ნაპოლეონის ფორმულა

ნაპოლეონის ფორმულა

 

    საქართველოში რუსეთის ჯარების დაკანონებით, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი ეტაპი მთავრდება.
    ეს ეტაპი უმჭიდროესად დაუკავშირდა ედუარდ შევარდნაძის ფენომენს. საქართველოს სახელმწიფოს მეთაური მრავალმხრივ წინააღმდეგობრივი, შეიძლება ითქვას, გარკვეული თვალსაზრისით, იდუმალებით მოსილი პიროვნებაა. ზოგიერთი, მის მიერ ჩადენილი «შეცდომათა» ანალიზისას, ამბობს: არ ყოფილა შევარდნაძე «დიდი პოლიტიკოსი» და ამაში ყველანი მოვტყუვდითო. ასე მარტივად ნამდვილად არ არის საქმე. პრობლემის კვანძი სხვა საკითხზეა შეკრული, რომელიც ზნეობრივ კატეგორიათა სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე პოლიტიკურის.
    ამთავითვე ვაცხადებ, რომ არავითარი წინასწარი, ნეგატიური განწყობა ედუარდ შევარდნაძის მიმართ არ მაქვს. ზოგიერთი მისი მოწინააღმდეგისაგან განსხვავებით, რომელსაც იგი ფანატიკურად სძულს – მე არ მიმაჩნია საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელი «ჯოჯოხეთის მაშხალად» და «ლუციფერის მოადგილედ», მაგრამ თვით მისი მომხრეებიც კი ვალდებულნი არიან აღიარონ, რომ ედურად შევარდნაძის პოლიტიკაში ზოგიერთი რამ ნამდვილად გაუგებარია – თვით ყველაზე ობიექტური და კეთილგანწყობილი ანალიტიკოსისთვისაც კი.
    მაგალითად: შევარდნაძის მოწინააღმდეგეებიც და მომხრეებიც (სხვადასხვა მოტივით) დღეს «მხრებს იჩეჩენ» და ამბობენ – თუკი მას (შევარდნაძეს – ავტ.) მიაჩნდა, რომ საქართველო რუსეთის გარეშე ვერ გაძლებდა, რატომ იმთავითვე არ თქვა ამის შესახებ? თუ შევარდნაძე დიდი პოლიტიკოსია, წარმოუდგენელია იგი მაშინვე (1992 წელს) არ «მიმხვდარიყო», რომ საქართველოს რუსეთთან სტრატეგიული კომპრომისის გარეშე საშინელება ელოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი მოახდენდა აფხაზეთში ომის პროვოცირებას, ამ ომში საქართველოს დაამარცხებდა, ასეულობით ათას ქართველს ლტოლვილად აქცევდა, საქართველოს ეკონომიკურად მოახრჩობდა, - ქაოსს, სისხლიან ანარქიას გამოიწვევდა და ა.შ. რატომ არ თქვა შევარდნაძემ იმთავითვე ყოველივე ამის შესახებ?
    გახსოვთ ალბათ: 1991-1992 წლებში მოსკოვში მასთან ხშირად ჩადიოდნენ ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები და სთხოვდნენ, «გამოეყენებინა თავისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი და გამოცდილება იმისათვის, რომ საქართველო გადაერჩინა».
    სამხედრო გადატრიალების შემდეგ, შევარდნაძე საქართველოში მართლაც ჩამოვიდა და ისეთი პოლიტიკა გაატარა, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყანა «სტრატეგიული მოწინააღმდეგედ» აღიქვა და სასტიკადაც დასაჯა.
    დღეს შევარდნაძე ამბობს: სხვაგვარი პოლიტიკის გატარების საშუალებას მე მაშინ საქართველოში მოქმედი პოლიტიკური ძალები არ მომცემდნენო. მაგრამ ამ შემთხვევაში, გაუგებარია, - რატომღა დაბრუნდა იგი საქართველოში?
    თუკი თავიდანვე ხვდებოდა, რომ საქართველოს ფედერალიზაციის, საქართველოში რუსეთის ჯარის დაკანონების გარეშე არაფერი გამოუვიდოდა, რატომ იმთავითვე (დაბრუნებამდე) არ თქვა ამის შესახებ?
    მაგალითად, რამ შეუშალა ხელი ედუარდ შევარდნაძეს (თუ ის მართლა დიდი პოლიტიკოსია და ყველაფერს იმთავითვე მართლაც ხვდებოდა), მოსკოვში ჩასული ვალერი კვარაცხელიასათვის გამოეტანებინა შემდეგი შინაარსის წერილი: «ბოლო დროს ხშირად მომმართავენ საქართველოდან თხოვნით ჩემი მეგობრები, რათა დავბრუნდე სამშობლოში და შევეცადო მისი კრიზისიდან გამოყვანას. მე მიმაჩნია, რომ ჩემს ძალისხმევას შედეგი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაწევრიანდება СНГ-ში, დადებს რუსეთთან «დიდ ხელშეკრულებას» მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ, დააკანონებს რუსეთის სამხედრო ბაზებს და გაწევრიანდება კოლექტიური უსაფრთხოების საერთო სისტემაში. ყოველივე ამის გარეშე, საქართველოს ელის ომი, სისხლისღვრა, უბედურება, ქაოსი, შიმშილი, ნგრევა და განადგურება. . .»
    ვინ და რამ დაუშალა შევარდნაძეს იმთავითვე ეთქვა ეს ყოველივე? ხაზს ვუსვამ: ეთქვა არა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, არამედ სწორედ დაბრუნებამდე.
    თუკი მას მიაჩნდა, რომ ყოველივე ამის გარეშე ქვეყანა დაიღუპებოდა, იმთავითვე რატომ არ დააყენა საქართველოს პოლიტიკური ელიტა მკაცრი ალტერნატივის წინაშე: «ჩამოვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მექნება საშუალება ვიმოქმედო ჩემი მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით».
    ეს იქნებოდა სავსებით სწორი (და ზნეობრივიც კი) პოზიცია, ვინაიდან, თუ გსურს, საქართველოში ჩამოვიდეს ესა თუ ის პოლიტიკური მოღვაწე და ქვეყანას სათავეში ჩაუდგეს, მაშინ კეთილი ინებე და მიეცი მას საშუალება გაატაროს ისეთი პოლიტიკა, როგორიც საჭიროდ მიაჩნია, ხოლო თუ მის პოლიტიკურ ორიენტაციას არ იზიარებ, მაშინ თავად იკისრე მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე!
    სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. შევარდნაძე საქართველოს სათავეში ჩაუდგა და დაიწყო სწორედ იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც (მისივე აზრით) საქართველოს ინტერესებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და რომლის გატარების შედეგად საქართველომ დაკარგა აფხაზეთი.
    ყოვლად წარმოუდგენელია შევარდნაძეს არ სცოდნოდა, რომ საქართველოს ხელმძღვანელების დემონსტრაციული ყურადღება გენშერისა და ბეიკერის მიმართ ნამდვილად გააღიზიანებდა რუსეთის მმართველ ელიტას და მისი რეაქციაც არ დააყოვნებდა. არანაკლებ განრისხებას გამოიწვევდა საქართველოს შეიარაღებულ ძალთა წარმომადგენლების მივლინება დასავლეთში და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლები დასავლეთის ქვეყნებში.
    მაგალითად, ედუარდ შევარდნაძემ «ნატოს» შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს პირდაპირ განაცხადა: «არ ენდოთ რუსეთს, გამოიჩინეთ სიფხიზლე მის მიმართ და ა.შ.»
    როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც პენტაგონში გამომწვევად ესწრებოდა სამხედრო აღლუმს, დღეს კვლავ «რუსული ორიენტაციის» მომხრედ იქცეს?
    აქ შესაძლოა ზოგიერთმა თქვას, რომ შევარდნაძე მაშინ «ტალღას აჰყვა» და მხოლოდ ახლა დგება «რეალისტური პოლიტიკის» პოზიციებზე. მაგრამ თუ ასეა, მაშინ შევარდნაძის თვით ყველაზე თავდადებულმა მომხრეებმაც უნდა აღიარონ, რომ ასეთ პოლიტიკოსს რუსეთი უკვე აღარ ენდობა. ბოლოს და ბოლოს, რუსეთის თავმოყვარეობაშიც არ არის საქმე – რა გარანტია აქვს მას, რომ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი კურსიც მხოლოდ დროებითი არ არის? მით უმეტეს, რომ ედუარდ შევარდნაძე დღესაც ხმამაღლა აცხადებს: რუსეთთან ხელშეკრულებებს ვაფორმებ მხოლოდ იმიტომ, რომ გვიჭირს, გვშია, გვწყურია, ომში დავმარცხდით, სხვა გზა არ გვაქვს და არა იმიტომ. რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული არჩევანია.
    სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გაშლილი დისკუსიის დროს, სახელმწიფოს მეთაურის ყველა გამოსვლას წითელ ხაზად გასდევს აზრი, რომ საქართველოს სურს რუსეთი გამოიყენოს, რაკი სხვა გზა არა აქვს. და რომ მხოლოდ იმიტომ დებს ხელშეკრულებებს, რათა აფხაზეთი დაიბრუნოს.
    კი მაგრამ, რუსეთსაც ხომ სჭირდება გარანტიები? რატომ უნდა ენდოს იგი ასეთ პოლიტიკოსს? რა გარანტია აქვს მას საქართველოს პოზიციის უცვლელობისა? რა გარანტია აქვს, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის შემდეგ შევარდნაძე კვლავ არ შეცვლის თავის პოზიციას? – არავითარი გარანტია არა აქვს!
    სწორედ ამიტომ, საეჭვოა, რუსეთმა ჩვენი პრობლემის გადაწყვეტა მოინდომოს, რაკი საქართველოს ნაბიჯები მხოლოდ დუხჭირი ცხოვრებით და იძულებით არის გამოწვეული და არა ისტორიული არჩევანით.
    ალტერნატიული მაგალითია სომხეთი: რუსეთი სწორედ იმიტომ ეხმარება ამ ქვეყანას, რომ სომხეთისთვის რუსეთი სტრატეგიული მოკავშირეა და არა დროებითი თავშესაფარი. ლევონ ტერ-პეტროსიანის პოლიტიკა ელცინის მიმართ ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი იყო. შევარდნაძისა კი, – ცვალებადი და მერყევი.

    და მაინც, რატომ არ თქვა ედუარდ შევარდნაძემ სიმართლე საქართველოში დაბრუნებამდე? პასუხი, თუ გულწრფელნი ვიქნებით მხოლოდ ერთია: მისთვის იმ მომენტში ხელისუფლების სათავეში მოსვლა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა. იგი მოქმედებდა ნაპოლეონის ცნობილი ფორმულით: «მთავარია ჩავება ბრძოლაში, დანარჩენი კი შემდეგ გამოჩნდება». ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საფრანგეთის იმპერატორი იმარჯვებდა კიდეც – საქართველოს ლიდერი კი დამარცხდა და ქვეყანაც დაამარცხა.

«მსგეფსი», 1995 წლის მარტი.