საერთაშორისო მიმოხილვა. 17 მარტი. 2025 წელი
უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სამშვიდობო პროცესზე“ წერას თანდათან აზრი ეკარგება.
ერთი და იმავეს განმეორება გამოგვდის, რაც ცუდია.
ჯერ ჯერობით მხოლოდ პოპულიზმი, მისგან გამომდინარე დიპლომატიური „ბუქი“, იმპულსური „მიეთ-მოეთი“ და PR-ია ეს ყოველივე - კონკრეტული ნაბიჯების და საგნობრივი გადაწყვეტილებების გარეშე.
სხვა უამრავი საინტერესო თემა არსებობს.
რაც შეეხება უკრაინას, იქ ომი გრძელდება და ჯერ არ ჩანს „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“.
როცა გამოჩნდება, თვალსაჩინო გახდება. და მაშინ აღვწეროთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Business insider აქვეყნებს ძალიან საინტერესო ანალიტიკას „რუსული შემტევი სამეულის“ შესახებ, რომელმაც, ანალიტიკოსთა აზრით, განაპირობა რუსული არმიის ბოლოდროინდელი, ნაწილობრივი, ტაქტიკური წარმატება/წინსვლა დონბასის ფრონტზე.
აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგადად offensive triangle უწოდებენ „სტრატეგიულ ტრიადას“, რომელშიც შედის სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტები, ბირთვული რაკეტმზიდი ავიაცია და საზღვაო ხომალდები, მათ შორის წყალქვეშა ნავები, რომლებიც ბირთვული რაკეტების მატარებელნი არიან.
ხოლო ტერმინით offensive triangle ამ შემთხვევაში აღინიშნება სამეული: ფეხოსანთა არმია, დრონები და ე.წ. „მოფარფატე, მფრინავი ბომბები“ (Glide bombs), რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით საოცრად ეფექტიანნი აღმოჩნდნენ.
ესე იგი, ანალიტიკოსთა აზრით, ზუსტადაც ის „პლანირებადი ბომბები“, რომლებიც ძველის-ძველი გამოგონებაა (ლამის 70 წლის წინ მოიგონეს და მათში თითქოს ახალი არაფერია), დრონებთან (უპირველესად სადაზვერვო დრონებთან) ერთად ისეთ შანსებს უქმნის „ფეხოსნებს“ (Infantry….Пехота), რომ ამ „ტრიადის“ მხარეს სერიოზულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან პლანირებადი ბომბებისგან, რომელიც 2 ან 3 ტონას იწონის, თავდაცვის საშუალებები უბრალოდ არ არსებობს: მათი გაშვება რუსული სტრატეგიული ბომბდამშენებიდან СУ-24 ხდება ისეთი შორი მანძილიდან (დაახლოებით 100 კილომეტრი), რომ „საზენიტო“ ვერ ასწრებს რეაგირებას.
თვით ბომბი კი, რა თქმა უნდა შეუჩერებელია.
ეს ბომბები ზუსტი მოხვედრის გარეშეც ანადგურებს უკრაინული არმიის პოზიციებს და იმის მიუხედავადაც კი, რომ დიდი ნაწილი სამიზნეს ცდება, ათიდან სამი მაინც თუ ახლოს დაეცა, შედეგს „დებს“.
თან იმდენად იაფია ეს ბომბები, რომ რუსული სამხედრო ინდუსტრია იოლად აწარმოებს უთვალავი რაოდენობით.
აქედან გამომდინარე, სამხედრო ექსპერტებიც სვამენ კითხვას: „ჩვენ რას დავუპირისპირებთ ამ რუსულ ტრიადას „რამე რომ იყოს“ ანუ რუსეთმა NATO-ს წინააღმდეგ თუ სცადა მისი გამოყენება? უკრაინას ყველაფერი აქვს რაც გააჩნია შეიარაღებაზე ალიანსის სახელმწიფოებს. ყველაფერი მივაწოდეთ უკვე თითქმის - F-16 თვითმფრინავების ჩათვლით და.....ძველის-ძველმა რუსულმა ბომბებმა მცირე, თუმცა მაინც შესამჩნევი შედეგი, ამის მიუხედავად, „დადეს“.
უფრო ღრმა ანალიზის მიხედვით, რუსული ტაქტიკა ასეთია: ჯერ სახმელეთო ძალთა შეტევებით და ზოგადად მანევრებით აიძულებენ უკრაინულ ძალებს დაიკავონ სტაციონარული (!) თავდაცვითი პოზიციები და როგორც კი ისინი სტაციონარულ პოზიციებზე გადადიან, დრონების მიერ ლოკალიზებულ ამ პოზიციებს აყრიან დიდი რაოდენობით Glide bombs, რასაც როგორც ცოცხალი ძალის თუ ტექნიკის დანაკარგის, ასევე ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს.
ორ-სამტონიანი ბომბი დღესაც კი იშვიათობაა.
პლუს ამით ხდება იმ გარემოების ნეიტრალიზება, რომ საზენიტო სისტემების გამო, ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა ვერ იყენებენ სამხედრო ავიაციას კლასიკური გაგებით - უშუალოდ ფრონტის ხაზზე და მოწინააღმდეგის მსხვილი ლოჯისტიკური, ინფრასტრუქტურული, ინდუსტრიული ობიექტების დასაბომბად.
არადა, როგორც ბევრჯერ გვითქვამს, ამგვარი სამიზნეების (მაგალითად ენერგეტიკული ობიექტების, მაგალითად ყირიმის ხიდის და სხვა) განადგურება რაკეტებით შეუძლებელია: ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ბომბდამშენთა მასირებული დარტყმით.
მაგრამ რუსეთმა ეს უპირატესობაც მოიპოვა ახლა: მიუხედავად იმისა, რომ „პლანირებად ბომბებით“ ვერ სწვდება უკრაინის ძირითად ინფრასტრუქტურას, მას ნამდვილად შეუძლია ფრონტის ხაზი გადასწიოს და შექმნას საფრთხე სამიზნეებთან მიახლოების საარტილერიო ცეცხლის (!) წვდომის ხაზამდე.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ როდესაც 2023 წელს რუსეთის არმიამ დაიწყო Glide bombs გამოყენება, არავის სჯეროდა, ისინი გახდებოდნენ game-changing ფაქტორი, თუმცა შეცდნენ.
და ეს მხოლოდ ანალიტიკოსთა შეცდომა როდია: როგორც ჩანს ვერც დასავლურ გენერალურ შტაბებში განჭვრიტეს, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩენილიყო ის ძველის-ძველი, დახავსებული, თითქოსდა „მორალურად“ და ფიზიკურად მოძველებული ბომბები.
2024 წელს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიამ 40 000 Glide bomb აწარმოა. წელს 70 000-სს გეგმავენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
NYT-ის საინტერესო ცნობა: იაპონური, ტაივანური (!) და სამხრეთ კორეული კომპანიები მზად არიან „ჩაასხან“ 44 მილიარდი დოლარი ალასკაზე ბუნებრივი აირის მოპოვების, გადამუშავების და აზიაში მისი ტრანსპორტირების პროექტში.
თითქოსდა რა არის ამაში „სენსაციური?“ დიდი თანხაა, მაგრამ არა კოლოსალური. გარდა ამისა, ენერგეტიკის სფეროში ლოჯისტიკური პროექტების მეტი რაა თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში ორივე ნახევარსფეროზე?
მაგრამ.......პირდაპირ არ წერენ< ტუმცა მაინც მიანიშნებენ: „გაზსადენი ალასკადან აზიაში?“
მაგალითად ჩინეთისკენ?
და გაზსადენი როგორ უნდა გაიყვანონ იაპონიისა და სამხრეთ კორეის თუ ტაივანის მიმართულებით?
ნუთუ იგულისხმება რუსეთის ტერიტორიის გავლით? აბა წყალქვეშ გამორიცხულია - იმდენად დიდია მანძილები.
საკმარისია შევხედოთ რუკას, რომ ეს ცხადი გახდება.
გამოდის, აქ ინასკვება კიდევ ერთი სახიფათო კვანძი პუტინ-ტრამპის შესაძლო გარიგებისა უკრაინის და სხვათა ხარჯზე.
პირდაპირ არ წერია, რომ რუსეთზე გაივლის ეს დიდი გაზსადენი, მაგრამ ალასკასა და რუსეთს შორის სულ პაწაწკინტელა სრუტეა და.....შავ ზღვაზე რაც დაჯდა რუსეთ-თურქეთის დამაკავშირებელი გაზსადენი, იმაზე ათჯერ იაფი დაჯდებოდა......
რუსული ციმბირი უმდიდრესია ბუნებრივი აირის საბადოებით, თუმცა იმ რეგიონში რუსეთს გაზის საბადოები არ გააჩნია.
ნურც იმას დავივიწყებთ რომ Сила Сибири გაზსადენით ჩინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების პროექტი ისეთი წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც პუტინი ელოდა.
ნუთუ პუტინი დათანხმდება ტრამპს ერთად შევიდნენ ჩინეთის კოლოსალურ ენერგო ბაზარზე?.
თეორიულად, რატომაც არა?
არქტიკაშიც ხომ მზადაა შეუშვას ტრამპი, ოღონდ კი პოსტსაბჭოურ სივრცეზე გამოივაჭროს რაიმე.
თუმცა New York Times ხსენებულ პუბლიკაციაში World Lines Up to Buy American Gas (მსოფლიო რიგში დგება, რათა შეიძინოს ამერიკული ბუნებრივი აირი) მთავარი მაინც არა ეს ფანტასტიკური, ალბათ მაინც არარეალური პროექტია, არამედ ის ნამდვილად უტყუარი დებულება, რომ სწორედ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ფანტასტიკურად გაიზარდა ინტერესი ამერიკული თხევადი (!) გაზის იმპორტის მიმართ მთელს მსოფლიოში.
ალასკას შემთხვევაშიც მეტადრე იგულისხმება ამ უზარმაზარი ტერიტორიის და მისი გაზის საბადოების ათვისება, იქიდან სანაპირომდე მილსადენების მშენებლობა და სანაპიროზე კოლოსალური ტერმინალის ასევე ბუნებრივი აირის გათხევადების სიმძლავრეთა მშენებლობა.
ძირითადი, სისტემური მიზეზი ამერიკული წიაღისეულის მიმართ გლობალური ინტერესის ამგვარი „ბუმისა“ ნამდვილად ის არის, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პრიორიტეტია „ეკოლოგიური მოსაზრებებით“ ბაიდენის, ასევე ობამას მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნა და ენერგოკომპანიებისათვის ამ მხრივ „ხელფეხის გახსნა“.
მათ შორის ფიქლის გაზის მოპოვებაზე და ალასკას ნაკრძალად მიჩნეული საბადოების „დე-კონსერვიზება“ მრავალი წლის შემდეგ.
თხევადი აირი, როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი უძლიერესი გეოპოლიტიკური კოზირი ხდება ახლა: ევროპა მზადაა მეტი შეიძინოს, უკრაინა მზადაა სწორედ ამერიკული თხევადი გაზი შეიძინოს რუსულის ნაცვლად.
ეკოლოგიურმა მოძრაობებმა უკვე დაიწყეს მძვინვარე შეტევა ტრამპზე „ეკოლოგიური ნიჰილიზმის“ გამო.
ისინი ამბობენ, რომ ბუნებრივ აირი, წვისას, ბევრად ნაკლებ carbon dioxide აფრქვევს, ვიდრე ნავთობი ან ქვანახშირი, სამაგიეროდ მეტანს აფრქვევს ბევრად მეტს ვიდრე ის ორი საწვავი.
ტრამპს რომ „მწვანეები“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდებიან ამგვარი გადაწყვეტილებების გამო, ცხადია, თუმცა ის ამისთვის მზად იქნებოდა უეჭველად და ამ წინააღმდეგობას განიხილავს, როგორც ზოგადად „დემოკრატიული კლასტერის“ მტრობას მის მიმართ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
იემენში მოქმედმა ბანდიტურმა დაჯგუფებამ „ჰუსიტები“, რომელიც თავს უწოდებს „იემენის კანონიერ ხელისუფლებას“ და სარგებლობს ირანის აქტიური მხარდაჭერით, ამერიკას ულტიმატუმი წაუყენა მას შემდეგ, რაც ტრამპის ბრძანებით ამერიკულმა ავიაციამ დაბომბა იემენში სამხედრო და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
ულტიმატუმის არსი ისაა, რომ ამიერიდან ამერიკულ და ბრიტანულ გემებს, ასევე სამხედრო ხომალდებს ეკრძალებათ წითელ ზღვაში შესვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი, თურმე, იქნებიან განადგურებულნი.
მათ შორის ამერიკული ავიამზიდები.
ეს ულტიმატუმი იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს სრული შანსი ეძლევა ახლა, გააჩაღოს „პროქსი ომი“ (Proxy-war) ირანის წინააღმდეგ ანუ უშუალოდ არ დაარტყას ირანს, მაგრამ დაარტყას და მიწასთან გაასწოროს მისი „ფილიალი“ ჰუსიტთა რეჟიმის სახით.
ამით აიათოლების რეჟიმსაც თვალნათლივ უჩვენოს, - რა ელის, თუკი გააგრძელებს ისრაელის და რეგიონში ამერიკის სხვა მოკავშირეთა წინააღმდეგ აგრესიული აქციების განხორციელებას.
აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანი რეგიონში მხოლოდ ისრაელს როდი მტრობს. ისრაელთან ერთად ირანი მტრობს...... ისრაელის მტრებსაც: არაბულ სახელმწიფოებს.
მათ შორის საუდის არაბეთს, რომელიც იემენის კანონიერ ხელისუფლებას უჭერს მხარს (სუნიტებს).
ზოგიერთი ცნობით, დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ სწორედ საუდთა სამეფოში იგეგმება, რომლის დე-ფაქტო მმართველი, ტახტის მემკვიდრე მუჰამედ იბნ სალმანი სულ უფრო გავლენიანი ფიგურა ხდება მთელს ახლო აღმოსავლეთში და ევრაზიის მასშტაბთაც კი.
დავაკვირდეთ, რამდენად აქტიურია იგი უკრაინის საკითხებშიც.
ტრამპს ნამდვილად არ შეუშლის ხელს ის გარემოება, რომ ტახტის მემკვიდრე სალმანის ბრძანებით, რამდენიმე წლის წინ (2018წ) სტამბულში საუდელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი დჟამალ ხაშოგი მოაკვლევინა სპეცსამსახურებს.
შემდეგ აბაზანაში მჯავით დაშალეს ხაშოგის სხეული და კანალიზაციაში გაუშვეს.
Real politick!
ვერაფერს იზამ.