«მოქკავშირს», სამწუხაროდ, კვლავ უნიათო ოპოზიცია ჰყავს

«მოქკავშირს», სამწუხაროდ, კვლავ უნიათო ოპოზიცია ჰყავს

        გუშინდელი დღე უეჭველად შავი ასოებით ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე აფხაზეთის დაკარგვასთან ასოცირდება, ქართულმა პოლიტოკრატიამ, ანუ პოლიტიკურმა ელიტამ (უმრავლესობამაც და უმცირესობამაც) «მოახერხა» ამ დღეს პარლამენტში მორიგი შოუს დადგმა. შესაძლოა, ავტომოფლობელებისათვის მართლაც სასიხარულო იყოს ეგრეთ წოდებული, «ტეხასმოტრის» მაჯლაჯუნა გადასახადის თუნდაც შემცირება (ყვავს კაკალი გააგდებინეო), მაგრამ ყველა, ვისაც კი პოლიტიკა აინტერესებს საქართველოში და «მოქკავშირის» მონოპოლია მოსწყინდა, გუშინ გაოგნებული დარჩებოდა იმით, რა ბრიყვულად მოაგებინა ოპოზიციამ «მოქალაქეთა კავშირს» პრაქტიკულად წაგებული პარტია.
        გუშინდელი სპექტაკლი უეჭველად ზურაბ ჟვანიას «ნაეშმაკარი» იყო, რომელმაც ბრწყინვალედ გაითვალისწინა და გამოიყენა ოპოზიციის ჩლუნგი სიჯიუტე, რის «წყალობითაც», მას, 1992 წლიდან დღემდე, შემადგენლობის ცვლილების მიუხედავად, არაფრის დიდებით არ სურს გაიგოს და შეიგნოს, რომ ახირებული, აკვიატებული წინააღმდეგობა მხოლოდ აძლიერებს მის პოზიციებს.
        ეს პოლიტიკური ტექნოლოგიის უხეში დარღვევაა და სწორედ «მოქკავშირის» წისქვილზე ასხამს წყალს.
        ასე იყო შარშან, როდესაც საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანდა. ამ უდიდეს ეროვნულ, ისტორიულ გამარჯვებას, ოპოზიცია საერთოდ არ გამოეხმაურა – აქაოდა, «მოქალაქეთა კავშირის» ავტორიტეტის ზრდას ხელი არ შევუწყოთო. არადა, სწორედ დუმილით შეუწყვეს ხელი, რათა «მმართველ პარტიას» ევროსაბჭოში გაწევრიანება საკუთარ პარტიულ გამარჯვებად გამოეცხადებინა, რამაც დიდი როლი შეასრულა 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
        გაცილებით უფრო ჭკვიანური იქნებოდა, ეს «საერთო ეროვნულ გამარჯვებად» გამოეცხადებინა ოპოზიციას და «მოქკავშირთან» ერთად ეზეიმა. ერთადერთი, ვინც ამას მიხვდა და განცხადებაც გააკეთა, მამუკა გიორგაძე იყო, ვინაიდან მთლიანობაში, ყოფილ «ედპ»-სთან ერთად ნათელი გონებით გამოირჩეოდა და პოლიტიკურ ხელოვნებასაც ფლობდა. თუმცა, დემაგოგიის თვალსაზრისით, ისეთ მწვერვალებს მიაღწია, ანტიკური ეპოქის ტიტანებისთვისაც თვალმიუწვდომელი იქნებოდა.
        სამწუხაროდ, სწორედ ყოფილი «ედპ»-ის ორივე ფრთა დარჩა «გარეთ», ხოლო პარლამენტში მოვიდნენ (ან დაბრუნდნენ) ის ოპოზიციონერები, რომელთა შეცდომები «მოქკავშირის» კიდევ 100_წლიან მმართველობას უზრუნველყოფს.
        თავად განსაჯეთ, რა შთაბეჭდილება დარჩებოდა გუშინ უბრალო ტელემაყურებელს ან რადიომსმენელს, ვინც თვალყურს ადევნებდა პარლამენტის დარბაზში მოვლენათა განვითარებას? აქვე შევნიშნავ, რომ «შთაბეჭდილება» პოლიტიკაში ყველაზე მთავარია.
        შთაბეჭდილება კი იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი: მოქალაქეთა კავშირმა შემოიტანა წინადადება, მაჯლაჯუნა გადასახადის გაუქმების შესახებ და მიუხედავად ოპოზიციის გააფთრებული წინააღმდეგობისა, მაინც შეძლო კანონის მიღება; რომ რამდენს არ ეცადა ოპოზიცია, რა ხრიკს არ მიმართა, ბოლოს სხდომაც დატოვა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო «მოქკავშირისთვის» ხელი შეეშალა, რათა ამ უკანასკნელს («მოქკავშირს») ხალხისთვის მართლა სასიკეთო გადაწყვეტილება «გაეტანა» (ამაზე მეტი სიბრიყვე გაგონილა?)
        რამდენიც უნდა იძახონ ახლა, რომ ეს ასე არ არის, რომ სინამდვილეში ისინი სულაც არ იყვნენ გადასახადის შემცირების წინააღმდეგნი, რომ პირიქით, გადასახადის სრულ გაუქმებას მოითხოვდნენ და ალტერნატიული წინადადება წამოაყენეს, ამით შთაბეჭდილება(!) არ შეიცვლება. მით უმეტეს, რომ მათი «ალტერნატიული წინადადება» იმთავითვე მტკნარი სისულელე იყო – გზის გადასახადი ბენზინის აქციზში შევიტანოთო.
        კი მაგრამ, მე თუ ბენზინს «დვიჟოკისთვის» ან სასოფლო ტრაქტორისთვის ვყიდუოლბ, გზის გადასახადი რატომ უნდა გადავიხადო? ეს ხომ აშკარად უფრო ხშირია, ვიდრე ის, რომ ადამიანს ავტომანქანა ჰყავდეს და წელიწადში ერთხელ ან ორჯერ იყენებდეს მხოლოდ?
        აქაც გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა, პირიქით, ოპოზიციას, იმთავითვე მხარი დაეჭირა კანონპროექტისთვის, ოღონდ მოეხსნა პასუხისმგებლობა ზარალისთვის, რაც ბიუჯეტს უეჭველად მიადგება, ანუ აქ ისევ «ევროსაბჭოს» სინდრომი განმეორდა.
        როგორც ჩანს, ოპოზიცია ერთმანეთის ჯინაზე მოქმედებს («კოლაბორაციონისტობა» არ დაგვბრალდესო) და «მოქკავშირის» მონოპოლიას უზრუნველყოფს.

დილის გაზეთი, 28 სექტემბერირ, 2000 წელი