საერთაშორისო მიმოხილვა. 20 თებერვალი. 2024 წელი
პუტინის სატრაპმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ავდიევკის აღების შემდეგ „რუსული არმია გააგრძელებს წინსვლას კიევამდე“.
ზოგადად, ავდიევკის დაცემამ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის განსაკუთრებული სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ამ ლოკაციას არ ჰქონდა, ძალიან დაამწუხრა უკრაინა, მისი მეგობრები და პირიქით, აღაფრთოვანა პუტინი, ასევე მისი სატრაპები და შოვინისტური რუსული საზოგადოება.
იმიტომ, რომ ამ ყაიდის ომის დროს სიმბოლოებს და აღქმებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს ვიდრე კონკრეტულ სამხედრო დისპოზიციას.
კადიროვის განცხადება „კიევზე შეტევის“ შესახებ ასევე პროპაგანდისტული განცხადებაა: კიევთან რუსული ძალები უკვე იმყოფებოდნენ 2022 წელს, თუმცა სულ მალე იძულებულნი გახდნენ უკან გაძურწულიყვნენ ბელორუსის ტერიტორიაზე. ახლა რა იგულისხმება ახალ შეტევაში? რომ რუსული არმია კიევს არტილერიით დაანგრევს?
გუშინ ამერიკულმა Associated Press (AP) გამოაქვეყნა ედითორიალი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ უახლოეს მომავალში დასავლეთი (უპირველესად აშშ) არ გამოძებნის რესურსებს, რათა უკრაინულ არმიას მიაწოდოს საარტილერიო ჭურვები (ჭურვები, ჭურვები და ისევ ჭ უ რ ვ ე ბ ი - დ.) რუსეთი ნამდვილად გააგრძელებს შეტევას მთელს ფრონტზე კიევის მიმართულებით.
სწორედ ამაშია ავდიევკას დაკარგვის მნიშვნელობა: მან ხაზი გაუსვა რუსული არმიის იმ უპირატესობას, რომელიც მიუხედავად კონკრეტული ლოკაციის ტაქტიკური მნიშვნელობისა, მანიფესტირებს რუსული არმიის სტრატეგიულ უპირატესობას (ჭურვებისა და არტილერიის რაოდენობას), რაც შესაძლოა უკვე არა ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ ფაქტორად იქცეს მთელს ფრონტზე, ანუ ომის ბედიც კი გადაწყვიტოს საბოლოოდ.
ამ ფონზე კი NATO-ს ზოგიერთი ლიდერი ალარმისტულ, რომ არ ვთქვათ პანიკურ განცხადებებსაც კი აკეთებს. მაგალითად ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სამხედრო კომიტეტის უფროსმა რობ ბაუერმა მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ დასავლეთი მეტისმეტად ოპტიმისტურად იყო განწყობილი უკრაინის უნარზე, დაამარცხოს რუსეთი.
ეს განცხადებაც, ალიანსის საკვანძო (!) სამხედრო ფიგურის მხრიდან, ავდიევკის დაცემის ერთ-ერთი პოლიტიკური შედეგია. CNN-მა გუშინვე ავდიევკას დაცემას „ომის Turning point“ ანუ შემობრუნების წერტილი უწოდა.
ისევ და ისევ „სამხედრო-ტაქტიკურ“ და „აღქმით- სტრატეგიულ“ ფენომენთა კორელაციის საკითხია, როგორც ზემოთ მოგახსენეთ: არა აქვს ავდიევკას ამხელა მნიშვნელობა სამხედრო თვალსაზრისით!!! მაგრამ აღქმითი თვალსაზრისით იმ ფონზე, როცა საარტილერიო ჭურვების დეფიციტის გამო რუსეთმა უპირატესობა მოიპოვა, უკვე სულ სხვა ელფერს იძენს ამ პატარა ქალაქის დაცემა.
აღსანიშნავია, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს არც ერთხელ, მთელი რუსული აგრესიის განმავლობაში, ასეთი განცხადება არ გაუკეთებია, რომ დასავლეთი შეცდა უკრაინის პოტენციალის, ასევე რუსეთის პოტენციალის შეფასებაში.....და რომ ლამის უკრაინა მარცხდება, რუსეთი იმარჯვებს და ა.შ.
პირიქით, სტოლტენბერგი, მიუხედავად იმისა, სამხედრო არაა, ბევრად ოპტიმისტური იყო მუდამ. ოღონდ საქმეც სწორედ ეს გახლავთ: სტოლტენბერგი სამხედრო არ არის. შესაბამისად, გამოცდილი სამხედროს, ბაუერის განცხადება ბევრად შემაშფოთებელია, რადგან ის სუფთად სამხედრო თვალსაზრისით (იარაღის რაოდენობის მიხედვით) აფასებს ვითარებას.
ამასობაში კი, ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმუქრება: ნურავინ შეეცდებით დააბრუნოთ რუსეთი 1991 წლის საზღვრებში, რადგან ამ მცდელობას რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება მოჰყვებაო.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ მიაგნო რუსეთის „სუსტ წერტილს“ კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსების თვალსაზრისით. ეს „სუსტი წერტილია“ ჩინეთის პოზიცია.
საქმე ის გახლავთ, რომ ჩინეთს, როგორც ერთ-ერთ უძლიერეს კოსმოსურ სახელმწიფოს, გამორიცხულია მოსწონდეს პუტინის გეგმები დედამიწის ორბიტაზე ანტითანამგზავრული ბირთვული იარაღის განთავსების თაობაზე მაშინ, როდესაც ჩინეთი ამერიკის შემდეგ უკვე მეორეა ორბიტაზე თანამგზავრების რაოდენობით.
აბა როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს კოსმოსში და ამით მხოლოდ ამერიკულ თანამგზავრებს დააზიანებს, ჩინურ თანამგზავრებს კი არ შეეხება?
ამერიკელები ამას მიხვდნენ და უმალვე „დაარტყეს“ ამ სუსტ წერტილში: გუშინ აშშ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა მოუწოდებს ჩინეთს და ინდოეთს (კიდევ ერთ მზარდ კოსმოსურ სახელმწიფოს) გამოხატონ პოზიცია პუტინის გეგმებზე.
ამ მოწოდებას ჩინეთის „საგარეომ“ ნიშანდობლივად უპასუხა: უკვე ვირეაგირეთ და მოსკოვმა იცის ჩვენი პოზიციაო. ანუ დახურულ კარს მიღმა „შეჯორეს“ პუტინი.
იქმნება ვითარება, რომელიც ადრეც არაერთხელ ყოფილა „გეოპოლიტიკურ სამკუთხედში“ ჩიენთი-აშშ-რუსეთი ბოლო 70 წლის განმავლობაში, როდესაც ვაშინგტონი, ჯერ კიდევ სახ.მდივან ჰენრი კისინჯერის ეპოქიდან, მუდამ წარმატებით ახერხებდა პეკინსა და მოსკოვს შორის არსებულ იმანენტურ წინააღმდეგობათა გამოყენებას.
ეს წინააღმდეგობები კი ნამდვილად არსებობს, რადგან ჩინეთს აქვს სტრატეგიული გეგმა, „ჩააჩოჩოს“ რუსეთი რეგიონიდანაც და მსოფლიოს ასპარეზიდანაც, როგორც „მეორე ზესახელმწიფო“, თავად დაიმკვიდროს „მეორე ერთადერთი ზესახელმწიფოს“ სტატუსი და საერთოდაც რუსეთია ქციოს ჩინეთის „უმცროს ქვემდებარე პარტნიორად“
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთი აფხაზეთს ფულს აღარ აძლევს. როგორც ჩანს, პუტინის მოთმინების ფიალა აივსო.
სეპარატისტულ-ოკუპირებული ტერიტორიების წინა ადმინისტრაციებს (მაგალითად სერგეი ბაღაფშს და ალექსანდრე ანქვაბს) მილიარდობით რუბლს ურიცხავდა კრემლი „ბიზნესის განსავითარებლად“, რაკი იმედი ჰქონდა, ამ ბიზნესს ძირითადად რუსები დაეპატრონებოდნენ და განავითარებდნენ.
მაგრამ ბოლო დროს ფულის ეს ნაკადი შეწყდა. უფრო ზუსტად, რუსეთი საბიუჯეტო სახსრებს ჯერ კიდევ უფარავთ, ანუ ხელფასების, პენსიების გასაცემ ფულს ურიცხავთ, თუმცა სხვა სახსრებს აღარ იმეტებს ამ ტერიტორიისთვის, რომელსაც თავი „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ მიაჩნია.
ამიტომ აფხაზეთში აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი „აფხაზური ეროვნული ვალუტის, აფსარის“ შემოღებაზე. უფრო ზუსტად, „აფსარი“ ჯერ კიდევ 2018 წელს შემოიღეს, ფულის ნიშნებიც დაამზადეს (თურქეთში) და აფხაზეთის ბანკში ინახავენ.
აფხაზი ეკონომისტი ახრა არისტავა (ერისთავია გვარად) ამბობს, რომ „აფხაზეთს სხვა გზა არა აქვს გარდა იმისა, რომ აფსარი აამოქმედოსო“.
ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მკაცრად გააკრიტიკა: „ზოგიერთი ეკონომისტი ალტერნატივად გვთავაზობს აფსარის ამოქმედებას, რაც იმას გამოიწვევს, რომ აფხაზეთის ეკონომიკა 2 კვირაში ჩამოიშლებაო“.
ბუნებრივია, იგი გულისხმობდა ე.წ. „აფსარის ამოქმედებას“ რუბლის ნაცვლად და რუბლის ალტერნატივად, თორემ აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუ ვინმეს სჭირდება, ახლაც არის შესაძლებელი აფსარით გადახდა. ასეთია „აფხაზეთის კანონი“.
მაგრამ თუ აფხაზები დაიწყებენ აფსარის მასობრივ გამოყენებას, აქედან რასაკვირველია არაფერი გამოვა: აფხაზეთი ტოტალურად არის მიბმული რუსეთზე ეკონომიკურითვალსაზრისით. რუსეთში ვის რაში სჭირდება აფსარი?
აფხაზური იმპორტი რუსეთიდან ათჯერ აღემატება ექსპორტს.
თუ აფხაზეთი „რუბლის ზონიდან“ გამოვა, სადაც იმყოფება 1992 წლიდან, ეს ნამდვილად კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს ე.წ. „აფხაზური ეკონომიკისთვის“.
იგივე ახრა არისტავა საქართველოზე აპელირებს; ხომ შემოიღო საქართველომ ლარი რუბლის ნაცვლად და საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშალაო.
მაგრამ ამის შედარება როგორ შეიძლება? - საქართველო სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, როცა ჯერ კუპონი (დროებითი ვალუტა) მერე ლარი შემოიღო.
საქართველო იმ დროისათვის გაწევრდა როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ასევე მსოფლიო ბანკში.
საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა ათეულობით სახელმწიფოსთან და არა მხოლოდ რუსეთთან!
საქართველომ დააგროვა სავალუტო რეზერვი და ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ეკონომიკაც არ იყო ისეთი მიკროსკოპული, როგორიც აფხაზეთის ეკონომიკაა. თანაც ტოტალურად მიბმული რუსეთზე.
აქედან გამომდინარე, ეს დემაგოგია „აფსარის“ შესახებ სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური თამაშები, რაც სოხუმში კლანთა შორის გრძელდება.
ამჯერად ამ თამაშის ფონი გახდა მოსკოვთან მზარდი დაპირისპირება და ის, რომ კრემლმა აშკარად გადაწყვიტა ზეწოლა გააძლიეროს სოხუმზე, რათა აფხაზეთი „დიდი სოჭის ნაწილად“, ესე იგი „სოჭის გაგრძელებად“ აქციოს, რასაც აფხაზები არ თანხმდმებიან ჯერ-ჯერობით.
ამ ფონზე „აფსარის“ შემოღება-ამოქმედება, მით უმეტეს რუბლის ალტერნატივად, კომიკურია: ეს მცდელობები იმას გამოიწვევს, რომ გაბრაზებული რუსეთი ფულად ნიშნებს (რუბლებს) საერთოდ აღარ მიაწვდის აფხაზეთს და უბადრუკი მცდელობა იმთავითვე ჩაიფუშება.
„პრეზიდენტ“ ბჟანიას ეს რასაკვირველია ესმის.
თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერი გიჟური გადაწყვეტილების გამანადგურებელ შედეგებზე თვითონ აგებს პასუხს და არა არისტავა თუ სხვა ოპოზიციონერები.