(ადგილობრივი) არჩევნები დამთავრდა, იწყება მზადება ახალი არჩევნებისთვის.

(ადგილობრივი) არჩევნები დამთავრდა, იწყება მზადება ახალი არჩევნებისთვის.


   

    წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული «წესისა და რიგის» მიხედვით წარიმართა. მართალია მოწინააღმდეგე პარტიებს ერთმანეთისთვის «თავ-ყბა არ დაუმტვრევიათ», ან თითქმის არ დაუმტვრევიათ, მაგრამ სრულიად საქართველოს მაშტაბით ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები სხვაა და ლაგოდეხის მაჟორიტარული არჩევნები სხვა.
    მიუხედავად ამისა, ექსცესების გარეშე არც მუნიციპალურ არჩევნებს ჩაუვლია. ჯერ კიდევ წინა დღეებში იგრძნობოდა თბილისში საარჩევნო პლაკატებისა და ტრანსპარანტების «ომი». პარტიები გულმოდგინედ «ხევდნენ» ერთმანეთის სარეკლამო პლაკატებს: ოპოზიცია - ხელისუფლებისას, მმართველი პარტია - ოპოზიციისას და ა.შ.
    შიგდაშიგ იმის შემჩნევაც არ იყო ძნელი, რომ ოპოზიციონერები ერთმანეთსაც მტრობდნენ და «მუხთლობდნენ». ანუ ერთმანეთის სააგიტაციო მასალებს ანადგურებდნენ, ნაცვლად იმისა, «შეხმატკბილებულად» ემუშავათ ხელისუფლების წინააღმდეგ;
    კიდევ ერთი «მეთოდის» შენიშვნაც შეიძლებოდა: პარტიები ცდილობდნენ ერთმანეთის პლაკატები გადაეფარათ. ამ თვალსაზრისით ზოგიერთმა მათგანმა ჭკუა იხმარა და ბოლო დღეებამდე არ «გახსნა კარტი». სხვებმა იჩქარეს და აშკარად წააგეს; ახლა მათი «აგიტკები» უკვე კონკურენტების მიერაა გადაფარული.
    ძნელი წარმოსადგენი არ არის, ამჟამად (მუნიციპალურ არჩევნებზე) თუ ასეთი ამბავი იყო, გაისად რა იქნება, როცა საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობის საკითხი უნდა გადაწყდეს?!
    ადგილობრივი არჩევნები და თვითმმართველობა, პოლიტიკურ პროცესებზე უშუალო ზემოქმედების თვალსაზრისით, თითქოს უმნიშვნელოა. სამაგიეროდ, შედეგი ძალზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური არსით: უკვე საბოლოოდ გამოიკვეთა ის პარტიები, რომლებიც დარჩებიან საქართველოს სახელისუფლებო ოლიმპზე (უმრავლესობის ან უმცირესობის სახით) და ისინიც, ვინც სამუდამოდ ჩაიძირებიან ისტორიული მარადისობის წიაღში.
    ამჟამად მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა 1995 წლის კონსტიტუციით «გასხივოსნებულ» მზისქვეშეთში ადგილის შესანარჩუნებლად. ეს ბრძოლა 5 ნოემბრის (1995 წლის) არჩევნებით დაიწყო, ამჟამად გრძელდება და კულმინაციას 1999 წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნებისას მიაღწევს.
    ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა (აქედან გამომდინარე, მათმა მხარდამჭერმა სამეურნეო და ფინანსურმა სუბიექტებმაც) შესანიშნავად უწყის, რომ 1995 წლის კონსტიტუციასა და მის მიერ ჩამოყალიბებულ ძალთა განლაგებას მხოლოდ ახალი «დემოკრატიული რევოლუცია» თუ «პუტჩი» შეცვლის, მაგრამ საეჭვოა, დეკემბერ-იანვრის მოვლენებით ჭკუანასწავლმა ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაუშვას მსგავსი რამ.
    ამიტომ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნები ქართული პოლიტოკრატიისათვის ჭეშმარიტად «უკანასკნელი და გამწყვეტი ბრძოლაა». პრინციპით: სიკვდილი ან გამარჯვება!
    ამჟამინდელი საარჩევნო მარათონი უკანასკნელია იმათთვის, ვინც !995 წელს დამარცხდა. ისინი ნამდვილად შეეცდებიან, ამჯერად მაინც გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში
    განურჩევლად ადგილობრივი არჩევნების შედეგებისა, «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებას», «გაერთიანებულ რესპუბლიკურ პარტიას», «მერაბ კოსტავას საზოგადოებას» ხელისუფლების მარიონეტობაში ბრალს ვერავინ დასდებს.
    თითქოს არც ისე მნიშვნელოვანია წინა არჩევნებში სასტიკად დამარცხებული ეს ბლოკი, მაგრამ გარკვეული თვალსაზრისით იგი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა, ვინაიდან ძალუძს იქცეს «ეროვნული მოძრაობის ძალთა აღორძინების საშუალებად».
    ამჯერად არჩევნებში არ მონაწილეობდნენ «რესპუბლიკელები», «ქრისტიან-დემოკრატები», «ლიბერალ-დემოკრატები», «მონარქისტები», სხვები და სხვები, მაგრამ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ისინიც დადგებიან არჩევანის წინაშე: ან დამოუკიდებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და უეჭველად დამარცხდნენ, ან შეუერთდნენ ადამია-ჩხეიძე-ნათაძის ბლოკს.
    ეს სამეული, რა თქმა უნდა, ისარგებლებს იმით, რომ უფრო ადრე გაერთიანდა და შეეცდება საკუთარი პირობები უკარნახოს «მსურველებს». ამ უკანასკნელთ კი სხვა გზა არ ექნებათ გარდა თანხმობისა. სხვათა შორის, მცდარია აზრი, თითქოს ამ ბლოკს მწირი ფინანსური შესაძლებლობები ექნება. ისევ და ისევ «მიზეზთა გამო» არც მთლად ასეა საქმე. ამ ბლოკისათვის ყველაზე სერიოზული პრობლემა იქნება ე.წ. «ზვიადისტური ძალების» მოზიდვა ბლოკში. ყოველ შემთხვევაში, იმ «ზვიადისტური პარტიებისა», ვინაც არ გასვრილა პრორუსულ კლანებთან ალიანსით და ზვიად გამსახურდიას გარკვეული იდეის (დამოუკიდებლობის) გამო უჭერდა მხარს და არა მისი პიროვნების, მამის ან გვარის პათოლოგიური თაყვანისცემით;
    თუ არც ერთი «ზვიადისტური» პარტია ალიანსზე არ დათანხმდა, მაშინ «ეროვნულებმა» რომელიმე ფიგურა მაინც უნდა მოიმხრონ, ვისაც კოლაბორაციონიზმსა და სიმხდალეში ვერავინ დასდებს ბრალს: მაგალითად, ნუგზარ მოლოდინაშვილი; მით უმეტეს, რომ ვაჟა ადამიასა და ნუგზარ მოლოდინაშვილს ყოველთვის კარგი ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ: არა მხოლოდ 1990-1991 წლებში, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, სამოქალაქო ომის პერიოდშიც.
    «ეროვნულებზე» ყურადღების გამახვილება აუცილებლად მიმაჩნია ამ კონტექსტში, ვინაიდან ზოგიერთებმა ეს პარტია (იგი მაინც ერთიანი პარტიაა), ჩემი აზრით, მაინც ნაადრევად «ჩამოწერეს» და დარჩენილის «გადანაწილებას» შეუდგნენ.
    გუშინდელი არჩევნების შედეგი ამ თვალსაზრისით მაინც არაფერს ნიშნავს.
    უაღრესად რთული მდგომარეობაა პოლიტიკური სპექტრის მარცხენა ფლანგზე. ვახტანგ რჩეულიშვილმა და შალვა ნათელაშვილმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, როდესაც შინაარსობლივად «ტყუპისცალი» პარტიები შექმნეს. ეს პარტიები ამჟამად ერთმანეთს «აგლეჯენ» ხმებს. შეიძლება საერთოდ ტრაგიკომიკური სანახაობის მომსწრენი გავხდეთ და საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთმა ვერ გადალახოს 5 პროცენტიანი ბარიერი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხარო და საზიანო იქნება მთლიანად ქართული დემოკრატიისათვის, ვინაიდან ვაკუუმს «მარცხენა» ფლანგზე კომუნისტები შეავსებენ ან სოციალისტ-ლეიბორისტები «ჩაგორდებიან» კომუნიზმსა და ექსტრემიზმში.
    «მარჯვნივ» მეტ-ნაკლებად გაირკვა ვითარება: მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის «ნიშას» ეროვნულ-დემოკრატიული პარტია დაიკავებს; აღსანიშნავია, რომ «ეროვნულ-დემოკრატებსა» და «სახალხოებს» შორის უფრო დიდი სხვაობაა (რეიტინგით) ვიდრე «სოციალისტებსა» და «ლეიბორისტებს» შორის, ამიტომ ედპ-ს ყოფილი ელიტა ძალზე სერიოზულ რისკზე მიდის. იგი შეიძლება საერთოდ პოლიტიკური ხომალდს «მიღმა» დარჩეს.
    კვლავინდებურად ლავირებენ «მემარჯვენეობასა» და «მემარცხენეობას» შორის «მოქალაქეები», რომლებსაც ცენტრისტული პარტიის პრეტენზია აქვთ. მაგრამ წმინდა სახით «ცენტრი» პოლიტიკურ სპექტრზე არ არსებობს, ამიტომ «მოქალაქეთა კავშირს» ადრე თუ გვიან უეჭველად მოუწევს საკუთარი ადგილის პოვნა და უეჭველად უფრო «მარჯვნივ» გადაინაცვლებს, ვიდრე მარცხნივ;
    ამ მხრივ «სოციალისტურ ინტერნაციონალში» გაწევრიანება მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც იოტისოდენადაც არ ცვლის არსს.
    დღევანდელი მმართველი პარტია ატარებს რადიკალურ მემარჯვენე (მონეტარისტულ) პოლიტიკას ეკონომიკურ სფეროში; ამდენად, მან თავისი ადგილი უკვე აირჩია, მაგრამ თუ ოდნავ დააგვიანებს «ცენტრიდან - მარჯვნივ» გადმონაცვლებას, ადგილი შეიძლება დაკავებული დახვდეს.
    მეორე მხრივ, «მოქალაქეთა კავშირმა» ყოველთვის შეიძლება აქტიურად გამოიყენოს ის გარემოება, რომ საქართველოში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პრობლემა კვლავინდებურად გადაუწყვეტელია; ანუ გადაუწყვეტელია ისეთი პრობლემები, რომელთაც «მემარჯვენეობა-მემარცხენეობასთან» საერთო არაფერი აქვთ: ტერიტორიული მთლიანობა, ცენტრალური ხელისუფლების გავლენის რეალური გავრცელება მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფოებრივი სისტემის სტრუქტურული გარდაქმნა, სასაზღვრო ჯარებისა და შეიარაღებულ ძალთა ჩამოყალიბება და ა.შ.
    სანამ ამგვარი პრობლემატიკა იარსებებს, ნორმალური პოლიტიკური სპექტრისთვის არაბუნებრივი «ცენტრი» საქართველოში არ მოისპობა.
    როგორც ჩანს, სწორედ ეს ძალები (ზემოთ ჩამოთვლილი პარტიები) შექმნიან სამომავლოდ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს, რაც არ გამორიცხავს, რასაკვირველია, რეგიონულ წარმომადგენლობასაც.
    სხვა პარტიები თუ ძალები (ორივე ფლანგზე - ვთქვათ, კომუნისტები და ზვიადისტები) სრულებით უპერსპექტივონი არიან. მათი ადგილი პარლამენტში არ მოიძებნება, ამიტომ ან სხვა პარტიებში აითქვიფებიან ან ლეიბორისტებში, «ზვიადისტებსა» თუ «ეროვნულებში», ან საერთოდ დატოვებენ პოლიტიკურ ასპარეზს.
   

 7 დღე, 16 ნოემბერი 1998 წ.