საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ოქტომბერი 2022 წელი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, მულტიმილიონერი , ინდური წარმოშობის (ინდუსი - ინდოეთში დომინანტური, ელიტური ეთნოსი) რიში სუნაკი ხდება პრემიერ-მინისტრი.
ეს უკვე გადაწყვეტილია. მეფესთან ფიცს ამ დღეებში დადებს.
კონსერვატიული პარტიის ელიტა ისე აღფრთოვანებულად ერთიანია მის გარშემო, რომ ყველა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა. არა მხოლოდ ბორის ჯონსონმა, - ვისაც პარტიულმა ბოსებმა მკაცრად უთხრეს: `ცირკად ნუ აქცევ პარტიული ყრილობასო`, - არამედ სხვებმაც.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ რიში სუნაკის გაპრემიერება არის ბრიტანული ელიტების უძლიერესი სვლა.
როგორც იქნა ინგლისის უგამოცდილესმა ელიტებმა, მრავალწლიანი კრიზისის გადასალახად (რაც `ბრექსიტით` დაიწყო!) მიაგნეს სწორ გადაწყვეტილებას და ეს გენიალური ქვეყანა კვლავ აქციეს მსოფლიოს რესპექტაბელური ინტერესისა და აღიარების ობიექტად.
დავაკვირდეთ, რომ ამერიკულმა ელიტებმა (რომლის საფუძველი იგივე ანგლო-საქსური კულტურაა) ერაყში და საქართველოში ჯორჯ ბუშის წარუმატებლობით გამოწვეული ღრმა კრიზისის გადასალახად ასევე მიაგნეს სწორ სვლას 2008 წელს და შავკანიანი ბარაკ ჰუსეინ ობამას გაპრეზიდენტებით ამერიკამ შეინარჩუნა მსოფლიო ლიდერობა, ნოვატორობა.
ნოვატორობა კი მსოფლიო ლიდერობის უპირველესი, ყოვლად აუცილებელი პირობაა. და არა მხოლოდ სამხედრო ძლევამოსილება, არა მხოლოდ ტექნოლოგიური გენია.
რიში სუნაკი უკვე გამოვიდა კიდეც პროგრამული სიტყვით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფორმალური პროცედურა დასრულებული არ არის.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რიში სუნაკი არის სრულად ნატურალიზებული (არსებობს ასეთი იურიდიული და პრაქტიკული ცნება-ტერმინი) ანუ მარტივად თუ ვიტყვით `გაინგლისელებული` ადამიანი - აბსოლუტურად ყველა ასპექტით. პირველ რიგში კი მისი ინგლისურით.
ის ლაპარაკობს ელიტურ, სუფთა ბრიტანულ ინგლისურს.
ჩვენში ზოგჯერ ვერ ანსხვავებენ `ამერიკულ ინგლისურს` და `ბრიტანულ ინგლისურს`.
რა თქმა უნდა ერთი ენაა, მაგრამ მცოდნე ყური მაშინვე შეამჩნევს და მიხვდება განსხვავებას.
ინგლისში ენის ცოდნა უდიდესი მნიშვნელობის ფენომენია. ინგლისურენოვანი ადამიანი (ბრიტანეთში თუ ამერიკაში) აუცილებალდ შეგაქებთ `კარგი ინგლისურიუსთვის` თუკი უცხოელი ხართ. გერმანელებს და ფრანგებს ეს ამდენად არ ახასიათებს.
რიში სუნაკმა, რომელიც (ვიმეორებ) სტილურადაც ბრიტანელი დენდია ანუ არისტოკრატია ელიტური ინგლისურიც ბრწყინვალედ იცის და Pronunciation სუფთად ლონდონური აქვს .
The United Kingdom is a great country - გაერთიანებული სამეფო დიადი ქვეყანაა.
ეს იყო მომავალი პრემიერის მთავარი მესიჯი.
`მაგრამ ჩვენ ახლა მძიმე ეკონომიკური გამოწვევები გვაქვს. ახლა გვჭირდება სტაბილურობა და ერთიანობა (ეს არის მინიშნება იმაზე, რომ შოტლანდიის ბრიტანეთისგან გამოყოფას არ დაუშვებს -დ>) ჩემი უპირველესი პრიორიტეტი იქნება ქვეყნის და ხალხის გაერთიანება; იმიტომ, რომ მხოლოდ ამ გზით გადავლახავთ სირთულეებს; ვფიცავ გემსახუროთ ერთგულად და მორჩილად დღე და ღამე ბრიტანელი ხალხის კეთილდღეობისთვის.
საეჭვოა რიში სუნაკმა რაიმე კარდინალურად შეცვალოს რუსეთთან ან უკრაინასთან ურთიერთობებში. ის გააგრძელებს იმ ხაზს, რასაც ბორის ჯონსონი და ლიზ ტრასი ატარებდნენ, თუმცა ისევე როგორც ბარაკ ობამა, უფრო მოზომილი იქნება რიტორიკაში.
რაც შეეხება ბრიტანული ელიტების ისტორიულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ, ის ჩამოყალიბებულია მათ შორის (უამრავ სხვა ისტორიულ ფაქტორებთან ერთად) იმ შეურაცხყოფების შედეგად, რაც პუტინმა უახლეს ისტორიაში მიაყენა ინგლისს და ინგლისელებს, როცა ორჯერ სრულიად თავხედურად ჩაიდინა მკვლელობა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე: ჯერ რადიოაქტიური პოლონიუმით ლონდონში, პიკადილის ქუჩაზე (ესაა ლონდონის გულის-გული) მოწამლა რუსული სპეცსამსახურის გაქცეული აგენტი ლიტვინენკო, ხოლო შემდეგ საზარელი მომწამლავი ნივთიერება `ნოვიჩოკით` სოლსბერიში მოწამლა რუსული ГРУ-ს ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი, მისი შვილი იულია სკრიპალი და...ბრიტანეთის მოქალაქე პოლიციელი. ესენი სამივე გადარჩნენ მაგრამ მოგვიანებით ბრიტანეთის მოქალაქე ქალი გარდაიცვალა. პოლიციამ დაადგინა, რომ ამ ქალმა სანაგვე ურნადან ამოიღო ის ფლაკონი, რომელიც გამოიყენეს ГРУ-ს აგენტებმა, როდესაც სკრიპალების სახლის კარის სახელურზე `ნოვიჩოკი` შეაშხაპუნეს. და მერე გადააგდეს. ეს ფლაკონი შენიღბული იყო სუნამოდ და საცოდავ Low Life ქალს სუნამო ეგონა - ეგება იყოს ცოტა დარჩენილიო.
ეს გახლავთ რიში სუნაკის პირველი სფიჩი https://www.youtube.com/watch?v=_vfijelrV3o
რიში სუნაკი თვითონ მულტიმილიონერია; ყველაზე მდიდარი დეპუტატია - 240 მილიონი გირვანქა აქვს. სამაგიეროდ მისი სიმამრი - მეუღლის მამაა მილიარდერი. 4,5 მილიარდი გირვანქა.
რიში სუნაკს დამთავრებული აქვს ბრიტანული ოქსფორდის უნივერსიტეტი და ამერიკული სტენფორდის უნივერსიტეტი (კალიფორნია)
შეგახსენებთ, რომ ლონდონის მერი, სადიკ ამან ხანი ნატურალიზებული პაკისტანელია.
ანუ საქმე გვაქვს მყარ ტენდენციასთან ბრიტანულ ელიტებში.
რუსი შოვინისტები სულელურად აკომენტარებენ ამ ტენდენციას და ბოღმას ანთხევენ. წერენ: ეს იმას ჰგავს, როცა რომის იმპერიის დასალიერს იმპერატორები რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების წარმომადგენლები ხდებოდნენ და არა ლათინებიო.
ეს სულელური ნარატივია რასაკვირველია: ამერიკაში ობამას არჩევა და ბრიტანეთში სუნაკის გაპრემიერება ძალის და თავდაჯერების გამოვლინებაა სინამდვილეში და არა სისუსტისა, როგორც უნდათ წარმოაჩინონ რუს შოვინისტებს. აბა რუსეთში დემოკრატიული არჩევნებით არარუსს აირჩევენ? არა.
სტალინი არავის აურჩევია. ესაა სხვაობა.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მახლობლად, ვითომ ავარიის შედეგად რადიაციამ გაჟონა. თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ ეს არის პუტინის პროვოკაცია: ამით მთელ მსოფლიოს ეუბნება, რომ თუ უკრაინელები შეტევას გააგრძელებენ, იგი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს....... ხოლო იმ ავტოკოლონას, რომელიც თურმე ავარიაში მოყვა, ვითომდაც (ან შესაძლოა მართლაც) ტაქტიკური ბირთვული იარაღი გადაჰქონდა უკრაინის მიმართულებით
. . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ორშაბათს ისრაელის ხელისუფლებას სამხედრო დახმარება ოფიციალურად სთხოვა.
ვიდეომიმართვაში, რომელიც ნაჩვენები იყო Haaretz-ის კონფერენციაზე მან მოსთხოვა ისრაელის ხელისუფლებას, გასცეს პასუხი კითხვაზე: `ვის მხარესაა ისრაელი?!!!`
უპირველეს ყოვლისა, უკრაინა ისრაელს სთხოვს საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემათა მიწოდებას, რაც უკვე რეალურია, რადგან რუსეთმა ირანისგან მიიღო დრონები.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვის მონაცემთა თანახმად, რუსეთმა მალე ირანისგან უნდა იყიდოს მინიმუმ 2 000 საბრძოლო თვითმფრინავი, ასევე მიწა-მიწა რაკეტები. ირანელი ინსტრუქტორები მუშაობენ რუსულ ჯარებთან და ასწავლიან სამხედროებს თვითმფრინავების მართვასო, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
აქ აუცილებლად აღსანიშნავია, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია რუსული არმია (ვითომ მსოფლიოში მეორე არმიად რომ აცხადებდა თავს ამერიკული არმიის შემდეგ) თუკი ირანელები აწვდიან დრონებს, ირანელები აწვდიან ზოგიერთი მოდიფიკაციის რაკეტებსაც კი და ირანელი მფრინავები ასწავლიან რუს მფრინავებს სამხედრო თვიოთმფრინავების მაღთვას.\
უბრალოდ ისტორიული ანეგდოტია რა.....მრავალწლიანი ბაქი-ბუქის შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში ერთმანეთს ამშვიდებენ: მერე რა, თუ ევროკავშირმა აკრძალა შენგენის ვიზების გაცემა იმ რუსულ პასპორტებზე, რომელიც აფხაზეთშია გაცემული: ეს აკრძალვა ისედაც დიდი ხანია მოქმედებს, მაგრამ ჩვენმა ჭკვიანმა ხალხმა იპოვა გამოსავალი წინა წლებში: რეგისტრირდებიან რუსეთში, იქ იღებენ რუსულ პასპორტებს და მერე სტამბულის გავლით (სოჭი-სტამბულის რეისით, რაკი პირდაპირი რეისები რუსეთიდან ევროპაში აკრძალულია) მიემგზავრებიანო ევროპაში.
ანუ ეს აკრძალვა ხომ მხოლოდ იმ პასპორტებს ეხება, რომელიც უშუალოდ აფხაზეთში რუსეთის საელჩომ გასცაო.
ოღონდ ამ `ოპტიმისტებს` `ავიწყდებათ` (კი არ ავიწყდებათ, სინამდვილეში საკუთარ ხალხს უმალავენ), რომ
ა) შენგენის ვიზების აკრძალვა უკვე ისედაც შეზღუდულია რუსეთის ნებისმიერი მოქალაქისთვის; ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს რეგისტრირებული; სულ მალე კი, თუ პუტინი გაბედავს ბირთვული იარაღის გამოუენებას, საერთოდ აიკრძალება რუსულ პასპორტში `შენგენის ვიზის` ჩარტყმა და მოქმედ შენგენის ვიზებსაც გაუუქმებენ რუსებს
ბ) თუკი რუსეთში დარეგისტრირდებიან, მათ შეეხებათ რუსული მობილიზაცია (სანამ აფხაზეთში არიან რეგისტრირებულნი არ ეხებათ) და წაათრევენ უკრაინის სასაკლაოზე.
დემაგოგიური პრეტენზია აქვთ აფხაზებს ევროკავშირთან. დავაკვირდეთ ამ ნარატივს: `ევროპა და დასავლეთი ცდილობენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეგვიყვანონ, რადგან არაფრის დიდებით არ დავთანხმდებით საქართველოს შემადგენლოაბში დაბრუნებასო`. \
ეს გადამღერებაა ნარატივისა: `სჯობს ოკეანეში დავიხრჩოთ, ვიდრე პატარა ტბაში`.
ურჩევნიათ და ერჩივნოთ. ჩვენ რაღა ვქნათ ახლა იმაზე მეტი რასაც ვაკეთებთ: მკურნალობა, სწავლა, ჰუმანიტარული პროგრამები და ა.შ?
ზოგადად აფხაზეთში არსებობს საშინელი ფობია საქართველოს მიმართ, რომ ქართველები მოვლენ და შურს იძიებენ, - ყველას ამოგვწყვიტავენო.
ანუ ქვეცნობიერად ესმით, რომ რუსების დახმარებით და დავალებით გენოციდი მოაწყვეს 1992- 1993 წელს.