საერთაშორისო მიმოხილვა. 24 აგვისტო. 2024 წელი
„რესპუბლიკელები“ (თანაც უმაღლეს დონეზე) კვლავინდებურად მოუწოდებენ პრეზიდენტ ბაიდენს ახლავე გადადგეს იმ არგუმენტით, რომ თუკი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ შეუძლია, პრეზიდენტობას როგორღა შეძლებს კიდევ 6 თვეო (2025 წლის იანვრამდე, როცა ინაუგურაციის ანუ ფიცის დადების ცერემონიალი უნდა გაიმართოს), თუმცა.....არც თვით „რესპუბლიკელებს“, არც ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს უკვე იოტისოდენა ეჭვი არ ეპარება, რომ მას შემდეგ რაც მოხდა, ანუ რაც ბაიდენი „ჩაეხსნა“ კამპანიას და მეორე განცხადებაში (!- ანუ ოდნავ დაგვიანებით) კამალა თავად დაასახელა მომავალ პრეზიდენტად...... ამერიკის შეერთებული შტატების დე-ფაქტო პრეზიდენტი და მმართველი დღესაც უკვე კამალა ჰარისია და არა ჯო ბაიდენი.
ჰარისს ისედაც უდიდესი როლი და ფუნქცია ჰქონდა დავრდომილი და დღე-ღამეში 16 საათი მძინარე ბაიდენის ადმინისტრაციაში.
ამ ადმინისტრაციას ხშირად (მეტისმეტად ხშირად) უწოდებდნენ „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციას“, თუმცა ახლა უკვე „თეთრი სახლი“, „ადმინისტრაცია“ და რაც მთავარია ამერიკის კოლოსალური ბიუროკრატიული აპარატი, ასევე Decision maker-თა (გადაწყვეტილების მიმღებთა) ლეგიონი ანუ იგივე Deep state უკვე ტოტალურად, თანაც დიდწილად დაუფარავადაც კი „გადაეწყობა“ კამალა ჰარისზე..... ხოლო იანვრამდე დარჩენილი 6 თვე, როცა საქმე ეხება ბირთვულ გლობალურ ექსკლუზიურ ზესახელმწიფოს, ნამდვილად არ არის „ცოტა“.
ამასაც აღნიშნავენ მეინსტრიმულ დასავლურ მედიაში და იმასაც ამჩნევენ, რომ დღეიდან შექმნილი ვითარება, როდესაც ქვეყანას ჰყავს „დე-ფაქტო“ მმართველი „დე-იურე“ პრეზიდენტის პირობებში, მაინც აბსოლუტურად უნიკალურია ამერიკის ისტორიაში:
ამ ქვეყნის სახელისუფლებო-ადმინისტრაციული სისტემა ისეთნაირადაა მოწყობილი, Vice მხოლოდ პრეზიდენტის ჩრდილი უნდა იყოს, მუდამ უტყვად თან დაჰყვებოდეს, თვალებში შესციცინებდეს, მაგრამ “გვერდზე გახედვასაც“ კი ვერ ბედავდეს.
ასე იყო ყველა პრეზიდენტის დროს.
ჯონსონიც ასე იყო კენედის დროს, სანამ კენედი არ მოკლეს და აი მაშინ კი.....Vice გამოდის „ჩრდილიდან“ მთელი საპრეზიდენტო ძლევამოსილებით.
ლინდონ ჯონსონს მოკლული პრეზიდენტის კუბოზე (პირდაპირი გაგებით) დაადებინეს საპრეზიდენტო ფიცი თვითმფრინავში, ჟაკლინ კენედის თანდასწრებით, როცა ტეხასიდან ვაშინგტონში მოფრინავდა.
„ერთი სიამოვნებაა“ ახლა იმის თვალყურის დევნება, როგორ იწყებენ „დემოკრატები“ და მათი გენიალური PR-მენეჯერები ქალბატონი კამალას პრომოუტირებას მზარდი ინტენსივობით ანუ (ბოდიში ჟარგონისთვის) მის „რასკრუტკას“ ამერიკის გრანდიოზულ ტელე სივრცესა და არანაკლებ გრანდიოზულ სოციალურ ქსელებში, სადაც X ბევრად პოპულარულია, ვიდრე Facebook...... საქართველოსგან განსხვავებით.
აი მაგალითად: NYT ფურცლებზე „აფიარებენ“ იგივე „ელექტორალური ინჟინრები“, რომ კამალა შესანიშნავი მზარეულია და გემრიელ კერძებს ამზადებს. აჩვენებენ სამზარეულოს ინტერიერში.....
ასევე აჩვენებენ მის ცეკვას, კალათბურთის თამაშს.....
ეს „მიზნობრივი“ ელექტორატისთვის კეთდება გენდერული მომენტების გათვალისწინებით.
ჰარისის (ანუ დემოკრატთა) ფონდრაიზინგის პროცესიც ფანტასტიკურად ვითარდება: $80 მლნ.მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც ჯო „ჩაიხსნა“ რბოლიდან.
ჰოდა ეყოლებათ გენიალური, საუკეთესო PR-ინჟინრები აბა რა?
იმავდროულად, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ვენსს „გამოუჩხრიკეს“ იგივე სპეციალისტებმა 2021 წლის განცხადება „კამალა უშვილოაო“.
იგულისხმება, რომ კამალას და მის მეუღლეს მართლაც არ ჰყავთ ბიოლოგიური შვილები.
ერთის მხრივ ეს ნამდვილად საზიზღარი განცხადებაა, თუმცა მეორეს მხრივ, ამერიკის ტრადიციით, ზოგადად, საარჩევნო ომი (!) ისეთი ბინძურია ხოლმე (და სხვაგვარი ვერ იქნება დემოკრატიაში), რომ „პოლიტკორექტულობის“ მოთხოვნები ამ დროს უკანა პლანზე იწევს.
თუმცა მივაქციოთ ყურადღება, რომ ვენსმა ეს განცხადება 2021 წელს გააკეთა, როცა კამალას პრეზიდენტობაზე ჯერ მართლა არავინ ლაპარაკობდა.
ანუ ტრამპის მოწინააღმდეგეებმა უფრო „გამოჩხრიკეს“ ახლა და თითქმის გამორიცხულია ეს გაეკეთებინათ ჰარისის გუნდის თანხმობის გარეშე.
„თითქმის“ გამორიცხულია.
რაც შეეხება „დემების“ მოახლოებულ კონვენტს (19 აგვისტოს, ჩიკაგოში), კამალას უკვე 2 579 დელეგატი უჭერს მხარს, მაშინ როდესაც სულ 1 976 მხარდაჭერა სჭირდებოდა ნომინირებისთვის.
ანუ ეს საკითხი საბოლოოდ, იურიდიულადაც გადაწყვეტილია.
თვით „კონვენტი“ კი მხოლოდ ლამაზი, ფერადოვანი „პრეზენტაბელური“ ღონისძიებაა.
უნდა ითქვას, რომ ჰარისი, რასაც მე ვუყურე და წავიკითხე, ძალიან ძლიერად გამოდის წინასაარჩევნო შეხვედრებზე და მიტინგებზე.
ანუ მისი „სფიჩები“ არის უაღრესად კარგად მოფიქრებული და მომზადებული.
თავადაც არ არის ცუდი ორატორი.
ამ მხრივ ვგონებ ტრამპსაც სჯაბნის.იმ აზრით, რომ „ორატორობა“ მხოლოდ სფიჩის შინაარსს არ გულისხმობს. სხვა ბევრი კომპონენტიც აქვს ამ ხელოვნებას.
მათ შორის, კამალა აქცენტს აკეთებს „პროკურორულ“ წარსულზე და ქარამგმულად მიანიშნებს, რომ სწორედ როგორც კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი, ზედგამოჭრილია (მისი თქმით) „კრიმინალი ტრამპისთვის“.
Secret service დირექტორი, კიმბერლი ჩიტლ გადაგა კონგრესში Hearing-ის შემდეგ.
თუმცაღა სულ ბოლო მომენტამდე გადადგომას არ აპირებდა: „ვერ ვხედავ ჩემს პირად პასუხისმგებლობას ტრამპზე თავდასხმის გამო, თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ეს თავდასხმა ყველაზე დიდი „ჩავარდნა“ ჩვენი სამსახურის ისტორიაშიო“.
აბა ვისი პასუხისმგებლობაა ასეთ შემთხვევაში?!
ამ ქალბატონის აპოკალიფსურმა თავხედობამ ბევრი გააბრაზა კომისიაზე. მათ შორის არა მხოლოდ „რესპები“ არამედ „დემებიც“.
ლანძღეს სასტიკად, „ნეხ.....ც“ კი ეძახა ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესვუმენმა და ბოლოს ეს ქალიც გადადგა.
2021 წელს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ძლივს დაიყოლია იგი მიეტოვებინა „პეპსიკოლას“ უსაფრთხოების მენეჯერის პოსტი და სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარიყო.
ამიტომაც არ უნდოდა წასვლა ახლა.
რაც შეეხება Secret service პასუხისმგებლობას, თუ ბოლომდე ობიექტურნი ვიქნებით, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სწორად დააყენეს სნაიპერი ტრამპის ზურგს უკან, სახურავზე და ზუსტად მან მოახერხა ტერორისტის ლიკვიდაცია.
ეს რომ არა, ის სოციოპათი კიდევ ბევრს მოკლავდა სახურავიდან.
მაგრამ....მთავარი ჩავარდნა ისაა, რომ არ გააკონტროლეს პერიმეტრი როგორც საჭიროა და წინასწარ (!!!) არ დააყენეს აგენტები (ან ადგილობრივ პოლიციას არ დაავალეს) ყველა იმ წერტილზე, საიდანაც სროლა თუნდაც თეორიულად შესაძლებელი იყო.
კრუკსი, ბოლოს და ბოლოს, 130 მეტრის სიშორიდან ისროდა და არა კილომეტრიდან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ესპანეთში 18 წლით ციხე მიუსაჯეს 76 წლის პენსიონერს, ვინმე პომპეო გონსალეს პასკუალს, რომელიც ესპანეთის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს წერილებს უგზავნიდა ასაფეთქებელი ნივთიერებით - უკრაინისთვის ესპანური შეიარაღების გადაცემის გამო.
სოციოპათიას სხვადასხვა ფორმა აქვს. ზოგი პრეზიდენტს ესვრის, ზოგი პრეზიდენტობის კანდიდატს, ზოგი წერილებს აგზავნის.... თუმცა აქ ნიშანდობლივი ისაა, რომ სოციოპათიური ქმედება ყოველთვის (გამონაკლისის გარეშე) სარგებლობს სოციალურ განწყობათა „ბულიონით“, რომლის „ინგრედიენტი“ შეიძლება იყოს საზოგადოების ნაწილის სიძულვილი კენედის მიმართ, ტრამპის მიმართ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო და ა.შ და ა.შ.
გამოსავალი? ერთადერთი - ძლიერი სპეცსამსახურები, პროფესიონალური, კვალიფიციური პოლიცია, ტექნოლოგიები და უსაფრთხოება. სხვა დაცვა და პრევენცია არ არსებობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩრდილო კორეა აგრძელებს პროვოკაციებს: კვლავინდებურად უშვებს საჰაერო ბუშტებს სამხრეთ კორეის მიმართულებით. ერთი ასეთი (ნაგვით სავსე) ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩამოვარდა.
ეს არ არის წვრილმანი: დემოკრატიულ ქვეყანაში, მისი სიტყვის თავისუფლებით, ამგვარი „ჰიბრიდული ომის ხრიკები“ მუდამ ქმედითია.
ჩინეთმაც დაამცირა ამით ამერიკა რამდენიმე წლის წინ.
ხოლო „ტექნოლოგია“ ისაა, რომ.........
ჩამოაგდებ? - სასაცილო ხარ: „საჰაერო ბუშტი ძლივს ჩამოაგდეს და ამაყობენ ამით „ამოდენა არმიაო“.
არ ჩამოაგდებ? - მაინც სასაცილო ხარ: „საჰაერო ბუშტსაც კი ვერაფერი გაუბედესო“.
ანუ ჩრდილო კორეაც, ჩინეთიც და რუსეთიც ბოროტად სარგებლობენ ავტოკრატიის და „დახურული სისტემის“ ამ უპირატესობით - ღია, დემოკრატიული სისტემის მიმართ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
პარიზში დაიჭირეს რუსი, რომელიც ოლიმპიადის დროს „პროვოკაციებს“ გეგმავდა.
იგულისხმება PR-პროვოკაციები. და არა ტერორისტული აქტი ან ნებისმიერი სხვა ძალადობრივი ქმედება ოღონდ.......აქ საინტერესოა, რომ სწორედ ამ „არაძალადობრივი“ და „არატერორისტული“ თუნდაც მხოლოდ PR აქციების მომზადებისთვის, ამ რუსს.....საფრანგეთის პროკურატურის მოთხოვნით 30 წლით ციხე (!!!) ემუქრება და ემუქრება სამართლიანად!!!
იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიებაზე PR პროვოკაციების მოწყობა, რომელიც აზიანებს საზოგადოების ინტერესებს, „უშხამავს“ ადამიანებს ზეიმს, ვერანაირად ვერ „პრავდება“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით და/ანუ ფასდება როგორც „სადაზვერვო/დივერსიული საქმიანობის“ ფორმა.
ისიც საინტერესოა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ფრანგი სოციოპათი ვერ იპოვეს საფრანგეთში ამ ზეიმის ჩასაშხამებლად, - იმდენად სიხარულის გულისფანცქალით ელოდებიან ფრანგები ახლა ოლიმპიადას.
ანუ ფრანგი სოციოპათიც კი ვერ იპოვეს!
ამიტომ პროვოკატორი შეაგზავნეს რუსეთიდან, რომელიც სადღაც..... როგორმე..... რაღაც...... შხამიანწარწერიან პლაკატს გაშლიდა ან სხვა პროვოკაციულ წარწერებს გააკეთებდა.
ან შიშველი გამოვარდებოდა სადმე არენაზე და ა.შ.
30 წელი შეიძლება მიუსაჯონ და....სრულიად სამართლიანად!!!
აქ მთავარი „გამოხატვა“ კი არ არის ან შინაარსი, არამედ მოტივი და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთა დავალებით მოქმედება.