ახალი პოლიტიკა - ხელოვნური ევოლუცია

    1995 წელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო - რამდენიმე ურთიერთთანხვედრილი და (შესაძლოა), ურთიერთშეთანხმებული მიზეზის გამო «ჩავარდა» ბიუჯეტი, რის შედეგადაც პარლამენტი იძულებული გახდა, ხელმეორედ შეკრებილიყო საკითხის განსახილველად.
    თვით ბიუჯეტის პრობლემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში უკვე მეორედ შედგა ძალთა და პოზიციათა თვისობრივი, შეურიგებელი გამიჯვნა. პირველად ეს მოხდა 1994 წლის 1 მარტს, როცა СНГ-ში გაწევრიანების საკითხი წყდებოდა.
    დღეს უკლებლივ ყველა დეპუტატმა იცის: კანონპროექტს «ბიუჯეტის შესახებ» პოლიტიკური თვალსაზრისით არავითარი კავშირი არ აქვს თვით ეკონომიკასთან - სინამდვილეში, ეს არის ბერკეტი მთავრობის დასამხობად, უფრო ზოგადად კი - სახელმწიფოებრივი კურსისა და თვით ხელისუფლების შეცვლის უკანასკნელი პარლამენტური საშუალებაა.
    რაკი პარლამენტი ერთ მთლიან ელიტას წარმოადგენს, იგი ძალზე მტკივნეულად აღიქვამს მოწოდებებს თვისებრივი გამიჯვნისაკენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს იძულებულია, დათანხმდეს ამას, რადგან სხვა გზა ამჟამად არ არის - ბიუჯეტის საბოლოო «ჩავარდნა» ხელისუფლების შეცვლას ნიშნავს. ამ ხელისუფლებაში კი პორტფელები» უკვე განაწილებულია.
    «უმრავლესობა» ოდნავი შეშფოთებით ადევნებს თვალს «უმცირესობის» ზნეობრივ ამბოხს და ცდილობს, ზუსტად განსაზღვროს - მართლაც «სულიერი ამბოხია» ეს თუ დაუკმაყოფილებელი ამბიციის გამოვლინება?
    თავად «უმრავლესობა» ლიდერს ვერ დაემდურება - ასამდე დეპუტატი უკვე მუშაობს (შეთავსებით) სხვადასხვა «საზოგადოებრივად სასარგებლო» თანამდებობაზე. ბაკურ გულუას მოულოდნელი აღზევებით (სოფლის მეურნეობის მინისტრად-ავტ) შევარდნაძემ მომხრეებს აგრძნობინა, რომ ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება და «საპარლამენტო უმრავლესობის» მუშაობის კოორდინაციისათვის სახელმწიფოს მეთაურს სულ მალე სრულიადაც აღარ დასჭირდება მისი შეკრება პლენარულ სხდომათა დარბაზში.
    სავსებით საკმარისი იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მიღებული «სელექტორული თათბირების» ჩატარება.

    ასეა თუ ისე, გამიჯვნა დაიწყო და ეს პროცესი მრავალმნიშვნელოვნად «დაებედა» 1995 წელს - იგი სწორედ თვისობრივი გამიჯვნის წელიწადი იქნება.
    რასაკვირველია, ქვეყნის მმართველი ელიტებისათვის არსებული ვითარების დაკონსერვება ყველაზე მისაღები და ოპტიმალური გამოსავალია, მაგრამ სტატუს-ქვოს შენარჩუნება უკვე შეუძლებელი ხდება რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზის გამო: უპირველესი აფხაზეთის პრობლემას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძეს შესანიშნავად ესმის: ოპოზიციის ერთი ნაწილის მეტნაკლები ლოიალობა მის მიმართ (ვგულისხმობთ «ლოიალობას» ამ ცნების ქართულ პოლიტიკურ შკალაზე განხილვით) უპირველესად იმით არის გამოწვეული, რომ ელიტის ამ ნაწილისათვის იგი შესანიშნავი პრეტენდენტია «განტევების ვაცის» როლისა და ფუნქციის შესასრულებლად. მას შეიძლება დაბრალდეს ყველაფერი: დეკემბერ-იანვრის გადატრიალებიდან - აფხაზეთის დაკარგვამდე . . . . მაგრამ ამგვარი როლი (მით უმეტეს, «ფუნქცია») შევარდნაძეს არ აკმაყოფილებს. ამიტომ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს (რაც მის ძალას არ აღემატება) აფხაზეთის პრობლემის თუნდაც ნაწილობრივი გადაწყვეტილებისათვის, ხოლო თუ აფხაზური პრობლემის გადაჭრის მისეული გეგმა მიუღებელი იქნება ოპოზიციისათვის, - მით უკეთესი! ამით ხომ იგი კიდევ ერთ «სასინჯ ქვად» იქცევა «დიდი გამიჯვნის» გზაზე.

    ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა რუსეთთან - აფხაზეთზე ერთობლივი პროტექტორატის გეგმის გამომუშავებისათვის. შესაძლოა, სწორედ ამით იყოს გამოწვეული უცნაური «როქი» მოსკოვში: ვალერიან ადვაძის გადაყვანა СНГ-ს ეკონომიკურ კომიტეტში და შევარდნაძის უახლოესი თანამოაზრის, მისი აპარატის ხელმძღვანელის, ვაჟა ლორთქიფანიძის დანიშვნა ახალ ელჩად.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ამ დანიშვნას უფრო ქარაგმული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პრაქტიკული. ამით საქართველო რუსეთს აგრძნობინებს, რომ პოლიტიკა უცვლელია და პერმანენტული კრიზისით გათოშილი ქვეყანა კვლავინდებურად ელის «ჩრდილოური მზის» ხელახალ ამობრწყინებას.
    თუ შევარდნაძე შეძლებს რუსეთთან ამ საკითხში (აფხაზეთში) კონდომინიუმის მიღწევას - ეს უკვე ოპოზიციას დააყენებს ძალზე უხერხული დილემის წინაშე (ადრე ამგვარ დილემათა გადაწყვეტა მხოლოდ შევარდნაძეს უხდებოდა, ხოლო ოპოზიცია ყოველთვის ახერხებდა პოლიტიკური კდემამოსილების შენარჩუნებას).
    ამავე დროს, უფრო და უფრო ახლოვდება მეორე უმნიშვნელოვანესი მიჯნა - ახალი კონსტიტუციის განხილვის დაწყება. პოლიტიკური ძალები (განურჩევლად მათი მრწამსისა), სრულად აცნობიერებენ რა ამ საკითხის უდიდეს მნიშვნელობას, თითქოს ერიდებიან პრობლემის «მიჯნაზე» მსჯელობის დაწყებას და ინიციატივას ერთმანეთს უთმობენ. არადა, დრო აღარ ითმენს, რადგან ახალ არჩევნებამდე ათიოდე თვე დარჩა, ხოლო უკონსტიტუციოდ არჩევნები უაზრობად იქცევა.
    პროექტი თითქმის მზადაა - მას იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში გამოიტანენ საპარლამენტო სამსჯავროზე. კანონით, განხილვას 6 თვე სჭირდება. მაშასადამე, კონსტიტუციის პრობლემა აგვისტო-სექტემბერში უნდა გადაწყდეს. იმთავითვე ცნობილია, რომ სახელმწიფოს მეთაური ერთიანი პროექტის გამომუშავებისაკენ მოუწოდებს მაგრამ ეს უფრო ტაქტიკური (და საკმაოდ გონებამახვილური) სვლაა. რეალურად საბოლოო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. იქ კი ნამდვილად «არ გაჭირდება» მძლავრი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეთა «ამბოხის» ორგანიზება, რის შედეგადაც კონსტიტუციურ კომისიაში მიღწეული კონსენსუსი სულ ადვილად დაირღვევა.
    ესეც შეიძლება «თვისებრივი გამიჯვნის» კონტექსტში განვიხილოთ, რადგან იმთავითვე ნათელია, რომ «საპარლამენტო მოდელის» გამარჯვება დღევანდელი ოპოზიციის გამარჯვება იქნება, ხოლო «ფრანგული მოდელისა» - «ძლიერი ხელის» მომხრეთა. საპარლამენტო ოპოზიცია ამ საკითხში საკმაოდ «ეჭვის თვალით» უყურებს ქართული ელექტორატის «შესაძლებლობებს» (როგორც ცნობილია, «ერი ზოგჯერ ცდება ხოლმე»), ამიტომ იგი გააფთრებით დაიცავს საკონსტიტუციო კომისიაზე მიღწეულ კონსენსუსს და «ერთიანი პროექტის» იდეას.
    ჩემი მხრივ დავამატებ, რომ ეს «ერთიანი პროექტი» პოლიტიკური ეკლექტიზმის ნიმუში უფროა, ვიდრე ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისებურებების მიხედვით შედგენილი ფუნდამენტური დოკუმენტი.
    ყველაზე მთავარი მიჯნა კი, რა თქმა უნდა, არჩევნები იქნება. სხვათა შორის, არის სიმპტომები, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი (ეს ყველას არ ეხება) უკვე ამზადებს ნიადაგს, რათა კვლავ «შემოაგდოს» ე.წ. «პრეფერენციების» იდეა ქვეყანაში «მშვიდობისა და სტაბილურობის» შენარჩუნების მოტივით, მაგრამ შევარდნაძის მომხრეთა უმრავლესობა ამ იდეას ჯერ-ჯერობით მხარს არ უჭერს. თუმცა, თავად სახელმწიფოს მეთაურის პოზიციის პროგნოზირება ძნელია (მან არაერთგზის დაამტკიცა, რომ ზემოთხსენებული «სტაბილურობის» შესანარჩუნებლად ყველაფრისთვის მზადაა), მაგრამ მაინც შეიძლება ვივარაუდოთ უმკაცრესი დაპირისპირება ამ არჩევნებში.
    1995 წლის ოქტომბერში გაიმართება ეს არჩევნები თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა შემთხვევაში, ის გახდება დღეს არსებული პოლიტიკური ელიტიდან «ზედმეტი ელემენტების»  გამოძევების აქტი, რომლის შედეგადაც ეს «ელემენტები» საბოლოოდ იქნებიან იძულებულნი, შეურიგდნენ ბედს და დასჯერდნენ ადგილს (ხშირ შემთხვევაში, მატერიალურად საკმაოდ კომფორტულს) - ისტორიის სანაგვეზე.

«7 დღე», 13 იანვარი, 1995 წელი.
   

მთელ გვრდზე