საერთაშორისო მიმოხილვა. 14 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 იანვარი. 2024 წელი

საგარეო-პოლიტიკური კონტური

წლის დასაწყისისთანავე, უმნიშვნელოვანესი მოვლენა და უკრაინული დიპლომატიის დიდი გამარჯვება გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის ვიზიტი კიევში და უკრაინასთან ისტორიული ხელშეკრულების გაფორმება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ეს არის პირველი ხელშეკრულება, რომელიც იურიდიულად და სამართლებრივად ა ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ს მხარეებს ერთმანეთს სამხედრო და თავდაცვის სფეროში დაეხმარონ არა „კეთილი ნების“ და ჰუმანიტარული ჟესტების სახით, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებით.

ფაქტობრივად, რიში სუნაკმა და ვლადიმერ ზელენსკიმ გააფორმეს სამოკავშირეო ხელშეკრულება! ანუ დოკუმენტი სამხედრო-სტრატეგიული მოკავშირეობის შესახებ.

ამით შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც NATO-ს წევრი სახელმწიფო იმ დონის ვალდებულებას კისრულობს ალიანსის არაწევრი სახელმწიფოს მიმართ, რაც ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდებოდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია საქართველოსათვის: ადრეც მრავალ ანალიტიკოსს უთქვამს, რომ თუ NATO-ს ლიდერებს (მათ შორის USA, UK) სურთ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას უსაფრთხოების დაცვა, სულაც არ არის აუცილებელი NATO-ში სრულუფლებიანი გაწევრება; არამედ სავსებთ საკმარისი და მიზანშეწონილი იქნებოდა ორმხრივი ხელშეკრულებები ან/და „ბლოკგარეშე მოკავშირის“ სტატუსი.

აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ NATO-ს წესდების სულისკვეთებიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა ამერიკასთან და სხვა ლიდერ სახელმწიფოებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე და როგორც ჩანს მათგანაც მიიღო თანხმობა.

რუსული პროპაგანდისტული არხები ახლა აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ბრიტანული არმიის უშუალო მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში. ან ბრიტანული ბაზების შექმნას უკრაინის ტერიტორიაზე.

დიახ, არ ითვალისწინებს, თუმცა ამის აუცილებლობა არც არის: სამაგიეროდ  ხელშეკრულება ითვალისწინებს პირდაპირ და სწრაფ დახმარებას სამხედრო ტექნიკით და აღჭურვილობით - საუკეთესო და ყველაზე ეფექტიანი იარაღის მიწოდებით; ასევე სადაზვერვო მონაცემებით; კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფით; სამხედრო წარმოებისთვის აუცილებელი ტექნოლოგიების გადაცემით; სპეციალისტების მივლინებით და ა.შ.

„ასეთი ხელშეკრულება რომ გვქონოდა 1991 წლიდან, რუსეთი თავდასხმას ვერ გაბედავდაო“ - რეზონულად განაცხადა გუშინვე პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

 

რეალურად დიდ ბრიტანეთს ძლიერი მოტივაციური კომპლექსი აქვს რათა ესოდენ მრავლისმომცველი, მართლაც ისტორიული ხელშეკრულება გააფორმოს უკრაინასთან

 

ა) ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ლონდონს  სურს იმის დემონსტრირება რომ როგორც ბირთვული სახელმწიფო და ძლიერი შეიარაღებული ძალების მქონე ქვეყანა, რჩება როგორც მინიმუმ რეგიონულ ზე-სახელმწიფოდ და NATO-ს სამხედრო პოლიტიკური ალიანსის ერთ-ერთ ლიდერად.

ანუ „მეორე ნომრად“ ამერიკის შემდეგ;

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს, საფრანგეთს და გერმანიას მასზე მრავალრიცხოვანი არმიები ჰყავთ, რიცხოვნობა ხომ არ არის მთავარი?! მთავარია ვინ რაზე „მიდის“ ალიანსის ფუძემდებლური ღირებულებების დასაცავად

 

ბ) დიდი ბრიტანეთი ისტორიული ზესახელმწიფოა და მას არ შეუძლია „გაატაროს“ მის მიერ ნაკისრი ვალდებულების „შერყვნა“ აგრესორი რუსეთის მიერ:

1994 წლის „ბუდაპეშტის მემორანდუმით“ დიდი ბრიტანეთი და ამერიკა შეჰპირდნენ უკრაინას, რომ თუ კიევი მოსკოვს გადასცემდა ბირთვულ იარაღს, ასევე ბალისტიკურ რაკეტებს, ისინი იქნებოდნენ მისი ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები;

მაგრამ ეს პირობა 2014 წლიდან  არ/ვერ შეასრულეს.

ახლა აქვთ შანსი შეასრულონ საკუთარი ვალდებულება, როდესაც მოსკოვი თავს დაესხა უკრაინას, ხოლო კიევს აქვს საშუალება მოკავშირეების დახმარებით აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა;

 

გ) ზუსტად იმავე მიზეზით, დიდ ბრიტანეთს, როგორც ისტორიულ ზესახელმწიფოს არ შეუძლია „გაატაროს“ რუსეთის მხრიდან ბრიტანელი Nation საზარელი შეურაცხყოფა, როდესაც რუსებმა ჯერ ლონდონის გულში, პიკადილიზე, მონარქის სასახლიდან 5 წუთის სავალზე, ბარში მოწამლეს რადიოაქტიური პოლონიუმით ყოფილი აგენტი ლიტვინენკო და შემდეგ მამა-შვილი სკრიპალები მოწამლეს ისე, რომ „ნოვიჩოკით“ ბრიტანეთის მოქალაქე გარდაიცვალა!

 

ამდენად, უკრაინის სიტუაციაში „სამხედრო კონტური“ უკვე იმით შეივსო, რომ დიდი ბრიტანეთი რა თქმა უნდა მიაწვდის უკრაინას უახლეს იარაღს, - მიაწვდის ბევრად მეტ Storm shadow შორსმწვდომ რაკეტებს და რაც მთავარია, მიაწვდის ამერიკულ თვითმფრინავებს - F16 ავიაგამანადგურებლებს, რომლებსაც შეეძლებათ ჰაერიდან რუსეთის ტერიტორიისა (!) და ოკუპირებული ყირიმის დაბომბვა.

მით უმეტეს, რომ სწორედ ამჟამად მიმდინარეობს ბრიტანული არმიის „გადაიარაღება“ უახლესი F-22 (Raptor) და F-35 თვითმფრინავებით, ანუ ძველი მოდიფიკაციის, თუმცა კვლავინდებურად ძალზე ეფექტიანი სისტემები არმიამ „გამოათავისუფლა“;

ზოგადად კი, მთავარი არა თვითმფრინავის მოდიფიკაციაა ასეთ ომში, რასაც უკრაინა აწარმოებს, არამედ თვითმფრინავის უნარი „ატაროს“ და გამოიყენოს უახლესი მოდიფიკაციის „ჰაერი - ზედაპირ“ და „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტები

F-16-ს ამის უნარი ნამდვილად აქვთ; პილოტებს კი ბრიტანელები მოამზადებენ.

სუნაკმა იკისრა პასუხისმგებლობა უკრაინას 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახმარება აღმოუჩინოს; უდიდესი ნაწილი ამ ტრანშისა სწორედ იარაღი იქნება. მათ შორის (რაც ძალზე არსებითია) დ რ ო ნ ე ბ ი.

აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჯერ ყარაბაღის ომმა, ახლა უკრაინის ომმა დაადასტურა: საბრძოლო ხელოვნებაში უპილოტო საფრენმა აპარატებმა დაახლოებით ისეთივე რევოლუცია მოახდინეს ჩვენს თვალწინ, როგორც თავის დროზე (XXს) ტანკებმა ან რეაქტიულმა ავიაციამ.

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, სწორედ დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდოს უკრაინას საშტურმო თვითმფრინავი А-10 Thunderbol (СУ-25 ამერიკული ანალოგი) ასევე საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 Apache, AH-1 Super Cobra, და UH-60 Black Hawk.

 

საგარეო-ფინანსური დახმარების მიმდინარეობა

სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი კვლავინდებურად ვერ ახერხებენ დაპირებული ფინანსური დახმარების გამოყოფას, რომლის ოდენობა ჯამში 115 მილიარდ დოლარზე მეტია. აქედან 61 მილიარდი დოლარი აშშ დახმარება უნდა ყოფილიყო, ხოლო დაახლოებით 54 მილიარდი დოლარი (50 მილიარდი ევრო) - ევროკავშირისა.

ეს დახმარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების თვალსაზრისით (უდიდესი ნაწილის სწორედ ამაზე დაიხარჯებოდა) არამედ უკრაინის საბიუჯეტო პრობლემების გადასაჭრელად.

ევროკავშირი დაპირებული ტრანშების გადარიცხვას (პირველი ტრანში, წელსვე, 15 მილიარდი ევროა) ვერ ახერხებს, რაკი უნგრეთი ბლოკავს და ვერაფრით შეძლეს  ორბანის გადარწმუნება ჯერ-ჯერობით;

ხოლო ამერიკაში, საარჩევნო წელს, „რესპუბლიკელები“ მკაცრ „კლინჩზე“ წავიდნენ დემოკრატებთან და 61 მილიარდის გამოყოფას არ თანხმდებიან მანამ, სანამ „დემოკრატები“ მხარს არ დაუჭერენ ტრამპის იდეას (ეს სწორედაც ტრამპის იდეა და მისი მეგა-ნარატივია) მექსიკასთან დიდი კედლის აშენების შესახებ;

ამას თუ ბაიდენი დაეთანხმება, ეს ტრამპის დიდი პოლიტიკური გამარჯვება იქნება, რასაც პრეზიდენტი  ასე იოლად ვერ დაუშვებს რასაკვირველია;

ამიტომ ბაიდენი და მისი გუნდი ახლა ცდილობენ უკრაინის დახმარება „მიაბან“ ისრაელისთვის 14 მილიარდის გამოყოფას იმ იმედით, რომ „რესპუბლიკელებს“ გაუჭირდებათ ისრაელის ლობის უარი უთხრან, ხოლო პაკეტის (უკრაინისა და ისრაელის) „გაყოფას“ ბაიდენი ავეტოვებს.

აქ ძალიან ძნელი სავარაუდოა როგორ განვითარდება მოვლენები;

მეტი შანსია, რომ ევროკავშირმა, თუ უნგრეთის ვეტო ვერ გადალახა (ორბანი, ანტიდემოკრატიულობის გამო ბრიუსელში „გაყინული“ მისთვის განკუთვნილი ტრანშების „გალღობას“ მოითხოვს „ვეტო“-ს მოხსნის სანაცვლოდ), იპოვის სხვა მექანიზმებს, რათა დააფინანსოს უკრაინა.

არსებობს სხვადასხვა ფონდები და...... უკიდურესი ზომის სახით შესაძლოა ისესხონ ფული ევრობანკისგანაც. ამას კონსენსუსი არ სჭირდება - ევროკომისიის უფლებამოსილებაა.

შეიძლება ითქვას ეს $115 მლრდ. ამჟამად უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

შიდა-პოლიტიკური კონტური

გასული თვის განმავლობაში შესამჩნევად დაიძაბა შიდაპოლიტიკური ვითარება კიევში, რასაც რამდენიმე სისტემური მიზეზი და კატალიზატორი აქვს:

 

ა) დასავლეთის ფინანსური დახმარების შეფერხებამ გამოიწვია პრობლემები საბიუჯეტო ორგანიზაციათა დაფინანსების, ხელფასების, პენსიების, სხვა სახის სარგოების, ჯანდაცვის თუ სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების თვალსაზრისით;

ამ პრობლემების გადაჭრას კიევი შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებს დასავლურ დახმარებას; ალტერნატივაა მხოლოდ გრივნას დევალვაცია, რაც უდიდეს პრობლემებს შექმნის მეომარ ქვეყანაში და ღარიბებს ათჯერ  მეტად გააღარიბებს, სოციალურ ვითარებასაც დაძაბავს.

 

ბ) უკრაინულ ელიტებში მაინც არ არის ერთობა საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე: ზელენსკის გუნდი აცხადებს, რომ ომის მდგომარეობაში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა (მარტში) დაუშვებელია, თუმცა არიან ელიტური ჯგუფები, ვისაც „სული სძლევს“ და თვით ზელენსკის გუნდსაც გარკვეული იმედგაცრუება, გარკვეული გადაღლა ეტყობა; ამის მაჩვენებელია აბსოლუტურად უაზრო, უდროო, უადგილო დისკუსიები ე.წ. „სტამბულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით:

სწორედ განსახილველი პერიოდის განმავლობაში, დავით არახამიამ და ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთეს უცნაური განცხადებები, თითქოს სტამბულში, ერდოღანის შუამავლობით მოლაპარაკებებისას უკრაინას „ხელში ეჭირა“ კომპრომისი და ამ კომპრომისს არ დაეთანხმა პრეზიდენტი ზელენსკი, რადგან დიდი ბრიტანეთის (!) პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დაუშალა.

სინამდვილეში არანაირი კომპრომისის ეს არ იყო: ეს იყო კ ა პ ი ტ უ ლ ა ც ი ა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი უკრაინის არმიის რიცხოვნობას ადგენდა (130 000) და ამ რიცხოვნობის „ადგილებზე“ მუდმივი მონიტორინგის უფლებას ანიჭებდა რუსეთის არმიას უკრაინის მთელს ტერიტორიაზე: სამხედრო საწყობების „ერთობლივი დაცვის“ ჩათვლით უკრაინელი და რუსი სამხედრო მოსამსახურეების მიერ.

ანუ..... ლვოვში, მაგალითად, უკრაინის არმიის სამხედროს საწყობი რუს და უკრაინელ სამხედროებს „ერთობლივად უნდა დაეცვათ“.

ეს „კომპრომისია“ თუ კაპიტულაცია?

დიახ,  ეს კაპიტულაციაა.

თუნდაც სანაცვლოდ რუსეთს ჯარები 2022 წლის 24 თებერვლამდე პოზიციებზე გაეყვანა; ოღონდ იგივე ხელშეკრულება ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის „ექსტერიტორიულობასაც“ ითვალისწინებდა.

აბა სადაც ლვოვში რუსის ჯარის შესვლას დაეთანხმებოდა კიევი, ყირიმთან სახმელეთო დერეფანი რაღა ბედენა იყო ამასთან შედარებით?!

 

ბ) უკრაინაში შიდაპოლიტიკური ტურბულენტობის გამომხატველი გახდა დისკუსია მობილიზაციის შესახებ: სამხედროები კატეგორიულად მოითხოვდნენ დამატებით 500 000 სამხედრო ვალდებულის გაწვევას ჯარში;

თუმცა  ხსენებული შიდა-პოლიტიკური ტურბულენტობის პროცესში, ოპოზიციურ ძალებს და, რაც ბევრად უარესია, მმართველ პარტიასაც „წასძლია“ პოპულიზმის ცდუნებამ: იულია ტიმოშენკომ, მაგალითად, მოითხოვა 500 000 პოლიციელისა და მეხანძრის გაწვევა ნაცვლად წვევამდელებისა, რადგან ეს არაპოპულარული ნაბიჯია;

 

სამხედრო კონტური

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი 2025 წელსაც გაგრძელდება;

ეს განცხადება (თუ „დიპლომატიური ენიდან გადმოვთარგმნით) გულისხმობს, უხეშად თუ ვიტყვითმ „ჩიხს“;

 ხოლო უფრო რაფინირებულად თუ ვიტყვით, ნიშნავს იმას, რომ ალიანსის სამხედრო სპეციალისტების აზრით, მეომარმა მხარეებმა (რუსეთმა, მისმა ფარულმა თუ ღია მხარდამჭერებმა) და უკრაინამ (ასევე მისმა მხარდამჭერებმა) მიაღწიეს „ეკვილიბრიუმს“ - რესურსული წონასწორობის წერტილს, ხაზს, რომლის გადალახვის და/ანუ ამ რესურსული წონასწორობის წერტილის დარღვევის უნარი არც ერთ მხარეს არ გააჩნია ჯერ-ჯერობით.

რუსეთი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიის დაბომბვას და იმ გარემოების გამოყენებას, რომ ჯერ-ჯერობით მას აქვს უპირატესობა რამდენიმე კომპონენტში:

ა) რუსეთს აქვს ულტრაზებგერითი რაკეტები; უკრაინას კი თითქმის არა აქვს;

ბ) რუსეთს აქვს საშუალება ულტრაზებგერითი რაკეტები გაუშვას შორი მანძილიდან: კასპიის ზღვიდან, ბარენცის ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიიდან, ასევე სტრატეგიული ბომბდამშენებიდან ისე, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეს არც კი მიუახლოვდნენ.

უკრაინას ამის საშუალება არა აქვს და არც ექნება მანამ, სანამ არ მიიღებს დასავლურ სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებსაც ულტრაზებგერითი თანამედროვე რაკეტების ტარება შეუძლიათ.

 

როგორც რუსული, ასევე უკრაინული რაკეტებისა და დრონების დაახლოებით 90% ნადგურდება მხარეთა „საზენიტო“, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიერ; მაგრამ უკრაინამ რამდენჯერმე ძალიან „მწარედ“  დაბომბა რუსეთის ტერიტორია; კერძოდ ბელგოროდი

მეორეს მხრივ, რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინის ენერგეტიკული თუ სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის სერიოზული ზიანის მიყენება: „ზამთარში ჩავაბნელებთო“ და....ვერაფერიც ვერ ჩააბნელეს.

 

ფრონტის ხაზზე, განვლილი 1 თვის განმავლობაში ვითარება თითქმის უცვლელია: სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინამ ვერ შეძლო დანაღმული ველების გადალახვა და ეს ამ ომის კიდევ ერთი დიდი გაკვეთილია მთელი მსოფლიოსთვის:

აღმოჩნდა, რომ დრონები (ნაწილობრივ მაღალი კლასის ვერტმფრენებიც), დანაღმულ ველებთან ერთად, ძალიან სერიოზული ფაქტორია თავდაცვითი ბრძოლებისას, რადგან განნაღმვის ყველა საშუალება, მათ შორის სპეციალური მანქანები, იოლად ნადგურდება დრონებით, ასევე ვერტმფრენებით, ხოლო დანაღმულ ველზე ასაფეთქებელი ჭურვების (ვთქვათ კასეტური ჭურვების) გაშვებით ამ ველების აფეთქებაც უშედეგოა, რაკი იოლად ხდება ხელახალი დანაღმვა ჰაერიდან - სპეციალური ნაღმების ჩამოყრით

 

რუსეთმა „შეაწყვიტა“ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა ავდეევკასა და მარინკას, ოდნავ წაიწია წინ, თუმცა  ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება, რომ უკრაინის არმია ინარჩუნებს პლაცდარმს ხერსონის მიდამოებში, დნეპრის მარცხენა ნაპირზე.

მცირე პლაცდარმია, თუმცა მისი განადგურება რუსებმა ვერაფრით მოახერხეს და არსებობს შანსი  ძალთა დესანტირებისა დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან (რომელსაც მთლიანად უკრაინა აკონტროლებს) ამ პლაცდარმზე.