საერთაშორისო მიმოხილვა. 30 აპრილი. 2024 წელი
როგორც იქნა ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოთქვა მზადყოფნა, პრეზიდენტის ბრძანებულებით აკრძალოს რუსეთიდან გამდიდრებული ურანის იმპორტი ამერიკული ატომური ელექტროსადგურებისთვის.
შესაბამისი კანონი ადრე ამერიკულ სენატში დაიბლოკა ენერგოკომპანიების ლობირებით.
ირკვევა, რომ 2023 წელს ამერიკამ 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარის (!!!) ღირებულების გამდიდრებული ურანი იყიდა რუსეთისგან.
თვით ამერიკაში მხოლოდ 90 კილოგრამი გამდიდრებული ურანი გამოიმუშავეს გასულ წელს.
რუსეთისგან შესყიდვა უფრო მომგებიანია, თორემ განა ამერიკას არ გააჩნია ტექნოლოგიები.
აქ ეკოლოგიური თემებიც აქტიურად ერევა.
შეადარეთ: 400 ტონაზე (!) მეტი ურანი იყიდა ამერიკამ რუსეთისგან მხოლოდ გასულ წელს!
უკრაინა ბაიდენს სთხოვს, რუსეთიდან ურანის აკრძალვა „დაამაგროს“ სენატში დამტკიცებული კანონით, რადგან თუ ადმინისტრაცია შეიცვალა, ტრამპმა შესაძლოა ბაიდენის ბრძანებულება გააუქმოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა გუშინ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ.
მისი თქმით, ბოლო დროს ამერიკა „გლობალური ციფრული სფეროს მონოპოლიზებას ცდილობს და მასზე ტოტალური კონტროლის დამყარებას აპირებსო“.
პოლიანსკი ჩივის (და მისი პირით კრემლი „კრუსუნებს“), რომ რუსეთის „საინფორმაციო ჯარებს“, რომლებიც პუტინის ბრძანებით შეიქმნა ჯერ კიდევ 2006 წელს და ამერიკაში, ასევე ევროპაში სხვადასხვა მზაკვრული „საინფორმაციო დივერსიით“ არიან დაკავებულნი (მაგალითად „ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ BLM მოძრაობისას ამერიკაში) გლობალური ინტერნეტპროვაიდერები აქტიურად უბლოკავენ კონტენტზე წვდომას. და ამას აკეთებენ ამერიკული IT გიგანტების მოთხოვნით, რომლებსაც თავის მხრივ ამერიკული სახელმწიფო სტრუქტურები ავალებენო ამას.
ინტერნეტი, ზოგადად, ცენტრალიზებული ქსელი არ არის და მისი დაბლოკვა შეუძლებელია.
მაგრამ ამერიკას (ამის თაობაზე ჩვენც ბევრჯერ დაგვიწერია მიმოხილვებში) შეუძლია, ვთქვათ Google პროგრამულ უზრუნველყოფასთან შეუზღუდოს წვდომა რუსეთს.
ასევე, რუსეთის საინფორმაციო ჯარებს აღარ მისცეს საშუალება ტროლ-ბოტების ტექნოლოგია გამოიყენოს ვთქვათ Yahoo ან Gmail თუ სხვა რესურსთა ფორუმებზე, იმავე Facebook ან X-ზე და ა.შ
„აეწვათ“ როგორც ჩანს ეს ტენდენცია რუსებს.
ქვის ხანაში დააბრუნებს მათ ამერიკა თუ მოინდომა. მიირთვან მერე „ვოდკა“, მიაყოლონ გაზეთზე დაფცქვნილი „ვობლა“ და თავად გააკეთონ Google-ის მსგავსი პროგრამული უზრუნველყოფა, თუ ბიჭები არიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩეხეთის მთავრობამ განაცხადა, რომ „უეჭველად დამტკიცებულად და დადასტურებულად მიაჩნია“ რუსეთის მონაწილეობა 2014 წელს, ჩეხეთის ტერიტორიაზე იარაღის საწყობთა აფეთქებაში.
პრაღა აცხადებს, რომ აფეთქება იარაღის საწყობში, საიდანაც ეს იარაღი სულ მალე უკრაინისთვის უნდა მიეწოდებინათ, მოაწყო რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГРУ – Главное разведывательное управление Генерального штаба Вооружённых сил РФ)
კერძოდ, ამ დივერსიაში იმხილებიან ГРУ-ს აგენტები Александр Петров და Руслан Боширов, რომელთა ნამდვილი სახელებია Анатолий Чепига და Александр Мишкин.
ეს სწორედ ის ჩეპიგა/მიშკინია, რომლებმაც 2018 წელს ინგლისში ГРУ-ს ყოფილი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი მოწამლეს „ნოვიჩოკით“ პუტინის ბრძანებით.
მოგვიანებით პუტინმა ეს ბრალდებები არც კი უარყო და თავხედურად განაცხადა: „სკრიპალი ჩვენ ამერიკელ შპიონებში გავცვალეთ, როცა ციხეში იყო; მან კი ესპანეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა განაგრძოო“.
ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური მაინც სხვაა: კი მაგრამ........ ГРУ-ს ორმა აგენტმა როგორ უნდა მოახერხოს NATO-ს წევრი ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიაზე იარაღის საწყობის აფეთქება?
„როგორ მოახერხეს“ - ამის თაობაზე ჩეხეთის ოფიციოზი სდუმს. მხოლოდ იმაზე ჩივის, რომ პუტინი „ეჭვმიტანილებს პრაღას არ გადასცემს და ამ თემაზე ჩეხეთის სამართალდამცავ ორგანოებთან არ თანამშრომლობსო“.
„რატომღაც რომ“
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ცოტა არ იყოს უცნაური განცხადება გააკეთა აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. მისი თქმით, უკრაინის ომის დასრულება „რუსეთის პრეზიდენტ პუტინზეა დამოკიდებული“ და იგი მოუწოდებს უკრაინას, ასევე უკრაინის მოკავშირეებს (ანუ საკუთარ სახელმწიფოსაც მათ შორის) „გამართონ მოლაპარაკება რუსეთთან გაეროს წესდების საფუძველზე“
არადა, ბლინკენმა შეუძლებელია არ იცოდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ბრძანებულებით, ქვეყნის დეოკუპაციამდე მოსკოვთან მოლაპარაკებები აკრძალულია.
ანუ....... ვაშინგტონი წინააღმდეგობრივ „მესიჯებს“ აგზავნის. და ამის მიზეზია...ისევ და ისევ მოახლოებული სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევნები!
პუტინის ოფიციოზის პასუხი ბლინკენის მესიჯზე იოლად სავარაუდო იყო: „ჩვენ ხომ გავმართეთ მოლაპარაკება სტამბულში 2022 წელს? თითქმის მივაღწიეთ იქ შეთანხმებას ახალი (!) საოკუპაციო ხაზის გაყინვაზე. ახლაც მზად ვართ „გავყინოთ ფრონტის ხაზი“ ოღონდ უკვე დღევანდელი მდგომარეობით“.
„დღევანდელი მდგომარეობა“ კი ის არის, რომ პუტინმა არა მხოლოდ ყირიმში სახმელეთო გასასვლელი დაიპყრო, არამედ დონბასზეც ნელ-ნელა „მიჩოჩავს“ დასავლეთით, ქალაქ დნეპრისკენ - ავდეევკას აღების შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთდროულად რამდენიმე ავტორიტეტული რესურსი იტყობინება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრისას სთხოვა აშშ პრეზიდენტ ბაიდენს, „ზეგავლენა მოახდინოს“ ჰააგას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოზე, რათა ამ სასამართლომ არ გასცეს მისი (ანუ ნეთანიაჰუს) დაპატიმრების სანქცია. ასევე ისრაელის სხვა მაღალი თანამდებობის პირთა დაპატიმრების სანქციები.
რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა დაადასტურა, რომ განიხილავს დაპატიმრების ორდერთა გაცემას ღაზაში ადამიანის უფლებათა დარღვევის და უამრავი მშვიდობიანი პალესტინელის დაღუპვის გამო.
შეგახსენებთ, რომ ამერიკა არ არის ამ სასამართლოს წევრი - ვაშინგტონი არ შეერთებია ე.წ. „რომის სტატუტს“, რომლითაც ეს სასამართლო შეიქმნა. არც ისრაელია ჰააგას სისხლის სამართლის სასამართლოს წევრი, არც რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.
ამერიკა რომის სტატუტს არ შეუერთდა იმის გამო, რომ არსებობდა საფრთხე, ჰააგას სასამართლოს ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე აღეძრა საქმეები. ამერიკა გლობალური ზესახელმწიფოა და, ბუნებრივია, უამრავ ომს აწარმოებს მთელს მსოფლიოში თავისი, ასევე მოკავშირეების ინტერესთა დასაცავად.
აქ ძალიან ნიშანდობლივია, რომ ნეთანიაჰუ სწორედ ბაიდენს მიმართავს დახმარების თხოვნით და არა ევროპელ ლიდერებს: საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ შოლცს და ა.შ. არადა, ამერიკისგან განსხვავებით, ევროპული სახელმწიფოები რა თქმა უნდა არიან ჰააგას სასამართლოს წევრები და ხელი აქვთ მოწერილი „რომის სტატუტზე“.
საერთოდაც, ამ სასამართლოს იდეა მთლიანად „ევროპაში გაჩნდა“ 1980 იან წლებში და მისი დედააზრი იყო სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის „დელეგირება“ საერთაშორისო სასამართლოში.
სუფთად „ევროკავშირული“ მიდგომაა საკითხისადმი.
ამერიკისთვის კი ამგვარი „დელეგირება“ მიუღებელია, რაც სწორად უნდა გავიგოთ: ამერიკა გლობალური ზესახელმწიფოა, ხოლო გერმანია და საფრანგეთი - არა.
ოღონდ მიუხედავად იმისა, არის თუ არა აშშ „რომის სტატუტის“ მონაწილე, ბაიდენს მაინც მეტი შესაძლებლობები აქვს „ჰააგაზე“, ასევე პირადად პროკურორ კარიმ ხანზე ზემოქმედებისთვის (მათ შორის „სპეციალური“ არხებით) ვიდრე ევროპულ ქვეყნებს
ნეთანიაჰუმ ეს შესანიშნავად იცის.
თუ ჰააგას სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა, ნეთანიაჰუ ისევე ვერ ჩავა ვიზიტით მსოფლიოს ასეულობით ქვეყანაში (არა მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოებში), როგორც პუტინი ვერ ჩადის მას შემდეგ რაც ჰააგამ პუტინის დაპატიმრება მოითხოვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა საბოლოო უარი უთხრა პუტინს მისი ქვეყნის BRICS-ში გაერთიანებაზე.
შეგახსენებთ, რომ BRICS არის ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და სამხრეთ აფრიკის ცოტა არ იყოს ამორფული, არც თუ კონსოლიდირებული, თუმცა მაინც გეოპოლიტიკურად საკმაოდ მნიშვნელოვანი ალიანსი, რაკი იგი აერთიანებს მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ზე მეტს და გლობალური ეკონომიკის ძალიან დიდ წილს.
სერბეთს აშკარად სურდა ამ ალიანსში შესვლა და ბელგრადის წევრობა უაღრესად სასურველი იყო პუტინისთვისაც, თუმცა ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიოდ უთხრეს სერბეთის პრეზიდენტ ვუჩიჩს: ამ ალიანსში შესვლა გამორიცხავს ევროკავშირის წევრობას.
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 2012 წლიდან(!)
სრულუფლებიანწევრობას სერბეთს ჰპირდებიან 2030 წლისთვის. თუ რასაკვირველია „ჭკვიანად“ მოიქცევა.
ისტორიულად სერბეთი რუსეთზე იყოორიენტირებული, თუმცა ეს ორიენტაცია დიდწილად შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სერბეთი ვერ დაიცვა NATO-სგან 1999 წლის ომის დროს.