საარჩევნოდ «ფრთიანი ანგელოზის» ძებნა უშედეგოდ გრძელდება

საარჩევნოდ «ფრთიანი ანგელოზის» ძებნა უშედეგოდ გრძელდება

        გუშინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ «არცთუ ტკბილი დესერტი» უწოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას ახალი საარჩევნო კოდექსის ყველაზე მთავარი და საკამათო ნაწილის დამტკიცების შესახებ. საქმე ეხება, უპირველესად, საარჩევნო კომისიათა შემადგენლობას და ბეიკერის «დაბარებული» კვოტების გადანაწილებას.
        ედუარდ შევარდნაძის თქმით, ბეიკერს არ უგულისხმია, როგორ უნდა განაწილებულიყო ადგილები ოპოზიციური კვოტის შიგნით. დემოკრატიულ ძალთა ყველა ცდა, «აღორძინებისათვის» ადგილები სამთავრობო კვოტაში მიეკუთვნებინა, სრული კრახით დამთავრდა. ახლა საარჩევნო კოდექსის მთლიანად მიღება მხოლოდ დროის საქმეა, მაგრამ ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია რამდენიმე პრინციპული საკითხი, მათ შორის, მარკირების პრობლემა, რასაც ბევრი დეპუტატი არ ეთანხმება და, რაც მთავარია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა.
        უკვე შეთანხმებული სქემით, თავმჯდომარეს, ეუთოს წინადადებათა გათვალისწინებით და მისი წარდგინებით, პრეზიდენტი ნიშნავს. ეს დებულება არ არის კონკრეტიზებული, არადა, როგორც ცნობილია, სწორედ «დეტალებში იმალება ეშმა».¹ ვთქვათ, როგორ უნდა გამოძებნოს ეუთომ შესაბამისი კანდიდატურა? მან თავად უნდა ეძებოს თუ არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციით შეარჩიოს? – ანუ «ორმაგი შერჩევა» და «ორმაგი რეკომენდაცია» გამოდის. გარდა ამისა, ერთი კანდიდატურა უნდა იყოსთ თუ რამდენიმე? ცენტირალური საარჩევნო კომისიის გარდა, კიდევ ასელუობით კომისიით თავმჯდომარეა შესარჩევი, რომელთა ფიგურას არანაკლები (თუ მეტი არა) მნიშვნელობა აქვს. ბლოლოს და ბოლოს, ეუთოს წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში თბილისის ოფისით აომიწურება. ასეულობით კანდიდატის შესარჩევად და მათზე მსჯელობისათვის ეი ეუთოს ამ მცირე აპარატს არანაირი შესაძლებლობა არა აქვს.
        თვით იმ «ფრთიანი ანგელოზის» ძებნა, ვინც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა ჩაუდგეს სათავეში, ჯერჯერობით, უშედეგოდ გრძელდება. მიმდინარეობს ფარული, თუმცა, უშედეგო კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებს შორის, ბუნებრივია, სახელისუფლებო ბლოკის მონაწილეობით. ყველასთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ეუთოსათვი სწინასწარ შეთანხმებული ვარიანტი შეეთავაზებინათ, მაგრამ, ჯერჯერობით, ამა სშედეგიანი პირი არ უჩანს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ საკითხს საბოლოოდ პრეზიდენტის ჩარევა გადაწყვეტს, ანუ მისი მორიგი შეხვედრა ოპოზიციურ პარტიებთნა. საბოლოოდ, რაკი ყველა დაინტერესებულია არჩევნების ჩატარებით, არჩევანი, ალბათ, შეჩერდება ინტელიგენციის რომელიმე ცნობილ წარმომადგენელზე, რომელთა შორისაც უკვე ასახელებენ ნოდარ ამაღლობელს, როინ მეტრეველსა და სხვა, ამავე კატეგორიის ფიგურას, თუმცა, ორივე მათგანი ოპოზიციისთვის საეჭვოა, რაკი მიანც შევარდნაძის გუნდში მოიაზრებიან. თუმცა, ამ ლოგიკით, სრულიად ნეიტრალური ფიგურის მოძიება შეუძლებელიც ჩანს. აქაც მოსლაოდნელია სტრატეგიული კომპრომისი რაღაცის სანაცვლოდ, თუმცა, ამ ბალანსის გათვალისწინებით, რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიქმნა, თავმჯდომარეს გადამწყვეტი ხმა აღარ ექნება, რადგან წარმოუდგენელია ერთმანეთს დაემთხვას, მაგალითად, «აღორძინებისა» და «ნაციონალების» ინტერესები. მიუხედავად ამისა, კომისიის თავმჯდომარე ერთობ ნიშანდობლივი ფიგურა იქნება. ოღონდ, ასეა თუ ისე, დღევანდელი მდგომარეობით, არავინ იცის, სად და რომელ ფიგურასთან «ჩაიმუხლებს აქლემი». რეალურად, მომავალი პარლამენტის დაახლოებითი კონფიგურაცია უკვე გამოიკვეთა და არანაირი წინაპირობა იმისა, რომ ეს ძალები (არა მხოლოდ ხელისუფლება) კომისიათა დაკომპლექტების ნეიტრალურ (და გამოკვეთილად დემოკრატიულ) პრინციპზე შეთანხმდება, არ არსებობს.

დილის გაზეთი, 12 აგვისტო, 2003 წელი