საერთაშორისო მიმოხილვა. 15 აგვისტო. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 აგვისტო. 2023 წელი

პრეზიდენტ ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საქმეზე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) სპეციალური პროკურორი დანიშნა.

ვინც იცნობს ამერიკის მართლმსაჯულებას, 100%-ით დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ნიშნავს სისხლის სამართლის ბრალდების მომზადებას.

ჰანტერს ბრალად ედება უკანონო ლობისტური საქმიანობა და იარაღის უკანონოდ შეძენა.

კოკაინიც შეიტანა თეთრ სახლში, თუმცა ამას ვერ უმტკიცებენ. ჩემი არ იყოო.

მოკლედ, ცნობილი ქართული გამოთქმაა: ``შვილი რომ გეყოლებაააა...........``

ელემენტარული სოციალური აღქმის თვალსაზრისითაც გამორიცხულია ამერიკის Deep State-მა ანუ `გადაწყვეტილების მიმღებმა`         იურიდიულმა ბიუროკრატიამ ამდენი საქმე აღძრას ტრამპის წინააღმდეგ და არ აღძრას საქმე ბაიდენ-უმცროსის წინააღმდეგ, როცა სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა მისი მხრიდან `გავლენით ვაჭრობისა`

დასავლურ იურისპრუდენციაში ეს სპეციალური მცნებაა: `გავლენით ვაჭრობა`.

მით უფრო, რომ ამერიკაში ძალიან ძნელი გასავლებია ზღვარი ლეგიტიმურ, ლეგალურ ლობისტურ საქმიანობასა და`გავლენით ვაჭრობას` შორის.

ანუ ბევრი რამ დამოკიდებულია კონკრეტული Decision maker (გადაწყვეტილების მიმღების) სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე. ხოლო ეს ინტერპრეტაცია შესაძლოა ბაიდენის საწინააღმდეგო აღმოჩნდეს არა იმდენად იმ მიზეზით, რომ Deep state-ის Decision maker-ი `რესპუბლიკელი` იყოს ან ტრამპის გულშემატკივარი, არამედ  უფრორე  სწორედაც `ბალანსის დაცვის` ინტენციით, რათა ეს ყოველივე მართლა არ გამოიყურებოდეს, როგორც `ორმაგი სტანდარტი` და `შერჩევითი მართლმსაჯულება`.

ბუნებრივია, `გადაწყვეტილების მიმღები` ვერ მოიგონებდა და ვერ შექმნიდა საქმეს `არაფრიდან`, მაგრამ როდესაც ჰანტერ ბაიდენი და გარკვეული აზრით მამამისიც (გავიხსენოთ 2014 წლის `სადილი` ლუჟკოვის ცოლ, - ყაჩაღ და ბანდიტ ელენა ბატურინასთან` ვაშინგტონის რესტორანში)  საამისო `ფაქტურას` და მტკიცებულებით საფუძველს  ქმნიან.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკელებმა დაითვალეს და დააზუსტეს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ანუ რუსული აგრესიის დაწყებიდან დღემდე, 43 მილიარდ 700 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია.

იგულისხმება ყველანაირი დახმარება: მათ შორის ფინანსური (რათა არ ჩამოშლილიყო უკრაინული სახელმწიფო) და სამხედრო დახმარება.

ბევრია ეს თუ ცოტა?

თუ გავითვალისწინებთ, ვინ და როგორ ებრძვის უკრაინას, უნდა ვაღიაროთ, რომ არც ისე ბევრია.

ახლახან ბაიდენის ადმინისტრაციამ კიდევ 200 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა უკრაინას. პირველ რიგში იგულისხმება HIMARS რაკეტები და საარტილერიო ჭურვები.

ამ ომის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ძალიან სწრაფად იხარჯება საარტილერიო ჭურვები რაკი ორივე მხარე მათ უხვად იყენებს საბრძოლო მოქმედებებისას.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გაზეთმა The New York Times გააანალიზა ამერიკული F-16 უკრაინისთვის მიწოდების საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ძააააალიან დააგვიანა ამ მხრივ.

შემოდგომამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა; უკრაინის აღმოსავლეთში დაიწყება წვიმები, მიწა აიზილება და გერმანული, ასევე ამერიკული ტანკები იოლ სამიზნედ იქცევიან რუსული საბრძოლო ვერტმფრენებისთვის. მით უმეტეს, რომ იქ ყველაფერი დანაღმულია.

როგორც გუშინ ვწერდით, რუსეთი ანადგურებს ტანკებს ძირითადად სწორედ КА და МИ კლასის საბრძოლო ვერტმფრენებით, რომლებსაც მხოლოდ ავიაციამ შეუძლია გაუწიოს რეალური წინააღმდეგობა.

სწორედ ამ მიზნით სჭირდება პირველ რიგში უკრაინას ამერიკული თვითმფრინავი F-16 - რათა ებრძოლოს რუსულ ვერტმფრენებს უშუალოდ ბრძოლის ველზე.

ზოგადად ვერტმფრენების წინააღმდეგ ბრძოლა  ძნელია, რადგან ისინი დაფრინავენ ძალიან დაბლა, ამიტომ რადარები `ვერ ამჩნევენ` და რომც შეამჩნიონ, საზენიტო სისტემები ასეთი ტრაექტორიით წარმატებით ვერ ისვრიან.

სულ სხვაა ავიაგამანადგურებელი.

მით უმეტეს გენიალური F-16.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თვითმფრინავი სამხედრო ავიაციის ისტორიაში.

ზოგს იგი მოძველებული ჰგონია, სინამდვილეში ისეთივე `მარადიული` და `კლასიკურია`, როგორც მაგალითად გერმანული ტყვიამფრქვევი MG-42, რომელიც 1942 წელს (!) შექმნეს გერმანელმა კონსტრუქტორებმა და დღემდე (!) აქვს შეიარაღებაზე არა მხოლოდ ბუნდესვერს, არამედ კიდევ მრავალ ევროპულ თუ არა ევროპულ სახელმწიფოს.

ასეთივე უჭკნობი  `კლასიკაა` F-16;

 თუმცა 1970-იანი წლების შემდეგ (როცა შეიქმნა) ამერიკელებმა რასაკვირველია `ავიონიკა` შეუცვალეს, შეიარაღებაც გაუუმჯობესეს, ბევრად `ჭკვიანი` რადარები დაუყენეს, თუმცა `მეოთხე თაობის` თვითმფრინავებში მას მაინც ბადალი არ ჰყავს და მათი მიწოდება უკრაინული არმიისთვის ბევრად მნიშვნელოვანია ახლა ვიდრე ტანკებისა.

ბაიდენის ადმინისტრაცია აშკარად `ფეხს ითრევს`. არა მხოლოდ თვითონ არ აწვდის, არამედ მოკავშირეებსაც უკრძალავს.

შეგახსენებთ, რომ NATO-ს წესდებით, ალიანსის არაწევრი სახელმწიფოსთვის (ან თუნდაც წევრი სახელმწიფოსთვის) იარაღის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მწარმოებელი სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში აშშ-ს) თანხმობით.

ახლა გაჭიანურება ხდება იმ საბაბით, რომ აუცილებელია უკრაინელი პილოტების მომზადება

რეალური მიზეზი სხვაა: ისევე როგორც შორსმსროლელი რაკეტების შემთხვევაში, ამერიკელებს ეშინიათ, რომ უკრაინა ამ თვითმფრინავს გამოიყენებს არა ფრონტის ხაზზე რუსული ვერტმფრენების წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ ასწევს სტრატოსფეროში, 12 კილომეტრის სიმაღლეზე და იქიდან `დასცხებს` ზებგერით რაკეტას მოსკოვს ან პეტერბურგს, რაც გამოიწვევს ნგრევას, მსხვერპლს და პუტინი დაიწყებს ბირთვულ ომს.

ვერც ერთი უკრაინული დრონი ვერ მიაყენებს მოსკოვს ისეთ ზიანს, როგორსაც F-16 -ის `ჰაერი-ზედაპირის` კლასის რაკეტა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც გუშინ გატყობინებდით, გერმანია განიხილავს უკრაინის არმიისთვის შორსმსროლელი რაკეტების მიწოდებას.

გუშინ გაირკვა, თუ რატომ მიიღო გერმანიამ ასეთი გადაწყვეტილება.

როგორც ირკვევა, 2023 წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში გერმანიამ რუსეთიდან იმპორტი 60%-ით გაზარდა და რუსეთის ბიუჯეტს 6 მილიარდი ევრო გადაურიცხა.

თითქოსდა, რა შეიძლება დასჭირვებოდა გერმანიას? რომელ `რუსულ ექსპორტზეა` ლაპარაკი? მით უმეტეს, როდესაც გერმანიამ ნამდვილად მინიმუმამდე შეამცირა რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება?

თუმცა არის ნედლეულისა და წიაღისეულის კიდევ საკმაოდ დიდი ნომენკლატურა`, რომელიც გერმანიის გრანდიოზულ მრეწველობას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. მათ შორის ფერადი ლითონები, სხვა მადანი და ასე შემდეგ.

აი ამის სანაცვლოდ,  გერმანია ცდილობს `დაამშვიდოს` უკრაინა (რომლის ელჩმაც გუშინ სასტიკი პროტესტი გამოთქვა) იმით, რომ რუსული იმპორტი `დააბალანსოს` უკრაინაში იარაღის ექსპორტით.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდის აფრიკაში ვიზიტის შემდეგ, სახდეპარტამენტმა განაცხადა, რომ აფრიკული სახელმწიფოების შესაძლო ინტერვენცია ნიგერში, სადაც მეამბოხეებმა პრეზიდენტი დაატყვევეს, `უკანასკნელი და მხოლოდ უკიდურესი  საშუალებაა` პრობლემის გადასაწყვეტად.

დიპლომატიური ენიდან თუ `გადმოვთარგმნით` ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკა არ დაუჭერს მხარს ძალის გამოყენებას აფრიკული სახელმწიფოების და საფრანგეთის (!) მხრიდან რათა გათავისუფლეს დატყვევებული პრეზიდენტი მუჰამედ ბაზუმი და აღდგეს კანონიერი ხელისუფლება.

ეს ძალიან სახიფათო (როგორც უკვე ვწერდით) სიტუაციაა. განსაკუთრებით ამერიკულ-ფრანგულ დისკურსში.

პარიზი აქტიურად მუშაობს, რათა შექმნას აფრიკული სახელმწიფოების კოალიცია, რომელიც მზად იქნება შეიჭრას ნიგერში. ჩამოვთვალოთ ეს სახელმწიფოები. ისინი შედიან აფრიკულ კოალიციაში (საფრანგეთის ლიდერობით): ბენინი, გამბია, განა, გვინეა-ბისაუ, კოპრ დივუარი, კობო ვერდე, ლიბერია, ნიგერია (აფრიკის ყველაზე დიდი სახელმწიფო), სენეგალი, სიერა ლეონე ტოგო, ბურკინა ფასო, გვინეა, მალი.

ცოტა არ იყოს კომიკური ელფერი დაჰკრავს, რომ ბოლო სამ სახელმწიფოს ასევე სამხედრო გადატრიალების შედეგად შექმნილი ადმინისტრაციები მართავენ.

თუმცა ეს არსებითი არ არის. არსებითი ისაა, რომ ნიგერი მსოფლიოში ურანის (!!!) ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.

ეს ერთი. მეორე: ჩინეთი და რუსეთი იქ ძალიან აქტიურად და ეშმაკურად თამაშობენ.

პუტინი იყენებს `ვაგნერს` და სამხედრო დაზვერვას.

ამ ვითარებაში ამერიკის პოზიცია საკვანძო ხდება: თუ ამერიკა (გლობალური ზესახელმწიფო) წინააღმდეგია სამხედრო ინტერვენციის, გამოდის საფრანგეთს (რეგიონულ ზესახელმწიფოს) მარტოს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ან უნდა შეურიგდეს იმას, რომ ნიგერში, რომელიც `ფრანგული იმპერიის` ლამის უკანასკნელი ნამსხვრევია, ანტიფრანგული ძალები გაბატონდებიან.

აქ ერთ-ერთი სისტემური მოცემულობა (გარდა ურანის საბადოებისა) ისიც არის, რომ  ფრანგული სოციუმი ვერ გათავისუფლდა  (და ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს ვერ გათავისუფლდება) პოსტკოლონიური ტრავმისგან.

ფრანგული საზოგადოება კვლავაც ძალიან განიცდის, რომ საუკუნეთა განმავლობაში `ვაჭმევდით ამ აფრიკელებს, ვასმევდით, ქვეყნები ავუშენეთ, დიად ფრანგულ კულტურას ვაზიარეთ,  ფრანგული ენა ვასწავლეთ.......` და ა.შ და ა.შ ანუ ჩვეულებრივი პოსტკოლონიური ნარატივი, რასაც ამ შემთხვევაში საფუძველიც აქვს, რადგან საფრანგეთმა ნამდვილად (!) ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ამ ხალხებს კოლონიურ ჩაგვრასთან ერთად.

ამერიკა კი კოლონიური სახელმწიფო არასდროს ყოფილა ისტორიულად.

როდესაც 1960-იან წლებში დე გოლმა საფრანგეთი `გაათავისუფლა` ვიეტნამისგან, ესეც მტკივნეულად აღიქვეს ფრანგებმა; მაგრამ როდესაც ალჟირის დამოუკიდებლობა ცნო, რომელიც ფრანგებს `საფრანგეთის გაგრძელებად` მიაჩნდათ, დე გოლი ფრანგმა ამბოხებულმა სამხედროებმა კინაღამ მოკლეს - ტერაქტები მოუწყვეს; მართლა ბეწვზე გადარჩა.

ამავე მიზეზით ერეოდა და ერევა  საფრანგეთი ესოდენ აქტიურად ასევე ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში;

და იქაც პუტინი უქმნის პრობლემებს `ვაგნერის` ხელით, ხოლო ამერიკა იქაც `ნეიტრალური დამკვირვებელია`.

ბევრი ფრანგი თვლის, რომ ეს პოსტკოლონიური ტვირთი მეტისმეტად ძლიერია და საფრანეგთს ქვეყნის შიგნით ისევე უქმნის პრობლემებს, როგორც ქვეყნის გარეთ.

ამასთან დაკავშირებით შეგახსენებთ ფრანგი რეჟისორის, ჟორჟ ლოტნერის ფილმს `პროფესიონალი` (1981წ) ჟან პოლ ბელმონდოსა და რობერ ოსსეინის მონაწილეობით.

ეს ფილმი საოცრად ზუსტი ილუისტრაციაა იმისა, რაც ახლა ხდება აფრიკაში და..... პარიზშიც, რაკი პრეზიდენტი მაკრონი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა: რომ არ ჩაერიოს არ შეუძლია და ჩარევაც სერიოზულ რისკებს წარმოშობს.