«მოქალაქეთა კავშირის» მაჭარი კვლავ დუღს

«მოქალაქეთა კავშირის» მაჭარი კვლავ დუღს

        მიხეილ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრად «დაწინაურების» შემდეგ, საპარლამენტო ფრაქცია «მოქალაქეთა კავშირს» ახალმა თავსატკივარმა უწია – განთავისულფდა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი.
        ეს თანამდებობა, პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მნიშვნელოვანია. კანდიდატურათა თაობაზე მსჯელობა ბოლო ხანს «აფორიაქებული» ფრაქციისთვის მორიგ გამოცდად შეიძლება იქცეს და საბოლოოდ ნათელყოფს, რამდენად «მართვადია» ფრაქცია პარტიის ელიტის მხრიდან.
        თვით კანდიდატურათა პოლიტიკური და სოციალური წარმომავლობა თითქოს საეჭვო ტენდენციის გაძლიერებაზე არ მიუთითებს: რეზო ადამიაც და გიორგი ბარამიძეც ერთი და იმავე «გუნდის» წარმომადგენლები არიან «მოქალაქეთა კავშირში». თანაც სწორედ იმ გუნდისა, რომელიც განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკას, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ფრაქციის ასეთივე წარმატებით მართვა იმავე გუნდს შესამჩნევად უჭირს, თუმცა, ამაზე ქვემოთ.
        უპირველესად კი, «მოქალაქეთა კავშირმა» კიდევ ერთი ტექნოლოგიური შეცდომა დაუშვა: მსჯელობა ფრაქციის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე, მართალია «საჯარო» არ იყო, მაგრამ მეტისმეტად გაჭიანურდა, რამაც მაინც შექმნა შთაბეჭდილება, რომ თვით «პარტიულ ელიტაშიც» არ არის ყველაფერი რიგზე. გიორგი ბარამიძესა და რევაზ ადამიანს თვისებრივად განსხვავებული პროგრამები არ ექნებოდათ, ამიტომ, თითქოსდა ლოგიკური იყო «მთავარ საბჭოს» კენჭი იმავე საღამოს ეყარა, როდესაც დადასტურდა სააკაშვილის თანხმობა, დაეკავებინა მინისტრის პოსტი, ანუ «დაეცალა» ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა.
        შიდაპარტიული კენჭისყრა დღეს ან ხვალ უეჭველად შედგება. საკითხი «მოქალაქეთა» მთავარი საბჭოს გადასაწყვეტია, რაც უფრო წარმომადგენელობითი ორგანოა, ვიდრე თუნდაც ფრაქციის საბჭო.
        თუმცა, ასეთი ორგანო არც არსებობს, მაგრამ რა მოხდა იმ შემთხვევაში, თუ ფრაქცია – პარტიის მთავარი საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება? ეს კი სრულებითაც არ არის გამორიცხული.
        «მოქალაქეთა» ფრაქციაში ასზე მეტი წევრია. მათგან 20-30 დეპუტატს თუ ეთქმის «საჯარო პოლიტიკოსი», ვინაიდან ასე თუ ისე ჩანს, აქტიურობს, პოზიციას გამოხატავს და ასე შემდეგ, ანუ დანარჩენი 70-80 დეპუტატი (აბსოლუტური უმრავლესობა) უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ კომიტეტში აქტიურობს. უარეს შემთხვევაში კი (აღარ დავაკონკრეტებ), საქმე გაცილებით «უარესადაა».
        ასეთ რეალობას ქმნის ქართული ელექტორატის თავისებურება. მმართველ პარტიას (განსხვავებით ოპოზიციური პარტიებისგან) რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, საარჩევნო სიის შედგენისას ნაკლები თავისუფლება და უფრო შეზღუდული «სამანევრო სივრცე» გააჩნია.
        ეს განსაკუთრებით «მაჟორიტარებს» ეხებათ. იმის ასახსნელად, თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ამომრჩევლის სოციალური თუ ინტელექტუალური მოტივაციის თვალსაზრისით, თბილისელ ამომრჩეველსა და პროვინციელ ამომრჩეველს შორის განსხვავების კოეფიციენტი ძალიან მაღალია, მაშინ, როდესაც განვითარებული დემოკრატიის ვქეყნებში ეს კოეფიციენტები 0-ს უახლოვდება.
        როგორც ჩანს, ეს მომენტი (თუმცა, არა მხოლოდ იგი) იწვევს შესამჩნევ დაძაბულობას ფრაქციაში. წინა პარლამენტში ხსენებული ფაქტორი ასე აქტიურად არ მოქმედებდა. ყოველ შემთხვევაში, თვალშესავლებ შედეგს თითქმის არ იწვევდა, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის შედმგომი დივერსიფიკაციის კვალობაზე, დაძაბულობა მატულობს. «მოქალაქეთა» ფრაქცია ისევ თვითგამორკვევის პროცესში იმყოფება.
        თუ იგი შეძლებს სოციალური სხვაობით გამოწვეული დაძაბულობის შემცირებას და თუ «ახალგაზრდული გუნდი» მიხვდება, რომ შეუძლებელია უმრავლესობის მართვა მხოლოდ «დომინანტების» მეშვეობით, ანუ გაითვალისწინებს «უმრავლესობის უმრავლესობის» ინტერესებს, მაშინ ფრაქცია გაუძლებს ამჟამინდელ «მიწისძვრას», თუ არადა, დეზინტეგრაციის პროცესის გაგძრელება.
        სტრატეგიული თვალსაზრისით კი, შექმნილი ვითარება გამომდინარეობს ეკლექტური (პროპორციულ-მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემიდან, რომელსაც, თავის მხრივ, არაფერი ეშველება ორპალატიანი პარლამენტის შექმნამდე.

დილის გაზეთი, 6 ოტომბერი, 2000 წელი