საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ივნისი 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ივნისი 2024 წელი

მას შემდეგ, რაც ამერიკელმა (ნიუ იორკელმა) ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი დამნაშავედ ცნეს პორნოვარსკვლავის მოსყიდვის, შესაბამისად, საარჩევნო ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბების  საქმეზე და ამერიკის 45-ე პრეზიდენტი 11 ივლისისთვის განაჩენს ელის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გააკეთა მკვეთრი განცხადება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ.

 ზელენსკიმ თქვა, რომ თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა და სცადა პუტინთან მოლაპარაკება უკრაინის ინტერესების ხარჯზე, მაშინ......ტრამპი „პრეზიდენტი-ლუზერი“ გახდება, რაც უდიდეს დარტყმას მიაყენებს ამერიკის გლობალურ იმიჯს.

რამდენიმე თვის წინ ერთდროულად რამდენიმე რესპექტაბელურმა გამოცემამ, მათ შორის NYT, WP, WSJ, ტრამპის გარემოცვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტრამპს, თითქოსდა, აქვს „გეგმა“ უკრაინის ომის დასრულებისა, რომელიც გულისხმობს კიევის მიერ რუსეთისთვის ყირიმის, ასევე დონბასის დათმობას და სანაცვლოდ, უკრაინაში ომის დასრულებას ანუ რუსული არმიის შეტევის შეწყვეტას გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი გარანტიებით.

 ზელენსკიმ ამაზე თქვა სწორედ, რომ როგორც ჩანს „ტრამპის გეგმა“ ითვალისწინებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ კიევი ამ „გეგმას“ არ დაეთანხმება.

აქ ორი მომენტია საინტერესო:

ა) როგორც ჩანს, ზელენსკი მხოლოდ პუბლიკაციებს არ ეყრდნობა და მას სპეცსამსახურებიდანაც აქვს „ინფო“ ტრამპის გეგმის შესახებ. თანაც არა მხოლოდ უკრაინული, არამედ ამერიკული სპეცსამსახურებიდანაც

ბ) ტრამპის გუნდმა თავდაპირველი ინფორმაცია უარყო. „არანაირი ასეთი გეგმა ტრამპს არა აქვსო“, თუმცა ეს ჩვეულებრივი საინფორმაციო ტექნოლოგიაა: როდესაც ხელს აძლევთ გარკვეული ინფორმაციის გავრცელება....,,ანუ   „მესიჯის“ გაგზავნა დაინტერესებული მხარეებისთვის და მერე მისი უარყოფა; თუმცა „მესიჯი“ თავის ფუნქციას მაინც ასრულებს.

 ტრამპმა რამდენიმე დღის წინ ისიც თქვა „რამე რომ იყოს რუსეთსაც დავბომბავ და ჩინეთსაცო“, ოღონდ  ეს „კონტრმოტივაციათა“ ანუ „დამაბალანსებელი“ მესიჯი იყო.

მთავარი ისაა, რომ დონალდ ტრამპი, ასევე მისი მაღალკვალიფიციური გუნდი ითვალისწინებს ევროპის (მთელი დასავლეთის, მათ შორის ამერიკული საზოგადოების) „გადაღლას“ ამ „სახიფათო ომით“ რუსეთის ბირთვულ (!) სახელმწიფოსთან და მაშასადამე  ამ „ომით გადაღლილ/შეწუხებულ ელიტებსაც“ უგზავნის ამ „მესიჯს“.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის ერთ-ერთი სამხედრო პროპაგანდისტი, ევგენი პადდუბნი, რომელსაც მუდმივად აგზავნის ყველგან, სადაც რუსული არმია აგრესიას ახორციელებს (ცხინვალი, სირია, უკრაინა) ავრცელებს ინფორმაციას, რომ როგორც კი ამერიკამ დართო ნება უკრაინის არმიას გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე (ამის შესახებ გუშინ ვწერდით) უკრაინის არმიამ HIMARS რაკეტებით ბელგოროდი დაბომბაო.

თან ფოტოებიც გამოაქვეყნა ამერიკული რაკეტებისა, რომლებიც ბელგოროდში ჩამოვარდა ან რუსულმა „საზენიტომ“ ჩამოაგდო.

პადდუბნის განცხადებაში ნიშანდობლივი ისაა, რომ მის ტექსტში არის ასეთი პასაჟი: Старая территория России. ანუ „რუსეთის ძველი ტერიტორია“ - უკრაინამ „რუსეთის ძველი ტერიტორია დაბომბა ამერიკული იარაღითო“.~ ესე იგი, გარდა რუსეთის „ძველი ტერიტორიისა“ არის კიდევ რუსეთის „ახალი ტერიტორიებიც“,  რომლებიც 2022 წლის შემდეგ რუსეთმა უკრაინაში დაიპყრო.

ასეთი „ახალი ტერიტორიები“ რუსეთს სხვაგანაც აქვს მონიშნული უკვე და თუ დასავლეთმა პუტინი დროულად არ შეაჩერა, მერე იგივე პადდუბნი ყაზახეთის ჩრდილოეთზეც დაწერს Новые территории России.

მერე ბალტიისპირეთზე, პოლონეთზე და ა.შ

დუგინს და მისთანებს რომ ჰკითხო, Старая территория России ის კი არ არის, რომელიც 1991 წელს ცნო გაერომ, არამედ რაც XIX საუკუნეში შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.

მაშინ არც პოლონეთი არსებობდა და არც ყაზახეთი(ო). წერს დუგინი.

სხვათა შორის იგივე დაწერა 1989 წელს „დიდ რუს დემოკრატად“ მიჩნეულმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა სტატიაში Как нам обустроить Россию.

მეორე „დიდმა რუსმა დემოკრატმა“ ანდრეი სახაროვმა კი საქართველოს „მცირე იმპერია“ უწოდა 9 აპრილის შემდეგ „დემოკრატიულ“ ჟურნალ Огонёк-ისთვის ინტერვიუში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის არმიამ ახალი ფრონტი გახსნა უკრაინის ჩრდილო აღმოსავლეთში, საიდანაც უტევს ხარკოვს - წერს CNN.

და აქვეყნებს რუკას, რომელსაც გიგზავნით.

 

შაბათს ვლადიმერ ზელენსკი ბევრისთვის მოულოდნელად ჩაფრინდა სინგაპურში, სადაც დღეს იხსნება აზია-წყნარი ოკეანის სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრების დიდი სამიტი Shangri-la Dialogue.

ზელენსკი გეგმავს შეხვდეს არა მხოლოდ ამერიკის თავდაცვის მინისტრ ლლოიდ ოსტინს, არამედ ჩინეთის თავდაცვის მინისტრსაც.

 ცხადია, ეს შეხვედრები იმ მიზანს ემსახურება, რომ აზია-წყნარი ოკეანის სახელმწიფოებმა, თუ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას არ შეწყვეტენ, „დააბალანსონ“ მაინც ეს.......  უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

იემენელმა შიიტმა პროირანელმა „ჰუსიტებმა“, რომლებიც იემენის ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებად ითვლებიან (იემენის ოფიციალური, სამოქალაქო ომში დამარცხებული ხელისუფლება სუნიტია და საუდის არაბეთზეა ორიენტირებული) დღეს დილით განაცხადეს, რომ თურმე დრონებითა და რაკეტებით „დაარტყეს“ ამერიკულ ავიამზიდს Dwight Eisenhower, რომელიც წითელ ზღვაშია დისლოცირებული თანმხლებ „საავიაციო დაჯგუფებასთან“ ერთად.

ჰუსიტთა თქმით, მათი დარტყმა იყო შურისძიება 30 მაისს ანგლო-ამერიკული ავიაციის დარტყმებისთვისც ჰუსიტთა წინააღმდეგ, რის შედეგადაც ათეულობით ჰუსიტი ტერორისტი განადგურდა.

ბუნებრივია, ეს დაჯგუფება ჰუსიტთა დრონებს თუ საბჭოთა წარმოების რაკეტებს იოლად მოიგერიებდა და მოიგერია კიდეც, ოღონდ აქ სხვა რამ არის საინტერესო: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანი, რომელიც ძალიან სწრაფად ავითარებს თავის სამხედრო ტექნოლოგიებს, ჰუსიტებს მიაწვდის სხვა ტიპის რაკეტებს?

მაგალითად როგორიცაა რუსული Гранит.

და ისიც ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსები ირანს აქტიურად ეხმარებიან სარაკეტო ტექნოლოგიებით.

Гранит ისევე, როგორც რუსული Калибр ჩამოუგდებადი სულაც არ არის, მაგრამ საშიშია ავიამზიდისთვის ნამდვილად.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ კონგრესის ლიდერებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიწვიეს კონგრესის ზედა და წარმომადგენლობითი პალატის ერთობლივ სხდომაზე გამოსასავლელად.

მიწვევას ხელს აწერს კონგრესის ოთხივე ლიდერი: House Speaker Mike Johnson, House Minority Leader Hakeem Jeffries, Senate Majority Leader Chuck Schumer and Senate Minority Leader Mitch McConnell.

აქ კომენტარიც კი ზედმეტია:

„ერთობლივ სხდომაზე“ გამოსვლა ამერიკის კონგრესში უიშვიათესი მოვლენაა. ცალი ხელის თითებზეა ჩამოსათვლელი უცხოელი ლიდერი, ვისაც ეს პატივი ერგო.

ანუ რა განცხადებებიც არ უნდა აკეთოს ბაიდენმა არაბულ სამყაროში აშშ პოზიციათა და რენომეს შენარჩუნების „ტექნოლოგიით“, ამერიკა ბოლომდე დაუდგება მხარში ისრაელს!!!

ულაპარაკოდ და უეჭველად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ჩინეთმა მთვარის „ჩრდილოვან მხარეს“ (Dark side of the moon) წარმატებით დასვა კოსმოსური აპარატი;

 პეკინის კოსმოსური სააგენტო აცხადებს: „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდისო“ და აშკარად გულისხმობს, რომ ჩინეთი უახლოვდება ისტორიულ მიზანს: 2030 წლისთვის კოსმონავტთა დასმას მთვარეზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

საოცრად მეტყველი ფაქტი: ამერიკაში (კალიფორნიაში) დააკავეს 5 ჩინელი, რომლებიც Apple-ს ატყუებდნენ და 12 მილიონი დოლარის ზარალიც მიაყენეს:

ისინი ყიდულობდნენ iPhone-ებს და სხვა გაჯეტებს ოღონდ შეცვლის გარანტიით, შემდეგ ჩინეთიდან იღებდნენ ამ ტელეფონების და სხვა გაჯეტების ზუსტ ასლებს (ანუ ჩინურ ასლებს) ბრუნდებოდნენ იმავე მაღაზიაში, წარადგენდნენ შეძენისას გაფორმებულ „შეცვლის გარანტიას“, ამბობდნენ „იცით რა....ფერი აღარ მომეწონა....ან სხვა ამგვარი, უტოვებდნენ ყალბ, ჩინურ iPhone-ს, iPad-ს, იღებდნენ ნამდვილ გაჯეტებს Made in USA და ყიდდნენ ცალკე.

ათეულობით მაღაზია ჰქონდათ სამიზნედ. ეს მაღაზიები ამერიკაში ყოველ ნაბიჯზეა.

აქ საინტერესო ისაა, რომ ჩინელი ფალსიფიკატორები, კონტრაფაქტული საქონლის დამზადებისას, უკვე ისე არიან დახელოვნებულნი, ამერიკელებმა სიყალბე 2 წლის (!) განმავლობაში ვერ შენიშნეს, სანამ ზარალმა $12 000 000-ს არ გადააჭარბა ანუ ჩინური „მოპარვის“ ტექნოლოგია ისე დაიხვეწა, ორიგინალს სიყალბისგან იოლად ვერც გაარჩევ, სანამ გამოყენების შემდეგ არ „ჩამოიშლება“ ეს გაჯეტი.

მაშინ კი მიიტან სერვისში, გახსნიან და....გეტყვიან „ეს ხომ ყალბიაო“.

მიჰქონდათ კიდეც ამ წლების განმავლობაში, მაგრამ იმ ჩინელებს ისეთნაირად ჰქონდათ აწყობილი საქმე კალიფორნიაში, ძნელი დასადგენი იყო, ვინ მიჰყიდათ, როდის მიჰყიდათ და ა.შ.

ზოგიერთი ცნობით, ბოლოს ამ საქმეს იმგვარი მნიშვნელობა მიანიჭეს ვაშინგტონში, FBI-მ მოკიდა ხელი.

აი მაგათ კი საბოლოოდ ვერანაირად ვერ დაემალებოდნენ ჩინელი თაღლითები.