ცივმა ომმა პოლიტიკიდან - ენერგეტიკაში გადაინაცვლა

ცივმა ომმა პოლიტიკიდან - ენერგეტიკაში გადაინაცვლა

რუსეთსა და თურქმენეთს შორის დაწყებულ «აირის ომში» შეიძლება საქართველომ მოითბოს ხელი

        ზბიგნევ ბზეჟინსკის მიერ გენიალურად მოაზრებულ «ევრაზიულ საჭადრაკო დაფაზე» სამკვდრო-სასიცოცხლო გეოპოლიტიკური პარტია გრძელდება. სტრატეგიასა და ტაქტიკას ნავთობ და გაზსადენთა ვექტორი განსაზღვრავს. ეს არ არის ბრძოლა ტრანზიტის ტარიფებისა და საბიუჯეტო შემოსავლებისთვის – მიმდინარეობს ფარული, პოლიტიკური, «ცივი ომი» ევრაზიაში ძალთა გადანაწილებისა და გავლენის ახალ ცენტრთა შესაქმნელად.
        მოთამაშე კვლავ ორია: ამერიკა და რუსეთი. ამ უკანასკნელს თითქოს «ძალა აღარ შესწევს», მაგრამ «ზესახელმწიფოებრიობიდან» გამოყოლილი კოზირები ჯერ კიდევ შემორჩა. უმთავრესი შეჯახება უკავშირდება არა ნავთობსადენს (როგორც ზოგიერთს ჰგონია), არამედ გაზსადენებსა და მომავალი ათწლეულების განმავლობაში ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროპაში.
        დასავლეთში უკვე სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ დედამიწაზე იწურება ნავთობის მარაგი – 2015, 2020 წლისათვის ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თანაც, არა მოპოვების ხელოვნურად შემცირების გამო (როგორც ამჟამად), არამედ საბადოთა ბუნებრივი ამოწურვის შედეგად. ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ კასპიის აუზის ნავთობის კოლოსალური სიმდიდრე სრულად ჩაერთო ენერგეტიკულ ბალანსში. ნავთობზე ფასის მნიშვნელოვნად და სტაბილურად გაძვირებით დასავლურ ცივილიზაციას საფრთხე დაემუქრება – საქმეს ვერც ატომური ენერგია უშველის, ვინაიდან არის ენერგეტიკული მოთხოვნილებანი, რომლებიც მხოლოდ «ჩვეულებრივი საწვავით» შეიძლება დაკმაყოფილდეს.
        დედამიწაზე არსებული ბუნებრივი აირის მარაგის 90 პროცენტი განაწილებულია ორ ქვეყანაზე: თურქმენეთსა და რუსეთზე. რუსეთის მარაგი უფრო დიდია, მაგრამ არა იმდენად, რომ თურქმენულ გაზს თავისთავადი მნიშვნელობა არ ჰქონდეს.
        ბუნებრივია, რუსეთი ცდილობს, აკონტროლოს თურქმენული გაზი და არ მისცეს თურქმენეთს საშუალება, რუსეთის გვერდის ავლით გაიტანოს იგი მსოფლიო ბაზარზე. ამით რუსეთი მოიპოვებს «საუკუნო ბერკეტს» დასავლურ ცივილიზაციაზე ზემოქმედებისთვის.
        ამერიკის შეერთებული შტატები კი პირიქით – ყველანაირად ეცდება შექმნას ისეთი საექსპორტო სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ერთ რომელიმე ქვეყანაზე _ მით უმეტეს, რუსეთზე.
        ამ დიდ «შეჯახებაში» საქართველოც აღმოჩნდა ჩათრეული, ვინაიდან რეალურად, თურქმენეთი ევროპულ ბაზარზე შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ორი გზით _ რუსეთის გავლით, ან ტრანსკავკასიური მილსადენით, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე აშენდება. მესამე გზა – ირანი აბსოლუტურად გამორიცხულია. ჯერ ერთი, «ზომიერთა» წარმატება ფუნდამენტალისტურ ისლამისტურ სახელმწიფოში ამერიკასა და დასავლეთს ამ ქვეყნის სტაბილურობაში ვერ დაარწმუნებს. აქ სწორედ «სტაბილურობაა» მთავარი და არა რეჟიმის არსი. «არასტაბილურობაში» კი აგრესიულობაც იგულისხმება.
        ასეც რომ არ იყოს, თურქეთს სულაც არ ეპიტნავება ისტორიული მეზობლისა და ისტორიული მეტოქის გაძლიერება და მასზე დამოკიდებულება.
        თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონს ექსპერტები სწრაფ განვითარებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით ანკარა არ დაუშვებს, რომ ეს განვითარება ირანზე იყოს დამოკიდებული.
        ვინ იცის, იქნებ ხვალ (თუნდაც 10 წლის შემდეგ) თეირანში კვლავ გამოჩნდეს ჰომეინის მსგავსი მრისხანე შაჰი და ისლამური «გლობალიზმის» თეორიათა განვითარება დაიწყოს.
        ამჟამად თურქმენი სპეციალისტების აზრით, ამ ქვეყნის ბუნებრივი აირის მარაგებიდან 9 ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი უშუალოდ «წნევის» ქვეშ იმყოფება.
        ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უახლოეს მომავალში აშხაბადმა ვერ მოიპოვა გზები ამ სიმდიდრის «ბაზარზე გასატანად», წმინდა ფიზიკური თვალსაზრისით, იგი იძულებული გახდება, «ჰაერში გაუშვას» ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი, ვინაიდან ინფრასტრუქტურა დიდხანს ვერ გაუძლებს წნევის ქვეშ ყოფნას და სამუდამოდ გამოვა მწყობრიდან _ მის შეცვლას კი მილიარდობით დოლარი დასჭირდება.
        აშხაბადმა უკვე ისესხა რამდენიმე მილიარდი დოლარი, მაგრამ ვალს ვერ ისტუმრებს. იქმნება პარადოქსული სიტუაცია. პოტენციურად ფანტასტიკურად მდიდარი ქვეყანა შეიძლება უახლოეს მომავალში ბანკროტად გამოცხადდეს. ამის მთავარი მიზეზი კი ისევ და ისევ რუსეთია. მოსკოვი თურქმენეთს ბოლო დროს იმის საშუალებასაც კი აღარ აძლევს, რომ «წნევის ქვეშ მყოფი» ბუნებრივი აირი დსთ-ს ქვეყნებს მიაწოდოს, თუნდაც უფასოდ – 10-12 წლის შემდეგ ანაზღაურების პირობით.
        ერთადერთი მილსადენი თურქმენეთიდან – გარე სამყაროსკენ რუსეთზე გადის. რუსეთი ყიდულობს თურქმენულ აირს ჩალის ფასად (30 დოლარად) და ყიდის უკრაინაში 80 დოლარად. საკუთარ გაზს კი რუსეთი («გაზპრომი») – ევროპაში ყიდის.
        რამდენი არ იწუწუნა თურქმენეთში საფარმურატ ნიაზოვმა, რამდენს არ ეაჯა რუსეთს, რამდენს არ ეხვეწა, «ორმაგი მოქალაქეობის» შესახებ კანონიც მიიღო, თავდაპირველად ბაზებიც დაუკანონა – არაფერი გამოუვიდა: რუსეთს 5 წლის განმავლობაში ჩერნომირდინ-ვიახირევის დაჯგუფება მართავდა, რომელიც სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული ევროპულ ბაზარზე «გაზპრომის» მონოპოლიის შენარჩუნებაში.
        «ყინული» თურქმენეთის უდაბნოში მხოლოდ მას შემდეგ დაიძრა, რაც ამერიკელებმა «დიდი გაზსადენის» იდეა ჩააწვეთეს თურქმენბაშის და ყოველმხრივ მხარდაჭერასაც დაჰპირდნენ.
        თურქმენეთმა თურქეთისგან მიიღო დაპირება, რომ ანკარა ყოველწლიურად შეიძენდა არანაკლებ 16 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს.
        გარდა ამისა, თურქმენეთი მიიღებდა საშუალებას, გასულიყო ევროპულ ბაზარზე – ეს უაღრესად ხელსაყრელია ევროკავშირისათვის, ვინაიდან ამით დამთავრდება «გაზპრომის» მონოპოლია და შეიქმნება კონკურენტულიო გარემო.
        «დიდი გაზსადენის» მშენებლობის მომზადება იკისრა ამერიკულმა კომპანიამ «ბი-ეს-ჯიმ». თითქოს პროექტს წინ აღარაფერი დაუდგებოდა, მაგრამ გაჩნდა ორი დამანგრეველი ფაქტორი, რამაც შეიძლება «ათასწლეულის პროექტის» საერთოდ ჩაშალოს.
        უპირველეს ყოვლისა, წარმოიშვა უთანხმოება «სისხლისმიერ ძმებს» _ თურქმენებსა და აზერბაიჯანელებს შორის. «ზოგი სიკეთე მავნებელიაო» - აზერბაიჯანის კასპიის შელფში აღმოჩენილი «შაჰდენიზის» უმდიდრესი საბადო ბაქოს აძლევს საშუალებას, იმავე «დიდი გაზსადენით» ევროპაში გაიტანოს ყოველწლიურად 10 მილიარდამდე კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ჰეიდარ ალიევმა სისხლისმიერ ძმას - საფარმურატ ნიაზოვს «დიდ გაზსადენში» შესაბამისი წილი მოსთხოვა, რასაც თურქმენთა მამა ვერ თანხმდება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში «მილში» აღარ რჩება სიმძლავრე თურქმენული გაზის ევროპაში გასატანად – აშხაბადი იძულებული გახდება, აზერბაიჯანთან «გაიყოს» მხოლოდ თურქული ბაზარი. თანაც, აზერბაიჯანი მხოლოდ 10 წლის შემდეგ მიაღწევს 8-10 მილიარდი კუბური მეტრის ამოღებას – გარანტიებს კი ახლავე ითხოვს.
        მეორე ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დაფაზე ფიგურები «არიოს», რუსეთია. როგორც კი რეალური გახდა «დიდი გაზსადენის» მშენებლობა, «გაზპრომმა» ერთდროულად ორი მიმართულებით განავითარა შეტევა: გააფორმა კონტრაქტი თურქეთთან შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის შესახებ, რაც თურქეთისთვის ეკონომიკურად უაღრესად მომგებიანი იყო (ამით შეასუსტა ამერიკის კოზირები) და, იმავდროულად, «მოულბა» თურქმენეთს – პირველად 1991 წლიდან.
        ვიახირევმა აშხაბადში გააფორმა კონტრაქტი 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ – უკვე არა 30 დოლარად, არამედ თურქმენებისთვის შედარებით მისაღებ ფასად. იმავდროულად, გაზის ევროპაში «გატარებასაც» შეჰპირდა და, რაც მთავარია, შესთავაზა თურქმენეთს გაზის ტრანსპორტირება თურქეთში «ცისფერი ნაკადის» გაზსადენით ან შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილი მილით.
        ამერიკელებს ისღა დარჩენიათ (ეს მათი უკანასკნელიო კოზირია) დაარწმუნონ თურქეთის პრეზიდენტი, სულეიმან დემირელი, აშხაბადში მომავალი ვიზიტისას ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ თურქეთი თურქმენულ აირს იყიდის მხოლოდ და მხოლოდ «ტრანსკასპიური» გაზსადენის გავლით.

7 დღე, 6 მარტი 2000 წელი