გალში ტერორი მძვინვარებს

გალში ტერორი მძვინვარებს

 

    8 დეკემბერს ქართველ პარტიზანთა რაზმმა განახორციელა უაღრესად წარმატებული დივერსიული აქტი, რის შედეგადაც სოფელ რედეთან განადგურდა ე.წ. «აფხაზური არმიის» სამი მაღალი ჩინის ოფიცერი (მათ შორის, «გენერალური შტაბის» უფროსი) და მძიმედ დაიჭრა ორი აფხაზი «ბოევიკი».
    ქართველი პარტიზანები ამ შემთხვევაში ძალზე მაღალპროფესიულად მოქმედებდნენ. მათ, ფაქტობრივად, არც ერთი შეცდომა არ დაუშვიათ ამ დივერსიული აქტის განხორციელებისას. მტრის შეიარაღებული ძალების სამი ხელმძღვანელი ლიკვიდირებულია იმ დროს, როდესაც ისინი სამხედრო ობიექტთა ინსპექტირებას ახორციელებდნენ.
    სეპარატისტებს ამჯერად არავითარი საფუძველი არა აქვთ, ქართულ სპეცსამსახურებს ან «ქართველ ტერორისტებს» ბრალად დასდონ «მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა». პირიქით, მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას სწორედ აფხაზური მხარე ახორციელებს: რადგან ქართველი პარტიზანები ვერ მოიხელთა, შური იძია სოფლის უმწეო ქართულ მოსახლეობაზე. აფხაზებმა «შურისძიების მიზნით» უკვე მოკლეს ათამდე ქართველი, 60 კი ტყვედ აიყვანეს. თუმცა საეჭვოა, ამან პარტიზანული მოძრაობა შეაჩეროს, ვინაიდან ეს მოძრაობა თვით აფხაზეთში წარმოიშვა. საქართველოს სპეცსამსახურებს შეეძლოთ მხოლოდ მისი მხარდაჭერა, მაგრამ არა პროვოცირება და ინიცირება.
    რაც უფრო გაძლიერდება «აფხაზური წნეხი», მით უფრო ძლიერი იქნება საპასუხო წინააღმდეგობა, ანუ აფხაზურ ფაშისტურ ტერორს დაუპირისპირდება ქართველ პარტიზანთა საპასუხო ტერორი. რეალურად, გალის რაიონში აფხაზები შესვლას ვერც უნდა ბედავდნენ, რადგან ეს რაიონი ყოველთვის «ქართული» იყო. როგორც ჩანს, ამჟამად უკვე სუსტდება «შიში» სინდრომი, რომელმაც ომში ქართული მხარის დამარცხება გამოიწვია, სეპარატისტთა უძლეველობის ჰიპნოზური შთაბეჭდილება ვეღარ აბრმავებს პარტიზანებს, რომელთაც შურისძიება სწყურიათ.
    გალში პარტიზანული მოძრაობით სეპარატისტებმა შეიძლება გაცილებით მეტი დაკარგონ, ვიდრე აშკარა, ღია საბრძოლო მოქმედების შედეგად. სეპარატისტები საქართველომ უნდა დაამარცხოს მათივე იარაღით, ანუ პარტიზანთა მოულოდნელი თავდასხმით, სწრაფი შეტევით, დივერსიული აქტებით, სეპარატისტთა ლიდერების ფიზიკური ლიკვიდაციით, კომუნიკაციათა, მნიშვნელოვან სამეურნეო ობიექტთა აფეთქებით და ა.შ.
    საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს. ყოველ შემთხვევაში გალის რაიონში, ვინაიდან აფხაზებმა შესანიშნავად იციან, რომ ეს რაიონი მათი არასოდეს ყოფილა - გალში ისინი თავს ისევე გრძნობენ, როგორც ქართველი იგრძნობდა დღეს თავს გუდაუთის რაიონში. თუ მოვლენები ასევე განვითარდა, ანუ ქართველმა პარტიზანებმა გააძლიერეს ტერორი აფსუა ფაშისტების წინააღმდეგ, მაშინ არ არის გამორიცხული, შეიქმნას პარადოქსული ვითარება, როდესაც აფხაზები თავად მოითხოვენ რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას. სრულმაშტაბური კონფლიქტის განახლება მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, ვიდრე სტატუს-კვოს შენარჩუნება. სეპარატისტები უკვე ქმნიან შესაბამის პროპაგანდისტულ ფონს საამისოდ და ემზადებიან «აფხაზეთის წინააღმდეგ ახალი ქართული აგრესიის» თაობაზე ისტერიკის ასატეხად.

«მერიდიანი», 13 დეკემბერი, 1996 წელი.