საერთაშორისო მიმოხილვა. 20 სექტემბერი. 2024 წელი
სრულიად მოულოდნელი და ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როდისლავ სიკორსკიმ. მისი თქმით ყირიმი შესაძლოა გადაეცეს „გაეროს“, რათა „გაეროს მანდატის ტერიტორია“ გახდეს და იქ მომზადდეს „პატიოსანი რეფერენდუმი“ იმის გასარკვევად, ვის უნდა ეკუთვნოდეს ყირიმი - რუსეთს თუ უკრაინასო.
სიკორსკის განცხადებით „ყირიმი სიმბოლურად მნიშვნელოვანია რუსეთისათვის და სტრატეგიულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის“.
ესეც რაღაც „ჩახვეული“ საზრისია: რატომ არ არის ყირიმი მნიშვნელოვანი უკრაინისთვის „ღირებულებითად“ და რატომ არ არის იგი მნიშვნელოვანი პუტინისთვის „სტრატეგიულად?“
უკრაინის „საგარეომ“ უკვე უარყო სიკორსკის განცხადება და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ ყირიმი „უკრაინის განუყოფელი ნაწილია“.
გასაგებია, რომ სიკორსკი ამ შემთხვევაში ცდილობდა ყირიმის ამჟამინდელი დე-ფაქტო On the ground „რუსული სტატუსის“ ეჭვ ქვეშ დაყენებას, თუმცა ნამდვილად „ჩახვეულად“ გამოუვიდა და პუტინის წისქვილზე დაასხა წყალი ამ განცხადებით.
თუმცა მეორეს მხრივ, სიკორსკის განცხადება დასავლეთის ელიტებში იმ ნარატივის არსებობასაც ადასტურებს, რომ ყირიმი ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინისთვის სამუდამოდ დაკარგულად მიაჩნიათ ზოგიერთებს.
იმიტომ, რომ რა რეფერენდუმიც არ უნდა ჩატარდეს ამ ნახევარკუნძულზე, მით უმეტეს რუსული ოკუპაციის ან თუნდაც გაეროს მანდატით, იქ მცხოვრები რუსები უეჭველად მაინც რუსეთში ყოფნას მისცემენ ხმას. თუ ამის საშუალება და გარემო ექნებათ.
და განა ეს არ იცის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან?
აქ ყველაზე არსებითი მაინც ესოდენ მნიშვნელოვანი „მესიჯის„ კიევთან შეუთანხმებლად გაჟღერებაა. იმ „დასავლურ ნარატივზე“ საკითხის დასმით, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში „უკრაინის ხარჯზე“ გულისხმობს მოსკოვთან „მორიგებას“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოსსადი ლიბანის ტერიტორიაზე უკვე ნოუთბუკებსაც აფეთქებს. როგორც მანამდე პეიჯერებს, რაციებს და მობილურ ტელეფონებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელის სპეცსამსახური ათეული წლების განმავლობაში ამზადებდა ამ აქციას.
ზოგიერთი დივაისის გამოშვება, როგორც მწარმოებლები აცხადებენ, 10-15 წლის წინ შეწყდა საერთოდ და როგორ ახერხებს ამას ისრაელი, სრულყოფილად ვერავინ გაიგო.
გუშინ მთელი მსოფლიო და მთელი ახლო აღმოსავლეთი ელოდა რას იტყოდა ამ მასობრივ ლიკვიდაციაზე „ჰესბოლლას“ ლიდერი შეიხი ჰასან ნასრალლა.
გამოვიდა ტელევიზიით (სადღაც ისეთ ადგილასაა ჩამძვრალი უკვე 20 წელია ლიბანის ტერიტორიაზევე, რომ დღემდე ვერავინ გაიგო მისი ადგილსამყოფელი) მაგრამ ისრაელს ომი არ გამოუცხადა მოლოდინის მიუხედავად.
ნასრალლამ თქვა, რომ ისრაელმა „ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“ მაგრამ ომი მაინც არ გამოუცხადა.
ერთადერთი, რაც გაბედა, ისრაელს დაემუქრა: ჩრდილო რეგიონებში ევაკუირებული მოსახლეობის დაბრუნებას ვერ შეძლებ, რაკი ჩვენ სარაკეტო დარტყმებს განვაგრძობთო.
უკვე რამდენიმე თვეა, ჩრდილო ლიბანიდან ასი ათასობით ისრაელელია ევაკუირებული ისრაელის სიღრმეში, რაც პრემიერ-მინისტრ ნათანიაჰუსთის პრობლემაა რასაკვირველია.
ნასრალლას მეორე მნიშვნელოვანი თეზისიც წამოსცდა: „ვნატრობთ ისრაელის არმია შემოიჭრას ლიბანში და მერე ნახავსო.....“
ისრაელის არმია ორჯერ შეიჭრა ლიბანის ტერიტორიაზე „ჰესბოლლას“ გასანადგურებლად: 1980-იან და 2000 - იან წლებში, თუმცა ვერ გაანადგურა.
ტერორისტებს პარტიზანული ომი ურჩევნიათ რასაკვირველია საკუთრივ ლიბანის ტერიტორიაზე.
მაგრამ ისრაელს არ სურს ომი ლიბანის ტერიტორიაზე, რაკი ეს „მეორე ფრონტის გახსნაა“ - ჰამასთან ომის პარალელურად.
თავის მხრივ ვერც „ჰესბოლლა“ ბედავს შეჭრას ჩრდილო ისრაელის ტერიტორიაზე იმიტომ, რომ არა აქვს ამაზე „მწვანე შუქი“ ირანისგან.
ირანმა თვითონაც ვერაფერი გაბედა მიუხედავად ამდენი შეურაცხყოფისა, რაც ისრაელმა მიაყენა.
თუმცა ეს ყოველივე მაინც არ გამორიცხავს დიდი ომის ალბათობას რეგიონში, თუკი თეირანმა და ფანატიკოსმა აიათოლებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს ვა-ბანკზე წასვლა.
ისრაელის „ომის კაბინეტმა“ კი გუშინ განაცხადა, რომ მზად არის ლიბანთან (ჰესბოლლასთან) საომრად და რამდენიმე საავიაციო დარტყმაც განახორციელა ლიბანის ტერიტორიაზე საომარ ობიექტთა გასანადგურებლად.
მივაქციოთ ყურადღება, რომ არც ერთი წინა ომის დროს ლიბანის რესპუბლიკის „ოფიციალური არმია“ საომარ მოქმედებებში არ ჩარეულა და ალბათ არც ახლა ჩაერევა.
ასეთია ამ ქვეყნის სპეციფიკა, რომელიც „სამსუბიექტური უნიტარული სახელმწიფოა“: ქრისტიანები, მუსლიმი შიიტები (ჰესბოლლა) და მუსლიმი სუნიტები.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსები ცდილობენ კონტრშეტევებს კურსკის ოლქში, თუმცა უკრაინა მათ კონტრშეტევებს კონტრშეტევებითვე პასუხებს იმ რეგიონში.
რუსული არმიის ძალები ძირითადად მაინც განლაგებულია ქალაქ კურსკის და ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში. პუტინს ეშინია, რომ თუ უკრაინელები დაამყარებენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, შემდეგ კიევი მოითხოვს „გაცვლას“ ზაპოროჟიეს (ევროპაში უდიდესი) ატომურ ელექტროსადგურზე, რომელსაც ამჟამად რუსები აკონტროლებენ.
თვით უკრაინულ კონტინგენტთან „შეხების ხაზზე“ ამჟამად იმყოფება ჩეჩნური რაზმი ალაუტდინოვის მეთაურობით. ეს ალაუტდინოვი კი ხშირად აკეთებს საინტერესო განცხადებებს, რითაც ამჟღავნებს პუტინის ტაქტიკას.
მაგალითად გუშინ განაცხადა, რომ კურსკიდან უკრაინული ჯარის განდევნა შესაძლოა მოხდეს წლის ბოლომდეაო...და თუ არ მოხდა(ო) მაშინ კრემლი „საზარელ ზომებს მიმართავს დასავლეთის წინააღმდეგ“ ანუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.
გარდა ამისა, ალაუტდინოვის განცხადებით (მისმა „ჩეჩნურმა რაზმმა“, დიდი ბაქი-ბუქის მიუხედავად საერთოდ ვერანაირი ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოამჟღავნა ვერც ხარკოვთან და ვერც კურსკთან) უკრაინა კურსკის ოლქში აქტიურად იყენებს გერმანულ ტანკებს Leopard.
სულ, უკრაინული წარმოების და გერმანული წარმოების 400 ტანკი აქვს კონცენტრირებული კურსკთანო - ამტკიცებს ალაუტდინოვი.
ეს საყურადღებოა იმ აზრით, რომ ტანკი შეტევის იარაღია.
„თავდაცვითი ტანკი“ არ არსებობს. შესაბამისად, უკრაინის გენერალურმა შტაბმა როგორც ჩანს გადაწყვიტა, იქ გამოიყენოს ეს შეტევითი იარაღი, სადაც ამის პირობები არსებობს (ანუ კურსკის ოლქში) და არა იქ, სადაც ისინი ჯერ უსარგებლოა რაკი რუსები უტევენ ანუ დონბასზე.
გერმანიის მთავრობის თანხმობის გარეშე უკრაინის არმია Leopard-ებს ვერ გამოიყენებდა.
ისიც ნიშანდობლივია, რომ ამერიკული ABRAMS კურსკის ბრძოლებთან დაკავშირებით ნახსენები არ ყოფილა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანია უახლოვდება კატასტროფას: შეიძლება გერმანიაში დაიხუროს ლეგენდარული საავტომობილო ინდუსტრია Volkswagen.
ეს კატასტროფა ჯერ არ დადგა.
ინდუსტრია ადასტურებს, რომ პრობლემები აქვს და შესაძლოა 2025 წლის 1 ივლისიდან დაიწყოს ქარხნების დახურვა.
Volkswagen არის უზარმაზარი მრავალსუბიექტური კონცერნი, რომელშიც შედის არა მხოლოდ ცნობილი მსუბუქი მანქანები ან/და სატვირთოები და ავტობუსები MAN არამედ ისეთი ექსკლუზიური ბრენდები, როგორიცაა Bugatti (ფორმალურად ფრანგულია, თუმცა ძრავს Volkswagen ამზადებს) ან Porshe.
ბუნებრივია, ამ ელიტურ ბრენდებს არავინ დატოვებს „უპატრონოდ“, - ისინი უბრალოდ „ქოლგას“ შეიცვლიან, მაგრამ რაც მთავარია, მასობრივი ავტომობილი Volkswagen (რომლის იდეა, სხვათა შორის, ჯერ კიდევ ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა, თუმცა ამაზე იშვიათად ლაპარაკობენ ან საერთოდ არ ლაპარაკობენ) შესაძლოა გაქრეს გერმანიის ინდუსტრიული „მატრიციდან“.
მიზეზი, რასაკვირველია, ჩინეთის საავტომობილო ექსპანსიაა „მასობრივი“ ანუ „ხელმისაწვდომი“ ანუ „საბიუჯეტო“ ავტომობილების სეგმენტში.
მით უმეტეს იმ დროს, როცა სულ რამდენიმე წლის შემდეგ ევროკავშირში იკრძალება შიდა წვის ძრავები და ყველა მწარმოებელი უნდა გადავიდეს 100%-ით ელექტროძრავებზე ეკოლოგიური მოსაზრებებით.
აქ უკვე ჩინეთთან კონკურენცია ძალიან რთული ხდება.
შოლცის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა Volkswagen გერმანიაში (!) არ დაიხუროს მთლიანად და სხვა ქვეყანაში არ გადავიდეს.
რადგან Volkswagen არ არის უბრალოდ ავტომობილი და არც მხოლოდ ათი ათასობით სამუშაო ადგილია: „გერმანული ბრენდია“, როგორც კონიაკი და შამპანური ფრანგებისთვის.
ამან შესაძლოა გერმანის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ისეთი დარტყმა მიაყენოს, არა მხოლოდ დაკარგოს ძალაუფლება არამედ ათწლეულებით ვეღარ დაბრუნდეს ხელისუფლებაში .
ზოგადად, ავტოინდუსტრიის „ახალგაზრდა ვეფხვებთან“ (ასე უწოდებენ ხშირად) კონკურენცია „ბებერი ევროპისა“ და მისი ავტომრეწვისთვის სულ უფრო რთული ხდება.
და ეს არ არის მხოლოდ ჩინეთი ან იაპონია. იგივე კორეა, რომლის საავტომობილო ინდუსტრია არანაკლებ წარმადი და ექსპანსიურია ძირითად ბაზრებზე: ევროპასა და ამერიკაში.
თანაც სწორედ „ელექტრო“ სეგმენტში.