საერთაშორისო მიმოხილვა. 17 სექტემბერი 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 სექტემბერი 2021 წელი

19 სექტემბერს რუსეთში ტარდება პარლამენტის (სახელმწიფო სათათბიროს - Государственная дума) არჩევნები. ამ `არჩევნების` პროცესში პუტინის რეჟიმის აქციები მეტყველებს, რომ ეს რეჟიმი სულ უფრო `იჟანგება`, შესაბამისად ისტერიაც იმატებს.

თითქოს რატომ ეშინიათ ამ არჩევნების? მმართველი პარტია `ერთიან რუსეთს` (Единая Россия) უეჭველად მიიღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მთავარი ალტერნატივა, ალექსეი ნავალნი ციხეში ჰყავთ გამოკეტილი, `გამოსაჩენად` ჰყავთ ალტერნატივად წარსულის განსახიერება კომუნისტი ზიუგანოვი (ეს ავტორიტარული რეჟიმების ცნობილი ხრიკია - ყალბი ალტერნატივების შექმნა საარჩევნოდ), სხვა პარტიებს არ უშვებენ საერთონაციონალურ ტელევფიზიებში, ხოლო ოფიციალურ არხებზე მიმდინარეობს ტოტალური პროპუტინისტური პროპაგანდა, როგორც რუსეთის დიდების აღმდგენისა.

 აი ამ ყველაფრის მიუხედავად რეჟიმი სრულ ისტერიაშია: რუსეთის მთავრობამ გააფრთხილა მსოფლიო IT გიგანტები, რომ თუ მათ რესურსებზე გაგრძელდება ოპოზიციის ფიარი, მაშინ მათ რუსეთიდან გააძევებენ. გაფრთხილებულია Google, Facebook, Twitter და სხვები.

ანუ პუტინს მაინც ეშინია, რადგან მცირე წარუმატებლობაც კი, თუნდაც ერთ რომელიმე რაიონში, თუნდაც ერთ მაჟორიტარულ ოლქში, `ჩამოშლის დასაწყისად` აღიქმება. ასეთია ავტორიტარული რეჟიმის ბუნება.

ამავე დროს, ევროპარლამენტმა მიიღო უპრეცედენტოდ მკაცრი რეზოლუცია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ და მოუწოდა ევროკომისიას, გათიშოს რუსეთი SWIFT საბანკო გადარიცხვათა სისტემიდან. რუსეთის `ვნეშტორგბანკის` (უდიდესი ბანკია) დირექტორმა კოსტინმა SWIFT გათიშვას `ომის გამოცხადება` უწოდა.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ უმკაცრესი რეზოლუციის ავტორი გახდა ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც საქართველოზეც აკეთებს ხშირად განცხადებებს.

ეს ადასტურებს, რამდენად გავლენიანია იგი ევროკავშირში.

ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ნიშნავს, რომ ევროკომისია და მისი თავმჯდომარე, გერმანელი ურსულა ანდერლაიენი ხვალვე გათიშავს რუსეთს SWIFT სისტემიდან, მაგრამ თუ რუსეთმა აგრესია წამოიწყო უკრაინის  წინააღმდეგ, სრულიად შესაძლებელია ასეც მოხდეს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის თვითმფრინავებმა დაბომბეს თურქული არმიის პოზიციები სირიაში. პირველად კონფლიქტის განმავლობაში. ჯერ ჯერობით მსხვერპლზე არაფერია ცნობილი, თუმცა ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ პუტინი და ერდოღანი `წითელ ხაზებს` მიუახლოვდნენ.

როგორც ცნობილია, სირიაში უკვე 7 წელია გრძელდება სამოქალაქო ომი. სირიის დიქტატორმა, ბაშარ ალ ასადმა ეს ომი თითქმის მოიგო და ოპოზიცია თითქმის გაანადგურა. ამაში გადამწყვეტი დახმარება აღმოუჩინა რუსეთმა. რუსეთს ორი სამხედრო ბაზა აქვს სირიაში, ანუ ხმელთაშუა ზღვასთან სირიის სანაპიროზე, რაც ახლო აღმოსაველთში მოსკოვის გეოპოლიტიკური `დაბრუნების` დადასტურება იყო თავის დროზე.

სირიის ერთადერთი რაიონი, რომელსაც ასადი ვერ აკონტროლებს, არის იდლიბის რაიონი, თურქეთის საზღვართან. იმიტომ, რომ იქ დგანან თურქული ჯარები.

ასადი რამდენიმე დღის წინ ჩავიდა მოსკოვში და სთხოვა პუტინს დახმარებოდა იდლიბის რაიონზე კონტროლის დამყარებაში. ადრე პუტინი ამგვარ თხოვნებს არ აქცევდა ყურადღებას, რაკი თურქეთთან ურთიერთობის ღიად გაფუჭება არ აწყობდა. მაგრამ ახლა, როდესაც თურქეთი აქტიურად შევიდა აზერბაიჯანში და ამას წინათ აზერბაიჯან-თურქული სამხედრო სწავლებებიც კი ჩატარდა ყარაბაღში რუსი ე.წ. მშვიდობისმყოფლების` ცხვირწინ, პუტინმა გადაწყვიტა `ასწიოს ფსონები` იმ ძალიან რთულ თამაშში, რომელსაც ერდოღანთან აწარმოებს.

თუმცა ერდოღანიც არანაკლებ აზარტული და რისკიანი მოთამაშეა.

თუკი რუსული ავიადარტყმების შედეგად იდლიბის რაიონში თუნდაც ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპება, ან ერთ რუსულ თვითმფრინავს მაინც ჩამოაგდებენ თურქები, საქმე შესაძლოა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტამდე მივიდეს თურქეთსა და რუსეთს შორის.

ამ კონფლიქტში დასავლეთი უეჭველად თურქეთის მხარეს იქნება. ოღონდ მარტო იმიტომ კი არა, რომ თურქეთი NATO-ს წევრია. არამედ მეორე მიზეზითაც: ერდოღანი დასავლეთს ეტყვის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბაშარ ალ ასადი იდლიბს დაეპატრონება რუსების დახმარებით, სირიის ამ რაიონიდან მილიონობით ლტოლვილი მოაწყდება თურქეთს, თურქეთიდან კი  - ევროკავშირს.

არადა ევროკავშირში ახსოვთ, რა ღრმა კრიზისი გამოიწვია 2014-2015 წლებში სირიელი ლტოლვილების მოძალებამ ევროპაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განც აცხადებს, რომ ირანს სულ ორი თვე დარჩა ატომური ბომბის შექმნამდე. ესე იგი, თუ დავაკონკრეტებთ, ცენტრიფუგებში ურანის გამდიდრების პროცესი იმდენად შორს არის წასული, რომ ტექნოლოგიურად ირანს უკვე შეუძლია შექმნას ბირთვული იარაღი.

რა თქმა უნდა, ამაში უპირველესად მოსკოვი ეხმარება, რომელიც ამ გზით დასავლეთს აშანტაჟებს.

სწორედ მოსკოვმა მიაწოდა ირანს ძველი ბალისტიკური რაკეტები Скад, რომლებიც ისრაელს ნამდვილად მისწვდება.

ასევე, მოსკოვი მუდამ ემუქრება დასავლეთს, რომ თუ აშშ ან ევროკავშირი მეტისმეტად აქტიურად შემოვლენ პოსტსაბჭოურ სივრცეზე და ხელს შეუშლიან რუსეთს უკრაინაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში, მაშინ რუსეთი ირანს უახლეს რაკეტებსაც (მაგალითად `ისკანდერებს`) მიაწვდის, რომელთა წინაშე ისრაელის თავდაცვითი საჰაერო-სარაკეტო სისტემა `ფოლადის გუმბათი` შესაძლოა უძლური აღმოჩნდეს.

ისრაელი ემზადება ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად. დიდი ხნის წინ გაანადგურებდა ამ ობიექტებს ჰაერიდან მასირებული დარტყმით. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ისრაელს არა აქვს სტარტეგიული ბომბდამშენები, ხოლო ის სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც შეძლებენ ირანის ბირთვული ობოიექტების განადგურებას, შემდეგ უკან დაბრუნებას ვერ მოახერხებენ საწვავის გარეშე.

ამიტომაც განვითარდა ასე სწრაფად ბოლო წლებში ისრაელ-აზერბაიჯანის ურთიერთობა და ამიტომაც ეხმარებოდა ისრაელი აზერბაიჯანს უახლესი სამხედრო ეტქნიკით, მათ შორის საუკეთესო უპილოტო აპარატებით, რომ აზერბაიჯანი დათანხმდა შემდეგ გეგმას: ისრაელის ავიაცია (დაახლოებით 500-600 თვითმფრინავი ერთდროულად, რაც უდიდესი ძალაა) გაანადგურებს ირანის ბირთვულ ობიექტებს და შემდეგ უკან, ისრაელში კი არ ბრუნდება, არამედ აზერბაიჯანში დაჯდება სამხედრო აეროდრომებზე, იქ შეივსებს საწვავის მარაგს და მხოლოდ ამის მერე გამოფრინდება უკან ისრაელისკენ.

ეს გეგმა მზადაა. როდის განხორციელდება ძნელი სათქმელია, თუმცა ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადება დამაფიქრებელია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, დაეხმაროს ავსტრალიას ბირთვულძრავიანი წყალქვეშა ნავების მშენებლობაში.

ეს გადაწყვეტილება პირდაპირ არის მიმართული ჩინეთის `შესაკავებლად` და რამდენიმე მიზეზითაა ძალიან ნიშანდობლივი.

ჯერ ერთი, ადრე ვაშინგტონი ასე აშკარად ერიდებოდა ჩინეთის უშუალო მეზობლების ბირთვული პოტენციალის გაძლიერებას. რა თქმა უნდა აქ არ არის ლაპარაკი ავსტრალიისათვის ბირთვული ბომბების ან რაკეტების გადაცემაზე, რადგან ამერიკა შეზღუდულია ისტორიული შეთანხმებით `ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ`, რომელიც სსრკ დროს გაფორმდა (სწორედ ის შეთანხმება უშლის ხელს მოსკოვს დღესვე გადასცეს ბირთვული იარაღი ირანს), მაგრამ ბირთვულძრავიანი წყალქვეშა ნავები სერიოზულად აძლიერებს ავსტრალიის პოტენციალს ჩინეთის მიმართ.

ჩინეთის მეზობლები, მათ შორის დასავლეთის ბუნებრივი მოკავშირეები, ავსტრალია და ახალი ზელანდია  სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი მისი მზარდი ექსპანსიით წყნარი ოკეანის რეგიონში. ჯერ-ჯერობით ეს ექსპანსია ეკონომიკურია თითქოს მხოლოდ, მაგრამ.....პოლიტიკას თავისი კანონები აქვს და ეკონომიკას აუცილებალდ მოჰყვება სამხედრო კომპონენტიც, რათა დაიცვას ინვესტიციები და ეკონომიკური გავლენა.

ისტორიულ შეთანხმებაში აქტიურად მონაწილეობდა დიდი ბრიტანეთი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. ადრე აშშ მხოლოდ ბრიტანელებს უზიარებდა თავისი წყალქვეშა  ნავების  ბირთვულ ტექნოლოგიებს.

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ერთობლიოვ ბრიფინგზე პრეზიდენტ ბაიდენს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის სახელი დაავიწყდა.

რას ვიზამთ, ასაკი.............

 

დათო