საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ნოემბერი. 2024 წელი
საოცარი ციფრები: ამერიკაში ოფიციალურად რეგისტრირებული 168 მილიონი ამომრჩევლიდან 75 მილიონმა უკვე მისცა ხმა.
აქედან 40 მილიონი მივიდა Early vote უბნებზე და კიდევ დაახლოებით 35 მილიონმა ფოსტით გააგზავნა თავისი ხმა.
168 მლნ ------ 75მლნ.
ანუ......თითქმის ნახევარი!
სრულად ნახევარი არა, მაგრამ „შესადარად“ თითქმის ნახევარია.
შედეგი არ ცხადდება ოფიციალურად, თუმცა არაოფიციალურად (ამერიკულ პრესას რაიმე გამოეპარება?-დ.) „გაჟონილი“ ინფორმაციით, კამალა ლიდერობს.
აქ არავითარი მოულოდნელობა არაა:
2020 წელს „დემოკრატებმა“ (ბაიდენმა) სწორედაც „ფოსტით ხმის მიცემის“ შედეგად მოუგეს ტრამპს და ამას ყვიროდა დონალდი: Early vote „დემოკრატებს“ უფრო აწყობთ, რაკი ამგვარ ხმის მიცემაში უფრო მათი ამომრჩევლები მონაწილეობენო.
თუმცა „ფოსტით ხმის მიცემას“ ამერიკის კანონმდებლობა ითვალისწინებს და როგორც წინა მიმოხილვაში მოგახსენეთ, ეს პრაქტიკა საზარელმა კოვიდ-პანდემიამ დაამკვიდრა.
ამერიკელებს კი....მოეწონათ:
მიხვალ ქუჩაში სპეციალურ (!) საარჩევნო-საფოსტო ყუთთან, ჩააგდებ კონვერტს საგანგებოდ შევსებული ბიულეტენით და...წახვალ შენთვის.
არ წუხდები არაფერზე.
ბოლო დროს ამერიკის რამდენიმე შტატში დაფიქსირდა ამ „სპეციალური საფოსტო ყუთების დაწვის“ შემთხვევები.
დამნაშავეები დააკავეს და.... უმეტესწილად „რესპუბლიკელები“ ანუ MAGA აღმოჩნდნენ გარდა მანიაკი „პირომანებისა“, ანუ ცნობილი ფსიქიკური აშლილობით დაავადებულების, რომლებსაც მანია აქვთ რაიმე დაწვან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სოციალური ქსელების ძალა: 500 000 გამომწერი ჰყავდა X-ზე ნიუ იორკის შტატის მაცხოვრებელს, ვინმე ჯეკ ლონგოს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ სახლში მოიყვანა უპატრონო ციყვი (ქუჩაში იპოვა მას შემდეგ რაც იმ ციყვის მშობელი ავტომანქანამ მოკლა) და გაზარდა.
ფოტოებს აქვეყნებდა.
გამომწერებს მოსწონდათ, უყვარდათ ციყვი სახელად „არაქისი“....
მაგრამ ლონგოს მეზობლებმა უჩივლეს: ულიცენზიოდ გარეული ცხოველი ჰყავს სახლში, ბავშვებს ქუჩაში ვერ ვუშვებთ, ვაითუ ცოფი დაემართოსო და......კანონის თანახმად, რომელიც ნიუ იორკში კრძალავს სპეციალური ლიცენზიის გარეშე გარეულ ცხოველებს (ციყვი ძაღლი არ არის და არც კატაა-დ.) მფლობელთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები სპეციალური სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ციყვი არაქისი წაიყვანეს ძალით და.....დააძინეს ანუ მოკლეს.
ამაზე დღეს ამერიკაში ამბავია ატეხილი............
X მფლობელმა ილონ მასკმა აშკარად უბრძანა თავის ტოპ-მენეჯმენტს ეს სთორი „დაებუსტათ“ და დემოკრატებს, პირადად კამალა ჰარისს (NY „დემოკრატიული შტატია“-დ.) არაადამიანურობაში, მხეცობაში, არამზადობაში, ფაშისტობაში დასდო ბრალი - ციყვი როგორ მოკალითო.
დონალდ ტრამპის შვილიც ჩაერთო ამ კამპანიაში იგივე ნარატივით „დემოკრატების“ საწინააღმდეგოდ - მხეცი და არაადამიანი ხარ კამალაააააააააა!
უცნობია, რამდენ ხმას წაართმევს ეს ისტერია ახლა კამალა ჰარისს, მაგრამ რაღაც გავლენა რომ ექნება ზეგინდელ კენჭისყრაზე, უკვე აშკარაა:
500 000 გამომწერი ჰყავდა ლონგოს, მაგრამ ამ ისტორიას ათეულობით მილიონი ადევნებს ახლა თვალს იმავე X-ზე თუ FB-ზე და ასეულობით მილიონი ტელემაყურებელი კიდევ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
Rasmussen Reports და American thinker ცნობით, არჩევნებამდე 3 დღით ადრე კამალა ჰარისმა 1%-ით გაუსწრო გამოკითხვებით დონალდ ტრამპს მიჩიგანის შტატში.
49-48% თანაფარდობა.
თუმცა ცდომილება 3-$%ია, მაგრამ მაინც.
მივაქციოთ ყურადღება, რომ 17 ოქტომბერს, იმავე რესურსთა გამოკითხვით, კამალასა და დონალდს შორის „ყაიმი“ იყო.
კიდევ რამდენიმე პროცენტი ამბობს, რომ ვიღაც მესამე კანდიდატს აძლევს ხმას.
სინამდვილეში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ორი კი არა (ანუ „დემოკრატი“ და „რესპუბლიკელი“) არამედ უამრავი კანდიდატი მონაწილეობს.
რატომ არის მიჩიგანის შტატი მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ მაგალითად შტატ პენსილვანიასთან ერთად განეკუთვნება ე.წ. „მერყევ“ შტატებს, სადაც ამომრჩევლებს არა აქვთ მყარი მისწრაფებები ერთი ან მეორე კანდიდატის, ერთი ან მეორე პარტიის მიმართ.
ანუ....... არსებობენ „ლურჯი“ შტატები („დემოკრატების უპირატესობით) და არსებობენ „წითელი შტატები“ (სადაც უპირატესად „რესპუბლიკელები იმარჯვებენ) 5 ნოემბრის არჩევნების ბედს კი სწორედაც ეს რამდენიმე შტატი გადაწყვეტს: პენსილვანია, ჯორჯია, ჩრდილო კაროლინა, მიჩიგანი, არიზონა, ვისკონსინი, ნევადა.
აი ამ 7 „მერყევი“, „გადაუწყვეტელი“ შტატიდან კამალა იგებს ჯერ ჯერობით ოთხს!
ანუ ნამდვილად აქვს უპირატესობა და ისტორიული გამოცდილებით, როცა Nationwide ესე იგი მთელი ამერიკის კალიბრირებით კანდიდატებს შორის სხვაობა დიდი არ არის, არჩევნებს ტრადიციულად იგებს ის კანდიდატი, რომელიც „წაიღებს“ „მერყევ შტატებს“.
თუმცა......ბევრჯერ გვითქვამს: ესოდენ განუჭვრეტელი არჩევნები ამერიკაში ჯერ არ ყოფილა.
ასევე ბევრჯერ გვითქვამს, რომ აუცილებელია მუდამ გვახსოვდეს: ამერიკაში პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები არ ტარდება! შტატებში კენჭისყრით შტატების მაცხოვრებლები ირჩევენ „ხმოსნებს“, რომლებიც შემდეგ ირჩევენ სახელმწიფოს მეთაურს კონვენტზე!
ამიტომ პატარა შტატებს არანაკლები მნიშვნელობა აქვთ ვიდრე კალიფორნიას და ნიუ იორკს.
გადამწყვეტი და რეპრეზენტაციული რასაკვირველია არ არის, მაგრამ მაინც გარკვეულ ყურადღებას აქცევენ ახლა ამერიკაში ბუკმეკერთა ფსონებს.
უკანასკნელი ცნობებით, ბუკმეკერები 63% პროგნოზირებენ ტრამპის გამარჯვებას ქვეყნის მასშტაბით ანუ Popular vote და მხოლოდ 57% - კამალა ჰარისისა.
ოღონდ ჯერ ერთი, როგორც მოგახსენეთ, ბუკმეკერთა ფსონები სოციოლოგიურად რეპრეზენტაციული ვერ იქნება (იმიტომ, რომ მხოლოდ კონკრეტული, არც თუ ფართო სოციალური სტრატი და კლასტერი მონაწილეობს ამგვარ „აზარტში“ თუ „გემბლინგში“) და მეორეც....მთელი ამერიკის მასშტაბით 2016 წელს ჰილარი კლინტონმა მოიგო, - ამერიკელთა უმრავლესობამ სწორედ ჰილარის დაუჭირა მხარი და არა დონალდს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ტრამპი გახდა მაშინ და არა კლინტონი ზუსტად იმიტომ, რომ პატარა შტატების, ხშირად იგივე „მერყევი შტატების“ უდიდესი ნაწილი მოიგო და მათი „ხმოსნები“ მთლიანად „წამოიღო“.
„ხმოსნების“ არჩევა ხდება „მაჟორიტარული“ პრინციპით: ხმები კი არ იყოფა ამომრჩეველთა პროცენტის შესაბამისად, არამედ ვინც იგებს შტატს, იმას „მიაქვს“ ხმოსნების 100%.
ბევრი ლაპარაკობდა, ლაპარაკობს და ილაპარაკებს რასაკვირველია ამერიკაშიც და მთელს მსოფლიოშიც, რამდენად სწორი და სამართლიანი ან...... ბოლოს და ბოლოს დემოკრატიულია ამგვარი სისტემა, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი კანდიდატი იღებს ხმების უმრავლესობას, მაგრამ პრეზიდენტი მისი მოწინააღმდეგე ხდება, მაგრამ....ამერიკა ფ ე დ ე რ ა ც ი უ ლ ი სახელმწიფოა:
ამ ქვეყნის გენიალურმა მამა-დამფუძნებლებმა ზუსტად განჭვრიტეს, რომ თუ ეს პრივილეგია და უპირატესობა არ ექნებოდათ „პატარა შტატებს“, ისინი „დაიჩაგრებოდნენ“ დიდი შტატების ჩრდილქვეშ.
ეს კი საფრთხეს შეუქმნიდა ამერიკის ფედერალურ სახელმწიფოს The united states of America: პრეზიდენტობის კანდიდატები პატარა შტატებში იმაზე დიდ დროს ატარებენ კამპანიისას, ვიდრე კალიფორნიაში ან ტეხასში მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში არ ყოფილან უამრავ შტატში და მთელი ცხოვრება აზრადაც არ მოუვიდოდა იქ ემოგზაურათ, მაგრამ....სისტემა აიძულებთ პატივი სცენ მცირერიცხოვან შტატებს და ამით პატივი სცენ ამერიკის ფედერაციულ ბუნებას.
ამერიკაში სავსებით შესაძლებელია 200-300 ხმამ გადაწყვიტოს გრანდიოზული სახელმწიფოს ბედი.
როგორც ერთხელ უკვე მოგახსენეთ, ზუსტად ასე მოხდა 2 000 წლის ჯორჯ ბუშ-ელ გორის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, როცა ჯორჯ ბუშმა მოიგო სულ რამდენიმე ასეული ხმით ფლორიდა (ჰმ.....სადაც მისი ძმა იყო გუბერნატორი.......თუმცა ეს სხვა თემაა-დ.) ამით „წაიღო“ ხმოსნების 100% ამ შტატიდან და მოიგო 300 მილიონიანი სახელმწიფოს პრეზიდენტობაც!
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ავსტრალიამ უკრაინას გადასცა JDAM-ER „მოფარფატე“, „პლანირებადი“ ბომბები.
ეს ნამდვილად დიდი შენაძენია უკრაინის არმიისთვის, რადგან შეუძლია გამოიყენოს ისევე, როგორც რუსეთი იყენებს ანალოგიურ ბომბებს დონბასზე და სწორედ მათ განაპირობეს რუსული არმიის ნაწილობრივ წინსვლა/წარმატება დონბასზე ბოლო დროს.
ავსტრალიის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ ეს ქვეყანა სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს ევრაზიის საკითხებში და სულაც არ არის „გლობალური პროვინცია“ - ქართულად თუ ვიტყვით „სადღაც მიყრუებულში“.
ავსტრალიურ ელიტათა „ევრაზიული ამბიცია“ (უპირველესად ჩინეთის ექსპანსიით გამოწვეული) აბსოლუტურად ჯანსაღია და ნაწილობრივ ინსპირირებულია, კულტივირებულია ამერიკის მიერ - ამერიკის AUKUS (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი ამერიკა) ინდო-წყნაროკეანური პროექტით რომელიც „წყნარი ოკეანის“ სამხედრო ალიანსის POTO ჩანასახია.
ავსტრალიური ელიტების ეს გადაწყვეტილებები იმის დადასტურებაა, რომ გლობალურ გეოპოლიტიკურ „კლინჩსა“ და „ჯახში“ სადღაც „გვერდით“ ვერანაირად ვერ გადგები...გარემოებანი გაიძულებენ პოზიცია დაიკავო.