საერთაშორისო მიმოხილვა. 14 მარტი. 2022 წელი
``რუსეთი შესაძლოა გეგმავდეს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას`` - ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა ამ დღეებში სპეციალურად ლაპარაკობს უკრაინაში ე.წ. `ბიოლაბორატორიების` შესახებ, რათა გაამართლოს საკუთარი დანაშაული, რომელიც მწიფდება.
გენერალური მდივნის თქმით, თუ რუსეთი ამას ჩაიდენს, ეს საომარ დანაშაულად ჩაითვლება.
თუმცა ალიანსის გენერალურმა მდივანმა არ უპასუხა კითხვას, ჩათვლის თუ არა NATO ქიმიური იარაღის გამოყენებას `წითელ ხაზად`. და არც ის დაუზუსტებია, აღიძვრება თუ არა ამის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე პუტინის წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გაეროს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში რუსმა აგრესორებმა 596 მშვიდობიანი ადამიანი მოკლეს და 1067 დაასახიჩრეს.
იგულისხმება არა უკრაინელი სამხედროები არამედ მშვიდობიანი მაცხოვრებლები.
ეს ინფორმაცია გაეროს ბიუროკრატიულ და ფორმალისტურ შინაარსს ადასტურებს: ხომ ცნობილია, რომ მხოლოდ მარიუპოლში რუსებმა უკვე 2190 ადამიანი მოკლეს. მოკლულებს პარკებში გახვეულთ ასაფლავებენ საძმო საფლავებში.
რომის პაპმა ფრანცისკმა მარიუპოლს `წამებული ქალაქი` უწოდა.
აღსანიშნავია, რომ მარიუპოლი, რომელსაც ახლა რუსული არმია ანადგურებს, რუსულ-ბერძნულ-სომხური ქალაქია. უკრაინელები იქ თითქმის არ ცხოვრობდნენ არასდროს და არც ახლა ცხოვრობენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები აფრინდნენ ყირიმიდან და ფრთოსანი რაკეტებით დაბომბეს სამხედრო-საწვრთნელი ბაზა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. არის მსხვერპლი. ბაზის აეროდრომი განადგურებულია. ამ ბაზას NATO ხშირად იყენებდა წვრთნებისათვის. დარტყმის მომენტში იქ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამხედროები არ იმყოფებოდნენ.
მანამდე მოსკოვმა გააფრთხილა NATO, რომ ის კონვოები, რომლითაც დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის `ლეგიტიმური სამიზნეებია`. პასუხად NATO-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა განაცხადა: ნებისმიერი შეტევა იმ სამხედრო კოლონებზე, რომლებსაც იარაღი მაიქვთ მეომარი უკრაინისთვის, ჩაითვლება ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ აგრესიად.
გადმოტანილი იარაღის დიდი ნაწილი დროებით სწორედ ამ ბაზაზე საწყობდებოდა. ოღონდ ეს არის არა პოლონეთის, არამედ უკრაინის ტერიტორია. ლვოვთან ახლოს.
პარალელურად, რუსეთის ჯარის ერთ-ერთი ქვედანაყოფი, რომელიც ბელორუსიიდან შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე, ლვოვისკენ დაიძრა. ანუ მისი მოძრაობის მიმართულება სწორედ დასავლეთისკენაა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული რუსეთმა მართლაც სცადოს ამ არხის ჩაკეტვა, რომლითაც უკრაინა დასავლურ იარაღს იღებს, რადგან მხოლოდ საჰაერო დარტყმებით ეს შეუძლებელია.
ანუ პირდაპირი შეტაკება რუსეთსა და NATO-ს შორის დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. როგორც არ უნდა იფრთხილოს ალიანსმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან უცნაური და სახიფათო ინციდენტი მოხდა ხორვატეთში: უკრაინის საბრძოლო მოქმედებებიდან ასეულობით კილომეტრში, ხორვატეთის დედაქალაქ ზაგრებში, პირდაპირ ქალაქის პარკში ჩამოვარდა საბჭოთა წარმოების უპილოტო თვითმფრინავი ТУ-141 Стриж.
მას გადაჰქონდა 120 კილოგრამიანი საავიაციო ბომბი.
ჩამოვარდნის შემდეგ ეს ბომბი აფეთქდა მიწაში და მსხვერპლი მხოლოდ ამიტომ არ მოჰყვა.
რუსები უარყოფენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მათ გააგზავნეს ხორვატეთში, თუმცა სპეციალისტთა აზრით ეს შესაძლოა ყოფილიყო გაფრთხილება NATO-ს მიმართ.
კათოლიკური ხორვატეთი ჩრდილო ატლანტიკური კავშირის ღირებული წევრია და ტრადიციულად ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რადგან რუსეთი ასევე ტრადიციულად მხარს უჭერდა და უჭერს ხორვატეთის მოსისხლე მტერს - სერბეთს.
აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეძლო საკმაოდ ძველი წარმოების დრონმა ალიანსის წევრი სამი ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაელახა სანამ ხორვატეთს მიაღწევდა მაშინ, როდესაც NATO-ს საჰაერო თავდაცვა სრულ სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი.
ხაზს ვუსვამ: ТУ-141 კი არ ჩამოაგდეს, არამედ ჩ ა მ ო ვ ა რ დ ა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურაა, ჩინეთს უკვე მეორედ აფრთხილებს, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციათა გადალახვაში. `ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ესა თუ ის ქვეყანა რუსეთს ეხმარებოდეს სანქციებით მიღებული ზარალის კომპენსირებაში` - აცხადებს სალივანი.
ოღონდ დასავლური სპეც-სამსახურებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, მოსკოვი პეკინს მხოლოდ ეკონომიკურ და ფინანსურ (საბანკო) დახმარებას კი არ სთხოვს უკვე, არამედ....სამხედრო და საბრძოლო ტექნიკის ზოგიერთი სახეობის მიწოდებასაც კი!
აი სადამდე მივიდა საქმე: ისე გაუჭირდათ, რომ რუსეთი ჩინეთს სთხოვს სამხედრო ტექნიკის ზოგიერთ სახეობას. ასევე რადიო-გადამცემ საშუალებებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინასთან მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის თავმჯდომარე, ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში რაღაც `დოკუმენტებს` მოეწერება ხელი, რომლებიც (თურმე) დაძაბულობას შეამცირებს. ომის დროს რომელ `დაძაბულობის შემციერბაზეა` ლაპარაკი, გაუგებარია.
თუმცა ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ რაღაც `შეთანხმებათა` უახლოეს მომავალში ხელმოწერაზე ლაპარაკობენ უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელებიც. მაგალითად პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი.
უკრაინის ხელისუფლების დეკლარირებული, ღიად გაჟღერებული პოზიცია ისაა, რომ ნებისმიერმა ხელშეკრულებამ რუსეთთან უნდა გაითვალისწინოს რუსული ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. სხვა პოზიცია მათ არასდროს გამოუხატავთ ღიად. არადა, ძალიან საეჭვოა პუტინი ამას დაეთანხმოს თუ მისი ჯარი ძირითადად არ იქნება განადგურებული.
შესაძლოა ეს განცხადებები მხარეთა დიპლომატიური ტაქტიკა იყოს.
მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ორშაბათს ანუ დღეს იგეგმება. არ არის გამორიცხული ხელი მოეწეროს შეთანხმებას `ცეცხლის დროებით შეწყვეტის` შესახებ. ეს სხვაა: თუ მხოლოდ ამას მოეწერება ხელი, ეს უკრაინული დიპლომატიის ტაქტიკური წარმატება გახდება, რადგან უკრაინა დროს მოიგებს.
რუსული ულტიმატუმის შინაარსი კი ცნობილია: უკრაინული სახელმწიფოს გაუქმება. ამიტომ მხოლოდ `ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე` შეთანხმება რუსეთის სერიოზული ტაქტიკური მარცხი იქნება. დრო უკვე პუტინის საწინააღმდეგოდ მუშაობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩეჩნეთის `მიკროდიქტატორი`, რამზან კადიროვი კიევთან იმყოფება, სადაც უკრაინულ დედაქალაქს უტევს ჩეჩნური ბატალიონი. ამ ბატალიონს კიევისგან სულ 7 კილომეტრი აშორებს, თუმცა დიდი დანაკარგი აქვს და წინ ვეღარ მიიწევს.
პუტინი აგრძელებს ამ ომში საკუთარ ხაზს, რომ ძირითადად კავკასიელები შეახოცოს კიევის და უკრაინის სხვა ტერიტორიების დაპყრობას. რუსული არმიის `კონტრაქტორები`, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, სწორედ ჩრდილო კავკასიელები არიან. ძირითადად დაღესტნელები, ჩეჩნები, ინგუშები და ოსები.
გუშინ კადიროვმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც პრეზიდენტ ზელენსკის დაემუქრა, რომ ჩეჩენი მებრძოლები მას `სადაც არ უნდა დაიმალოს იპოვნიან და ერთიანად ამოწყვიტავენ`
ე.წ. `ჩეჩნური ბატალიონი` სინამდვილეში არანაირი რეალური ძალა არ არის, მაგრამ არსებობს მითი `ჩეჩნების უძლეველობაზე` და ამ გზით კადიროვი, ასევე მისი პატრონი რუსული სპეცსამსახური უკრაინის მოსახლეობაში პანიკის გავრცელებას ცდილობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინმა რუსეთში Facebook და Instagram აკრძალა. მაგრამ ეს კიდევ არაფერი: რუსეთის სისხლის სამაღთლის კოდექსში არსებობს მუხლი `ექსტრემიზმი`. და რაკი ორივე სოციალური ქსელი `ექსტრემისტულადაა` ცნობილი მას შემდეგ რაც გადაწყვიტეს არ დაებლოკათ მოწოდებები უკრაინაში შეჭრილი რუსი ოკუპანტების დახოცვისკენ, ყველა ადამიანი რუსეთში, ვინც ამა თუ იმ ტექნოლოგიით (არსებობს ასეთი ტექნოლოგიები) შეაღწევენ ამ გვერდებზე, ჩაითვლებიან სისხლის სამართლის დამნაშავეებად.
რუსეთის პროკურატურის `ლოგიკით`, როცა ადამიანი Facebook და Instagram გვერდებზე შედის, ამით ეხმარება რეკლამის მოზიდვაში, ხოლო ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება სისხლის სამართლის დანაშაულია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ იტალიის ფინანსურმა გვარდიამ ტრიესტში დააპატიმრა მორიგი რუსი ოლიგარქის, ანდრეი მელნიჩენკოს უმდიდრესი იახტა, რომელიც 530 მილიონ ევროდაა შეფასებული. (578 მილიონი დოლარი)
გუშინვე პორტუგალიაში დააკავეს რაბინი, რომელიც რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს რამდენიმე წლის წინ დაეხმარა, მიეღო პორტუგალიის მოქალაქეობა ანუ ევროკავშირის მოქალაქეობა(ც).
რაბინის დახმარება იმაში გამოიხატა პოლიციის ცნობით, რომ მან გააყალბა დოკუმენტები, რომლითაც სასამართლოს უმტკიცებდა, თითქოს რომან აბრამოვიჩის წინაპრები XV საუკუნეში პორტუგალიიდან გააძევეს ინკვიზიციის მიერ ებრაელთა დევნის პროცესში. და ამიტომ ახლა რომან აბრამოვიჩს პორტუგალიის (ევროკავშირის) მოქალაქეობა ეკუთვნისო.
აი ასეთი თაღლითებითაა სავსე პუტინის გარემოცვა.