თურქი მესხები ევროსაბჭოსკენ მიმავალ გზას გვიკეტავენ

თურქი მესხები ევროსაბჭოსკენ მიმავალ გზას გვიკეტავენ

  

    ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ე.წ. «თურქი მესხების» თაობაზე ატეხილ აჟიოტაჟს დიდოსტატი «დირიჟორი» ჰყავს, რომელიც კარგად ითვალისწინებს ქვეყანაში ამჟამად შექმნილ ვითარებას და საზოგადოებრივ განწყობას.
    ეს პრობლემა რუსეთისათვის ყოველთვის იყო «უკანასკნელი, მაგრამ ყველაზე მძლავრი კოზირი», რომელსაც მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში თუ გამოიყენებდა. როგორც ჩანს, ამჟამად, მართლაც, დგება მისთვის კრიტიკული მომენტი. ეს შეიძლება, გვიხაროდეს ან გვეამაყებოდეს, - თუ სასიხარულოა და საამაყო.
    გააფთრებული დისკუსია ამ საკითხზე ჯერ კიდევ 1989 წლიდან მიმდინარეობს. ჩამოყალიბდა ორი ძირითადი ბანაკი, რომელთაგან ერთს მიაჩნია, რომ გათურქებული მესხების (დიახ, სწორედ გათურქებული ქართველების და არა თურქების - ავტ.) ჩამოსახლება მესხეთში დამღუპველი იქნება საქართველოსთვის, ვინაიდან სამასი ათასი «თურქი მესხი» სეპარატიზმის კიდევ ერთ კერად აქცევს სამხრეთ საქართველოს. მეორე ბანაკმა კი უცნაური პოზიცია დაიკავა: ვინაიდან «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას», უნდა ვაღიაროთ დანაშაული ამ ხალხის წინაშე და დავაბრუნოთ საქართველოში ქართული ორიენტაციის მესხები». რატომღაც, არავის მოსდის თავში (ამ ბანაკიდან), რომ გასახლებულთა თუნდაც ფარული დახარისხება ეროვნული ორიენტაციის ნიშნით უეჭველად აღიქმება, გარეშე დამკვირვებლის მიერ, ნაცისტური პოლიტიკის რეციდივად. ადამიანს ვერ ჩაეთვლება დანაშაულად ის ფაქტი, რომ თურქად დაიბადა ან თურქად მიიჩნევს თავს და არა ქართველად.
    მერაბ მამარდაშვილის იმავე ცნობილი ფორმულიდან გამომდინარე, მოვიდა დრო ვაღიაროთ, რომ გათურქებული მესხების მესხეთიდან გასახლებით, საქართველოს იმდროინდელი კომუნისტური ხელისუფლება დიახაც, ე.წ. «ქართული საქმის გაკეთებას» ცდილობდა, რათა სამხრეთ საქართველოდან «შხამნარევი, დამპალი ღვინო» (მიხეილ ჯავახიშვილის განსაზღვრებით) მოეშორებინა, რაც შეეხება სტალინს, - კრემლის მოტივი შეიძლება, სხვაგვარი ყოფილიყო: კერძოდ, 1944 წელს სტალინი აქტიურად ემზადებოდა თურქეთის წინააღმდეგ ომისათვის და «ზურგს იმაგრებდა». სწორედ ამით იყო, როგორც ჩანს, განპირობებული ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების გასახლება და არა მხოლოდ ომის დროს «გერმანელი ფაშისტების მხარეს მათი გადასვლით». თუმცა, მოტივს, ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ამჟამინდელი რეალობა: საერთო ჯამში, სამასი ათასამდე (ან ცოტა მეტი) «თურქი-მესხი», რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავს თურქული სამყაროს ნაწილად მიიჩნევს, აქტიურ ბრძოლას (ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკურს) აგრძელებს სამშობლოში (დიახ, სამშობლოში ანუ მესხეთში) დასაბრუნებლად.
    «თურქული ორიენტაციის» ორგანიზაცია «ვატანის» ლიდერი, სარვაროვი მოსკოვში ხელმძღვანელობს სპეციალურ შტაბს, იგი დღენიადაგ მიმართავს საერთაშორისო ოგანიზაციებს, რუსეთისა და თურქეთის ხელისუფლებას, ყოფილ დისიდენტებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რათა გააძლიერონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და უზრუნველყონ გაუბედურებულიო დევნილების დაბრუნება მშობლიურ მიწაზე. სხვათა შორის, ამ მომენტს აქტიურად იყენებს, პროპაგანდისტული მიზნით, ვლადისლავ არძინბაც: როცა მას საყვედურობენ, რატომ არ აბრუნებს აფხაზეთში ასეულობით ათას ქართველს, უმალვე გვიბრუნებს კითხვას: «თქვენ თავად რატომ არ აბრუნებთ თურქ-მესხებს, მათ ხომ საქართველოს წინააღმდეგ არ უომიათ?»
    შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ მთლიანობაში ეს პრობლემა ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემშლელი ფაქტორი გახდება და რაც მთავარია, ამ საკითხში კვლავ დაემთხვევა ერთმანეთს რუსეთისა და თურქეთის ინტერესები: ისინი ძალზე შეხმატკბილებულად «იმუშავებენ» ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან მესხეთში გასახლებულთა დაბრუნება მძლავრი მადესტაბილიზებელი ფაქტორია საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო, კონკრეტულად, რომელი მათგანი უკეთ შეძლებს «ამ ფაქტორის გამოყენებას, - შემდგომ პაექრობაზეა დამოკიდებული.»
    ზუსტად ასეთივე «კონსენსუსი» იქნა მიღწეული ანკარასა და მოსკოვს შორის აფხაზეთის საკითხშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს ვალერი ნესტერუშკინს ერთ-ერთ ბრიფინგზე კიდეც წამოცდა: «თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ევგენი პრიმაკოვის მოლაპარაკებისას, გამოიკვეთა პოზიციათა გარკვეული თანხვედრა აფხაზეთის თაობაზე». ეს ქართული პოლიტიკის მიერ შექმნილი კიდევ ერთი ფენომენია: ისტორიულ მოწინააღმდეგეთა ინტერესების თანხვედრა მის წინააღმდეგ. ამას ხომ მოხერხება უნდა? ხომ უნდოდა მოხერხება იმას, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებსა და კაზაკებს მხარდამხარ ებრძოლათ საქართველოს წინააღმდეგ?
    «თურქ-მესხთა» პრობლემა იმდენად რთულია, რომ იგი ნებისმიერი, თუნდაც მდიდარი და მძლავრი ქვეყნისთვის იქცეოდა უმთავრეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თავსატეხად. თუ სამართლიანობა (ანუ ჭეშმარიტება) მოითხოვს ამ ხალხის დაბრუნებას მესხეთში, მაშინ იმასაც დღესვე უნდა შეურიგდნენ, რომ მათი დაბრუნებისთანავე საქართველოში, როგორც მინიმუმ, მეოთხე ავტონომია შეიქმნება ეროვნული ნიშნით. მესხთა უმრავლესობა ამჟამად დარწმუნებულია: ისინი საქართველომ (და არა მოსკოვმა) გაასახლა, ამიტომ დაბრუნების შემდეგ მათთვის ფსიქოლოგიური დომინანტი გახდება «სამართლიანობის აღდგენა» ანუ საქართველოს დასჯა მათ წინააღმდეგ გამოჩენილი სისასტიკისათვის. ქართული პოლიტიკა, ჯერჯერობით, ამას ვერაფერს უპირისპირებს: ლაპარაკია მხოლოდ ქართული ორიენტაციის მესხთა დაბრუნებაზე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, მაგრამ თუნდაც ყველა გასახლებულს შევთავაზოთ მთელს საქართველოში დაბრუნება - მათთვის პრობლემის ამ გზით გადაწყვეტა მიუღებელი იქნება. ყველგან, მესხეთის გარდა, ისინი არაკომპაქტურად იქნებიან დასახლებულნი ანუ არ ექნებათ პიროვნულ მისწრაფებათა დაკმაყოფილებისათვის კოლექტიური ძალისხმევის განხორციელების საშუალება, ამ შემთხვევაში მათთვის სულერთი არის, სად იცხოვრებენ, - სამტრედიასა თუ კრასნოდარში.
    პრობლემას კიდევ ერთი ასპექტი აქვს - ამჯერად, შიდაპოლიტიკური. იგი ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე ძალთა განლაგებას უკავშირდება. ოპოზიცია უეჭველად შეეცდება, არჩევნების მოახლოების კვალობაზე პრობლემა გაამწვავოს, ოღონდ ერთმნიშვნელოვნად არ დააფიქსიროს თავისი დამოკიდებულება მისი გადაწყვეტის შესაძლო გზათა მიმართ. მთავარია, თვით პრობლემის დაფიქსირება, შესაბამისი განწყობის შექმნა და სადისკუსიო ფონის გაფართოება. მეორე მხრივ, ხელისუფლებამაც შეიძლება, გამოიყენოს ეს ფონი პოლიტიკური მანევრისათვის, რათა საგარეო პოლიტიკური ვექტორის ნებისმიერი ცვლილება შესაბამისად უზრუნველყოს ქვეყნის შიგნით. შესაძლოა, «თურქ-მესხთა» საკითხი ეგრეთ წოდებული «მუსლიმანურ-ქრისტიანული დემოკრატიული» მოძრაობის გამაძლიერებელ ფაქტორადაც იქცე,ს რაც უკვე გამოიხატა გარკვეული პოლიტიკური ალიანსების შექმნით, რომლის ინიციატორები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ოპოზიციურად განწყობილი რეგიონალური ლიდერები არიან, თუმცა ეს ყოველივე მაინც ნ აკლებად მნიშვნელოვანია საკუთრივ საგარეო პოლიტიკურ ასპექტთან შედარებით.
    საქართველო ერთადერთი ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკაა, რომელმაც 1944 წელს სტალინის მიერ ორგანიზებული «ხალხთა დიდი გადასახლების» შედეგის აღმოფხვრა არ დაიწყო. 1990 წლამდე ერთადერთი ეთნიკური ჯგუფი (თურქი მესხების გარდა), რომელიც სამშობლოში არ დაბრუნებულან, იყო «ყირიმელი თათრები», მაგრამ 1990-1993 წლებში მათი დიდი უმრავლესობა (რუსეთ-უკრაინის წინააღმდეგობათა გამოყენებით) მაინც დასახლდა ნახევარკუნძულზე.
    «თურქი მესხების» საკითხი კი კვლავ გადაუწყვეტელია. ის ძალები ევროსაბჭოში, რომლებიც ნებისმიერი საბაბით ცდილობენ, არ დაუშვან საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა (რადგან არ სურთ იკისრონ პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისთვის), იღებენ შესანიშნავ საბაბს უარის სათქმელად. და ეს ზემოთ ხსენებული «დირიჟორის» კიდევ ერთი წარმატებაა.

7 დღე, 14 იანვარი, 1998 წ.