საერთაშორისო მიმოხილვა. 22 მაისი 2023

საერთაშორისო მიმოხილვა. 22 მაისი 2023

აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანმა ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ აშშ `არ შეეწინააღმდეგება უკრაინის შეიარაღებულ ძალთა დარტყმებს ყირიმზე ამერიკული იარაღით`. თუმცა კვლავინდებურად წინააღდმეგია, ამერიკული იარაღით `უკრაინამ რუსეთის სიღრმეში განახორციელოს დარტყმები`.

ანუ ამერიკამ პირველად გასცა სანქცია ყირიმში რუსული პოზიციების დაბომბვაზე მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ყირიმი უკვე თავის `განუყოფელ ტერიტორიად` მიაჩნია.

თუმცა ის რაც მოსკოვს მიაჩნია საკუთარ `განუყოფელ  ტერიტორიად`, ამერიკელებისთვის უკრაინაა.

აღსანიშნავია, რომ ჯეკ სალივანი, თანამდებობრივადაც და პიროვნულადაც ჯო ბაიდენის `მარჯევნა ხელია` და იმაზე უფრო მეტადაც კი `ახმოვანებს`  უშუალოდ სახელმწიფოს მეთაურის პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე, ვიდრე თვით სახელმწიფო მდივანი!

თანაც სალივანმა განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა დააადსტურა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდება.

აშკარაა: დასავლეთი `იღლება` უკრაინის ომით;

 ოღონდ ეს `გადაღლა` ვლინდება არა იმაში, რომ უკრაინა აიძულონ რაიმე დათმობაზე წავიდეს პუტინთან (ასე უნდოდა და ასე ეგონა თვით პუტინს) არამედ იმაში, რომ მიაწოდონ უკრაიანს მეტი და უფრო თანამედროვე იარაღი, რათა უკრაინამ დაამარცხოს პუტინი და ამ გზით დაასრულონ ეს ომი!

და ასეთი მიდგომა რომ გაჩნდა დასაველთში, ეს გმირი უკრაინელი ხალხის და გმირი უკრაინელი ჯარისკაცის დამსახურებაა.

თორემ იმავე დასავლეთში ბევრია ხალხი, ვისაც ძალიანაც ენდომებოდა პრობლემის უკრაინის ხარჯზე გადაჭრა.

. . . . . . . . . . . . . . .

სერბეთში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ამბები: მას შემდეგ, რაც მანიაკებმა ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს უდანაშაულო ადამიანები (დაახლოებით ისე, როგორც ეს, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ამერიკაში) ასეულობით ათასი სერბი ქუჩაში გამოვიდა და პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩის გადადგომა მოითხოვა.

ვუჩიჩს ეშინია რევოლუციის და მოსკოვის იმედი აქვს.

დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, რომ ალექსანდრე ვუჩიჩსა და მის `პროგრესის` პარტიას არჩევნების არ ეშინია, რადგან ოპოზიცია დაქუცმაცებულია, ამიტომ ყველა რუტინულ არჩევნებს მოიგებს. მაგრამ ეშინია, რომ ოპოზიციური ძალები ქუჩაში გამოიყვანენ პასსიონარულ, აქტიურ  უმცირესობას და ეს უმცირესობა მას დაამხობს რევოლუციური გზით.

ამიტომ, სერბეთში სერიოზული შეტაკებები და სისხლისღვრაც კი გამორიცხული არ არის.

. . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომ ამერიკაში მომავალი მძვინვარე საპრეზიდენტო კამპანიის უმთავრესი დისკურსი, როგორც ჩანს, აბორტები ხდება.

არა სამკვდრო-სასიცოხლო ომი უკრაინაში, არამედ აბორტების საკითხი.

Pro-Life თუ Pro-choice. ამ სლოგანებით წარიმართება ეს კამპანია.

არაფერი გასაკვირი ამაში არ არის: ამერიკელების აბსოლუტურ უმრავლესობას სუსტად აინტერესებს რა ხდება მათი დიადი ქვეყნის მიღმა, თუ ეს უშუალოდ ამერიკას ან ამერიკელებს არ ეხება.

შესაბამისად, ტრამპის მრჩეველთა გუნდის არჩევანი ამ თემაზე შემთხვევითი არ არის - გამიზნული საარჩევნო სტრატეგიაა, რათა იმ` ნერვს` შეეხონ, რომელიც ამერიკელებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია და ეს საკითხი ამერიკული  `იზოლაციონიზმის` ტრამპისეული მეგა-ნარატივის ნაწილად აქციონ.

გუშინ ტრამპმა განაცხადა, რომ უშუალოდ მისი დამსახურებაა აბორტების აღდგენა უზენაესი სასამართლოს მიერ.

თითქოსდა უცნაური განცხადებაა, რაკი უზენაესმა (საკონსტიტუციო) სასამართლომ ეს გადაწყვეტილება სულ ახლახანს მიიღო, როცა ტრამპი უკვე აღარ იყო პრეზიდენტი, მაგრამ.....სწორედ დონალდ ტრამპმა, მისი პრეზიდენტობის დროს, მოახერხა ამერიკის უზენაეს სასამართლოში კონსერვატორი მოსამართლეების დანიშვნა, რომლებმაც საბოლოოდ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ანტიკონსტიტუციურად ჩათვალეს ნორმა, რომელიც შტატებს უკრძალავდა აბორტებზე შეზღუდვის დაწესებას ან მათ სრულად აკრძალვას.

უფრო ზუსტად, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აბორტის უფლება არ განეკუთვნება ამერიკის მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებათა ნუსხას, მასასადამე შტატებს დამოუკიდებლად შეუძლიათ თავიანთი საკანონმდებლო ორგანოების დონეზე გადაწყვიტრონ საკითხი: შეზღუდონ, დაუშვან თუ მთლიანად აკრძალონ აბორტები.

აქ მნიშვნელოვანი, ნამდვილად არსებითი და სისტემური საკითხი ის არის, რომ ჯერ ერთი, აბორტებს თითქოსდა აღარ შეიძლება ჰქონდეთ ამერიკაში ისეთი მნიშვნელობა, რაც ჰქონდათ გასული საუკუნის 60-იან, 70-იან წლებში, რადგან დღეს არსებობს განვითარებული ფარმაცევტიკა, ასევე `დაცვის` სხვადასხვა საშაულებები და ა.შ.

მაგრამ.....`აბორტები`, Pro-Life თუ Pro-choice ამერიკის კონსერვატიულ-ლიბერალური დისკურსის განუყოფელ ნაწილად ითვლება. ყოველ შემთხვევაში, ტრამპის გუნდი ამას ძალიან ნიჭიერად ცდილობს: ეს თემა იყოს მთავარი განსხილველი საკითხი მომავალ არჩევნებზე ამერიკელ კონსერვატორებსა (რესპუბლიკელებს) და ამერიკელ ლიბერელებს (დემოკრატებს) შორის.

განსაკუთრებით საგულისხმო კი ისაა, რომ აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით (სოციოლოგია ამერიკული ცივილიზაციის `მოგონილია`) ამერიკელთა დაახლოებით 2/3 წინააღმდეგია აბორტების აკრძალვის. ანუ Pro-choice ემხრობა.

მაშ თითქოსდა რატომ ცდილობს ტრამპი სწორედ ამ უმცირესობის ანუ ერთი მესამედის ფანატიკური მხარდაჭერა დაიბევოს?

საქმეც ისაა, რომ ეს `ერთი მესამედი` განსაკუთრებით აქტიური, განსაკუთრებით შეუვალი და `მოქმედებისთვის მზადყოფნია`

სწორედ ეს `პასიონარული უმცირესობა` შევარდა კონგრესში 2021 წლის 6 იანვარს და არ არის გამორიცხული.......მორიგი რევოლუციაც კი სცადოს 2024 წლის არჩევნების შემდეგ, თუკი დონალდ ტრამპი იმ არჩევნების შედეგს `გაყალბებულად` გამოაცხადებს.

ეს ჩვენი ანალიზი კი არ არის - ასე ფიქრობს ამერიკელ ანალიტიკოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი. ისინი სხვა ახსნას ვერ უძებნიან ტრამპის ინტენციას, აქციოს `აბორტები` საკუთარი საარჩევნო ნარატივის  ქვაკუთხედად და ამით მოიგოს გული ყველაზე კონსერვატიული, ფანატიკურად განწყობილი ამრიკელებისა.

თუმცა....მეორეს მხრივ, როგორც სხვა ანალიტიკოსები აღნიშნავენ, დონალდ ტრამპს ის ძველბერძნული (ჰერაკლიტე) სიბრძნე შეუშლის ხელს, რომ `ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ`

. . . . . . . . . . . . . . .

როგორც გატყობინებდით, ვოლგოგრადში რუსმა გვარად ჟურავლიოვი, მეჩეთის წინ ყურანი დაწვა და ვიდეო სოციალური ქსელით გაავრცელა.

ამის შემდეგ რუსეთის პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება საქმე გამოსაძიებლად.....ჩეჩნეთის პროკურატურას გადასცეს, სადაც გაცემულია ორდერი ჟურავლიოვის დაკითხვაზე დაბარების, შემდეგ მისი დაკავების და ჩეჩნეთში გასამართლების შესახებ.

სად ვოლგოგრადი და სად ჩეჩნეთი? ვოლგოგრადშივე რატომ არ ასამართლებენ?

რუსული პროკურატურა ამ უცნაურ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ჩეჩნეთში მცხოვრებმა მუსლიმებმაა იჩივლეს.

თუმცა რეალური მიზეზი ისაა, რომ პუტინს ძალიან სჭირდება ჩეჩნეთის `მიკროდიქტატორი` რამზან კადიროვი:

თუ მოსკოვში რევოლუცია დაიწყო, პუტინი კადიროვს და მის მრავალათასიან კაციჭამია ბოევიკთა ბანდას დაეყრდნობა მოსკოვური რევოლუციის ჩასახშობად; ანუ იმ შემთხვევაში, თუ რუსულმა არმიამ და შსს-მ უარი თქვეს სახალხო აჯანყების  ჩახშობაზე.

ეს გამორიცხული არ არის, იმდენად არაპოპულარული ხდება რუსულ არმიაში და ძალისმიერ სტრუქტურებში უკრაინის მარცხიანი ომი.

არადა, რას მოესწრო რუსეთი?! ჰყავს დიქტატორი, რომელმაც შესაძლოა ჩეჩნებს დაახოცინოს მოსკოველი რუსები, რათა მათ რევოლუცია არ მოაწყონ და პუტინი კრემლის ქონგურზე არ ჩამოჰკიდონ!!!

ჩეჩნები რომ `სიამოვნებით` შეასრულებენ ამ ბრძანებას, ეს კიდევ ცალკე თემაა.

. . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ბანანი მიაკუთვნოს `სოციალურად მნიშვნელოვან და არსებით პროდუქტთა` კატეგორიას.

ერთი შეხედვით თითქოს აბსურდული გადაწყვეტილებაა, რადგან ბანანის გარეშე ადამიანი არ მოკვდება. პურისგან განსხვავებით ბანანს სასიცოცხლო მნიშვნელობა არ გააჩნია.

მაგრამ.....ეს კომიკური სამთავრობო გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ომს.

საქმე ის გახლავთ, რომ 2022 წელს დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა შემოღების შედეგად, შემცირდა `მესამე მსოფლიოს` ქვეყნებიდან ბანანის ექსპორტი რუსეთში. მთავარი ექსპორტიორი იყო ეკვადორი, საიდანაც რუსეთში ყოველწლიურად 1,5 მილიონი ტონა ბანანი იგზავნებოდა.

ეკვადორი არ შეერთებია ანტირუსულ საქნციებს, თუმცა  პრობლემები შეექმნა ლოგისტიკას, გადატვირთვას, გადასატვირთ პუნქტებში მომსახურებას და ა.შ და ა.შ. ანუ დაირღვა (სპეციალიზებული  ტერმინით) `ლოგისტიკური ჯაჭვი`.

არადა ბანანი, როგორც აღმოჩნდა, რუსებს ძალიან უყვართ.

 ეს შესწავლილია მარკეტინგში: ჩრდილოურ ქვეყნებში ზოგადად პოპულარულია `სამხრეთული` და სუბტროპიკული ან ტროპიკული პროდუქტები.

საბჭოთა დროს საქართველოდან (აფხაზეთიდან) სადღაც მურმანსკში თვითმფრინავით გადაზიდული რამდენიმე ტომარა (ჩემოდანი) მანდარინი ავტომანქანა `ჟიგულს` ყიდულობდა. ლიმონი - `ვოლგას`

ბანანის შემთხვევაში კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ განსხვავებით ფრანგული ყველისაგან, რომლის ექსპორტი რუსეთში აიკრძალა (თუმცა მას მხოლოდ რუსული ელიტა მიირთმევდა), ბანანი `მასობრივი პროდუქტია`.

შესაბამისად თითქოს წვრილმანია, თუმცა......... პუტინის ადმინისტრაცია ყურადღებაით ადევნებს თვალს სოციალურ აღქმებში და განწყობებში მიმდინარე პროცესებს და ეს აკრძალვა (ვიმეორებ თითქოს წვრილმანია) ერთ-ერთი მცირე, თუნდაც, მაგრამ ფაქტორი ხდებოდა შეგნებული თუ ქვეცნობიერი უკმაყოფილებისა, სოციალური გადაღლისა ამ ომით.

სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, რასაკვირველია - `კუბოებთან` და არა ცალკე აღებული.

ამიტომ, გუშინ რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, `გაანულოს` საბაჟო ტარიფები ბანანის იმპორტზე, რათა ეკვადორელი და სხვა ექპორტიორებისთვის ამ პროდუქტის რუსულ ბაზარზე შეტანა ისევე მომგებიანი გახდეს, როგორც ომამდე.

ვიმეორებ: ეს თითქოს `წვრილმანი` ნიუანსია. თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. რეალურად კი ამგვარი `წვრილმანებით` იქსოვება ის დიდი კრიზისი და ცუნამი, რომელიც შესაძლოა პუტინს თავს დაატყდეს  რუსეთშივე.

მით უმეტეს სამხედრო მარცხის შემდეგ.