საერთაშორისო მიმოხილვა. 9 ნოემბერი. 2023 წელი
გუშინ აფხაზეთის ხელისუფლებამ მორიგი საინფორმაციო დივერსია განახორციელა. პირველ რიგში საქართველოს წინააღმდეგ თუმცა არა მხოლოდ:
აფხაზეთის ე.წ. `შინაგან საქმეთა მინისტრმა` კიუტმა განაცხადა, თითქოს აფხაზმა მწყემსებმა შენიშნეს 7 `დივერსანტი` სოხუმის მახლობლად, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ამერიკული M-4 ავტომატებით.
კიუტის თქმით, ეს ქართული დივერსიული ჯგუფი იყო, რომელიც სოხუმის აეროპორტის აფეთქებას გეგმავდა.
ყველა გზა გადაკეტეს, სამძებრო ოპერაცია დაიწყო. მოგვიანებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ უარყო საკუთარი განცხადება.
რასაკვირველია პროვოკაციაა. სინამდვილეში აფხაზი მაცხოვრებლები გადაეყარნენ უცხოელ (შესაძლოა რუს) მონადირეებს, რომლებიც კვადროკოპტერით და ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი; თუმცა ამის შემდეგ სოხუმმა ისტერიკა წამოიწყო.
რუსი პროპაგანდისტი სოლოვიოვი მაშინვე გამოვარდა: იმ დღეს, როცა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობა მიიღო, თბილისმა აფხაზეთში დივერსანტები შეაგზავნაო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სირიის არმია გუშინ თავს დაესხა ამერიკულ ბაზას და ამერიკულ კონტინგენტს. მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები.
მხარეები იყენებენ ავიაციას და არტილერიას. ბუნებრივია, ბაშარ ალ ასადი ამას ვერ გაბედავდა, რომ არა რუსეთი. როგორც ჩანს, მოსკოვთან იყო შეთანხმებული.
თავდასხმა განხორციელდა მას შედეგ, რაც ამერიკულმა და ისრაელის ავიაციამ გაანადგურეს `ჰესბოლლას` რამდენიმე პოზიცია სირიაში.
გუშინვე იემენელმა ჰუსიტებმა, რომლებსაც ირანი კონტროლებს, იემენის სანაპიროსთან ჩამოაგდეს ამერიკული დრონი MQ-9 Reaper.
ესეც ძალიან სერიოზული სამხედრო ინციდენტია. ამერიკელები არ აკონკრეტებენ, რა იარაღით ჩამოაგდეს და როგორ, თუმცა ცხადია, რომ შიიტი პროირანული ჰუსიტების ხელით ამერიკას იემენშიც ირანი ებრძვის.
იემენის დაზვერვის აუცილებლობა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ჰუსიტებმა ისრაელს ესროლეს რამდენიმე რაკეტა. მათ შორის ერთი - ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტა, რომელიც კოსმოსურ ორბიტაზე `გადაიჭირა` ისრაელის `საზენიტომ`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სფოუქსპერსონმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკვე დახარჯა ის ფული, რაც შარშან გამოყო კონგრესმა უკრაინის დასახმარებლად. ამიტომ ადმინისტრაცია ელის ახალ გადაწყვეტილებას კონგრესისგან.
როგორც ცნობილია კონგრესმა ისრაელის დახმარება დაამტკიცა, უკრაინის კი -არა. თუმცა შემდეგ ეს `გაყოფილი პაკეტი` სენატმა დაბლოკა. სენატორები მოითხოვდნენ, დახმარება `პაკეტში` ყოფილიყო უკრაინისა და ისრაელისთვის.
ამ სიტუაციის კომენტირებისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელებს `აშინებს ზოგიერთი ამერიკელი რესპუბლიკელის გამონათქვამი, თუმცა ამერიკამ რომც შეწყვიტოს უკრაინის დახმარება, უკრაინა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომს მაინც განაგრძობსო`
. . . . . . . . . . . . . . . .
აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკის საკითხებში, ჯეფრი პაიეტეკმა განაცხადა, რომ ამერიკა ყველანაირად შეუშლის ხელს რუსეთს, მოიპოვოს ბუნებრივი აირი არქტიკაში, შემდეგ იგი გაათხევადოს და გაჰყიდოს მსოფლიო ბაზრებზე.
უკვე დაახლოებით 15 წელია, ამერიკა და დასავლეთი ცდილობენ ხელი შეუშალონ რუსეთს, რათა არქტიკა გადააქციოს თავის `უკანა ეზოდ`. პუტინს მიაჩნია, რომ არქტიკა, ჩრდილო პოლუსის ჩათვლით, ლამის რუსეთის საკუთრებაა. რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს მთლიანად. რუსეთი იყენებს ატომურძრავიან ყინულმჭრელებს, რომელიც დარჩა სსრკ დანგრევის შემდეგ.
არქტიკა, ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე და მასზე არსებული კუნძულოვანი მიწები ზღაპრულად მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. მათ შორის ბუნებრივი აირითა და ნავთობით.
სხვა არქტიკული სახელმწიფოები, პირველ რიგში აშშ და კანადა, NATO-ს ჩართულობით ცდილობენ რუსეთი `შეაკავონ` არქტიკაში.
ჯერ-ჯერობით ამ მიზნით იყენებენ არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ და ფინანსურ ბერკეტებს: იმავე პაიტეკის თქმით, ამერიკა და დასავლეთი დაასანქცირებს იმ რუსულ კომპანიებს, რომლებიც არქტიკის სიმდიდრეთა მისაკუთრებაში მონაწილეობენ. იგულისხმება ტექნოლოგიების დაბლოკვა.
რუსული გაზ და ნავთობ მომპოვებელი კომპანიები მთლიანად დასავლურ მოწყობილობასა და ტექნოლოგიებზე არიან დამოკიდებულნი. ამას ჩინურით ვერ ჩაანაცვლებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის საგარეო დაზვერვამ `მოსსად`, ბრაზილიურ სპეცსამსახურებთან ერთად ბრაზილიის ტერიტორიაზე განახორციელა სპეცოპერაცია ტერორისტული ორგანიზაცია `ჰესბოლლას` `უჯრედების` გასანადგურებლად. ანუ ტერორისტული `ბუდეებისა`, რომლის წევრები ბრაზილიის ტერიტორიაზე ებრაელების, ასევე ებრაული ორგანიზაციების წინააღმდეგ ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.
რამდენიმე ტერორისტი დაპატიმრებულია; ისრაელი და ბრაზილია აცხადებენ, რომ ტერორისტული აქტების აღკვეთა შეძლეს.
ეს რაღაც ახალია: ისრაელი ბრაზილიაში ეომება პროირანულ `ჰესბოლლას`, რომელიც სინამდვილეში არის ირანის Proxy. ანუ მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს ბრძოლა.
თუმცა `მოსსადს` დიდი გამოცდილება აქვს სამხრეთ ამერიკაში მუშაობისა: სწორედ იქედან მოიტაცეს თავის დროზე ეიჰმანი და სხვა ნაცისტი სამხედრო დამნაშავეები
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავს FOX-ის ყოფილ წამყვანს, ტაკერ კარლსონს.
ეს არის კატასტროფა: ტაკერ კარლსონი პუტინისტი და სკანდალისტია. როგორც ჩანს ტრამპს ის მოეწონა, რომ ტაკერი 2020 წლის არჩევნებს `მოპარულად` აცხადებდა. საბოლოოდ სწორედ ამ განცხადებების გამო იგი `გაუშვეს` მერდოკებმა FOX -იდან.
ბოლო გამოკითხვებით, დონალდ ტრამპი უკვე სამი პუნქტით (45%-42%) უსწრებს ბაიდენს წინასაარჩევნო რეიტინგში.
ამასობაში, დონალდ ტრამპმა პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა ჯო ბაიდენისა და `დემოკრატების` წინააღმდეგ საარჩევნო ომში: მინესოტას შტატის უმაღლესმა სასამართლომ უარყო `დემოკრატების` სარჩელი, რომ ტრამპს აკრძალვოდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აშშ კონსტიტუციის მე 14 შესწორების თანახმად, რომელიც კრძალავს არჩევნებში იმ ყოფილი თანამდებობის პირთა მონაწილეობას, ვინც მანამდე აჯანყებას აწყობდა კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ.
მოსარჩელე დემოკრატები თვლიდნენ, რომ დონალდ ტრამპი სწორედ აჯანყებას აწყობდა 2021 წლის იანვარში, როცა მისი მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
მაგრამ მინესოტას უმაღლესმა სასამართლომ ეს არგუმენტები არ გაიზიარა.
`არ გაიზიარა` იმიტომ, რომ სინამდვილეში ამერიკული Deep state ანუ გადაწყვეტილების მიმღები ბიუროკრატია ერიდება ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს, როცა ტრამპს მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს მთელს ამერიკაში და უსწრებს კიდეც უკვე რეიტინგით ბაიდენს.
. . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ რუსეთის ბანკებში ამერიკელთა და ევროპელთა რამდენიმე მილიარდი დოლარია გაყინული. პუტინმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ამერიკამ და დასავლეთმა გაუყინეს სახელმწიფო აქტივები 300 მილიარდი დოლარის ოდენობით.
რა თქმა უნდა ამერიკელ და ევროპელ ბიზნესმენებს ბევრად ნაკლები თანხა ჰქონდათ რუსულ ბანკებში, თუმცა ეს მაინც მტკივნეულია მათთვის.
მაგრამ როგორც გუშინ განაცხადა აშშ სახმდივნის მოადგილემა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ო ბრაიანმა, რუსეთი ამ 300 მილიარდ დოლარს ვერ მიიღებს, სანამ უკრაინას არ აუნაზღაურებს ზარალს. ეს ზარალი კი 300 მილიარდზე მეტია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ილჰამ ალიევი აგრძელებს დამარცხებული მტრის სასტიკ დამცირებას: გუშინ მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ ხანკენდიში, რომელსაც სომხები ადრე სტეფანაკერტს უწოდებდნენ, ალიევმა სამხედრო აღლუმი ჩაატარა: იდგა ტრიბუნაზე და მის წინ გაიარეს არა მხოლოდ აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფებმა, არამედ ის სამხედრო ტექნიკაც გაატარეს, რაც სომხებმა დათმეს კაპიტულაციის დროს.
საბოლოოდ რომ გაესრისა დამარცხებული მტერი, ალიევმა ბრძანა, დაემზადებინათ კედელი სომხური საავტომობილო ნომრებით და ეს კედელიც გაატარეს აღლუმზე.
საქმე ის გახლავთ, რომ 1993 წელს, როცა სომხეთმა რამდენიმე ბრძოლაში დაამარცხა აზერბაიჯანი, მათ ზუსტად ასეთივე კედელი დაამზადეს აზერბაიჯანული საავტომობილო ნომრებისგან.
ერთი სიტყვით სიტუაცია ძალიან ჰგავს იმას, რაც გერმანელებსა და ფრანგებს შორის მოხდა 1918-1940 წლებში.
შეგახსენებთ, რომ 1918 წლის ნოემბერში, პარიზთან, კამპიენის ტყეში, გამარჯვებულმა ფრანგებმა დამარცხებულ გერმანელებს ხელი მოაწერინეს კაპიტულაციაზე.......1940 წელს, გამარჯვებულმა გერმანელებმა იმავე ტყეში, იმავე მატარებლის ვაგონში, იმავე საწერ-კალმით (როგორც ამბობენ, რაკი იმ საწერ-კალამს ფრანგები ინახავდნენ) მოაწერინეს ხელი ფრანგებს კაპიტულაციის აქტზე.
მოკლედ....აზერბაიჯანელები ტკბებიან დიდი ისტორიული გამარჯვებით, ხოლო თვით ილჰამ ალიევმა, რომელიც ამ აღლუმზე სამხედრო ფორმაში იდგა და სტალინივით იღიმებოდა, არა მხოლოდ თვითონ, არამედ საკუთარ შვილიშვილიშვილიშვილს გაუნაღდა ალბათ პრეზიდენტობა: აზერები უბრალოდ აღმერთებენ.