საერთაშორიოსო მიმოხილვა. 3 ოქტომბერი. 2023 წელი
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, John Kelly-მ სენსაციური განცხადებები გააკეთა ყოფილი ბოსის საწინააღმდეგოდ.
მან ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ტრამპი `ლუზერებს` უწოდებდა ამერიკელ ომის ვეტერანებს, რომლებიც დაიჭრნენ ან ტყვედ ჩავარდნენ საბრძოლო მოქმედებების დროს.
ეს განცხადებები თითქოს არ ეხება ამერიკის 45-ე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს; თუმცა სინამდვილეში დონალდ ტრამპის დისკრედიტაცია მოსახლეობის შედარებით ნეიტრალურად განწყობილ ნაწილში, ასევე ბევრი მომხრის თვალში ასე უფრო მოხდება: ამერიკელები ძალიან ფაქიზად ეკიდებიან ყველაფერს, რაც ვეტერანებს და ზოგადად სამხედროებს ეხება.
ჯონ კელლიმ ამასთან ტრამპი დაადანაშაულა, რომ იგი არ სცემს პატივს ქალებს, ეთნიკურ და სხვა უმცირესობებს.
შესაძლოა ეს უკანასკნელი ბრალდება არ იყოს განმსაზღვრელი ტრამპის მომხრეებისთვის, რომლებიც ძირითადად კონსერვატორი ამერიკელები არიან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული ელიტებისთვის; ელიტათა მხარდაჭერის გარეშე კი (იგულისხმება არა მხოლოდ პოლიტიკური და ადმინისტრაციული ელიტები) ნებისმიერ პოლიტიკოსს ამერიკაში გაუჭირდება გრძელვადიანი წარმატების მიღწევა
. . . . . . . . . . . . . . . . .
ნიუ იორკში რეალურად დაიწყო სამოქალაქო (!) პროცესი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს ქონების ხელოვნურად `გაძვირებაში` დაახლოებით 2 მილიარდი დოლარით.
პროკურორმა ახსნა, რისთვის სჭირდებოდა ეს ტრამპს: ამის შედეგად მეტი შანსი ექნებოდა დაკრედიტების ნიუ იორკის ბანკებისგან, რომლებიც კრედიტების გამოყოფისას უპირველეს ყოვლისა ყურადღებას აქცევენ მოვალის გადახდისუნარიანობას და მისი ქონების მდგომარეობას.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი პირადად დაესწრო სასამართლო პროცესს და როგორც ჩანს კიდევ ბევრჯერ მოუწევს სასამართლო დარბაზში მისვლა. ზოგადად, თუ გავითვალისწინებთ რამდენი საქმეა ტრამპის წინააღმდეგ აღძრული, გამოდის, მთელი საარჩევნო კამპანია უნდა გაატაროს ქალაქიდან - ქალაქში, სასამართლოდან სასამართლოში სირბილით. გამორიცხულია ამ გარემოებამ არ იმოქმედოს მის საარჩევნო შანსებზე.
ნიუ იორკის სამოქალაქო ქეისით ტრამპს ემუქრება 250 მილიონი დოლარის ჯარიმა
ნიუ იორკის პროცესის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა სასტიკად გალანძღა პროკურორიც და მოსამართლეც. მათ კრიმინალები უწოდა, ოღონდ......სასამართლოს დარბაზს მიღმა.
სასამართლოში ანუ უშუალოდ პროცესზე მსგავსი რომ თქვას, ციხე არ ასცდება. მოსამართლემ ყველაფრის მიუხედავად შეიძლება ბრძანოს მისი დაპატიმრება სასამართლოს შეურაცხყოფისთვის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკაში გრძელდება სენსაციური სასამართლო პროცესი: ანტიმონოპოლიური სამსახური, ანუ ამერიკის სახელმწიფო რეგულატორი უჩივის კომპანიას Google.
რეგულატორი ამტკიცებს, რომ Google-მა მთლიანად დაიპყრო საძიებო სისტემებით ინტერნეტი და საკუთარი მონოპოლიური მდგომარეობის გამოყენებას გეგმავს ტრენდული ტექნოლოგიების, მათ შორის AI - ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად;
ბოლო პროცესზე რეგულატორმა მოწმედ მოიყვანა Microsoft, რომლის CEO-მ დაადასტურა, რომ Google ყველანაირად ცდილობს კონკურენტების `ჩაძირვას` და თუ ისეთი ტიტანი, როგორიც Microsoft-ია ($2 ტრილიონზე მეტი რომ ღირს) ვერ უძლებს კონკურენციას, მით უმეტეს `იჩაგრებიან` პატარა კომპანიები და სტარტაპები.
Google თავის დროზე თვითონ იყო სტარტაპი და ამერიკაში წარმატებული ბიზნესის თვალსაჩინო მაგალითი შექმნა.
ზოგადად `ანტიმონოპოლიური` საქმეები ძალიან რთულია, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ იმგვარ ხერხებს უპირატესობის მოპოვებისა, რაც შესაძლოა სისხლის სამართლის ან სამოქალაქო კოდექსის ქეისი გახდეს, არამედ მარკეტინგულ მანიპულაციებს უამრავი სხვადასხვა ხრიკის გამოყენებით: ფორმალურად კანონიერ შეთანხმებებს პროგრამების მწარმოებლებთან, სმარტფონების მწარმოებლებთან და ა.შ.
მაგალითად `ანდროიდ პროგრამაში`, სამსუნგ-ის ტელეფონზე რომ პირველ რიგში Google საძიებო გეცემა თვალში, ეს უკვე მილიარდობით დოლარი ღირს.
Google ადვოკატები (საათში 200 000 დოლარიანნი) პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ არ არსებობს მონოპოლია, რადგან ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ნაცვლად Google-ისა სხვა საძიებო სისტემა გამოიყენოსო.
ფორმალურად თითქოს ასეა, მაგრამ რეალურად ასე არ არის: გარდა Google-ისა სხვა საძიებოს ვინ იყენებს? ოდესღაც იყო, თუმცა მე მაგალითად მათი სახელებიც აღარ მახსოვს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა გრანტ შეპსმა განაცხადა, რომ ლონდონმა უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გახსნას სამხედრო წვრთნისა და აღჭურვის ცენტრები, რათა იქ მოამზადოს უკრაინელი სამხედროებიო; ფაქტობრივად, ეს უკრაინაში ბრიტანეთის საჯარისო ქვედანაყოფების შეყვანას ნიშნავს; მოსკოვმა უპასუხა ცარიელი ისტერიკით.
რუსეთში ალბათ უხაროდათ, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი შეიცვალა - ბენ უოლესი გადადგა; თუმცა ახალი თავდაცვის მინისტრი მათთვის `უარესი` აღმოჩნდა.
კრემლი იმუქრება, რომ თუ უკრაინის ტერიტორიაზე ბრიტანული სასწავლო ცენტრები გაჩნდება, მათ სარაკეტო დარტყმებით გაანადგურებენ, თუმცა ამ `ცენტრებს` აუცილებლად მოჰყვება მათი დაცვის ინფრასტრუქტურა - საზენიტო სისტემები და ა.შ.
რუსეთს სულ უფრო მეტად უჭირს სარაკეტო დარტყმების განხორციელება რადგან უკრაინამ, დასავლეთის დახმარებით, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის უძლიერესი სისტემა შექმნა.
ეს პირველ რიგში დასავლეთის და NATO-ს დამსახურებაა, თუმცა ისიც ცხადია, რომ უკრაინას ამ მხრივ თვითონაც დიდი პოტენციალი ჰქონდა: საბჭოთა კავშირის მეწინავე საკონსტრუქტორო ბიუროები, რომლებიც სარაკეტო სისტემებზე მუშაობდნენ, სწორედ უკრაინაში იყო განთავსებული; იქ ერთი პერიოდი საკმაოდ წარმატებით მუშაობდა ლავრენტი ბერიას შვილი, სერგო ბერია - სარაკეტო კონსტრუქტორი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მთიან ყარაბაღში უცნობმა პირებმა სნაიპერული ცეცხლი გაუხსნეს ერთობლივ რუსულ-აზერბაიჯანულ პატრულს.....სტეფანაკერტში!
ამ ინციდენტიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გამომდინარეობს:
ა) რუსები და აზერბაიჯანელები უკვე ერთობლივად აკონტროლებენ ყარაბაღის მთელს ტერიტორიას, მათ შორის სტეფანაკერტს;
ბ) ადგილობრივი სომხური მოსახლეობა რუსებს ისეთივე მტრად აღიქვამს უკვე, როგორც აზერბაიჯანელებს;
გ) არ არის გამორიცხული დივერსიები ყარაბაღში მას შემდეგაც, რაც ეს ტერიტორია სომხებმა დატოვეს
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთი ცდის რაკეტას Буревестник.
ეს პირველი კონტინენტთაშორისი (უფრო ზუსტად პლანეტარული) რაკეტაა, რომელიც კარდინალურად განსხვავდება სხვა კონტინენტთაშორისი რაკეტებისგან:
ა) მას აქვს ბირთვული ძრავა. ანუ არა მხოლოდ თავად შეუძლია ბირთვული მუხტის ტარება და მისი აფეთქება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, არამედ თვითონაც ბირთვული ძრავა აქვს რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სიშორე საერთოდ არ არის შეზღუდული - შეუძლია დღეების და კვირების განმავლობაში იფრინოს დედამიწის გარშემო
ბ) ეს საკონტინენტთაშორისო რაკეტა არ არის ბალისტიკური - რეალურად ფრთოსანი რაკეტაა ანუ შეუძლია იმოძრაოს დედამიწის გასწვრივ დიდ ან მცირე სიმაღლეზე - ამას არა აქვს სისტემური მნიშვნელობა;
აღსანიშნავია, რომ რუსებმა ამ რაკეტის 13 ცდა ჩაატარეს უკვე და ცამეტივე წარუმატებელი იყო; თანაც ადამიანური მსხვერპლით.
დასავლელი სპეციალისტები კატასტროფულს უწოდებენ ბირთვულძრავიანი რაკეტის გამოცდებს, რადგან ავარია დასახლებული ტერიტორიის თავზე, თუნდაც გამოცდის დროს, შესაძლოა ბირთვული ძრავის ჩამოვარდნით და მისი აფეთქებით დასრულდეს მაშინაც კი, თუ გამოცდისას რაკეტას ბირთვული ჭურვები არ ექნება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სერგეი ლავროვი ხვდება აფხაზეთისა და `სამხრეთ ოსეთის` ე.წ. `პრეზიდენტებს;
როგორც ჩანს, შეხვედრის მიზანია სეპარატისტები დაარწმუნოს, რომ მიუხედავად ყარაბაღში აზერბაიჯანის ტრიუმფალური გამარჯვებისა, მათ იგივე არ ემუქრებათ.
თუმცა მოსკოვს სოხუმთან და ცხინვალთან, ასევე მათ ე.წ. `ხელისუფლებებთან` სხვა პრობლემებიც დაუგროვდა. მათ შორის საავტომობილო (და არა სარკინიგზო) ტრანზიტის პრობლემა - საქართველოს გავლით სომხეთისკენ, რათა კრემლმა საბოლოოდ არ დაკარგოს გავლენა სომხეთში;
სეპარატისტები საავტომობილო ტრანზიტს არ თანხმდებიან: `ჯერ საქართველომ ჩვენი დამოუკიდებლობა ცნოსო`.
ქართულ მედია-სივრცეში ბევრს საუბრობენ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო ტრანზიტზე. სინამდვილეში ეს თემა დიდი ხნის წინ მკვდარია: მაგრამ რეალურია საავტომობილო ტრანზიტი: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას, მაგალითად, მილიარდობით დოლარი ესაჭიროება და ვინ არის გადამხდელი? მაშინ როდესაც საავტომობილო ტრანზიტისთვის ბევრი არაფერია საჭირო: ცხინვალის გავლითაც და სოხუმის გავლითაც საკმარისია მხოლოდ შლაგბაუმების გადაწევა და მეტი არაფერი.
სეპარატისტები ამ შემთხვევაშიც კოორდინირებულად მოქმედებენ და `ჯერ საქართველოს მიერ აღიარებას` მოითხოვენ, რაც გამორიცხულია რასაკვირველია.