საერთაშორისო მიმოხილვა. 27 სექტემბერი. 2023 წელი
გუშინ გაჩნდა პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი იმისა, რომ ამერიკული Deep state ანუ გადაწყვეტილების მიმღები ბიუროკრატია თანდათან უახლოვდება მიზანშეწონილ პასუხს კითხვაზე `რა უყონ ტრამპს`, ანუ როგორი მეთოდით დასაჯონ და პოლიტიკურად `მოაშთონ` ისე, რომ ამერიკაში სამოქალაქო ომი არ გამოიწვიონ.
როგორც ჩანს, ტრამპს ეკონომიკურად გაანადგურებენ, ანუ ქონებას წაართმევენ!!!
ნიუ იორკის სასამართლომ დონალდ ტრამპი და მისი ვაჟი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში!
თაღლითობა გამოიხატებოდა ქონების ფასის ხელოვნურად გაზვიადებაში ანუ დოკუმენტაციის გაყალბებაში, რაც ძალიან მძიმე დანაშაულია და მინიმუმ დიდი ჯარიმით ისჯება.
ნიუ იორკის სასამართლომ დაადგინა, რომ Tramp Organization უნდა დაყადაღდეს, დაიშალოს, ხოლო დონალდ ტრამპს, რომელიც ნიუ იორკში გაიზარდა, უნდა აეკრძალოს ნიუ იორკში (იგულისხმება შტატი და არა მხოლოდ ქალაქი - NYC) ბიზნესის კეთება!
ტრამპს შესაძლოა Tramp tower ჩამოართვან მეხუთე ავენიუზე!
გათვლა აქ აშკარად ისაა, რომ ტრამპის მილიონობით მომხრე რასაკვირველია ქუჩაში გამოვა მისი გათავისუფლების მოტივით, თუკი ტრამპს პატიმრობას მიუსჯიან, მაგრამ.....განა ბევრი გამოვარდება ქუჩაში იმ მოთხოვნით, რომ Tramp Organization აკრედიტაცია აღუდგეს ან ტრამპს მისი საყვარელი (მის მიერვე აშენებული) ცათამბჯენი დაუბრუნდეს NYC-ში?!
საკმაოდ ეშმაკური გადაწყვეტილებაა:
არ არის გამორიცხული ყველა სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მოსამართლეებმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღონ ანუ დიდი ჯარიმები, რაც ტრამპის ბიზნესს ჩამოაქცევს: ამერიკაში ბიზნესი კრედიტორებისა და კრედიტების გარეშე გამორიცხულია. სხვაგვარად უბრალოდ ვერ გაძლებ;
შესაბამისად, ტრამპი რისკავს სრულიად გაკოტრდეს და თუ გაკოტრდა, პოლიტიკურადაც ძალიან დასუსტდება საარჩევნო კამპანიისას
. . . . . . . . . . . . . . . . .
ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ ევროპასა და ამერიკაში სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი ჩინური ავტო-მრეწვის მზარდი კონკურენციით დასავლურ ბაზრებზე.
ანუ ჩინური საავტომობილო მრეწველობა და იაფი ჩინური მანქანები უკვე არა მხოლოდ `მესამე მსოფლიოში` უწევენ კონკურენციას დასავლურ (ევროპულ, ამერიკულ და ამ გაგებით იაპონურ) ავტო-მრეწვს, არამედ თვით ამერიკისა და ევროპის ტერიტორიაზეც;
მთავარი ფაქტორი აქ ის გახდა, რომ ჩინური მანქანები იაფი კია, თუმცა მათმა ხარისხმა შედარებით იმატა!
მასობრივი მომხმარებელი კი ნებისმიერ პროდუქციას, მით უმეტეს ავტომანქანას ყიდულობს `ფასი-ხარისხის` თანაფარდობის გათვალისწინებით;
ანუ ჩინური მანქანები `მერსედესს` ან BMW ხარისხით ადრე ბევრად ჩამოუვარდებოდა. იმდენად `ბევრად`, რომ ამის დაკომპენსირებას მომხმარებლის თვალში მისი სიიაფეც ვერ ახერხებდა; ახლა ხარისხმა ოდნავ (!) მოიმატა, თუნდაც მოიმატა იმავე დასავლეთიდან მოპარული ტექნოლოგიების წყალობით და კონკურენტუნარიანობამაც იმატა!
არსებითი მარკერი ევროპელთა შეშფოთებისა გახდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გუშინდელი განცხადება: `ჩინურ მანქანებზე` რაღაც კვოტის ან დამატებითი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ;
მაშასადამე, მაკრონი, ფაქტობრივად, პროტექციონისტულ, პატერნალისტურ ზომებს ემხრობა.
თუ დამატებით საბაჟო მოსაკრებლებს დაუწესებენ ევროკავშირის ბაზრებზე ჩინურ ავტომობილებს, ისინი გაძვირდება და `ფასი/ხარისხის` შეფარდება ისევ ევროპული წარმოების მანქანების სასარგებლოდ შეიცვლება ევროპელი მომხმარებლისთვის.
კი გააკეთა ასეთი განცხადება მაკრონმა, თუმცა რეალურად გაბედავს თუ არა ევროკავშირი ჩინეთთან სავაჭრო ომის დაწყებას, ჯერ-ჯერობით უცნობია;
ევროკავშირ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 900 მილიარდი ევროა!
მაკრონის ინიციატივა, რაოდენ მოულოდნელიც უნდა იყოს, უკვე გააკრიტიკეს გერმანიაში - საავტომობილო ზესახელმწიფოში!
გერმანელების არგუმენტი ისაა, რომ თუ ჩინეთმა საპასუხო ზომები მიიღო, გერმანიის ავტომრეწვი იმ ქვეყანაში დაზარალდება ორივე თვალსაზრისით: ანუ ჯერ ერთი ლეგენდარული გერმანული ბრენდები თავისი მანქანების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე `აშენებენ` (!) არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საკუთრივ ჩინეთშიც და მეორე: ჩინურ ბაზარსაც დაკარგავენ საკუთარი წარმოებისთვის.
საქმეც ესაა, რომ ჩინური ბაზარი სულ უფრო მეტად მსყიდველუნარიანი ხდება: 20 წლის წინ, როცა `მერსედესმა` იქ საწარმო გადაიტანა, ასე არ იყო: გერმანელები აშენებდნენ მანქანებს და მერე მთელს მსოფლიოში ყიდდნენ;
ახლა უკვე შეუძლიათ ჩინეთშივე გაყიდონ.
სი ძინპინმა ეს იცის და ამით ოსტატურად სარგებლობს, რათა ევროკავშირის `ოქროს` ბაზარზე შეაღწიოს.
ბოლოს და ბოლოს, ევროპული `პატერნალიზმი` და `პროტექციონიზმი` არა მხოლოდ ევროპასა და ჩინეთს შორის შეთანხმებებს დაარღვევს, არამედ WTO წესდებასაც
ანუ, როგორც ფასი/ხარისხის შეფარდება არსებობს საცალო მოხმარებისას, ასევე აუცილებელია `შეფარდების` გათვალისწინება ჩინეთით დასავლეთის დაინტერესებასა და ჩინური ეკონომიკური ექსპანსიის მოგერიებას შორის;
მთავარი კითხვა ახლა ისაა, ჩინეთის ეკონომიკას რა ელის! თუ დეველოპერული კრიზისი უფრო ღრმა კრიზისის მომასწავებელი აღმოჩნდა (როგორც ბევრი ვარაუდობს) და ჩინური ეკონომიკა ჩამოიქცა, მაშინ ხსენებული შეფარდება უკვე ისე შეიცვლება, რომ დასავლეთს ვერანაირი WTO ვერ აიძულებს ჩინური `იაფფასიანი მანქანების ცუნამისგან` თავი არ დაიცვას მაშინ, როცა საკუთრივ ჩინურ ბაზარზე მსყიდველუნარიანობა დაეცემა და ჩინელები `მერსედესებს` ვეღარ იყიდიან;
. . . . . . . . . . . . . . . . .
კანადის პარლამენტის სპიკერი ენტონი როტა გადადგა პროტესტების ფონზე: მან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ უკრაინელი ვეტერანი იაროსლავ ხუნკი (98 წლისაა) ნაცისტური დივიზიის SS- Galichina ყოფილი მებრძოლი აღმოჩნდა. არადა კანადის პარლამენტში მას ოვაცია მოუწყვეს.
ეს დივიზია უკრაინელი ნაციონალისტებისგან შედგებოდა და არა მხოლოდ საბჭოთა არმიას, არამედ პოლონელებსაც ებრძოდა, რაკი ისტორიულად (ვაღიაროთ) არსებობს არა მხოლოდ უკრაინულ-რუსული, არამედ უკრაინულ-პოლონური წინააღმდეგობები, წყენები, ტრავმები და ა.შ.
მაგრამ კანადელ 98 წლის ვეტერანს ოვაცია მოუწყვეს როგორც რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლს.
ამან დიდი სკანდალი გამოიწვია: კანადის პარლამენტი და მისი სპიკერი ყურადღებას არ მიაქცევდნენ მოსკოვის პროტესტებს......ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდნენ პოლონეთის პროტესტებსაც კი, მაგრამ.....კანადის და მთელი მსოფლიოს ებრაულმა ცენტრებმა, მათ შორის სიმონ ვიზენტალის ცენტრმა (ეს ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში ეძებს ნაცისტ დამნაშავეებს) გამოთქვა მტკიცე პროტესტი.
ზოგადად, ძალიან ღრმა თემაა, რომ ანტისემიტიზმი და ნაცისტების მიერ საკუთარი ხელით ან სხვების ხელით (უკრაინელების და პოლონელების ხელით) მოწყობილი ჰოლოკოსტი, ებრაელთა ხოცვა-ჟლეტა დასავლური საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური ფაქტორია, რაკი ზუსტადაც ნაცისტური ჰოლოკოსტი ადასტურებს: გერმანია იყო ისტორიულად მტყუანი, ხოლო დასავლეთი, - ისტორიის ნათელ მხარეს
იმავე ნათელ მხარეს რომ იოსებ სტალინი და მისი НКВД შემოიყვანეს რუზველტმა და ჩერჩილმა, ამ გარემოებას არ ცვლის, რაკი კომუნიზმი ნაკლებ უბედურებად ითვლებოდა, ვიდრე ნაციზმი;
ფინეთის NATO-ში გაწევრებას უკვე მოაქვს სასიკეთო შედეგები: ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა ელენა ვალტონენმა, ყოველგვარი ყალბი `პოლიტკორექტულობის` გარეშე, პრეს-კონფერენციაზე (ტუნისელ კოლეგასთან პრეს-კონფერენციაზე) განაცხადა, რომ დიახაც, სანქციები, რაც დასავლეთმა შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის მიმართულია `ჩვეულებრივი რუსების` წინააღმდეგაც, რაკი `ჩვეულებრივმა რუსებმა`, ესე იგი რუსეთის მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ ტკივილი და სუსხი იმის გამო, რასაც მათი სახელმწიფო უკრაინის წინააღმდეგ და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ სჩადის.
ეს, რასაკვირველია, ისედაც ყველამ ძალიან კარგად იცოდა. აბა ვის ეპარება ეჭვი, რომ პუტინს პიროვნულად ბევრს ვერაფერს დააკლებ ამ სანქციებით ან მისი უშუალო სამხედრო გარემოცვის წევრებს; ოლიგარქები შიმშილით არ დაიხოცებიან; ამიტომ სწორედაც `უბრალო რუსები` ისჯებიან ამ სანქციებით......ის რუსები, დიდი სიამოვნებით რომ ადევნებდნენ თვალს `დიადი რუსული არმიის` გამარჯვებებს პირველ დღეებში და კიევის ალყას.
კი, ყველამ იცოდა ეს რასაკვირველია, თუმცა ფინელი მინისტრის განცხადება იმიტომაა ძვირფასი, რომ პირველად ითქვა ღ ი ა დ!
ვალტონენის ამ განცხადებამ გააცოფა რუსეთის ხელისუფლება. სერგეი ლავროვმა ამ ფრაზას `Хамское` უწოდა.....რაც მთავარია, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ გაბედავდა ეს სიმართლე ეთქვა მანამ, სანამ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გარანტიებს არ მიიღებდა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრი არ გახდებოდა.
საინტერესო ინციდენტი მოხდა ბულგარეთში: ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას გადასცა საბჭოთა წარმოების საზენიტო - სარაკეტო კომპლექსები С-300; ოღონდ.......დაზიანებული და თავის დროზე `დაბრაკული`, უმოქმედო და ქმედუუნარო კომპლექსები, რომლებიც ჩამოწერილი იყო ბულგარეთის არმიის შეიარაღებიდან!
ბულგარეთის არმიის არგუმენტი ასეთი იყო: კომპლექსები არაქმედუნარიანია, მაგრამ უკრაინას აქვს საშუალება ისინი შეაკეთოს; ბულგარეთს კი ამის საშუალება არა აქვსო;
ეს `მთლად` სიმართლე არ არის რასაკვირველია: ბულგარეთს ჰქონდა საშუალება С-300 შეეკეთებინა, უბრალოდ `არ უღირდა`, რაკი ძვირი დაუჯდებოდა მაშინ, როდესაც NATO-ს ქოლგა ფარავს.
უკრაინა კი ომშია და შეუძლია შეაკეთოს.
ბულგარეთის `თავდაცვის` გადაწყვეტილება ამ ქვეყნის ოპოზიციამ `ღალატად` შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ С-300 სარაკეტო კომპლექსები საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი წარმატებული ნაკეთობა იყო.
მის საფუძველზე რუსეთმა განავითარა С-400 და С-500 სარაკეტო კომპლექსები და იკვეხნიდნენ: ამერიკულ Patriot-ს სჯობიაო.
რეალურად კი ამერიკულმა სისტემამ უკრაინის ომში ულტრა-ზებგერითი რაკეტების ჩამოგდებაც კი შეძლო.
რუსეთმა სწორედ იმიტომ იყიდა ირანისგან მისი დაბალი სიჩქარის დრონები, რომ ამ დრონების წინააღმდეგ Patriot-ის გამოყენება მეტისმეტად არარენტაბელურია.
სამაგიეროდ ირანული `შეჰიდი` ბევრია. ათასობითაა.