამჟამად რაიმე სერიოზულ წინააღმდეგობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
    ხელისუფლება საკმარისად ძლიერია იმისათვის, რათა აღასრულოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ძალისმიერი გზით - თუ, რა თქმა უნდა, ამას თვით რუსეთის ჯარი არ აღუდგება წინ. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მართლაც რომ საეჭვოა. ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს სავსებით აძლევს ხელს მოვლენათა ამგვარი განვითარება. ამიტომ იგი «შეიარაღებულ ნეიტრალიტეტს» ამჯობინებს ან (უარეს შემთხვევაში) კიდევ ერთხელ აღმოუჩენს ერთმორწმუნე საქართველოს «ინტერნაციონალურ დახმარებას», რის შედეგადაც ქვეყანაში საბოლოოდ დამკვიდრდება ავტორიტარული მმართველობა,

«ივერია-ექსპრესი», 29 მარტი, 1995 წელი.

მთელ გვერდზე