საერთაშორისო მიმოხილვა. 4 იანვარი 2024 წელი
2024 წლის 13 იანვარს, ტაივანში ჩატარდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.
ამ კენჭისყრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩინეთ-დასავლეთის ურთიერთობისთვის; მაშასადამე მთელი მსოფლიოსთვის და არ არის გამორიცხული, „შემობრუნების წერტილადაც“ კი იქცეს (Turning point) ჩინეთის უახლეს ისტორიაში.
თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო, სახელად „ტაივანი“ არ არსებობს! ეს პირობითი სახელწოდებაა იმ კუნძულის სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელზეც მდებარეობს....„ჩინეთის რესპუბლიკა“
ამ სახელმწიფოს ოფიციალურად ეწოდება „ჩინეთის რესპუბლიკა“, რაც განასხვავებს მას დიდი ჩინეთისგან, ანუ კონტინენტური ჩინეთისგან, რომელსაც ოფიციალურად ეწოდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“.
ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია: ტაივანზე მოარული „მეგა-ნარატივის“ შესაბამისად, რომელსაც იზიარებს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია სწორედ „ჩინეთის რესპუბლიკაა“ – „ნამდვილი ჩინეთი“, ხოლო ის, რასაც ეწოდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, ამ მეგა-ნარატივის თანახმად არის „კომუნისტი უზურპატორების მიერ დროებით (!) დაპყრობილი ტერიტორია“
აღწერილი „მეგა-ნარატივი“ ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ჩინეთში (კონტინენტურ ჩინეთში) დასრულდა სამოქალაქო ომი. დასრულდა იგი კომუნისტების გამარჯვებით (რაშიც მოსკოვმა, პირადად იოსებ სტალინმა, რასაკვირველია, დიდი წვლილი შეიტანა), ხოლო ანტიკომუნისტურ ძალთა ლიდერი, გენერალისიმუსი ჩან კაიში იძულებული გახდა თავის პარტია „გომინდანთან“ ერთად გადასახლებულიყო ტაივანზე და იქ გამაგრებულიყო.
ამრიგად, არსებობენ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“ და „ჩინეთის რესპუბლიკა“. ორივე მათგანის „მეგა-ნარატივია“: „ჩვენ ვართ ნამდვილი ჩინეთი - ის მეორე წარმონაქმნი კი უზურპირებულია“.
არავითარი სერიოზული (!) ეთნიკური, ენობრივი მენტალური, კულტურული სხვაობები კონტინენტურ ჩინელებსა და ტაივანის ჩინელებს შორის, შეიძლება ითქვას, არ არსებობს. როგორც მაგალითად რაჭველებსა და კახელებს შორის;
ეთნოგრაფიული სხვაობები არის, მაგრამ მათ ვერ ვუწოდებთ სერიოზულს.
აქედან გამომდინარეობს მეორე არსებითი გარემოება, რაც საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი: არა მხოლოდ ჩინეთი არ ცნობს ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არამედ.....თვით ტაივანი, ანუ „ჩინეთის რესპუბლიკა“ არ აცხადებს დამოუკიდებლობას!
არც ოდესმე გამოუცხადებია და ეს სინამდვილეში არ არის გასაკვირი თუ ისევ და ისევ გავითვალისწინებთ მეგა-ნარატივს: „ჩვენ ვართ ნამდვილი ჩინეთი“.
ანუ ტაივანელი პოლიტიკოსები ამბობენ: „როგორ შეიძლება ჩინეთმა გამოაცხადოს დამოუკიდებლობა ჩინეთისგან?! საკუთარი თავისგან ხომ არ გამოვაცხადებთ დამოუკიდებლობას“.
ჩინეთსა და ტაივანს ანუ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა“ და „ჩინეთის რესპუბლიკას“ შორის მიმართება აღიწერება მეორე ფორმულით, რასაც ასევე იზიარებენ როგორც კონტინენტზე, ასევე კუნძულზე: „ერთი ერი, ორი სისტემა“. ოღონდ აქ არის თითქოსდა მცირე, მაგრამ სინამდვილეში ძალიან არსებითი ნიუანსი: თუ კონტინენტზე ამბობენ: „ერთიანი სახელმწიფო ორი სისტემა“, ტაივანზე ამბობენ სხვანაირად: „ერთი ჩინეთი, ორი სისტემა“.
ანუ ერთ შემთხევვაში თუ არის „ერთი ერი, ორი სისტემა“ (ტაივანი), მეორე შემთხვევაში „ერთი სახელმწიფო ორი სისტემა“ (კონტინენტური ჩინეთი) რაც სხვადასხვა ფილოსოფიის გამომხატველია!
ამით „კონტინენტური ჩინეთი“ ადასტურებს, რომ მზადაა განიხილოს ტაივანი იმავე რაკურსში, როგორც ჰონ-კონგი, რომელიც 1997 წელს, დიდი ბრიტანეთის 99 წლიანი მმართველობის შემდეგ დაუბრუნდა ჩინეთს.
აქვე, ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ ბრიტანული მმართველობა ჰონ-კონგში დამყარდა 1898 წლის პეკინ-ლონდონის ხელშეკრულების შესაბამისად, სადაც ჩაიწერა, რომ 99 წლის შემდეგ ეს ტერიტორია ჩინეთს დაუბრუნდებოდა.
1984 წელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მარგარეტ ტეტჩერმა პეკინთან მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას, რომ ჰონ-კონგი დაუბრუნდებოდა ჩინეთს 1997 წელს, ოღონდ.....პეკინი „ხელს არ ახლებდა იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ“ ფორმაციას, ანუ პირობითად თუ ვიტყვით, ჰონ-კონგი დარჩებოდა საბაზრო ეკონომიკის ტერიტორიად.
ეს პირობა პეკინმა პირნათლად შეასრულა.
საქმეც ის გახლავთ, რომ ტაივანთან დაკავშირებით ასეთი „საერთაშორისო ჩარჩო“ არ არსებობს: განყენებულად არსებობს „ჰონ-კონგის“ პრეცედენტი, რასაც ტაივანზე არსებული პოლიტიკური ძალები და კონტინენტური ჩინეთის ხელისუფლება იყენებენ როგორც არგუმენტს, მაგრამ დღეს ამერიკას არ შეუძლია შეასრულოს ტაივანის მიმართ იგივე როლი, რაც დიდმა ბრიტანეთმა შეასრულა ჰონკონგის მიმართ 1984 წელს.
მაშასადამე თუ ყველაფერი არა, ბევრი რამ გადაწყდება უშუალოდ ტაივანის დემოკრატიული პროცესით, არჩევნებით და ჩინეთ-ტაივანის პარადიგმის ფარგლებში, რაშიც აშშ-ს რასაკვირველია უდიდესი როლი ეკისრება, ოღონდ.....ამერიკას არასდროს უცნია ტაივანის დამოუკიდებლობა ჩინეთისგან! თუნდაც იმიტომ, რომ ტაივანს არ გამოუცხადებია დამოუკიდებლობა და თავს მიჩნევს არა „ჩინეთის ნაწილად“, არამედ „ნამდვილ ჩინეთად“
ეს ურთიერთობა და მიმართებები სავსებით თავსდება „დე-ფაქტო“ და „დე-იურე“ პარადიგმის ფარგლებში: ამერიკა დე-ფაქტო აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას იმით, რომ ყველანაირად ეხმარება, აქვს ურთიერთობა პეკინის მიუხედავად, აიარაღებს, უხსნის ბაზრებს, აძლიერებს, მაგრამ „დე-იურე“ არ ცნობს.
ანალოგიური პოზიცია აქვთ სხვა დასავლურ ქვეყნებსაც. ყველა მათგანი ვაჭრობს ტაივანთან და საკმაოდ წარმატებულადაც, რაკი ტაივანი მაღალგანვითარებული, ტექნოლოგიური სახელმწიფოა (დე-ფაქტო), ოღონდ საკმარისი იყო ლიტვას, მაგალითად, ტაივანის სავაჭრო წარმომადგენლობა (!) გაეხსნა ვილნიუსში რომ პეკინმა მრისხანედ შეუღრინა - „წარმომადგენლობა“ უკვე „დე-იურე“ პარადიგმაა და არა „დე-ფაქტო“~
მეორეს მხრივ, ჩინეთ-ტაივანის, ანუ ფაქტობრივად „ჩინეთ-ჩინეთის“ ესე იგი „ორი ჩინეთის“ ურთიერთობა გარკვეულწილად ჰგავს ჩრდილო კორეასა და სამხრეთ კორეას მიმართებას:
ჩრდილო და სამხრეთ კორეა თავს თვლიან „ნამდვილ კორეად“, რომლის ერთი ნაწილი „ოკუპირებულია მტრის მიერ“.
ჩრდილო კორეაში მიღებული ნარატივით, სამხრეთ კორეა ოკუპირებულია აქვს აშშ-ს, ხოლო სამხრეთ კორეა თვლის, რომ ჩრდილო კორეის „საოკუპაციო რეჟიმი“ ჩინელი ოკუპანტების „ხიშტებზე დგას“.
ასევე, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართება ცივი ომის დროს.
თუმცა იმ განსხვავებით, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გერმანელი სოციალ-დემოკრატების (უპირველესად ვილლი ბრანტის) იდეების შესაბამისად, ოფიციალურად ცნობდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას „აღმოსავლური პოლიტიკის“ ფარგლებში.
დრომ დაამტკიცა, რამდენად ბრძნული და შორსმჭვრეტელური, ტექნოლოგიურად, სტრატეგიულად დახვეწილი იყო ეს პოლიტიკა, რამაც შექმნა წინაპირობები საბოლოოდ გერმანიის გაერთიანებისთვის 1990 წელს.
რაც შეეხება ტაივან-ჩინეთს, მათი მასშტაბი მეტისმეტად განსხვავებულია, რათა პირდაპირი ანალოგია იყოს შესაძლებელი. ანუ გფრ და გდრ მასშტაბით „შედარებადნი“ იყვნენ. ასევე „შედარებადნი“ არიან ჩრდილო კორეა და სამხრეთ კორეა, ხოლო.....მილიარდნახევრიანი ჩინეთი და 25 მილიონიანი ტაივანი სხვადასხვა „წონითი კატეგორიაა“!
შეუდარებლად.
თუმცაღა One nation two systems კონცეპტი ამუშავდება თუ არა ამ შემთხვევაშიც, დიდწილად იქნება დამოკიდებული სწორედ იმ არჩევნებზე და მათ შედეგზე, რაც ტაივანში გაიმართება რამდენიმე დღის შემდეგ.
აქვე აღვნიშნოთ, რომ სწორედ ტაივანია განმსაზღვრელი: ჩინეთმა დიდი ხნის წინ აღიარა One State two systems, როდესაც ჰონკონგი შემოიერთა ამ პირობით. აი ტაივანი კი ჯერ ოფიციალურად არ აღიარებს. ყოველ შემთხვევაში მმართველი პარტიის დონეზე.
ამიტომაცაა ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი:
მასში მონაწილეობას იღებენ მმართველი „დემოკრატიული პროგრესისტული პარტია“ და მისი კანდიდატი ლაი ცინდე, პარტია „გომინდანი“ (რომელმაც თავის დროზე შექმნა ტაივანი) და მისი ლიდერი ჰოუ უი და ტაივანის სახალხო პარტია, მისი ლიდერი კე ვენცჟე
რთულმა ჩინურმა სახელებმა რომ არ დაგვაბნიოს (არა მგონია ეს არსებითი იყოს) ალბათ საკმარისი იქნება ვთქვათ, რომ არსებობს „სახელისუფლებო პარტია“ და არსებობს `ორპარტიული ოპოზიცია~ ანუ ორი ოპოზიციური პარტია.
გამოკითხვების თანახმად, სახელისუფლებო კანდიდატი უსწრებს ცალ-ცალკე ორივე ოპოზიციურ კანდიდატს, მაგრამ......თუ ეს ორი ოპოზიციური კანდიდატი მოილაპარაკებს, ერთ-ერთი მოხსნის კანდიდატურას და დასჯერდება ვიცე-პრეზიდენტობას (რთულია, მაგრამ თეორიულად შესაძლებელია), მაშინ „გაერთიანებული ორწევრიანი ოპოზიციური კანდიდატი უგებს სახელისუფლებო კანდიდატს ამ არჩევნებზე და იკავებს პრეზიდენტის პოსტს.
ასევე, მმართველი დემოკრატიული პროგრესისტული პარტია საპარლამენტო არჩევნებზე ცალ-ცალკე მეტ ხმას იღებს, ვიდრე ორი ოპოზიციური პარტია, მაგრამ ჯამურად მათ შეიძლება შექმნან უმრავლესობა მომავალ პარლამენტში.
თუ ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ კონფიგურაციით, 13 იანვრის არჩევნებზე იმარჯვებს ხელისუფლება, მაშინ ტაივანი ანუ „ჩინეთის რესპუბლიკა“ აგრძელებს ამჟამინდელ კურსს, ესე იგი კიდევ უფრო მჭიდროდ ინტეგრირდება დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არ აცხადებს დამოუკიდებლობას, თუმცა აქვს „ცივი, პრაგმატული“ ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.
ხოლო თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს (ესე იგი „გომინდანი“ და „სახალხო პარტია“), მაშინ „ერთი სახელმწიფო ორი სისტემა“ კონცეპტი მეტ შანსს იძენს, რადგან დენ სიაოპინის მიერ 1980-იანი წლებიდან ჩატარებულმა რეფორმებმა, (პირობითად) „კაპიტალიზმის“ დამყარებამ ჩინეთში, თანდათან გამოიწვია ანტიკომუნისტური რესენტიმენტისა და მეგა-ნარატივის ეროზია ტაივანზე: დღევანდელი ჩინეთი, მისი ეკონომიკური სისტემა და 1949 წლის მაო ძედუნის ჩინეთი ხომ ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან?
ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაო ძედუნის ჩინეთი მსოფლიო მაჩანჩალა იყო, ხოლო დენ სიაოპინის ჩინეთი სწრაფად განვითარებადი, ძლიერი, ლიდერი სახელმწიფოა, რაც არ შეიძლება არ მოქმედებდეს ტაივანში მცხოვრებ ჩინელთა ეროვნულ გრძნობებზე.
აკი მოგახსენეთ, ისინი „ჩვეულებრივი თავანკარა ჩინელები“ არიან ძალიან მცირე ეთნიკური განსხვავებებით.
ამრიგად, ოპოზიციის შესაძლო გამარჯვება თითქოსდა ქმნის თეორიულ წინაპირობებს, რათა 1984 წლის ბრიტანულ-ჩინური პაქტის მსგავსად (ჰონ-კონგის თაობაზე), ახლაც გაფორმდეს რაღაც მსგავსი „პაქტი“ ამერიკასა და ჩინეთს შორის იმავე ფორმულით „One state two systems“ და იმ დათქმით, რომ კი ბატონო, ტაივანი იქცეს ჩინეთის სახელმწიფოს ნაწილად, ოღონდ იმ პირობით, რომ ჩინეთი იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას ხელს არ ახლებს.
ოღონდ....ამერიკას ამგვარი პაქტის გაფორმება ძალიან გაუჭირდება. ბევრად მეტად ვიდრე ბრიტანეთს 1984 წელს.
იმიტომ, რომ წარმოიშობა ღირებულებითი კოლიზია: მას შემდეგ, რაც ჰონ-კონგი ჩინეთის შემადგენლობაში დაბრუნდა, პეკინმა, მართალია, ხელი არ ახლო სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას ახლადშემოერთებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ჰონ-კონგში დაამყარა იგივე ავტოკრატიული, არადემოკრატიული სისტემა, რაც მთელს ჩინეთში.
მაშასადამე, One state two systems მიდგომამ იქ იგულისხმა ორი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის თანაარსებობა და არა მაგალითად „ბრიტანული სამართლის“ თუ სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება ჰონ-კონგში, სადაც ამ საფუძველზე მნიშვნელოვანი მღელვარება დაიწყო, რადგან ჰონ-კონგელები ავტოკრატიას მიჩვეულნი არ იყვნენ და ახალგაზრდობას, განსაკუთრებით, არ სურდა მასთან შეგუება.
არც ახლა სურს, თუმცა პეკინმა გამოსვლები მკაცრი ხელით აღკვეთა.
უეჭველად იგივე იქნება ტაივანზეც: კი ბატონო, პეკინი ეკონომიკას „ხელს არ ახლებს“, მით უმეტეს, რომ ჩინეთი თავადაც მართვადი საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფოა, მაგრამ დემოკრატიას ტაივანზე არ შეურიგდება, რათა შემდეგ ამ „დემოკრატიული ვირუსის“ გავრცელება არ დაუშვას მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე. ასეთი მოტივაცია მოქმედებდა ზუსტად ჰონ-კონგში.
ვიმეორებ: ეს ამერიკისთვის ღირებულებითი საკითხია და რაკი აშშ პოზიციონირებს როგორც დემოკრატიის მცველი მთელს მსოფლიოში (დიდი ბრიტანეთი ასე არ პოზიციონირებდა და მისი მეგა-ნარატივი ეს არ ყოფილა) ამერიკისთვის ძალიან მტკივნეულია ტაივანის დემოკრატიის დამხობა: ეს ერთმნიშვნელოვნად იქნება შეფასებული მთელს მსოფლიოში, როგორც ამერიკის დიდი მარცხი!
ამასთან დაკავშირებიტ აბა გავიხსენოთ აშშ კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის სენსაციური, კარგი გაგებით პროვოკაციული ვიზიტი ტაივანზე რამდენიმე თვის წინ.
და.....ბოლოს და ბოლოს, ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჰონ-კონგსა და ტაივანს შორის არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური სხვაობა: ჰონ-კონგი იყო მაღალგანვითარებული ეკონომიკა, სავაჭრო ლოკაცია, მოხერხებული პორტი, თუმცა „ტექნოლოგიური ლიდერი“ არ ყოფილა ინდუსტრიული თთვალსაზრისით. აი ტაივანი კი ტექნოლოგიურად, ინდუსტრიულად არათუ რეგიონის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია; მაგალითად მიკრო-ჩიპების წარმოებაში.
განა იოლი იქნება ამერიკისთვის შეურიგდეს იმას, რომ ეს მაღალგანვითარებული, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია ჩინეთის „კონკურენტი ზესახელმწიფოს“ ნაწილი გახდეს?
ამდენად, მაღალი ალბათობით, ამერიკა ყველანაირად შეეცდება (თუმცა ამის აფიშირების გარეშე), რომ შეინარჩუნოს სტატუს-ქვო ტაივან-ჩინეთის ურთიერთობებში.
სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის ვიზიტი პეკინში, სადაც მხარეებმა მოილაპარაკეს „თამაშის წესებზე“ ტაივანის მიმართ: „გადაწყვიტონ ტაივანელებმა!“
ამერიკამ მკაცრად აუკრძალა ჩინეთს ძალის გამოუენება. არადა პეკინში ეს აზრი სულ უფრო პოპულარული ხდებოდა გარკვეულ სახელისუფლებო წრეებში
პეკინს თამაშის ასეთი წესი ხელს აძლევს: ჩინური ელიტები ხედავენ, რომ ის, რაც 50 წლის წინ აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა და რაც ტაივანზე არც კი განიხილებოდა ჩინეთთან მიმართებაში, ანუ „One state two systems“ და ტაივანის ინტეგრაცია ჩინეთთან ამა თუ იმ პირობით, დღეს უკვე ლეგიტიმური შიდა-პოლიტიკური დისკურსია და ტაივანის ორივე მსხვილი ოპოზიციური პარტია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რადგან....ეს პროექტი დღეს მისაღებია ტაივანელთა დიდი ნაწილისთვის. შესაძლოა არა უმრავლესობისთვის ჯერ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მაინც.
„ჩინური ცივილიზაციის მთლიანობა“ ნებისმიერი ჩინელისთვის უდიდესი ღირებულებაა.
ისევე, როგორც „კორეული ცივილიზაციის მთლიანობა“ - ნებისმიერი კორეელისთვის.
თავის დროზე ასევე მნიშვნელოვანი იყო ეს ჰონ-კონგელებისთვის, რაც იგრძნობოდა კიდევ მაგალითად, ბრიუს ლი-ს ჰოლივუდურ ფილმებში, რომელიც წარმოშობით ჰონ-კონგელი იყო.
„ძირეულ ჩინელებს“, ჰონ-კონგელებს და ტაივანელებს (ისევე, როგორც ჩრდილო და სამხრეთ კორეელებს) აერთიანებთ ანტიიაპონური რესენტიმენტები.
თუ არაპოლიტკორექტულად ვიტყვით, ტაივანელებისთვისაც და ძირეული ჩინელებისთვის, ისევე როგორც ჰონკონგელებისთვის, მოუშუშებელია (და ალბათ საუკუნეობით არ მოშუშდება) მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელთა საზარელი მხეცობებით მიყენებული ჭრილობა და ისტორიული ტრავმა.
იაპონელები ჩინელებს მასობრივად სძულთ ამის გამო! ტაივანზე ისევე, როგორც ჰონ-კონგში და „კონტინენტურ ჩინეთში“
ამრიგად, მომავალი არჩევნები მართლაც „ეპოქალური“ შეიძლება გახდეს ამ დიადი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ჩინეთი შეიძენს კიდევ უფრო გაძლიერების და გამთლიანების შანსს, რაც......თუ გულწრფელად და არაპოლიტკორექტულად ვიტყვით, საეჭვოა დასავლური ცივიზილიზაციისთვის ხელსაყრელი იყოს თუ გავითვალისწინებთ იმ როლს, რასაც ჩინეთი ასრულებს დღევანდელ მსოფლიოში; განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში.
დათო