აფხაზური კვანძი კიდევ უფრო ინასკვება

 აფხაზური კვანძი კიდევ უფრო ინასკვება

  

    აგვისტო საქართველოში უკვე რამდენიმე წელია (და სამარადჟამოდაც) ასოცირდება აფხაზეთის ომთან.
    1992 წლის 14 აგვისტოს, კიტოვანის რაზმები შეიჭრნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რასაც უეჭველად მოჰყვებოდა და მოჰყვა კიდეც მარცხიანი ომი.
    ახლა სრულებით უსაგნოა კითხვა: შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვიქტორ სუვოროვი (რეზუნი) წერს: «ომს ზოგჯერ იწყებენ არა იმიტომ, რომ გამარჯვების რწმენა ან იმედი აქვთ, არამედ რადგან სხვა გზა არ გააჩნიათ». ძალიან ზუსტი და სამართლიანი დასკვნაა! ომი აფხაზეთში იყო აბსოლუტურად გარდაუვალი. მისი თავიდან აცილება საქართველოს შეეძლო ერთადერთი გზით, ერთადერთი საშუალებით: თუ უომრად შეურიგდებოდა, რომ აფხაზეთი არ არის საქართველო! ვერც ერთი ხელისუფლება ამას ვერ გაბედავდა, ანუ ვერ გაბედავდა, შერიგებოდა აფხაზეთის უომრად დაკარგვას.
    სწორედ ამავე ლოგიკით, საქართველომ ეს ომი დაიწყო არა გამარჯვების იმედით, არამედ მას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა. უამრავი ანალოგიური მაგალითის მოყვანა შეიძლება კაცობრიობის ისტორიიდან, თუმცა ამჟამად ეს არ არის მთავარი.
    მთავარია რეალურად არსებული ვითარება და ამ ვითარების შესაძლო შედეგთა პროგნოზირება. მდგომარეობა კვლავინდებურად დაძაბული, უაღრესად მძიმე და წამგებიანია საქართველოსთვის. საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და უნარიანი «ძალისმიერი ხელმძღვანელია» საქართველოს მთავრობაში. მან ბევრი რამის გაკეთება შეძლო კიდეც, ოღონდ ქვეყნისა და ერის (დიახ, ერის!) რეალურ თვისებათა, შესაძლებლობათა გათვალისწინებით. არარეალურის გაკეთებას ვერც იგი მოახერხებს. მისი მეორე შეხვედრა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ისეთივე უშედეგო აღმოჩნდა, როგორც პირველი. ძნელი მისახვედრი არ არის, რას სთავაზობს ჩხეიძე არძინბას: აფხაზეთის აკვატორიის ერთობლივ დაცვას «ქართული» და «აფხაზური» ძალებით ანუ, ფაქტობრივად, იმის გარანტიას, რომ აფხაზეთის საზღვაო აკვატორიის გაკონტროლება არ ნიშნავს საზღვაო ბლოკადას. მაგრამ სეპარატისტთათვის ეს წინადადებაც მიუღებელია. ისინი გვთანხმდებიან მხოლოდ «სასაზღვრო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივი წვრთნის ჩატარებას», მაგრამ კვლავინდებურად ურყევია მთავარი პოზიცია: თუ რუსი მესაზღვრეები გავლენ აფხაზეთის აკვატორიიდან, მათ ადგილს აფხაზური «სასაზღვრო გემები» დაიკავებენ.
    ასეთი ხისტი პოზიცია მოსალოდნელიც იყო. ქართველი პოლიტიკოსები, ზოგადად, ძალიან უცნაურ და გაუმართლებელ ოპტიმიზმს ამჟღავნებდნენ ანალოგიური საკითხების განხილვისას; არადა, მეორე მხარე საკითხს ეკიდება გაცილებით უფრო პრაგმატულად: რას მაძლევს ეს? არაფერს!
    მართლაც, რას მისცემს არძინბას, დათანხმდეს საზღვაო აკვატორიის ერთობლივ დაცვას? ნეგატიურის გარდა - არაფერს! (მისი ინტერესებიდან გამომდინარე) ამიტომ რატომ უნდა დათანხმდნენ?
    სხვა საქმე იქნებოდა, საქართველოს რომ ჰქონდეს საშუალება და უნარი შესწევდეს, სეპარატისტთა უარის შემთხვევაში სამხედრო ხომალდები წაიყვანოს აფხაზეთის აკვატორიაში, გააჩეროს და ჩაძიროს «აფხაზური კატარღები» «ავიაციის «წერტილოვანი» დარტყმებით მოსპოს სეპარატისტთა სამხედრო ბაზები თვით აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაკეტები დაუშინოს სოხუმს, გუდაუთას, სხვა სამრეწველო ცენტრებს, ერთი დარტყმით მწყობრიდან გამოიყვანოს კომუნიკაციები, შეუწყვიტოს სეპარატისტულ რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება, ბოლოს, გადმოსხას დესანტი (ზღვიდან და ჰაერიდან) აფხაზეთის ტერიტორიაზე, ორ-სამ კვირაში გაანადგუროს და ერთიანად ამოწყვიტოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებანი.... . . . . . . . . დიახ, ამ შემთხვევაში «სხვა იქნებოდა», არძინბა ვალერი ჩხეიძეს დასთანხმდებოდა კი არა, მის წინაშე შამბასთან, ოზგანთან, ჯერგენიასთან ერთად «განდაგანას» იცეკვებდა და კრიმანჭულს იმღერებდა.
    მაგრამ რაკი ეს არ შეგვიძლია, რაკი ძალა არ შეგვწევს, ჩხეიძეც დაღონებული დაბრუნდა სოხუმიდან. მთელს ამ ისტორიაში ყველაზე შემაშფოთებელი იყო ერთ-ერთი რუსული სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად «საქართველოს სამხედრო ჯარების სარდალმა დაადასტურა: თუ აფხაზურ მხარესთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, მაშინ აფხაზეთის აკვატორიას კვლავინდებურად რუსი მესაზღვრეები დაიცავენ».
    შესაძლოა, ეს ინფორმაცია პროვოკაციული სიყალბე იყოს. რუსული მასმედია ამის დიდოსტატია, მაგრამ თუ იგი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ, საერთოდ რა აზრი ჰქონდა ყველაფერს? მაშასადამე, რუსი მესაზღვრეები საქართველოს აკვატორიის აფხაზეთის მონაკვეთში დარჩებიან.
    ამ მონაკვეთს ისინი მხოლოდ საომარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აკონტროლებენ, ანუ არ ატარებენ ისეთ ტვირთებს, რაც (ვთქვათ) ჩრდილოეთ კავკასიაში შეუქმნის პრობლემებს რუსეთის ფედერაციას.
    სამაგიეროდ, ატარებენ ყველაფერს, რაც კი არძინბას რეჟიმს ესაჭიროება. ასეთი ვითარებაში სჯობს, სეპარატისტებმა თავად გააკონტროლონ აკვატორია! საქართველოს თუ დღეს არ გააჩნია ძალა, - ხვალ ექნება. რუსეთმა კი რეალურად უნდა იგრძნოს: საქართველოს ინტერესთა გაუთვალისწინებლად ვერც საკუთარ ინტერესებს დაიცავს კავკასიაში. აფხაზური აკვატორიის დაკარგვა ამ თვალსაზრისით მისთვის კარგი გაკვეთილი იქნებოდა.
    რაც შეეხება იმას, რომ არძინბა თურქეთიდან იარაღს შეიტანს - იარაღი მას იმდენი აქვს, არ იცის, სად წაიღოს და თუ საჭირო იქნა, ჩრდილოეთ კავკასიიდან (რუსეთიდან) შემოიტანს.
    ალბათ, ვალერი ჩხეიძემ უახლოეს მომავალში ნათელი უნდა მოფინოს ამ საკითხს. მას ჩვენზე უკეთ მოეხსენება, რომ არსებობს მოწინააღმდეგის რეალური პოტენციალის შემოწმების უამრავი ხერხი თუ მეთოდი. მაგალითად, რუსეთის სასაზღვრო ძალთა გასვლის შემდეგ საქართველოს გემებმა შეიძლება იცურონ ნეიტრალურ წყლებში, «აფხაზეთის აკვატორიაში» შეუსვლელად და მშვენივრად გააკონტროლონ - ვისი დროშით რომელი გემი შევა სოხუმის პორტში; მოაწყონ მანევრები, აიძულონ აფხაზური მხარე, სისტემატურად გამოიყვანოს ზღვაში გემები, რასაც აფხაზეთის ეკონომიკა დიდხანს ვერ გაუძლებს და ასე შემდეგ.
    ყველაფერი სჯობს ამჟამინდელ სამარცხვინო, თანაც სრულებით უსარგებლო სტატუს-კვოს შენარჩუნებას.
    საინტერესო და ღირსშესანიშნავი იყო არძინბას მორიგი ინტერვიუ საქართველოს ტელევიზიისათვის. ეს ინტერვიუ (როგორც ყოველთვის) სეპარატისტთა ლიდერმა ბრწყინვალედ გამოიყენა პროპაგანდისტული მიზნით. დავაკვირდეთ, როგორ შეაფასა მან გალის მოვლენები: «ეს იყო უდიდესი შეცდომა, - საქართველოს ხელისუფლებამ გალის მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გამოიყენაო».
    არძინბას არ უთქვამს: «ეს იყო დანაშაული, ეს იყო აგრესია აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის წინააღმდეგ» (თუმცა, თავად სწორედ ასე ფიქრობს), არამედ ის სტერეოტიპები გამოიყენა, რომელიც ლაჩარი, დამარცხებით დაჩაჩანაკებული ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის უკვე მისაღებია და სარწმუნო.
    ხშირად გაიგონებ ლაჩრულ, დედალმაშოურ მოსაზრებებს, რომ თურმე «ქართველებს აფსუები სამურზაყანოში არ უნდა გაგვეღიზიანებინა, მოლაპარაკება უნდა გვეცადა, ხელისუფლება პარტიზანებს არ უნდა დახმარებოდა და ასე შემდეგ».
    საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თურმე სამურზაყანოდან მოსახლეობის გამოძევებაში საქართველოს ხელისუფლება ყოფილა დამნაშავე და არა აფსუა ფაშისტთა ხროვა.
    თურმე პარტიზანებს არ უნდა ეცადათ ეგრეთ წოდებულ «მილიციელთა» ამოჟლეტა, სამურზაყანოში საქართველოს იურისდიქციის აღდგენა. საოცარი ფენომენია, მაგრამ ფაქტია, - სამურზაყანოდან დევნილებს «თბილისი» უფრო სძულთ და ეზიზღებათ, ვიდრე «სოხუმი».
    გაიძვერა არძინბამ მშვენივრად უწყის ასეთი განწყობის არსებობის თაობაზე, ამიტომ (ცეცხლზე ნავთის დასასხმელად) ხშირად იმეორებს იმავე სულელურ, ყალბ სტერეოტიპებს, რასაც ხშირად გაიგონებ ზუგდიდში, ლტოლვილთა შორის: გალის მოვლენები თბილისის მორიგი შეცდომა იყო, საზარბაზნე ხორცად გვაქციეს და ასე შემდეგ.
    სინამდვილეში, არძინბასა და მის ფაშისტურ ხროვას სამურზაყანოს მშვიდობიანი მოსახლეობა სწორედ მძევლებად სჭირდებათ, რათა პარტიზანული მოძრაობის გააქტიურების შემდეგ ათეულობით ათასი დევნილის გამოძევება სამხედრო-პოლიტიკურ ფაქტორად გამოეყენებინათ.
    რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას თავისი ნაკლი და უბედურება ეყოფა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იგი ამჯერად, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა: დაეხმარა პარტიზანებს და აქედან რა გამოვიდა, - ვხედავთ; თუ არ დაეხმარებოდა, მაშინ სწორედ ის ხალხი, ვინც ახლა გაიძახის «სამურზაყანოელები საზარბაზნე ხორცად აქციესო» უეჭველად იტყოდა: «წარმოგიდგენიათ, ჩვენს უძლეველ ლომებს უნდათ სამშობლოს დასაბრუნებლად იბრძოლონ და ხელისუფლება კი არ ეხმარება, ხელსაც კი უშლისო».
    ამას დავუმატოთ ის უდავო ფაქტი, რომ ზემოხსენებულმა «ლომებმა» მართლა ლომებივით ვერ იბრძოლეს, თორემ აფსუების ხროვა ასე იოლად, კუნტრუშ-კუნტრუშით, სულ ექვსი საათის განმავლობაში ენგურამდე ვერ მოვიდოდა მაისის მოვლენების დროს.
    ხელისუფლების კრიტიკა (ზოგჯერ ლანძღვა) კარგია და იქნებ აუცილებელიც, მაგრამ ელემენტარული სამართლიანობაც არ უნდა დავივიწყოთ. პრობლემა მხოლოდ ხელისუფლება რომ იყოს, - საქართველოსათვის ეს ბედნიერება იქნებოდა, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებას შეცვლი, გადაირჩევ, მაგრამ აფხაზეთის საკითხი სხვა პრობლემათა რიგს განეკუთვნება. არძინბამ ეს ძალიან კარგად იცის. ისიც კარგად ახსოვს, რომ საქართველოში შიდა დაპირისპირება მისთვის ნამდვილად «მისწრებაა». ამიტომაც იმეორებს ზუგდიდში მოარულ სტერეოტიპებს, ამიტომ ლაპარაკობს «შეცდომაზე» (და არა «აგრესიაზე») რათა ამ წინააღმდეგობებზე ითამაშოს.
    კვლავ და კვლავ იძულებული ვხდებით, ვაღიაროთ: არძინბას სახით სატანისებრ ეშმაკ გაიძვერასთან გვაქვს საქმე. ასეთი დონის გაიძვერობა განსაკუთრებული ნიჭია. ეს რომ მოახერხო, აფსუა უნდა იყო და თანაც, - არძინბა.
    არანაკლები გაიძვერობით გამოირჩევა გალის რაიონის ეგრეთ წოდებული «ადმინისტრაციის» მეთაური რუსლან ქიშმარია, რომელსაც ხელები იდაყვებამდე ქართველთა სისხლში აქვს მოთხვრილი.
    გასულ კვირას იგი საოცრად «დაუტკბა» ქართველ ლტოლვილებს. იმდენად, რომ ამ უბედურებს გული სიხარულით აუძგერდათ, - არიქა, ახლა კი გვეშველა, მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება გვეღირსებაო.
    ქიშმარიამ ქართველი ლტოლვილები იქით დაანამუსა: არ გრცხვენიათ, რატომ არ ბრუნდებით სახლებში, თვითონ დაიცავით თავი ყაჩაღური ბანდებისაგან, ვინ დაგიშალათ თავდაცვითი რაზმების შექმნა, თქვენი ბიჭები ჩვენს ბიჭებთან ერთად დადგნენ პოსტებზე, დღემდე არც ერთ თქვენგანს (დააკვირდით - ავტ.) არაფერი უცნობებია ადმინისტრაციისათვის ბანდიტური ჯგუფების გადაადგილებაზე, ასე კი უბედურებას თავს ვერ დააღწევთო».
    ერთი შეხედვით, თითქოს ეს ფრაზა ქიშმარიას კეთილშობილებისა და ჰუმანიზმის გამოვლენაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით! სინამდვილეში, სეპარატისტთათვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა ისეთი ვითარება, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას აუმხედრებენ პარტიზანებს; სწორედ ამ შემთხვევაში მოეღებოდა ბოლო პარტიზანულ მოძრაობას აფხაზეთში. როგორც გაირკვა, «თავდაცვით რაზმებში» და «ჩვენს ბიჭებთან ერთად პოსტებზე დგომაში» ქიშმარია ერთობ უცნაურ ფენომენს გულისხმობს: ჯერ ერთი, იგი წინააღმდეგია, რომ ქართველებს სამურზაყანოში იარაღი ჰქონდეთ (ესე იგი, «უიარაღო თავდაცვითი რაზმების» შექმნას აპირებს მათგან), ფაქტობრივად, აფხაზურ პოსტებზე მყოფი მძევლებად აქცევს და ერთადერთი ფუნქციას აკისრებს: დაბეზღების და მსტოვრობისა.
    რუსლან ქიშმარიას ჩანაფიქრით, სამურზაყანოელი ქართველების მთავარ საქმიანობად უნდა იქცეს «აფხაზური მილიციის რაზმებისათვის» დროულად ინფორმაციის მიწოდება ქართველ პარტიზანთა გადაადგილების, მათი შეიარაღებისა და რაოდენობის შესახებ.
    იმას, ვინც პარტიზანებს შეიფარებს და შემდეგ ჩუმად გაიპარება, აფსუათა რაზმს მოიყვანს და ქართველ მეომრებს ჩასახოცად ჩააბარებს, - განსაკუთრებით დააჯილდოებენ და დააფასებენ.
    ზუსტად ასეთი რამ მოხდა შარშან სოხუმის რაიონში. შემდეგ ეტაპზე კი, ქიშმარიას დაგეგმილი აქვს ქართული მოსახლეობის ჯერ «გამეგრელება», შემდეგ «გააფსუება». აკი ამბობენ კიდეც და წერენ აფსუათა იდეოლოგები: სამურზაყანო აფხაზურ-მეგრული სუბსტრატია და ეს მოსახლეობა წარმოშობით ადიღეელიაო. აი, თუ ამას მოახერხებს, შემდეგ იარაღსაც ანდობს და «თავდაცვითი რაზმების» კანონიერებასაც ცნობს, ოღონდ საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ.
    ამის შემდეგ სამურზაყანოელები (Самурзаканойцы) ჩვეულებრივი აფსუები გახდებიან, ანუ აფსუებს გაამრავლებენ, მათ ჯარში იმსახურებენ, ერთი სიტყვით, «აფხაზეთის სუვერენული სახელმწიფოს» სრულუფლებიან მოქალაქეებად იქცევიან.
    და საერთოდ, დროა, მივხვდეთ - მაისის აქცია სეპარატისტებს დიდი ხნის წინ ჰქონდათ ჩაფიქრებული; რა თქმა უნდა, მოსკოველ «ექსპერტებთან» ერთად.
    პარტიზანთა მოქმედება მხოლოდ საბაბია. არძინბამ ჯერ შემოუშვა სამურზაყანოში ქართული მოსახლეობა, შემდეგ მომძლავრების, მოშენების საშუალება მისცა, მერე ერთი დარტყმით გააძევა ეს მოსახლეობა და (უნდა ვაღიაროთ) ერთდროულად სამი კურდღლის დაჭერა მოახერხა:
    ჯერ ერთი, გაართულა ურთიერთობა აფხაზეთის ქართველობასა და პარტიზანებს შორის, შექმნა მადესტაბილიზებელი ფაქტორი საქართველოს პოლიტიკაში, დაძაბა ამ თვალსაზრისით ისედაც ფეთქებადსაშიში ვითარება.
    მეორე: ფაქტობრივად, წაუყენა ულტიმატუმი ხელისუფლებას - დავაბრუნებთ გალში ლტოლვილებს იმ პირობით, თუ გაუქმდება სანქციები აფხაზეთის წინააღმდეგ. თუ არ დაგვთანხმდებით, ტრადიციულად «ზვიადისტურ» და არალოიალურ სამეგრელოში ვითარება კიდევ უფრო გაგირთულდებათო.
    მესამე: ლტოლვილთა მასა ძირითადად ზუგდიდის რაიონის სკოლებშია განლაგებული. თუ ლტოლვილები შენობებს არ დატოვებენ, მაშასადამე, სამეგრელოს ბავშვები 1 სექტემბრიდან ქართულ სკოლებში ვერ წავლენ! დიახ, ნუ გაიკვირვებთ, ძაღლთაპირი არძინბას სატანისებრ ტვინში ასეთი გათვლაც დაიბადა, ძნელი მისახვედრი არ არის, რას ნიშნავს ეს.

    რაოდენ მწარეც უნდა იყოს, სამურზაყანოელმა ქართველებმა უნდა აღიარონ: სამშობლოდან ისინი აფსუა მეომრებმა გამოაძევეს. მათ რომ იმ მეომრების საბრძოლო შემართების, შეგნებისა და სულისკვეთების მეათედი გააჩნდეთ, დღესაც საკუთარ სახლებში იქნებოდნენ, ხოლო აფსუა ფაშისტები სამურზაყანოს ქართულ სოფლებში ცხვირის შეყოფასაც ვერ გაბედავდნენ. ისინიც ხომ ჩვეულებრივი გლეხები არიან.
    «რუსების» ლაჩრული მოხსენიება აქ არაფერ შუაშია. რუსები იყვნენ ჩეჩნეთშიც, მაგრამ იქ მათ სულ კუდით ქვა ასროლინეს. ეს ცხოვრება ასეა მოწყობილი: ძლიერი იმარჯვებს და ხარობს, სუსტი მარცხდება და ტირის, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ასეთია ცხოვრების უსასტიკესი კანონი.
    ამასობაში, ჩვენმა «ძველმა მეგობარმა» ჟენია პრიმაკოვმა სოჭში დასვენება ინება და სოხუმიდან ვლადისლავ არძინბა მიიპატიჟა «სასადილოდ». სტუმარ-მასპინძელი კარგა ხანია ერთმანეთს იცნობენ. ჯერ კიდევ 70-იან წლებში, როდესაც რუსეთის მომავალი საგარეო საქმეთა მინისტრი «საკავშირო» აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი იყო, არძინბა იმავე ინსტიტუტის ასპირანტი ბრძანდებოდა.
    ამ უკანასკნელმა სადოქტორო დისერტაციის დაცვა მას შემდეგ მოინდომა, რაც 1979 წლის ანტიქართულ გამოსვლებში მიიღო მონაწილეობა. პრიმაკოვმა მაშინ ქართველებს ხათრი ვერ გაუტეხა და არძინბა უარით გამოისტუმრა. როგორ გგონიათ, სად დაიცვა დისერტაცია აფხაზეთის მომავალმა პრეზიდენტმა? რა თქმა უნდა, თბილისში!
    ქართველმა პროფესორებმა «კეთილშობილება» გამოიჩინეს და რაკი არძინბას (მათი აზრით) ნაშრომისათვის ხარისხი ეკუთვნოდა, ეს ხარისხი «არ დაიშურეს». არადა, უხარისხოდ არძინბა ვერც სოხუმის ჰუმანიტარული ინსტიტუტის დირექტორი გახდებოდა, ვერც «საკავშირო დეპუტატი», ვერც ჩვენს ჭკუისკოლოფ ექს-პრეზიდენტს დაუახლოვდებოდა, ვეღარც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნებოდა და ახლა ვეღარც «პრეზიდენტად» მოგვევლინებოდა.
    ქართველ ისტორიკოსებს, ეტყობა, საპასუხო კეთილშობილების იმედი ჰქონდათ. თითქოს ქვეწარმავალს შეიძლება კეთილშობილება მოეთხოვოს. თუნდაც «საპასუხო».
    რაც შეეხება არძინბა-პრიმაკოვის შეხვედრას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, თურმე ნუ იტყვით, შეხვედრას შესაძლოა არც ჰქონოდა პოლიტიკური ხასიათი, უბრალოდ, ორი მეგობარი-მეცნიერი შეხვდა ერთმანეთს და იქნებ სულაც ისტორიოგრაფიულ თემატიკაზე ისაუბრესო. არადა, ნამდვილად საეჭვოა, არძინბა პრიმაკოვს მხოლოდ იმისთვის შეხვედროდა, შუმერთა გენეზისის პრობლემა განეხილათ.
    სინამდვილეში, რა თქმა უნდა, საქმე ეხებოდა «რუსულ-ქართულ-აფხაზურ სამკუთხედში» არსებულ ვითარებას. პრიმაკოვიცა და არძინბაც ძალიან არიან მონდომებულნი, შედგეს «საქართველოსა და აფხაზეთის» პრეზიდენტების შეხვედრა მოსკოვში. ამ გზით სურთ დააფიქსირონ, რომ ოფიციალურ თბილისს არც სოხუმთან და არც მოსკოვთან პრეტენზია არა აქვს. რამდენად გულწრფელია რუსული დიპლომატია, თუნდაც იმითაც ჩანს, რომ პრეზიდენტი ელცინი (რა თქმა უნდა, პრიმაკოვის კარნახით) პროტესტს გამოთქვამს ამერიკის მიერ ტერორისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო და მოუწოდებს მას, განაგრძოს მოლაპარაკება სისხლიან კაციჭამიებთან.

დილის გაზეთი, 24 აგვისტო, 1998 წელი