საერთაშორისო მიმოხილვა. 15 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 სექტემბერი. 2023 წელი

პრეზიდენტმა ბაიდენმა დაგეგმა შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან უახლოეს დღეებში.

შესაძლოა, ეს შეხვედრა გაიმართოს ნიუ იორკში, სადაც ზელენსკიც და ბაიდენიც ჩავლენ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსასვლელად.

თუმცა არ არის გამორიცხული, ზელენსკი ჩავიდეს ვაშინგტონში და შეხვედრა თეთრ სახლში ან კემპ-დევიდში (პრეზიდენტების ქალაქგარე რეზიდენცია) შედგეს.

ნებისმიერ შემთხვევაში უკვე ცნობილია, რა გახდება ამ შეხვედრის მთავარი თემა: ამერიკული შორსმწვდომი რაკეტების ATACMS გადაცემა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის!

გუშინ ვწერდით, რომ გერმანია `ფეხს ითრევს` TAURUS ანალოგიური შორსმწვდომი რაკეტების მიწოდებაზე უკრაინისთვის.

მიზეზი ცხადია: როგორც ყოველთვის, ფრთხილი გერმანელები ელიან ამერიკის გადაწყვეტილებას ATACMS თაობაზე.

ჩვენში ზოგჯერ კარგად არ ესმით რას ნიშნავს ამერიკის ლიდერობა: სწორედ იმას ნიშნავს, რომ ამერიკა დასავლური სამყაროს `პიონერია` ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე  დანიშნა სპეც-წარმომადგენელი უკრაინის აღდგენის (!) საკითხში: აშშ ყოფილი ვაჭრობის მდივანი (ვაჭრობის მინისტრი) პენი პრიტცკერი.

პენი პრიტცკერის წინაპრებმა 1880-იან წლებში დატოვეს უკრაინა ანტისემიტური `პოგრომების` გამო რუსეთის იმპერიაში.

ანუ

ა) ამ დანიშვნით პრეზიდენტი ბაიდენი მანიფესტირებს, რომ უკრაინის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება; ამიტომაც  უკვე ფიქრობს უკრაინის აღდგენაზე რუსეთის ჯართა გაძევების შემდეგ

და

ბ) ბაიდენმა ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ რუსული პროპაგანდა უკრაინის `ანტისემიტური ნაციზმის` შესახებ სრული ტყუილია, რაკი პრეზიდენტიც ებრაელია (ზელენსკი) და სპეც-წარმომადგენლადაც ებრაელი დანიშნეს.

აქვე `ფრთხილად` შევნიშნავ, რომ ქალბატონი პრიტცკერი, რომელსაც არანაირი თანამდებობა არაფერში სჭირდება, ამ შეთავაზებას დათანხმდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ამერიკის უძლიერესი ებრაული ლობის ფარული `ვიზის` შემდეგ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ჯო ბაიდენმა საჯარო გამოსვლისას გაიხსენა, რომ ჯერ კიდევ 2021 წელს, ჟენევაში შეხვედრისას უთხრა პუტინს: ჩინეთი რუსეთს პატივს არ სცემსო.

ეს უძლიერესი მესიჯი იყო, რაზეც პუტინს არაფერი უპასუხია; ან კი რა უნდა ეპასუხა? განა ახლა, უკრაინის ომის დროს, ცხადი არ არის: რუსეთი ჩინეთის `უმცროსი ძმა` კი არა ყმაა!

მხოლოდ ერთი მცირე მაგალითი: ჩრდილო კორეელ ლიდერ კიმს რომ შეხვდა და ეხვეწება ჭურვები მომაწოდეო........  კიმის პასუხი, სინამდვილეში, სი ძინპინზეა დამოკიდებული.

იმიტომ, რომ ის ამაზრზენი საკონცენტრაციო ბანაკი, რასაც `ჩრდილო კორეის სახალხო რესპუბლიკა ჰქვია` 100%-ით (!) არსებობს ჩინეთის გადაგდებული გამოხრული ძვლის წყალობით:  საკმარისი იქნება სი-მ ეს ძვალი აღარ გადაუგდოს ყოველწლიურად მიწოდებული სურსათის სახით, რომ ჩრდილო კორეა უბრალოდ განადგურდება - ან შიმშილით ამოწყდება, ან შიმშილითვე გაზომბებული ხალხი აჯანყდება და ისეთი სისხლის კალო მოეწყობა, კაცობრიობას რომ არ ახსოვს.

ამიტომ პუტინმა კიმი კიდეც შეიძლება დაარწმუნოს, რაღაც დაჰპირდეს, თუმცა ფხენიანის პასუხი საბოლოოდ მაინც პეკინზეა დამოკიდებული.

ბაიდენის რემარკა კიდევ სხვა თვალსაზრისითაცაა საინტერესო: ამერიკის გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი სტრატეგემაა (იყო და რჩება) მოსკოვისა და -პეკინის `დაჯახება`: ვაშინგტონის უდიდესი, ისტორიული წარმატება იყო, 1970-იან წლებში, პრეზიდენტ ნიქსონის დროს, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის დაპირისპირებაში ჩინეთის მხარეს დადგომა და ამით დაპირისპირების ატანა ახალ ლეველზე.

ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამერიკული დიპლომატიის `მასტოდონტმა` ჰენრი კისინჯერმა, რომელიც ბოლო დროს კია პრორუსულ მარაზმში ჩავარდნილი, მაგრამ 50-60 წლის წინ `ფორმაში იყო`.

ამერიკელებს ესმით, რომ მოსკოვსა და ჩინეთს შორის არსებობს ისეთი სტრატეგიული წინააღმდეგობები (მაგალითად ჩინეთის კოლოსალურად `შესვლა` ცენტრალურ აზიაში - ყაზახეთში უპირველესად), რომ ამ ორი ქვეყნის `მეგობრობა` და `მოკავშირეობა` შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ყმობა - რაც სულ უფრო იკვეთება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ილონ მასკის ყოფილი თანამშრომელი, უოლტერ აიზექსონი აქვეყნებს ბიოგრაფიულ წიგნს თავის ყოფილ ბოსზე; ეს წიგნი უკვე იქცა ბესტსელერად იმის გათვალისწინებით, რომ  ილონ მასკი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა როგორც თვით ამერიკის შიდაპოლიტიკურ დისკურსში (განსაკუთრებით მას შემდეგ რაც Twitter შეიძინა) ასევე ჩინეთის დისკურსში და პუტინის რუსეთთან დისკურსში.

აიზექსონის წიგნი შესაძლოა მასკს სერიოზულ იმიჯურ დანაკარგად დაუჯდეს. მაგალითად, ავტორი აღწერს, რომ თურმე....თურმე......2002 წელს მასკი რუსეთში ჩასულა და პუტინისთვის უთხოვია `მზიდი რაკეტები` მარსის ასათვისებლად. თუმცა ფასზე ვერ მოულაპარაკიათ: მასკი $18 მილიონს სთავაზობდა ორ რაკეტაში, რომელთაც მასკის თანამგზავრი კოსმოსში უნდა აეტანათ, პუტინი კი 21 მილიონს ითხოვდა თითო რაკეტაში.

ეს, კი ბატონო, არაფერია განსაკუთრებული, თუმცა მთავარი ისაა, რომ აიზექსონის თქმით, მასკი რესტორანში ისე დათვრა, გონი დაკარგა, თავი მაგიდას დაარტყა, დაეცა და სერიოზული ტრავმა მიიღო. რუსული არაყის ძალა ვერ გათვალაო.

რუსეთში ეს ინციდენტი განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ......ამერიკული საზოგადოება ამგვარ ბიოგრაფიულ ეპიზოდებს დიდ ყურადღებას აქცევს: იმ ქვეყანაში  რ  ე  ნ  ო მ ე   და რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნეს (!) - აქტივია სინამდვილეში.

მხოლოდ `არყით`რომ არ შემოიფარგლებოდა პუტინი, ყველას ესმის: ის ხომ სისხლით-ხორცამდე `კგბ`-შნიკია და ნებისმიერი დასავლელი ფიგურის `დამუშავებას` მუდამ აღიქვამდა სამომავლო პერსპექტივის ჭრილში - `მშობლიური უწყების` გამოწვლილვით შესწავლისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ილონ მასკი რომ გენიოსი და დიდი მომავლის მქონე ფიგურა იყო, 2002 წელს უკვე ნათელი იქნებოდა КГБ-ФСБ-ს `სპეციალისტებისთვის`.

ჰოლივუდი თუ  მასკზე ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს (აუცილებლად გადაიღებს), ეს ეპიზოდი იქ უეჭველად  შევა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 

 ძალიან ნიშანდობლივი გარიგება შედგა პუტინის ხელისუფლებასა და კომპანიას British American Tobacco შორის.

მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მისი ბრენდებია Dunhill, Kent, Vogue, Rothmans, Pall Mall და Lucky Strike.

დასავლური სანქციების ფარგლებში British American Tobacco-ს გადაწყვეტილი ჰქონდა რუსეთიდან გასვლა.

ბუნებრივია პუტინს შეეძლო უბრალოდ გაეგდო და ყველაფერი წაერთვა ანაზღაურების გარეშე მაგრამ.....დავაკვირდეთ რა ქვეწარმავლური ეშმაკობით და ცბიერად მოიქცა პუტინი: კი არ გააგდო, არამედ გაურიგდა, რაღაც თანხა გადაუხადა (მცირე რასაკვირველია) და მსოფლიო გიგანტის წასვლა `შეფუთა`, როგორც ბიზნესის გადაცემა ახალი კომპანიისთვის, რომელსაც ეწოდება ITMS Group (International Tobacco Marketing Services Group). ეს კომპანია კი მთლიანად რუსულია.

რატომ არის ეს ნიშანდობლივი“ იმიტომ, რომ პუტინს, რომლის რეჟიმსაც ხშირად სამართლიანად უწოდებენ `ჩეკისტურ-კაპიტალისტურს` სულაც არ ეპიტნავება რუსეთის მთლიანად მოწყვეტა დასავლური ეკონომიკისა და ზოგადად დასავლური სამყაროსგან, საიდანაც ფინანსურად გვარიანად იკვება თვითონაც და მისმა ოლიგარქებმაც 20-25 წლის განმავლობაში.

ამგვარი გარიგებებით (როგორც ასევე `მაკდონალდსის` შემთხვევაში) ის ცდილობს დასავლეთს უთხრას: თუ თქვენ შეურიგდებით უკრაინის სახელმწიფოს მოსპობას, შეურიგდებით ყირიმს, შეურიგდებით დონბასის მიტაცებას რუსეთის მიერ, ჩვენც კაპიტალისტები ვართ, ჩვენც ვისწავლეთ ფულის თვლა და მზად ვართ განვაგრძოთ თქვენთან Business as usual.

აქ გარკვეული `ეშმაკის ჩაგდებაცაა` დასავლურ ელიტურ ბიზნესსა და დასავლურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შორის, რომელსაც უკვე მკაფიოდ ესმის ის, რაც ვერ გაიგო 2008 წელს: პუტინის გამარჯვება ამ ომში იქნება   კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა    არა მხოლოდ თვით უკრაინისთვის, არამედ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მთელი ევროატლანტიკური ცივილიზაციისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მორიგ სკანდალში გაეხვა: მცირე ხნის წინ გადადგომაც სცადა, თუმცა აფხაზები დაემუქრნენ: თუ ასე `კარის გაჯახუნებით წახვალ, აფხაზეთში ფეხს ვეღარ დადგამო და გადაიფიქრა.

გუშინ არძინბამ განაცხადა, რომ აფხაზეთი `რუსეთთან ასოცირებული სახელმწიფო უნდა გახდესო`.

`ასოცირებული სახელმწიფოს` მოდელია მაგალითად პუერტო-რიკო - ამერიკისთვის.

მაგრამ `აფხაზეთის ასოცირებული სახელმწიფო რუსეთთან` აფხაზურ ელიტებს არ მოსწონთ.

გასაგებია რატომაც არ მოსწონთ:  ეშინიათ, რომ თუ `ასოცირებულები` გახდებიან რუსეთთან, მაშინ მოსკოვი უფრო იოლად გაიტანს აფხაზებისთვის მტკივნეულ საკითხებს. მაგალითად ქართველი ლტოლვილების ბინათა ყიდვა-გაყიდვას რუსებზე, ისევე როგორც ზოგადად `აფხაზეთის გათქვეფას რუსეთში`.

აქ მთავარი კითხვაა, რუსეთი რა ბერკეტებს გამოიყენებს უახლოეს მომავალში, რათა აფხაზეთი ამგვარ `ასოცირებაზე` წამოიყვანოს.