როგორ აფრენენ აფხაზეთში

როგორ აფრენენ აფხაზეთში

        რუსეთის სატრანსპორტო ადმინისტრაციამ სოხუმის (ბაბუშერას) აეროპორტს ფედერაციის შიდა საავიაციო კოდი მიანიჭა. თავისთავად ეს სიმბოლური გადაწყვეტილებაა. ისევე, როგორც «დამოუკიდებელი აფხაზეთის პრეზიდენტის», სერგეი ბაღაფშის» ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში სწორედ იმ დღეს, როდესაც შესრულდა 200 წელი რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის დაპყრობიდან.
        დღეს სეპარატისტები მორცხვად აცხადებენ, რომ თურმე «აფხაზეთი ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის შემადგენლობაში». ცოტა არ იყოს უცნაურია: ქართველებთან საუბარში (ჯერ კიდევ «ეროვნული მოძრაობის» პერიოდიდან) სეპარატისტთა აქტივისტები აქეთ გვარხცვენდნენ: «თქვენმა მეფეებმა რუსეთს კავკასიის, მათ შორის აფხაზეთის დაპყრობაში დახმარება გაუწიესო». ახლა კი აღმოჩნდა, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში თურმე «ნებაყოფლობით შევიდა», ხოლო დამოუკიდებელი აფხაზეთის პრეზიდენტი პრობლემას (ან რაიმე წინააღმდეგობას) ვერ ხედავს, თუკი სწორედ იმპერიის შემადგენლობაში «ნებაყოფლობით შესვლის» დღეს ეწვევა მოსკოვს ოფიციალური ვიზიტით და აფხაზეთის «დამოუკიდებლობის» განსამტკიცებლად ხელს მოაწერს დოკუმენტებს რუსული ჯარის 50 წლით დისლოცირების თუ «დამოუკიდებელი აფხაზეთის» საზღვართა რუსეთის მიერ კონტროლის თაობაზე.
        სოხუმის აეროპორტისათვის რუსეთის შიდასაავიაციო კოდის მინიჭებაც, რა თქმა უნდა, «აფხაზეთის დამოუკიდებლობის» მანიშნებელია. ასეთივე კოდები აქვთ როსტოვს, ნოვგოროდს, კრასნოიარსკს და სხვა პროვინციულ ქალაქებს. ესე იგი, დამოუკიდებელი აფხაზეთის დედაქალაქი რუსეთის ერთი ჩვეულებრივი პროვინციული დაბაა და მეტი არაფერი.
        რატომ დღემდე არ მიანიჭა რუსეთმა ეს სტატუსი სოხუმს და არ აღადგინა ფრენები? იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედი წესების იმდენად აშკარა, თავხედური, ცინიკური დარღვევაა, რომ ამასაც მომენტის შერჩევა უნდოდა. ისევე, როგორც საქართველოზე თავდასხმას 2008 წლის აგვისტოში.
        მაგალითად, 2004 წელს რუსეთმა აფხაზეთთან პირდაპირი სარკინიზგო მიმოსვლა ისე აღადგინა, რომ სოხუმის სარკინიგზო სადგურისთვის არანაირი «შიდა კოდი» არ მიუნიჭებია. ყველაფერი გაფორმდა, თითქოს კერძო კომპანიებმა მოილაპარაკეს და აღადგინეს მარშრუტი «სოხუმი – მოსკოვი».
        მართალია რუსეთის რკინიგზის მინისტრი ამ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, მაგრამ . . . . შემთხვევით მოხვდა იქ. უბრალოდ, დასავენებლად ჩავიდა აფხაზეთში «ხავერდოვან სეზონზე» (სექტემბრის დასაწყისში) და «მეგობრებს» შეხვდა. მისი მეგობრები კი იყვნენ ჰაჯიმბა, ბაღაფში, შამბა და ასე შემდეგ.
        იგივე ხრიკს აეროპორტთან დაკავშირებით რუსეთი ვერ გაიმეორებდა. საქმე ისაა, რომ, გასაგები მიზეზების გამო, საჰაერო ტრანსპორტის სფეროში ბევრად უფრო მკაცრი წესები მოქმედებს, ვიდრე რკინიგზაში. იმისთვის, რათა აეროპორტში ფრენები წარმოებდეს, მას უნდა მიენიჭოს გარკვეული კოდი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციის (იკაოს) მიერ.
        ბუნებრივია, ამგვარ კოდს «იკაო» სოხუმს (საქართველოს თანხმობის გარეშე) არ მიანიჭებდა. მეორე მხრივ, ქვეყანას აქვს უფლება, საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ აეროპორტს თავისი შიდა-საფრენი კოდი მიაკუთვნოს და «იკაო» ამ პროცესში არ ერევა, რადგან ამ აეროპორტში საერთაშორისო ფრენები არ ხორციელდება.
        მაგალითად, როსტოვსა და ტაგანროგს შორის ფრენების განსახორციელებლად ამ აეროპორტებს საერთაშორისო კოდი არ სჭირდებათ. სოხუმის აეროპორტისთვის ამგვარი «შიდა კოდის» მიკუთვნებით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთს თავის გუბერნიად მიიჩნევს და, რაც მთავარია, «ამაყ აფსუებს», რომლებიც დღენიადაგ გაიძახიან: «დამოუკდიებელი სახელმწიფო ვართო», საწინააღმდეგო არაფერი აქვთ!
        ესე იგი დამოუკიდებელნი კი არიან, მაგრამ გარდა რამდენიმე სფეროსი: საზღვრის დაცვის, ფულად-საფინანსო სისტემის (რუბლი), ტრანსპორტის, ეკონომიკის, ჯარის, უშიშროების და მოქალაქეობის.
        აბა სხვა რა რჩება დამოუკიდებლობიდან? დროშა და ღერბი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალ რესპუბლიკებსაც კი აქვთ.
        როგორც ჩანს, სოხუმსა და მოსკოვს შორის უახლოეს მომავალში პირველი რეისიც განხორციელდება დიდი ზარ-ზეიმით. ამ პროცესების შესაჩერებლად საქართველოს მხოლოდ ერთი ბერკეტი აქვს: მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციებისადმი.
        მოსკოვის გადაწყვეტილება იმდენად სერიოზული გამოწვევაა და იმდენად არღევვს მსოფლიოში თამაშის წესებს (თანაც, ისეთ მგრძნობიარე სფეროში, როგორიც საჰაერო მიმოსვლაა), რომ საერთაშორისო ფრენები სოხუმიდან ნამდვილად არასდროს შესრულდება, ხოლო «დამოუკიდებელი აფხაზეთის» მოქალაქეებს მხოლოდ იმპერიის დედაქალაქში მოუწევთ ფრენა – ფერადი ბუშტებისა და ორკესტრის თანხლებით.

2010