საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ნოემბერი 2021 წელი
გაგრაში ანუ აფხაზეთის `ტურისტულ ცენტრში` მორიგი სროლა იყო მილიციასა და ადგილობრივებს შორის.
იქ ყველა გამვლელ-გამომვლელს იარაღი აქვს.
ბევრს უკვირს, რატომ ჩადიან რუსები აფხაზეთში ანუ ადგილას, სადაც ძარცვავენ, აყაჩაღებენ, ხშირად აუპატიურებენ და ა.შ.
ინტერნეტს რომ გადახედოთ, სავსეა საშინელი პოსტებით აფხაზეთში მოგზაურობაზე საერთო რეფრენით: `მეტი აღარ წავალ არასოდეს`.
მაგრამ საქმე ისაა, რომ რუსები ბევრი არიან. 140 მილიონი. სანამ ყველა `მოივლის` აფხაზეთს და ყველა მოახერხებს იქ ჩასვლას, ყველა `იწვნევს` იქაური ბანდმოსახლეობის `სტუმართმოყვარეობას`, კიდევ ათეულობით წელი გავა.
ეს ერთი, მეორეც, ინტერნეტში კი არის ნეგატიური პოსტები, მაგრამ რუსული ტელევიზიები ამ პრობლემებს (კრიმინალს აფხაზეთში) არ აშუქებენ, რადგან მითითება აქვთ ასეთი - არ გააშუქონ `კლიენტ ტერიტორიაზე` არსებული პრობლემატიკა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საშინელება ჩაიდინა რუსეთმა. თუმცა, დიდია ეჭვი, რომ კვლავინდებურად დაუსჯელი დარჩება ამისთვისაც:
ჯერ პენტაგონმა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ მოსკოვმა გამოსცადა თავისი უახლესი საზენიტო რაკეტა С-500 რომელსაც დედამიწიდან გასროლით ორბიტაზე კოსმოსური თანამგზავრების განადგურება შეუძლია.
2 დღის წინ, ასეთი რაკეტა ესროლეს რუსებმა ძველის-ძველ საბჭოთა კოსმოსურ თანამგზავრს და `წარმატებით გაანადგურეს`.
აფეთქებული თანამგზავრი იქცა ათასობით პატარა ნამსხვრევად .........მოსალოდნელი შედეგი აღწერილია ალფონსო კუარონის შესანიშნავი ფილმში Gravitation ჯორჯ კლუნისა და სანდრა ბულოკის მონაწილეობით.
დედამიწის ორბიტაზე ნამსხვრევი კოსმოსური სიჩქარეს ავითარებს ანუ 9-11 კილომეტრი წამში (მინიმუმ) და პატარა ნამსხვრევსაც კი სხვა კოსმოსური თანამგზავრის განადგურება შეუძლია.
მთელმა დასავლეთმა იყვირა: `ასე ხომ ჩვენს თანამგზავრებს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსაც საფრთხე დაემუქრაო`, მაგრამ....რუსებმა, როგორც ყოველთვის `მხრები აიჩეჩეს`; `ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და გიყვარვართ თუ არა, იძულებული იქნებით შეეგუოთო`.
ანუ ახლა უკვე ათასობით ბომბი დაფრინავს ორბიტაზე იმ სარტყელში, სადაც ასეულობით დასავლური თანამგზავრი, ასევე საერთაშორისო კოსმოსური სადგურია და.....`იძულებულნი იქნებიან `შეეგუონ?`
NACA-მ გააკეთა განცხადება: კი, მაგრამ, რუსო კოლეგებო, კოსმოსში პირველი თანამგზავრი, `სპუტნიკი` ხომ თქვენ გაუშვით, პირველი კოსმონავტიც ხომ რუსი იყო, ეს რა ჩაიდინეთ, ამით ხომ ბოლოს და ბოლოს არა მხოლოდ ამერიკელ ასტრონავტებს არამედ რუს კოსმონავტებს შეუქმენით სამკვდრო-სასიცოხლო საფრთხე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეო, მაგრამ.......ელაპარაკე, ელაპარაკე, ელაპარაკე....`შეაყარე კედელს ცერცვიო` ქართული ანდაზა რომ არის.
ეს ერთი ეპიზოდიც მეტყველებს, რომ პუტინი, რომლის სანქციით განხორციელდა С-500 გამოცდა, უკვე შეურაცხადია და სულ უფრო საშიში ხდება რაც უფრო ბერდება. არადა კიდევ მინიმუმ 20 წელი აპირებს პრეზიდენტობას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე საქმე უკვე სროლამდე მივიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პოლონელი ჯარისკაცები (არა მესაზღვრეები უკვე, არამედ ჯარისკაცები) `ისვრიან ბელორუსის მიმართულებით`.
სინამდვილეში ისვრიან ჰაერში, მაგრამ ფორმალურად ასე გამოდის, რომ პოლონელები ნამდვილად ისვრიან ბელორუსის მიმართულებით, საიდანაც ათასობით ერაყელი და სირიელი ლტოლვილი ცდილობს პოლონეთში შეღწევას.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დაემუქრა თურქულ და რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შეწყვიტეს ლტოლვილების ჩაყვანა ბელორუსში ახლო აღმოსავლეთიდან სტამბულის გავლით, მაგრამ იქ ისედაც უკვე დაგროვდა ათასობით ლტოლვილი, ვისაც ბელორუსები და რუსები უკან აღარ უშვებენ, ხოლო ევროკავშირში ვერ შედიან.
არადა, მათ შორის უმრავი ქალია. ტყეში მშობიარობენ. კატასტროფული ვითარებაა.
ბელორუსი ჯარისკაცები მიგრანტებს სპეციალურ სეკატორებს აძლევენ, რათა მათ მავთულხლართები გადაჭრან და პოლონეთში შეიჭრან.
ანუ თვითონ აძლევენ სეკატორებს!
მიზანი ისაა, რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნან ევროპას, გამოიწვიონ ევროკავშირში შიდა განხეთქილება. გერმანიასა და პოლოენთს შორის უკვე არის გარკვეული უთანხმოება მას შედმეგ, რაც ვარშავაში გავრცელდა ხმა, თითქოს ანგელა მერკელი თავისი მოღვაწეობის დაგვირგვინებას აპირებს ამ რამდენიმე ათასი ლტოლვილის შემოშვებით გერმანიის ტერიტორიაზე.
პოლონეთი იყენებს წყლის ჭავლს, თუმცა დამშეულ, გაყინულ ადამიანებს ამით როგორ შეაჩერებ?
ასე მიმდინარეობს რუსული `ჰიბრიდული ომი`.
არსებობს მოსაზრება, რომ ამ ომით პუტინი ცდის ევროპას. ამოწმებს, რამდენად და როგორ ირეაგირებს NATO ამგვარ გამოწვევაზე.
უკრაინის საზღვართან კი გრძელდება რუსული ჯარების კონცენტრაცია......ორი რუსი მედესანტე დაიღუპა შემთხვევით, როცა თვითმფრინავიდან გადმოხტნენ და პარაშუტი არ გაიხსნა.
ამ ვითარებაში, გერმანელმა რეგულატორმა მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება და 4 კვირით შეაჩერა გაზსადენ `ჩრდილო ნაკადი 2-სთვის` ლიცენზიის გაცემა. ამან გამოიწვია ბუნებრივი აირის ფასის ზრდა ევროპაში 1 000 ევრომდე.
თუმცა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ პასუხად, პუტინმა შეიძლება დასაჯოს ევროპა ლუკაშენკოს ხელით: ბელორუსის დიქტატორი ისედაც იმუქრებოდა, გადავკეტავ გაზსადენს, რომელიც ბელორუსის ტერიტორიის გავლით მიდის ევროპაშიო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის ფასი 2 000 ევრომდეც შეიძლება ავარდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კინაღამ ახალი დიდი ომი დაიწყო და არ არის გამორიცხული, რეალურად მართლა დაიწყოს უახლოეს მომავალში. ოღონდ არა მთიან ყარაბაღში, არამედ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, სიუნიკის რაიონში.
აზერბაიჯანს მიაჩნია, რომ ეს რაიონი უკანონოდ აქვთ სომხებს დაკავებული 1992 წლიდან. არადა, სსრკ რუკებით, სიუნიკი აზერბაიჯანში შედიოდა.
სომხები იქედან უკან დახევას არ აპირებენ და რუსეთს მიმართავენ სამხედრო დახმარებისათვის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პირადად დაურეკა სომხეთის და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს.
ბრძოლები, რომლის დროსაც მხარეები ტანკებს და არტილერიას იყენებდნენ, დროებით შეწყდა. ხვალ რა იქნება, არავინ იცის. თუმცა ცხადია, ამგვარი შეტაკებების ფონზე საეჭვოა ბაქომ და ერევანმა მოილაპარაკონ გზების გახსნაზე და უარი თქვან საქართველოს სატრანზიტო მაგისტრალების გამოყენებაზე.
გუშინდელი შეტაკება ყველაზე მასშტაბურია მას შემდეგ, რაც შარშან აზერბაიჯანმა გაანადგურა სომხური არმია ყარაბაღის გარშემო ოკუპირებულ რაიონებში.
შედეგად, გუშინ 30 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 სომეხი სამხედრო აზერბაიჯანელებს ტყვედ ჩაუვარდათ.
საბოლოოდ, ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდა, მაგრამ 12 ტყვე და სროლის შეწყვეტა იმ ვითარებაში, როდესაც აზერებმა სიუნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნეს, ერევანში ბობოქარი ანტისამთავრობო მიტინგების მიზეზი გახდა. მთელი ღამე მიმდინარეობდა პროტესტი ერევანის ცენტრალურ, თეატრალურ მოედანზე.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ამ ბრძოლების ინიციატორი აზერბაიჯანი იყო, რომელიც ცდილობს ამ გზით აიძულოს სომხეთის ხელისუფლება, დაიწყოს მოლაპარაკება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანდათან მწიფდება რევოლუცია კუბაზე. კუბელებს `ამოუვიდათ` მუდმივი სიღატაკე და დაპირისპირება ამერიკასთან. აღარც ფიდელ კასტროა უკვე, აღარც მისი ძმა რაული, მაგრამ რეჟიმი კვლავინდებურად ჩაგრავს კუბელებს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი რეჟიმი მსოფლიოში, ჩრდილო კორეულ რეჟიმთან ერთად: ოდესღაც უკიდეგანო კომუნისტური იმპერიის ორი ნამსხვრევი
კუბაზე მიტინგები და დემონსტრაციები იმართება დევიზით `არ გვეშინია`. ეს შესაძლებელი გახდა, რაკი კუბაზეც კი ვერ ხერხდება ინტერნეტის, სოციალური ქსელების სრული კონტროლი, თუმცაღა კუბელები იმ ამერიკული მანქანებით დადიან, რაც გასული საუკუნის 1950-იან წლებშია გამოშვებული.
ამერიკა მზადაა დაეხმაროს კუბელ ხალხს, მაგრამ პირდაპირი აგრესია გამორიცხულია. კუბაზე მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა გუანტანამო, თუმცა ეს კონტინგენტი არასდროს ჩარეულა კუბას საქმეებში. მაშინაც კი, როცა 60 წლის წინ ფლორიდაში მცხოვრებმა კუბელმა ემიგრანტებმა დესანტი გადასხეს კოჩინოს ყურეში.
რუსეთი კი, რღაა თქმა უნდა კუბის მმართველი რეჟიმის მხარესაა. პარანოიდულად ეშინიათ `რევოლუციების`
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კუბის ანტიკომუნისტ დემონსტრანტებს `პროვოკატორები` უწოდა გუშინდელ განცხადებაში.
თუ დემონსტრანტები და გაფიცულები კუბის რეჟიმს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიან, რუსეთი იქ გააგზავნის ე.წ. `ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის` მებრძოლებს, როგორც ვენესუელაში, გასულ წელს.
კუბაზე უარესი რეჟიმია, ვიდრე რუმინეთში იყო 1989 წ. თუმცა რუმინელებმა ჩაუშესკუ დაამხეს. ოღონდ დაამხეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუმინეთი ევროპაა და ევროპაში მაშინ დიდი ცვლილებების ეპოქა იყო.
კუბის რეჟიმი თითქოს `გადმოსულია` გაბრიელ გარსია მარკესის ლიტერატურული შედევრიდან `პატრიარქის შემოდგომა` - ქვეყანაზე, სადაც `დრო გაჩერდა`.
და მაინც, ეს დემონსტრაციები და მიტინგები, მიუხედავად რეჟიმის არაადამიანური რეპრესიებისა, ნამდვილად დამაიმედებელია.