ოსები საბაჟოსა და დამოუკიდებლობას იმტკიცებენ

ოსები საბაჟოსა და დამოუკიდებლობას იმტკიცებენ

 

        სრული კრახით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ და ოსურ მხარეებს შორის «ერთობლივი საბაჟო კონტროლის» თაობაზე, რომელიც ბრიტანული ფირმა «აი-ტი-ეს»-ის მიერ უნდა განხორციელებულიყო. ოსებმა, რასაკვირველია, არათუ უარი განაცხადეს, არამედ არც კი განიხილეს წინადადება, რომლის თანახმად, ბრიტანელ მებაჟეებს (ქართველ და ოს მებაჟეებთან ერთად) როკის გვირაბთან უნდა გაეკონტროლებინათ შემომავალი ტვირთები.
        ოსების განცხადებით, როკის გვირაბი «ოსეთის რესპუბლიკის» ტერიტორიაზე მდებარეობს. ამიტომ, საქართველოსა და ბრიტანულ ფირმას შორის მიღწეული შეთანხმება მას არ ეხება. ოსი სეპარატისტები მზად იყვნენ განეხილათ მხოლოდ და მხოლოდ «სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს» შორის საზღვარზე ერთობლივი საბაჟო კონტროლის საკითხი – ისიც, ოდენ მათთვის ხელსაყრელი პირობებით.
        რა თქმა უნდა, ოსი სეპარატისტები არც ოდესმე დაგვთანხმდებიან, რომ საქართველომ კონტროლი დააწესოს როკის გვირაბზე – ის მათთვის არა მხოლოდ ეკონომიკური სარგებლიანობის (საქართველოსათვის განკუთვნილი ტვირთების სატრანზიტო საბაჟო შემოსავლები «ოსეთის» ბიუჯეტს ამდიდრებს) საკითხია, არამედ «დამოუკიდებლობის» სიმბოლოცაა.
        მათი პოზიცია გასაგებია; მაგრამ გაუგებარია საქართველო რატომ არ იყენებს იმ ბერკეტებს, რომლებიც უდავოდ აქვს, რათა თვით რუსეთი აიძულოს, ჩაკეტოს როკის გვირაბი ჩრდილოეთ ოსეთის, ანუ საკუთრივ რუსეთის მხრიდან?
        თუ მაგალითად, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთი ამას არ გააკეთებს, მაშინ საქართველომაც აამოქმედოს თბილისი-გროზნოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რისიც ძალიან ეშინია მოსკოვს – მით უმეტეს, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ჩრდილო კავკასიაში ახალი ომი იწყება.

        რუსეთისათვის, რა თქმა უნდა, ყველაზე ხელსაყრელია იმგვარი ვითარება, როდესაც საქართველო არ ხსნის ჩეჩნეთთან დამაკავშირებელ გზას, ხოლო თვითონ რუსეთი თითქმის არაფრით ზღუდავს ოს და აფხაზ სეპარატისტებს.
        ამ მდგომარეობას ოდესმე ბოლო უნდა მოეღოს – რაც ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. თუ საქმე არ გაირთულე და არავის არაფერი აწყენინე (შენი წყენინების საპასუხოდ), მაშინ ყველა ადვილად დაგჩაგრავს და სულაც არ გაითვალისწინებს შენს ინტერესებს.
        რას იზამ, ხშირად, დიდ პოლიტიკაში, ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობის ლოგიკა მოქმედებს ისევე, როგორც ოსი სეპარატისტები არასდროს არაფერს დათმობენ, ვიდრე იძულებული არ გახდებიან დათმონ.

მერიდიანი, 16 აგვისტო, 1999 წელი