ასლანის შემდეგ

ასლანის შემდეგ

 

        გუშინდელმა ეიფორიამ გადაფარა უმთავრესი საკითხი, რომელიც მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: «ვინ შემდეგ?» ან ვინ იქნება?» ამ კითხვაში ტევადად ჩატეულია მთელი პრობლემატიკა, რასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა შეეჩეხება ასლან აბაშიძის ეპოქის დასრულების შემდეგ. რა თქმა უნდა, თბილისზე არანაკლებ ყურადღებით, ამ მოვლენებს მოსკოვში აკვირდებოდნენ და იქაც არ გამორიცხავდნენ ასლან აბაშიძის ჩანაცვლებას, ოღონს მათთვის სასურველი კანდიდატურით.

        უპირველეს ყოვლისა, ამ კონტექსტში ასახელებდნენ გიორგი აბაშიძეს, რომელიც, თითქოსდა, უნდა ქცეულიყო კომპრომისულ ფიგურად, ანუ მისაღები იქნებოდა არა მხოლოდ თბილისისათვის, არამედ მოსკოვისათვისაც. მაგრამ ეს აშკარად ილუზორული ვარიანტია. მართალია, მოსკოვში გიორგი აბაშიძე მამის ლოიალური კურსის გამგრძელებლად მიაჩნდათ, ხოლო თბილისში, თითქოსდა, სჯეროდათ მისი ზომიერი პოლიტიკისა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიმართ (გავიხსენოთ, თუნდაც, პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები, რომ გიორგი აბაშიძე «თბილისელი მიჭია» და არ არის გასაკვირი მისის პოზიცია), მაგრამ რეალურად, გიორგი აბაშიძის «გამეთაურების» მექანიზმი არ არსებობს. საერთოდ, უცნობია, შენარჩუნდება თუ არა «რესპუბლიკის მეთაურის» ინსტიტუტი რევოლუციის შემდეგ. ისიც უცნობია, დარჩება თუ არა აბაშიძეთა სახელგანთქმული ოჯახი აჭარაში და ხომ არ მიაშურებს იგი მუდმივ საცხოვრებლად, არ არის აუცილებელი მოსკოვს, შესაძლოა, ლონდონსა და რომს.
        რასაკვირველია, «ოჯახს» მრავალმილიონიანი ბიზნესის მიტოვება ბევრად მეტად გაუჭირდება, ვიდრე პოლიტიკის და ხელისუფლებისა. გიორგი აბაშიძესაც სერიოზული ბიზნეს-ინტერესები აქვს აჭარაში, მაგრამ, თუ უფროსმა აბაშიძემ აჭარა დატოვა, დიდი ოჯახური ტრადიციების ღალატი იქნება უმცროსი მას არ გაჰყვეს. სასაცილოა საუბარი რაღაც «განხეთქილებაზე» მამა-შვილ აბაშიძეებს შორის. შუასაუკუნოებრივ მენტალიტეტს ზოგიერთები დადებით თვისებად უთვლიან ოჯახური ტრადიციის ურყევად შენარჩუნებას.
        ასეა თუ ისე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გამო, გიორგი აბაშიძის კანდიდატურის სერიოზულად განხილვა ნამდვილად არ შეიძლება მის გარდა, საქართველოს დედაქალაქსა და რუსეთში განიხილება ედვარდ სურმანიძის, დავით ბერძენიშვილის და ადგილობრივი ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლის კანდიდატურა. აქ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებენ მორიგებას თბილისში მოქმედი პარტიები და რა პოზიციას დაიკავებს მმართველი ტრიუმვირატი, განსაკუთრებით პრეზიდენტი და პრემიერი. მოსალოდნელია, რომ «ზომიერმა» დაჯგუფებამ უფრო მეტად გაითვალისწინოს ადგილობრივი, აჭარული ელიტის ინტერესები და ედვარდ სურმანიძის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. ეს კანდიდატურა მისაღები იქნება არა მხოლოდ ოპოზიციის ნაწილისთვის (თვით ისტებლიშმენტში), არამედ ასლან აბაშიძის ყოფილი გარემოცვისთვისაც, რომელიც უკვე გეგმავს ახალი, ხანგრძლივი ეპოქის პარადიგმებს. აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, შენარჩუნდება თუ არა «მეთაურის» პოსტი. ადგილობრივი საზოგადოების მენტალიტეტი და ჩამოყალიბებული ტრადიცია «პირველ კაცად» მიიჩნევს ან ადგილობრივი მოძრაობის ხელმძღვანელს ან პარლამენტის თავმჯდომარეს _ რასაც გაითვალისწინებს აჭარის ახალი კონსტიტუცია. სწორედ ეს არის მომავალი «შერჩევის» მთავარი ინტრიგა, რაკი დავით ბერძენიშვილი და მის მიღმა არსებული საკმაოდ ძლიერი (უკვე) დაჯგუფება მთლიანად ავტონომიის სტრუქტურის შეცვლას აპირებს და ამ ცვლილების პროცესში ცდილობს კანდიდატურის წამოყენებას. რაც უფრო ნაკლები იქნება თბილისის პირადაპირი ჩარევის შესაძლებლობა, მით უფრო გაიზრდება აჭარის ელიტის ფავორიტის შანსი და პირიქით: თუ ახალმა კონსტიტუციამ უმაღლეს პოსტად მთავრობის თავმჯდომარე გაითვალისწინა, განსხვავება ის არის, რომ დავით ბერძენიშვილის მხარდამჭერები, ძირითადად, თბილისის სტრუქტურებში (მათ შორის არასამთოვრობო და მედია-სისტემებში) არიან თავმოყრილნი, ხოლო ედვარდ სურმანიძეს «ლობი» ჰყავს აჭარის ელიტაში. სწორედ ამ ელიტამ მოიყვანა ხელისუფლების სათავეში თავის დროზე ასლან აბაშიძე. ოდესღაც იგი მართლაც ყოვლისშემძლე იყო. ამჟამად ვითარებაზე ზემოქმედების ბერკეტები მოაკლდა, მაგრამ გავლენას მაინც ინარჩუნებს. ამდენად, «ახალი აჭარის» ხელმძღვანელობისათვის საინტერესო «რალი» გაიმართება. გამარჯვებულს გამოავლენს თბილისის ზეგავლენა და საზოგადოებრივ ძალთა ახალი განლაგება თვით აჭარაში.

6 მაისი, ხუთშაბათი, 2004 წელი
დილის გაზეთი