რატომ არის შეუძლებელი რუსეთში «ვარდების რევოლუცია?»

რატომ არის შეუძლებელი რუსეთში «ვარდების რევოლუცია?»

    არჩევნები რუსეთში დამთავრდა. პრეზიდენტი კვლავ პუტინია. უკვე მეოთხედ. მეოთხედ, რადგან 2008 წელს იგი არსადაც არ წასულა, ხოლო დიმიტრი მედვედევი მხოლოდ დროებითი ადგილმონაცვლე იყო. რუსულად ამას «местоблюститель» ეწოდება. ანუ, მთელი 4 წლის განმავლობაში მედვედევი მოქმედებდა მხოლოდ იმ ჩარჩოებში, რომელიც მას ტახტის ნამდვილმა და უფლებამოსილმა მპყრობელმა დაუწესა.
    მიუხედავად ამისა, რევოლუცია რუსეთში იგვიანებს. თაანმედროვე რუსული ოპოზიცია, თუ პირდაპირ ვიტყვით, ძალზე უბადრუკ შთაბეჭდილებას ტოვებს. არადა, პუტინს და მის გარემოცვას «ვარდების» ან «ნარინჯისფერი» რევოლუციის განმეორებისა ნამდვილად ეშინოდათ: 2003 წლიდან მთელი ინსტიტუტები მუშაობდნენ (გლებ პავლოვსკიდან – სერგეი კურგინიანამდე) ამ «საფრთხის» წინააღმდეგ; სპეცსამსახურებში იქმნებოდა სპეციალიზებული დანაყოფები (ე.წ. «საინფორმაციო ჯარების» ჩათვლით), ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია პირადად კურირებდა ახალგაზრდული მოძრაობა «ნაშის» მიერ პოტენციურად რევოლუციური ჯგუფების პროფილაქტიკურ დარბევებს. აი, ედუარდ შევარდნაძის დროს რომ მამალაძის ხალხს «კმარას» ოფისები დაერბია – ხომ წარმოგიდგენაით? წარმოდგენით კი წარმოიდგენთ, თუმცა რეაქციაც იოლი წარმოსაგენია, ანუ შევარდნაძის მმართველობისას ამას ვერავინ გავბედავდა. პუტინის მმართველობისას კი ბედავდნენ. რატომ? აი, ეს გახლავთ პირველი «კონტრაპუნქტული» კითხვა, რომელსაც სათაურში გამოტანილ მთავარ საკითხზე პასუხთან მივყავართ. თუმცა ამაზე ქვემოთ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    იმთავითვე უნდა ითქვას, რომ რუსეთს, რასაკვირველია, რევოლუციების უდიდესი გამოცდილება აქვს. ბევრად უფრო დიდი, ვიდრე საქართველოს. ჩვენი ქვეყნის ისტორიას თუ გადავხედავთ, სოციალური მოტივით დაპირისპირება ძალიან იშვაითია. სიმღერაში თუ გამოიხატება («დავეცეთ მუხრანბატონსა, – თავს დავანგრიოთ ბანიაო») ამ საფუძველზე ორგანიზებული აჯანყება კი საერთოდ არ მოიძევება. სხვათა შორის, ეს საამაყო სულაც არ არის. სოციალური ანტაგონიზმი პროგრესის «აღმძრავი მექანიზმია». სწორედ მან შექმნა თანამედროვე ევროპა.
    რუსეთის ბოლო 3 საუკუნის ისტორია კი აჯანყენებისა და რევოლუციების ისტორიაა. თუმცა ბევრ მათგანს «რევოლუცია» იმ აზრით არ ეთქმის, რომ უფრო ბუნტი იყო – უაზრო და ულმობელი. როგორც რუსი პოეტი წერდა: «Не приведи господь, увидеть русский бунт, - бессмысленный и беспощадный!»
    რევოლუციური გამოცდილება რუსეთში სისხლიანი გამოცდილებაა – რუსებს არა აქვთ ხელისუფლებათა ხავერდოვანი ცვლის ისტორიული წვრთნა, რაც აღმოსავლეთ ევროპელმა ხალხებმა მოიპოვეს გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს. სწორედ იქედან მოდის სახელიც და ტექნოლოგიაც: დავრდომილმა და ყოველმხრივ გაკოტრებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ჩეხეთ–სლოვაკეთში, უნგერთში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, მშვიდობიან სახალხო ტალღას ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ძალაუფლება ახალ ლიდერებს უსისხლოდ გადააბარა.
    თუ დავაკვირდებით, დაახლოებით იგივე მოხდა საქართველოში 2003 წელს: რეჟიმი, რომელიც იმ დროს მართავდა ქვეყანას, უკვე აღიქმებოდა, როგორც «წამსვლელი», ხოლო მისი 30 წლიანი მმართველობა, როგორც «უაზრო». მართლა უაზრო იყო თუ არა – სხვა საკითხია. მთავარია, რომ მასაში ასე აღიქმებოდა. საკვანძო ევფემიზი კი «მოყირჭება» გახდა! სწორედ ამ «მოყირჭებამ» (ვენაცვალე ქართულ ენას – რა ცნებას და სათქმელს არ გამოგახატვინებს ადამიანს – ავტ.) დაამხო კომუნისტური რეჟიმები აღმოსავლეთ ევროპაში, პოსტსაბჭოური რეჟიმები უკრაიანასა და საქართველოში 2003–2004 წლების რევოლუციების დროს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

    მაგრამ განა პუტინის რეჟიმი რუსეთში ნაკლებად მოყირჭებულია? რუს ინტელექტუალებს და ლიბერალებს რომ უსმინო, ვლადიმერ პუტინი ისე სძულთ, მშვიდობიან რევოლუციას კი არა რუსულ ბუნტსაც არ აკმარებდნენ რომ შეეძლოთ.
    რა ამბავია 12 წელი? წინა 12 წელთან ერთად ეს ხომ 24 წელია?!!! ამდენი ბრეჟნევსაც არ უმართავს და 1982 წელს საბჭოთა კავშირში იოტისოდენი სიტყვის თავისუფლება რომ ყოფილიყო, ალბათ ხავერდოვანი რევოლუცია მოხდებოდა! მოხდა კიდეც – 8 წლის შემდეგ ბრეჟნევის სიკვდილიდან, როდესაც კომუნისტურ ჭაობთან ასოცირებულმა გორბაჩოვმა სიტყვის თავისუფლება დაუშვა და ბორის ელცინმა (თითქოს თავადაც «ნაპოლიტბიუროლარი» არ ყოფილიყო) სწორედ «ხავერდოვანი რევოლუცია» მოუწყო.
    მაშ რატომ არ ხდება დღვანდელ რუსეთში? იმიტომ, რომ გარდა მოყირჭების და ხანგრძლივობისა, ხავერდოვანი რევოლუციის «ბუკეტი» კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან სურნელს მოითხოვს: ხანგრძლივი მმართველობის სრულ უაზრობას!
    აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური მმართველები იმის გამო დაემხნენ უსისხლოდ და უპრობლემოდ, რომ არავითარი «პროექტი», არავითარი მომავალი ხედვა ქვეყნის განვითარებისა არ ჰქონდათ. მათი სახით ხალხმა მშვიდობიანად დაამხო აბსოლუტურად გახრწნილი და უაზრო კომუნისტური იდეოლოგია, რომელიც სრულიად გაკოტრდა, წააგო კონკურენცია კაპიტალიზმთან და აღარავის იზიდავდა.
    თანაც, ჩეხებმა და უნგრელებმა, ისევე როგორც აღმოსავლეთ გერმანელებმა, თავიანთი მთავრობების მიერ (გორბაჩოვის მიბაძვით) დაშვებული სიტყვის თავისუფლებით ისარგებლეს. ამიტომ რევოლუციაც უსისხლო აღმოჩნდა. რუმინეთის დიქტატორი ჩაუშესკუ კი ბოლომდე სტალინური მეთოდების ერთგული დარჩა, არავითარ «პერესტროიკას» არ ახორციელებდა, ამდეანდ მისი დამხობა სისხლიანი აღმოჩნდა. ანუ, ისიც იმავე მიზეზით დაემხო (ხანგრძლივობისა და სრული უაზრობის გამო), მაგრამ საზარელი სისხლისღვრითა და ხოცვა –ჟლეტით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

    რუსეთში ასეთი რამ არ მოხდება: ვერც «ხავერდოვანი რევოლუცია» განხორციელდება და ვერც ძალით დაამხობს (მით უმეტეს) ვინმე პუტინს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მას ატომური ბომბი აქვს, რაც ჩაუშესკუს არ გააჩნდა. სინამდვილეში, პუტინს აქვს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტი: რუსული იმპერიულ–ნაციონალისტური პროექტი, იმპერიის აღდგენის გეგმა, რასაც მიზანმიმართულად ახორციელებს!
    როგორც ზემოთ მოგახსენეთ, იმისათვის, რათა ქვეყანაში «ხავერდოვანი რევოლუცია» განხორციელდეს, აუცილებელია ორი მთავარი პირობის არსებობა: მმართველობა უნდა იყოს მოყირჭებული, ხანგრძლივი და, იმავდოულად, უაზრო, უპერსეპქტივო. ასეთ შემთხვევაში რატომ უნდა ითმინოს ხალხმა მმართველი რეჟიმი?
    მაგრამ პუტინმა იეშმაკა და რუსების ნაციონალ–იმპერიულ გრძნობებზე ოსტატურად ითამაშა. მისი მმართველობა სულაც არ აღიქმება «უაზროდ» რუსების მიერ, რადგან პირველივე საახალწლო გამოსვლაში (2000 წლის დამდეგს) იგი მათ შეპირდა, რომ დერჟავის დიდებას აღადგენდა და დაკარგულ მიწებს შემოიმტკიცებდა. («Собирание Земель»)
    ამ მიმართულებით საერთოდ ვერაფერი გააკეთაო – ნამდვილად ვერ ვიტყვით: ჩეჩნეთის შემომტკიცება (თუნდაც საზარელი სისხლისღვრისა და გროზნოს პირწმინდად განადგურების ფასად) პირველი ნაბიჯი იყო; რასაც მოჰყვა აფხაზეთისა და შიდა ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილის («სამხრეთ ოსეთის») დაპყრობა; მათი აღიარება (მიუხედავად ამერიკა–ევროპის წინააღმდეგობისა, ანუ დასაველთისგან რუსეთის «დამოუკიდებლობის» დემონსტრირება); «ევრაზიული კავშირის» შექმნა; მასში ბელორუსეთისა და ყაზახეთის «ძალადობრივ–ნებაყოფლობითი» ინტეგრაცია და ა.შ.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, პუტინის რეჟიმის მდგრადობა იმითაა განპირობებული, რომ იგი რუსულ მასას ნაციონალური დიდებით ტკბობას პირდება! მისი მმართველობაც აღარ ჩანს უაზრო და უპერსეპქტივო, რაკი დასავლეთის წაყრუებითა და უპასუხისმგებლობით, ზოგიერთ რამეს მიაღწია კიდეც!
    მხოლოდ რუსული საზოგადოების ინეტელექტუალური ნაწილის «ფრონდა» პუტინის დასამხობად საკმარისი არ არის. აუცილებელი პირობაა, რომ (ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველო–უკრაიანში) მმართველ რეჟიმს «უაზროდ და უპერსპექტივოდ» არა მხოლოდ ინტელიგენცია, არამედ მასა და ბიუროკრატიაც აღიქვამდენენ!
    ამის გარშე ხავერდოვანი რევოლუციები არ ხდება. პუტინს აქვს საშუალება რუს პოლიციელს უთხრას, რომ მისი მტრები, ანუ რუსი ოპოზიციონერები იმ დიადი იდეის და პრაქტიკის წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც «წმინდა რუსეთის იმპერიის» აღგენას ითვალისწინებს.
    რა შეეძლო ასეთი ეთქვათ თავისი პოლიციელებისა და მმართველი ელიტებისთვის 1989 წელს ჩეხეთის თუ «გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის», გნებავთ 2003 წელს საქართველოს, 2004 წელს კი უკრაინის მმართველებს? მათი ხანგრძლივი რეჟიმები ხომ აბოლუტურად უაზროდ(!) და უპერსპექტივოდ აღიქმებოდნენ, ანუ ვერ პასუხობდნენ მასის წიაღიდან წამოსულ იმპულსებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

    პუტინის რეჟიმი კი ამ იმპულსებს პასუხობს! მისი უშრეტი რესურსი რუსული ნაციონალიზმია!!! სწორედ ის ნაციონალიზმი, რომელიც იმმანენტურად, თუმცა მწარედ განიცდის იმპერიის დაშლას, ხოლო ჩეჩნეთის გასრესას, საქართველოს ოკუპაციას და «ევრაზიული კავშირის» შექმნას შელახული ველიკოდერჟავული ღირსების აღდგენად აღიქვამს!
    სანამ პუტინი ამ მიმართულებით ასე თუ ისე წარმატებულ და აგრესიულ ნაბიჯებს დგამს, მისი მმართველობა მასაში და ბიუროკრატიაში «უაზრობად» არ აღიქმება!
    აქედან გამომდინარეობს ჩვენი უმთავრესი დასკვნაც: საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად და რუსეთში «ვარდების რევოლუციის» მსგავსი ისტორიული ტეხილის არდასაშვებად, პუტინი არასდროს მოიშლის იმპერიულ ამბიციას, არასდროს მოიშლის მცდელობას, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ყოფილი «თეთრი» ანუ რუსული იმპერიის ადგილზე ახალი იმპერია დააფუძნოს. თუნდაც სხვა სახელით და სხვა ფორმით.
    სანამ იგი ამ გზით ივლის, რუსული საზოგადოების და რუსული მასის, აგრეთვე რუსული მმართველობითი აპარატის, იგივე ბიუროკრატიის (ანუ «ელიტების» – მათ შორის გენერალიტეტის) გადამწყვეტი უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. როგორც კი პუტინი ამ გზაზე რაიმე სერიოზულ წარუმატებლობას იწვნევს, მაგალითად საქართველოს მიიღებენ ნატოში ან კასპიის ფსკერზე გაზსადენი გავა (რაც ცენტრალურ აზიას სამუდამოდ დააშორებს რუსეთს) ან უკრაინას ვერ შეათრევენ «ევრაზიულ კავშირში» – მისი რეჟიმი უმალვე იქცევა არა მხოლოდ მოყირჭებულად, არამედ სრულიად უაზროდ და უპერსეპქტივოდ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება «ხავერდოვანი ანტიპუტინისტური რევოლუცია» რუსეთში, რაკი დამარცხდება მისი იმპერიულ–ნაციონალისტური პროექტი და ლიდერის მხარდაჭერაც ფუჭად იქცევა.
    ოღონდ ამ პროექტის დასამარცხებლად მხოლოდ ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ხალხების ძალისხმევა საკმარისი არ არის: თუ დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, ყური არ შეიბერტყა და პუტინის მიმართ გასული საუკუნის 30–იანი წლების «დაშოშმინების» პოლიტიკის დარი სტრატეგია არ შეცვალა, 12 წელი მაქსიმალური ზღვარი ნამდვილად არ არის!
    პუტინმა ძალიან კარგად იცის რა უნდა, მისი ზრახვები დანაშაულებრივია, მაგრამ მკაფიო და გასაგები! აი, თანამედროვე დასავლელ ლიდერებს რა უნდათ პუტინისგან ან მისი რუსეთისგან (გარდა «აუტკივარი თავის არატკივების» მხდალი და ქვეშაფსიური მისწრაფებისა), ნამდვილად გაუგებარია!
    სასაცილოა, მაგრამ «უაზრონი» თავად ხდებიან. და იქნებ ესეც არის ერთ–ერთი მიზეზი იმ კრიზისისა, რასაც თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია განიცდის და რომელიც უკვე ძალიან შორს სცილდება მხოლოდ ფინანსურ ასპექტს.
    ევროპაში ხომ ერთხელ უკვე იყო პერიოდი, როდესაც კრიზისით მოცულ ცივილიზაციას, ადოლფ ჰიტლერის სახით, მოევლინა პოლიტიკოსი, რომელმაც (დღევანდელი პუტინის დარად), სხვებისგან განსხვავებით, ძალიან კარგად უწყოდა, რა სურდა და რისკენ ისწრაფოდა! რით დამთავრდა ეს ყოველივე – საყოველთაოდ ცნობილია.
    თუმცა, ისტორიის მთავარი გაკვეთილი მაინც ისა, რომ ამ გაკვეთილებით არავინ არასდროს არაფერს სწავლობს.

2012