ყირგიზეთში ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს

ყირგიზეთში ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს

   როგორც მოსალოდნელი იყო, ყირგიზეთში განხორციელებული მორიგი რევოლიციის შემდეგ, ამ ქვეყანაში ქაოსური პროცესები დაიწყო. სახელმწიფო ფაქტობრივად ორ (სამხრეთ და ჩრდილოეთ) ნაწილად გაიყო დაშეიძლება შეწყვიტოს კიდეც არსებობა.
      ამასობაში, ვლადიმერ ჟირინოვსკი, მისთვის ჩვეული ცინიზმით ურჩევს ყირგიზებს, შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. პრეზიდენტი მედვედევი იგივეს არ ამბობს, მაგრამ ასევე იქცევა: მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას ყირგიზეთში (მთავრობის დაუკითხავად) რამდენიმე ათასი რუსი მედესანტის გაგზავნის თაობაზე «თანამემამულეთა დასაცავად», ესე იგი ეთნიკური რუსებისა, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ.
    ამავე დროს, ყირგიზეთში რუსეთის ელჩი მოუწოდებს რუსებს, შექმნან სამხედრო თუ გასამხედროებული «დრუჟინები», რომლებსაც, რასაკვირველია, რუსული სამხედრო ბაზა შეაიარაღებს.
  ამასობაში კი, ქვეყნის სამხრეთ რაიონები ექს-პრეზიდენტ ბაკიევის მომხრეთა მღელვარებამ მოიცვა. ახალ ხელისუფლებას ამ მღელვარებათა სისხლში ჩახშობა უხდება იმ კომიკური მოტივით, რომ თურმე «ბაკიევის მომხრეები სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ».
    არადა, თვით ეს «დროებითი მთავრობა» არც ვინმეს აურჩევია და თვითონაც სწორედ სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა ქვეყნის სათავეში.
    ქალაქ ოშსა და ჯალალაბადში სისხლი უკვე დაიღვარა და ბიშკეკის ახალმა ხელისუფლებამ სიტუაციის სტაბილიზირება რომც მოახერხოს, ამ სისხლის არავინ ადვილად არ დაივიწყებს და იოლად არავინ არავის აპატიებს.
   ბიშკეკის ხელისუფლების მეთაური, როზა უტუნბაევა უკვე ამბობს, რომ «არეულობაში რუსეთის ხელი ურევია». მაგრამ მას ავიწყდება თქვას, რომ იგივე «კრემლის ხელი» ერია პრეზიდენტ ბაკიევის ჩამოგდებაშიც.
     როგორც ჩანს, ყირგიზეთში არეულობა უსასრულო იქნება, - ეს ქვეყანა უკვე ვეღარასოდეს დაწყნარდება და ვეღარ დალაგდება. მის საერთაშორისო ავტორიტეტზე და სიღატაკიდან გამოსვლაზე – ეკონომიკის განვითარებასა თუ ინვესტიციების მოზიდვაზე - ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
        სწორედ ეს იყო მოსკოვის მიზანი: მას სურდა არა ხელისუფლების დამხობა, ან მისი პოლიტიკის შეცვლა, არამედ თვით ქვეყნის დამხობა. ყირგიზეთს საკვანძო ადგილი უკავია ცენტრალურ აზიაში.
        იგი ერთდროულად ესაზღვრება რეგიონის ყველა სახელმწიფოს და, სამომავლოდ, კრემლის ხელში ამ სახელმწიფოთა დესტაბილიზაციის მძლავრი ინსტრუმენტი იქნება. ისევე, როგორც თავის დროზე ტაჯიკეთი, რომელიც 1992 წლის სამოქალაქო ომისა და დაპირისპირების შემდეგ სამუდამოდ დარჩა ინვალიდ-სახელმწიფოდ.
      მოსკოვი ამ შემთხვევაში მოქმედებს ე.წ. «მიგრანიან-ზატულინის პროგრამით»: 1994 წელს, მოსკოვში მცხოვრებმა სომეხმა პოლიტიოლოგმა., ანდრანიკ მიგრანიანმა და რუსმა იმპერიალისტმა კონსტანტინე ზატულინმა «ნეზავისიმაია გაზეტაში» გამოაქვეყნეს სტატია, რომლითაც მოუწოდეს პრეზიდენტ ელცინს და, ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებას, იზრუნოს არა მეზობელი ქვეყნების «პრორუსულ ორიენტაციაზე», არამედ იქ არეულობის პროვოცირებასა და ამ სახელმწიფოთა დამხობაზე.
        დავაკვირდეთ; არა ხელისუფლებების დამხობაზე, არამედ თვით სახელმწიფოთა!
        მიგრანიანი და ზატულინი ასე მსჯელობდნენ: რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს ამ ქვეყნების სათავეში, ისინი დამოუკიდებლობაზე ფიქრს არ შეწყვეტენ და რუსეთში გაერთიანებაზე ან ახალი კავშირის შექმნაზე არ დათანხმდებიან. მაშასადამე, საჭიროა არა ხელისუფლებათა ცვლა, არამედ ამ ქვეყნებში სამოქალაქო ომების პროვოცირება, შუღლის გაღვივება, «არასტაბილურობის სარტყელის» შექმნა რუსეთის გარშმო, რათა მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქაოსში ჩაფლულ რეგიონს მხოლოდ რუსეთმა შეიძელბა მოუაროს – მხოლოდ რუსეთს აქვს საშუალება, ძალა და უნარი, ამ ქვეყნებში წესრიგი დაამყაროს. როდესაც მთელი მსოფლიო ამას აღაირებს – მოსკოვის გარშემო ახალი იმპერიის აღდეგნასაც უმტკივნეულოდ შეხვდება.
        პუტინის რუსეთი ამ დოქტრინის განხორციელებას ყველა ქვეყანაში ცდილობს. უბრალოდ, ზოგან გამოსდის, სხვაგან – არა.
        ყირგიზეთში ნამდვილად გამოუვიდა

2010