საერთაშორისო მიმოხილვა. 9 იანვარი 2024 წელი
CNNმა მიაქცია ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან (და სახიფათო) ტენდენციას: სულ უფრო მეტი ჩინელი ცდილობს მექსიკის გავლით მოხვდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დავაკვირდეთ ციფრებს: 2023 წლის ბოლომდე, ამერიკის სასაზღვრო უწყებამ აშშ-მექსიკის საზღვართან დააკავა 31 000 ჩინელი უკანონო ემიგრანტი. არადა წინა წლებში იმ ჩინეთის მოქალაქეთა საშუალო რიცხოვნობა, რომლებსაც საზღვრის ამ მონაკვეთზე აკავებდნენ სულ 1500 იყო!
კოლოსალური ზრდაა.
ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ
ა) Covid-19 პანდემიის შედეგად უამრავი ჩინელი დარჩა უმუშევარი. განსაკუთრებით ახალგაზრდები
ბ) მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი „მსოფლიოს მეორე ეკონომიკად“ ითვლება და რაღაც მაჩვენებლებით კიდეც უსწრებს ლიდერს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, GDP-Per capita ანუ ერთ სულზე შემოსავალი ჯერ კიდევ შეუდარებლად (!) დაბალია ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში.
გ) ჩინეთის ეკონომიკა ბოლო დროს მნიშვნელოვნად „შენელდა“, რისი კატალიზატორიც და, იმავდროულად, მაჩვენებელიც ხდება ჩინეთის გრანდიოზულ „უძრავი ქონების ბაზარზე“ გაბერილი უზარმაზარი ფინანსური „ბუშტი“, რომელიც ნაწილობრივ აფეთქდა კიდეც უკვე და ეკონომიკას ჩამოქცევით ემუქრება
დ) სი ძინპინის ავტორიტარული, უკვე შეუზღუდავად ავტოკრატიული რეჟიმის „დამძიმება“ ჩინეთის კომპარტიის XX ყრილობის შემდეგ.
მე, როგორც ექსპერტი, ყველა ამ მიზეზს მხედველობაში მივიღებდი, თუმცა CNN ავტორი რომ ვიყო, დავამატებდი კიდევ ერთ სავარაუდო მიზეზს: 1500-დან - 30 000-მდე ოდენობის ასე „ფეთქებადად“ ზრდა შესაძლოა (!) განპირობებული იყოს იმავე XX ყრილობის შემდეგ ჩინეთის ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის გამკაცრებით, რისი ერთ-ერთი მახასიათებელიცაა დასავლეთში, უპირველესად მთავარ „მეტოქე ქვეყანაში“, ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოგრაფიული ექსპანსიის გაძლიერება.
რაც უფრო მეტი ჩინელი იქნება ამერიკაში და ევროპაში, რაც უფრო გაიბერება და გაძლიერდება „ჩაინათაუნები“ ამერიკის ქალაქებში, მით უფრო მეტი ბერკეტი და შესაძლებლობა ექნება ჩინეთს იმ ქვეყნის პოლიტიკაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს.
ბუნებრივია, ამ პოლიტიკის განხორციელებისას ჩინური სპეცსამსახურები ობიექტურ წინაპირობებსაც იყენებენ (ა, ბ, გ, დ.) მაგრამ ხდება მათ მიერ ამ წინაპირობათა და მოტივაციათა „ინსტრუმენტალიზება“, რაკი სპეცსამსახურებს უამრავი ბერკეტი აქვთ ჩინეთის შიგნით, რათა „საჭირო“ პროცესი დააპროვოცირონ და ამერიკისკენ მიმართონ ფარული ან ღია პროპაგანდით;
განსაკუთრებით ჩინეთის რეგიონულ დონეზე.
იმ „უკანონო მიგრანტებიდან“ კიდევ რამდენია დავერბოვკებული აგენტი, ვინც ამერიკაში „ფესვებს გაიდგამს“ და „მძინარე აგენტთა“ კატეგორიაში გადავა, კიდევ ცალკე თემაა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მნიშვნელოვანი ამბავია, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი Yoko Kamikawa ჩავიდა ვიზიტით კიევში და პრეზიდენტ ზელენსკის იაპონიისაგან ყოველგვარ დახმარებას შეჰპირდა.
პირველი ტრანში NATOს საერთო ფონდში უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის თითქოს არც ისე ბევრია - სულ 37 მილიონი დოლარი, - მაგრამ აქ ბევრად მნიშვნელოვანი ის არის, რომ იაპონია მზადაა უკრაინას დაეხმაროს ამერიკული Patriot სისტემათა მიწოდებაში.
არ არის გამორიცხული იაპონიაში მოიხსნას მორიგეობიდან ეს შესანიშნავი ამერიკული სისტემა და უკრაინას გადაეცეს.
დავაკვირდეთ რა ფრთხილად, ტექნოლოგიურად, თუმცა მიზანმიმართულად მოქმედებს აქ ტოკიო: თუკი ამერიკელები მოხსნიან იაპონიაში მორიგეობიდან ამ რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, ამით იაპონიის თავდაცვას ბევრი არაფერი მოაკლდება, რადგან იქვეა ზემძლავრი ამერიკული „წყნარი ოკეანის ფლოტი“, რომელზეც განლაგებულია ამ სისტემათა „საზღვაო-სახომალდო“ ბაზირების ანალოგები, თუმცა პარალელურად, იაპონია მიიღებს ვაშინგტონისგან ნებართვას, თავად დაიწყოს ასეთი სისტემების განვითარება: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიას არმიის შექმნა აკრძალული აქვს და დღემდე მოქმედებს ზოგიერთი შეზღუდვა იარაღის წარმოებაში.
მერედა, განა იაპონიის გენიალურ ინდუსტრიას გაუჭირდება საუკეთესო სისტემები შექმნას?
რაც შეეხება Patriot-ს, ეს ამერიკული სისტემა ნამდვილად საუკეთესო გამოდგა.
ამერიკელებმა პირველად „გამოცადეს“ იგი არა ერაყში, არა ახლო აღმოსავლეთში, არამედ შედარებით მოწინავე სარაკეტო იარაღის მქონე ქვეყნის (რუსეთის) წინააღმდეგ.
„ჰამასის„ და „ჰესბოლლას“ რაკეტებს რომ აგდებდა, ცხადია, მაგრამ რუსულ „კალიბრებს“ და „კინჟალებს“ რომ ანადგურებს ჰაერში, ეს არის ყველაზე მთავარი.
პრობლემა ისაა, რომ Patriot ცოტაა; ძალიან ძვირადღირებულია - მილიარდ დოლარამდე (!) ღირს. ამიტომ ამერიკელები და მისი მოკავშირეები იძულებულნი ხდებიან Patriot მოხსნან მორიგეობიდან, რათა უკრაინას დაეხმარონ.
პუტინმა ეს სისუსტე იყნოსა. ამიტომ უკრაინას უკვე ძირითადად ბალისტიკური და არა ფრთოსანი რაკეტებით ბომბავს, რადგან განსხვავებით ფრთოსანი რაკეტებისგან, რომლებსაც სხვა სისტემებიც წარმატებით ანადგურებს, ბალისტიკური რაკეტების განადგურება (მაგალითად SS-26 Iskander), ასევე კორეული და ირანული ბალისტიკური რაკეტებისა) მხოლოდ Patriotს ძალუძს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
შვედეთის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალმა, მიქეილ ბიუდენმა შვედებს მოუწოდა „ემზადონ დიდი ომისთვის“;
მისი თქმით, აუცილებელია შვედებმა გაამაგრონ საკუთარი სახლები; გააღრმავონ სარდაფები, აღჭურვონ ისინი ბეტონის ფილებით, სახურავით, მოიმარაგონ პროვიანტი, საკვები, ბატარეები, ჩაეწერონ რეზერვში, ბავშვებს გააცნონ სად მდებარეობენ მასობრივი თავშესაფრები და ა.შ და ა.შ.
ნიშანდობლივია, რომ ეს განცხადება შვედეთის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შვედეთი „თითქმის“ უკვე NATO-ს წევრია და დამთავრდა დიდი ეპოქა, როცა XVIII საუკუნეში, რუსეთის იმპერატორ „პეტრე დიდთან“ დამარცხების შემდეგ, შვედეთმა, ერთი ისტორიკოსის აზრით „გადაინაცვლა ისტორიის სცენიდან - მაყურებელთა პარტერში“
ოღონდ აქ კიდევ ერთი მომენტია აუცილებლად გასათვალისწინებელი: NATO-ში მოქმედებს დაუწერელი კანონი, წესი, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები არ აკეთებენ ასეთ დონეზე განცხადებებს თუ ეს საერთო პოზიცია არ არის და არ არის შეთანხმებული მთლიანად NATOს მეგა-ნარატივის ფარგლებში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კულუარებში „დიდი ომისთვის“ მზადება მართლაც მიმდინარეობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ თავდაცვის სამინისტროს (პენტაგონის) სფოუქსპოერსონმა, პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ამერიკა არ გეგმავს ჯარების გაყვანას ერაყის ტერიტორიიდან.
ეს იყო პასუხი ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ ას სუდანის ფრაზაზე, რომ მას შემდეგ რაც ამერიკელებმა „დაარტყეს“ შიიტური დაჯგუფების შტაბ-ბინას ერაყში, „ამერიკული ძალების ჩვენთან ყოფნის ლეგიტიმურობას საფუძველი ეცლებაო“.
როგორც ჩანს, ამერიკელები ამ განცხადებამ გააღიზიანა.
ოფიციალურად ამერიკული კონტინგენტი ერაყში იმყოფება ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი ფუნქცია შემოიფარგლება ISIL წინააღმდეგ ბრძოლით.
ერაყის ხელისუფლებას ძალიანაც მოსწონდა, რომ ამერიკული ძალები იცავდნენ მას ისლამისტი ფანატიკოსებისგან, მაგრამ ირანის გაღიზიანება (პროირანული და ანტიისრაელური დაჯგუფების დაბომბვით) არ ეპიტნავათ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში, ურალზე, Нижний Тагил-ში უკრაინელებმა სარკინიგზო სადგურზე აფეთქება მოაწყვეს.
ეს ინციდენტი ადასტურებს, რამდენად „შორს არიან“ წასული რუსეთის სიღრმეში უკრაინული სპეცსამსახურები.
პირველ რიგში სამხედრო დაზვერვა.
არათუ ურალზე, არამედ შორეულ აღმოსავლეთშიც აწყობენ დივერსიებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში „ბენზინის კრიზისია“: რუსული კომპანია Роснефть ამიერიდან მონოპოლისტია სეპარატისტულ ტერიტორიაზე ბენზინის მიწოდების თვალსაზრისით; ეს სახელმწიფო კომპანიაა და პუტინი ახლა იყენებს ზეწოლის ბერკეტად, რათა აიძულოს აფხაზეთის სეპარატისტულ-ნაცისტური ხელისუფლება, შეასრულოს მისი მოთხოვნები.
აფხაზეთის კომპანიებმა, რომლებიც მანამდე ყიდულობდნენ ბენზინს არა რუსული სახელმწიფო კომპანიისგან, არამედ თათრეთისგან, ბაშკირეთისგან და ა.შ. უარი განაცხადეს კონტრაქტები გაეფორმებინათ Роснефть-თან.
შედეგად, აფხაზეთში ბენზინი ჯერ კიდევ არის მხოლოდ და მხოლოდ Подорожник-ის ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც ეკუთვნის....„აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანს“, მანამდე კი ეკუთვნოდა მამამისს - აფხაზური სეპარატისტული ნაციზმის ისტორიულ „მამამთავარ“ კონსტანტინე ოზგანს.
აფხაზეთში გრძელდება კომედია „პიცუნდას“ აგარაკის გარშემო: სისხამ დილით ცნობილი ხელშეკრულების რატიფიცირებამ ოპოზიცია გახლიჩა, თუმცა აქ ყველაზე საინტერესო სწორედ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის არგუმენტაციაა: „დავუთმეთ პუტინს აგარაკი? ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ სხვა მოთხოვნებიც წამოვა და სხვა კანონების რატიფიკაციასაც მოგვთხოვს“.
იგულისხმება ენგურჰესის პრივატიზება, უძრავი ქონების პრივატიზება, ახალი ათონის მონასტრის რუსეთისთვის დაბრუნება და ა.შ.
ხელისუფლება ჩუმ-ჩუმად ცდილობს ოპოზიცია დაამშვიდოს და ფარულად ეუბნება: ვერაფერს პუტინი პიცუნადში ვერ ააშენებს - ქალები და სტუდენტები გამოვლენ, გზებს გადაკეტავენ სამშენებლო სამუშაოების წარმოების საშაულებას არ მისცემენ...... ჩვენ კი (ანუ აფხაზეთის ხელისუფლება) ნაივურად ხელებს გავშლით, მხრებს ავიჩეჩთო, მაგრამ....არ სჯერათ ამის ოპოზიციონერ აფხაზებს აბსოლუტურად
ამიტომ აფხაზეთში წინასარევოლუციო ვითარება იქმნება.