საერთაშორისო მიმოხილვა. 31 მარტი. 2023 წელი
თემა: ნაფიც მსაჯულთა `დიდმა ჟიურიმ` დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრალდება დაამტკიცა!
. . . . . . . . . . . . . . .
ისტორიული მოვლენა ამერიკაში: ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა `დიდმა ჟიურიმ`(Grand jury) დაადასტურა ნიუ იორკის პროკურორის ბრალდება აშშ 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ, რომ მან დაარღვია ამერიკის საარჩევნო კანონმდებლობა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს და 130 000 დოლარი გადაუხადა პორნო-მსახიობ სთორმი დენიელსს, რათა მას არ მოეყოლა პრესისთვის ტრამპთან სექსის შესახებ შორეულ 2006 წელს. ანუ 10 წლით ადრე.
მაშინ დონალდ ტრამპი არანაირ `პრეზიდენტობაზე` სერიოზულად არ ფიქრობდა.
მისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ეს სპონტანური (თუმცაღა წარმატებული) ამბიცია მას გაუჩნდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. რაც შეეხება დონალდის მექალთანეობას, ეს საყოველთაოდ იყო ცნობილი, - მისმა ოთხოვე ცოლმა იცოდა და განსაკუთრებულ ტრაგედაის ამისგან არ ქმნიდნენ.
სისხლის სამართლის დანაშაული ტრამპის ქმედებაში ნიუ იორკის აფროამერიკელმა (! - კვლავ მივაქცევ თქვენ ყურადღებას, რომ ეს მნიშვნელოვანი დეტალია ამერიკაში) ელვინ გრეგმა იმიტომ კი არ დაინახა, რომ მან ფული გადაუხადა `მდუმარებისთვის` პორნოვარსკვლავს (რაც არანაირი დანაშაული არ არის) არამედ იმიტომ, რომ მან ჯერ მის ადვოკატს სთხოვა სთორმისთვის ფული გადაეცა, იმან საკუთარი სახსრებიდან გაიღო თანხა მაგრამ შემდეგ (აი ესაა საკვანძო საკითხი) ხსენებული თანხა აინაზღაურა, ტრამპის თანხმობით, დონალდ ტრამპის საარჩევნო ფონდიდან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის პირდაპირი დარღვევაა.
`გრანდ ჟიურის` მიერ ბრალდების დამტკიცება იმას ნიშნავს, რომ ახლა თითქოს უნდა ამოქმედდეს ამერიკაში მიღებული ნაწილობრივ დაწერილი, ნაწილობრივ დაუწერელი პრაქტიკა, რომ ჩვეულებრივი პოლიციელები და სასამართლოს `მარშლები` უნდა მივიდნენ ტრამპის საცხოვრებელ სახლში, სადაც არ უნდა იყოს იგი - ფლორიდის სასახლეში თუ ნიუ იორკის ტრამპ ტაუერში`, - დაადონ ხელბორკილები, გამოყვანონ სახლიდან და გაატარონ ათეულობით ტელეკამერის ანუ მთელი მსოფლიოს თვალწინ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, შემდეგ თავი დაახრევინონ და ჩასვან მანქანაში.
ასე ხდება მუდამ ამერიკაში და ამერიკული პრაქტიკის შესაბამისად, ეს ითვლება `სოციალური გაკიცხვის` ფორმად.
მერე ტრამპს მიიყვანენ იმავე `დიდი ჟიურის` წინაშე ნიუ იორკის სასამართლოში, მაღალი ალბათობით მოსამართლე მას გაათავისუფლებს მრავალმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ, მოხსნიან ხელბორკილებს და გაუშვებენ სახლში სასამართლოს პირველ სხდომამდე.
მაგრამ.....ყველას ესმის, რომ ვითარება ახლა ასეთი სულაც არ იქნება On the ground:
დონალდ ტრამპს, - ვისაც ამერიკაში ათეულობით მილიონი მომხრე და მილიონობით ფანატი ჰყავს, - მხრებაწურულს და თავჩაქინდრულს ვერ გამოიყვანენ: მას ტელეკამერების გარდა უამრავი თაყვანისმცემელი დახვდება იქვე და გაამხნევებს.
ისიც, ხელბოკრილებიან ხელებს ზე-ასწევს დაუმორჩილებლობის ნიშნად და მთელი ეს სცენა ფანატებს კიდევ უფრო გააგიჟებს, - შექმნის ამერიკაში სერიოზული სოციალური, საზოგადოებრივი `კლინჩის` საფუძველს.
ამ გარემოებას ითვალისწინებს ბრძენი ამერიკული Deep state (ძალისმიერი decision maker ამერიკული ბიუროკრატია) ამიტომ, რაკი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა ამერიკის ისტორიაში, შესაძლოა ამერიკულმა Deep state-მა ზემოთაღწერილი `სპექტაკლიც` დაარღვიოს და ტრამპისგან `მოწამე` არ შექმნას: არსად წერია, რომ მაინცდამაინც ხელბორკილები უნდა დაადონ ეჭვმიტანილს და არსად წერია, რომ ის მაინცდამაინც ტელეკამერების წინ უნდა გაატარონ: წერია, რომ მას უნდა წაუკითხონ უფლებები და წარმოადგინონ სასამართლოში, სადაც, თუ დაიბარებენ, ტრამპი თვითონ მივა პოლიციელებისა და მარშლების გარეშე - ეს მისთვის პრობლემა არ არის.
გარდა ამისა, მივაქციოთ ყურადღება, რომ ამერიკის კანონმდებლობა არ უკრძალავს ეჭვმიტანილს თუ განსასჯელს არჩევნებში მონაწილეობას. დონალდ ტრამპი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ მიიღებს მონაწილეობას პრაიმერიზში ან საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ მანამდე (ანუ 2024 წლის ნოემბრამდე) მიუსჯიან ციხეს.
ამის ალბათობა თითქმის ნულის ტოლია - ტრამპის მრავალმილიონიანი, გენიალური ადვოკატები ყველაფერს იღონებენ, რათა პროცესი მაქსიმალურად გაწელონ.
ხოლო თუ კვლავ პრეზიდენტი გახდა, ტრამპს ისევ დაიცავს იმუნიტეტი არა მხოლოდ ამ საქმეში, არამედ ორ სხვა მოსალოდნელ სისხლის სამართლის საქმეში, რომელთაგან ერთი ეხება 2021 წლის 6 იანვრის `აჯანყებას` და ტრამპის მომხრეთა კაპიტოლიუმში შეჭრას, ხოლო მეორე - საიდუმლო გრიფის დოკუმენტაციის წაღებას საკუთარ სახლში.
თვით დონალდ ტრამპმა ბრალდების დამტკიცებას (ბრალდების ოფიციალურად საბოლოოდ წარდგენა მოხდება სასამართლოში, მისი თანდასწრებით უახლოეს დღეებში) არა მხოლოდ პოლიტიკური დევნა უწოდა, არამედ (დავაკვირდეთ): `საარჩევნო პროცესში ჩარევა`!
ზოგადად, `ტრამპის საქმე` და თვით ეს ფიგურაც `შემარყეველი` აღმოჩნდა ამერიკული დემოკრატიისათვის: ამერიკა ხომ მთელს მსოფლიოში აკრიტიკებს დიქტატორულ რეჟიმებს, ასევე განვითარებად დემოკრატიებს და ზოგ განვითარებულ დემოკრატიასაც კი, როცა საარჩევნო პროცესში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება ამა თუ იმ პოლიტიკოსის წინააღმდეგ და......ახლა თვითონ..........თანაც `სოციალური ხლეჩა` სრულიად აშკარაა და მხოლოდ გაღრმავდება.
უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა ამერიკის GOP ანუ`დიადი ძველი პარტია`: რესპუბლიკელებს ერთის მხრივ ეუხერხულებათ დონალდ ტრამპის ნომინირება პრეზიდენტობის კანდიდატად 2024 წლის არჩევნებისთვის, თუმცა მეორეს მხრივ ეშინიათ, რომ თუ არ დაანომინირებენ, ეს დაანგრევს ამ პარტიის მხარდამჭერ სოციალურ ბაზას.
ისე.....ჯერ კიდევ 2016 წელს და მომდევნო წლებშიც ბევრს წერდნენ იმაზე, რომ პუტინი ყველანაირად უწყობდა ხელს დონალდ ტრამპის გაძლიერებას და ცდილობდა `ჩაეძირა` მისი იმდროინდელი კონკურენტი ჰილარი კლინტონი, რადგან კლინტონი ამერიკული ისტებლიშმენტის ჩვეულებრივი წარმომადგენელი იყო, აი ტრამპი კი...ბობოქარი, ქარცეცხლიანი, რევოლუციონერი, ანტიისტებლიშმენტის განსახიერება, - ჩარჩოების დამრღვევი და ა.შ.
ანუ, ბევრი ობიექტური ანალიტიკოსი წერდა, რომ პუტინის სპეცსამსახურებს ტრამპის ფენომენით ამერიკაში სისტემური დესტაბილიზაციის, ინსტიტუტთა დასუსტების პროვოცირება სურდა და ამას, სამწუხაროდ აღწევს კიდეც- დონალდის ფსიქოტიპაჟის გამოყენებით.
რაც სრულებითაც არ ნიშანვს, თითქოს დონალდ ტრამპი `პუტინის აგენტია`. ეს უდიდესი გაპრიმიტივება და უტრირება იქნებოდა: არანაირი `პუტინის აგენტი` ტრამპი არ არის რასაკვირველია, თუმცა......იმასაც წერდნენ, რომ როდესაც დონალდი მოსკოვში ჩავიდა ობამას პრეზიდენტობის დროს (სასტიკად სძულდა დონალდს ბარაქი) მან სპეციალურად დაიქირავა ის საპრეზიდენტო აპარტამენტი მოსკოვის President-hotel-ში, სადაც მანამდე პრეზიდენტი ბარაქ ობამა და მიშელ ობამა გაჩერდნენ. შემდეგ გამოიძახა მოსკოველი ექსკორტ-გოგონები და (ამ ვერსიის თანახმად) მისი სექსი იმ აპარტამენტში, იმავე ლოგინზე, პუტინის სპეცსამსახურებმა ჩაიწერესო. შესაბამისად, პუტინი ამ ვიდეოს იყენებსო შანტაჟისთვის.
ეს მხოლოდ მოარული ვერსიაა რასაკვირველია. თუმცა `ანტიტრამპულ` ამერიკულ წრეებში პოპულარული.
ასეა თუ ისე, ამერიკა სერიოზული პოლიტიკური `ტეხილის` მიჯნაზეა და ეს კატასტროფულად ცუდია მთელი მსოფლიოსთვის, უკრაინისთვის და საქართგველოსთვის: ვერანაირი ევროპა და ვერავინ საერთოდ პუტინის აგრესიას პოსტსაბჭოურ სივრცეზე ვერ შეაჩერებს!
ამის უნარი მხოლოდ ამერიკას აქვს!
და თუ ამერიკას არ `ეცლება` ან (ღმერთმა დაიფაროს) სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაეფლობა, პუტინს ხელ-ფეხი გაეხსნება.
მით უარეს, როცა ეს ხდება მაშინ, იმ მომენტუმში, როდესაც ამერიკის საბანკო სისტემამ სერიოზული დარტყმა გადაიტანა: ერთი `სისტემური ბანკი` (Silicon Valley Bank) გაკოტრდა, ხოლო `ფედრეზერვმა`, ასევე `უოლ სტრიტის` საბანკი ტიტანებმა დიდი ძალისხმევით შეაჩერეს ფინანსური ცუნამის ტალღა, რაც ამერიკას მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვით ემუქრებოდა.
ბუნებრივია, ამგვარი კრიზისი ტრამპის სოციალურ ბაზას კიდევ უფრო გაზრდიდა. აკი მოგახსენეთ, რომ მისი პოლიტიკური და სოციალური ფენომენი დიდწილად 2008 წლის კრიზისმა და დიდმა იმედგაცრუებამ შვა.
ასევე დავაკვირდეთ, რას აკეთებს ახლა პუტინი, რათა კიდევ უფრო მეტი ნავთი დაასხას ამერიკაში შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ცეცხლს: გუშინ რუსულმა სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს ამერიკული მედიის ერთ-ერთი ფლაგმანის Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი.
მას აბრალებენ, თითქოსდა შპიონაჟით იყო დაკავებული რუსეთში და არა ჟურნალისტური საქმიანობით.
არადა უბრალოდ ინტერვიუებს იწერდა პუტინის ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის კლასელებთან.
ამით პუტინი ტრამპს აძლევს `სათქმელს`, რომ...... ის თუ იქნებოდა ამერიკის პრეზიდენტი, რუსეთი ვერ გაბედავდა მეინსტრიმული ამერიკული გამოცემის ჟურნალისტის დაპატიმრებას.
ზოგადად ეს ტრამპის ნარატივია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარ არის: `აი მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, პუტინი უკრაინაში შეჭრას ვერ გაბედავდა.......` და ასე შემდეგ
ამერიკელი ჟურნალისტის დაპატიმრების მეორე მიზანია მისი გადაცვლა იმ რუს ბანდიტებზე, იარაღით და ნარკოტიკებით მოავჭრეებზე და პრიგოჟინის ინტერნეტ-ხაკერებზე, რომლებიც ბოლო 10 წლის მანძილზე ამერიკულმა CIA -მ დააპატიმრა მთელს მსოფლიოში.