საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ივლისი. 2023 წელი

პუტინთან საიდუმლო შეხვედრის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა გადაწყვიტა საბოლოოდ დაშალოს კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერი` (Частная военная компания – ЧВК «Вагнер»), რაკი პუტინმა, რამდენიმე წყაროს ცნობით, მიანიშნა, რომ სახელმწიფო მის კერძო კომპანიას არ (აღარ) დააფინანსებდა; მაშასადამე მებრძოლებს პრიგოჟინი ვეღარ გადაუხდიდა ხელფასს (დაახლოებით 5 000 დოლარს თვეში);

ამდენად პრიგოჟინმა არჩია, ვაგნერი რუსეთში (!) დაეშალა და ალბათ გარკვეული ქვედანაყოფები მხოლოდ რუსეთის და უკრაინის ფარგლებს გარეთ -ლიბიასა და სირიაში `იმუშავებენ`. თუმცა ძველებური აქტივობით ვეღარ.

საინტერესოა, რომ პრიგოჟინის `კერძო არმიამ`, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადასცა 20 000 (!) ავტომატი, ასეულობით საარტილერიო სისტემა, მათ შორის ზალპური ცეცხლის დანადგარები და თვითმავალი ქვემეხები. აგრეთვე....უახლესი ტანკები Т-90.

`ვაგნერელებს` ექნებათ საშუალება, ინდივიდუალურად გააფორმონ კონტრაქტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, თუმცა ცხადია, ამას უმეტესობა არ მოინდომებს: რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან რომ კონტრაქტის გაფორმება სდომებოდათ, ამის საშუალება ისედაც ჰქონდათ; თუმცა `ვაგნერის` ბანდიტთა უმეტესობა ციხიდან გამოშვებული კრიმინალია: პრიგოჟინთან მათ ზუსტად ის იტაცებდათ და ხიბლავდათ, რომ `კერძო არმია` არა საჯარისო დისციპლინის, არამედ კრიმინალური ბანდის `გაგებებზე` იყო აგებული.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

NATO-ს სამიტზე, მის პარალელურად, გაიმართა G7 სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია) სამიტი უკრაინის მონაწილეობით.

G7 დეკლარაციას შესაძლოა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ვიდრე NATO-ს კომუნიკეს.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ `შვიდეული` უკრაინას აძლევს უსაფრთხოების გარანტიებს, იღებს ვალდებულებას, მოამზადოს უკრაინული არმია, მიაწოდოს უკრაინას უახლესი იარაღი, დაეხმაროს `კიბერ-უსაფრთხოების` უზრუნველყოფაში.

G7 უკრაინას დაჰპირდა, რომ რუსეთის აქტივები საზღვარგარეთ (დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი) დაყადაღებული დარჩება და რუსეთს არ დაუბრუნდება.

თუმცა, როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ, დასავლეთი მაინც თავს იკავებს ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის გადაცემისგან, რათა არ შექმნას რეზონანსული პრეცედენტი.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის არმიამ, ბრიტანული Storm shadow ფრთოსანი რაკეტით გაანადგურა რუსი გენერალი, ოლეგ ცოკოვი.

სულ მცირე ხნის წინ გენერალ-ლეიტენანტი  ცოკოვი  2008 წლიდან ჩვენთვის `ბოროტად ნაცნობი` 58-ე არმიიდან - `სამხრეთ სამხედრო ოლქის` მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.

მისი ლიკვიდაცია უკრაინის დიდი წარმატებაა.

უკრაინელებმა Storm shadow ესროლეს ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკის სასტუმრო `დიუნას`, სადაც 58-ე არმიის შტაბი იყო განთავსებული.

რასაკვირველია `მიზანდასახვა` ანუ დამიზნება და ფრთოსანი რაკეტის კომპიუტერში ლოკაციის შეყვანა მოხდა ამერიკული და ბრიტანული კოსმოსური თანამგზავრების მეშვეობით!

ეს ომში პირდაპირი მონაწილეობაა - უკრაინელების სამართლიან მხარეს და რუსეთის წინააღმდეგ.

პუტინი რომ გაიძახის მუდამ: `პირდაპირ არ ჩაერიოთ თორემ........` და რა `თორემ?` - ამაზე მეტი `პირდაპირი ჩარევა` რაღა უნდა იყოს: დასავლური რაკეტა, დასავლური მიზანდასახულობით ანადგურებს რუსეთის ელიტურ გენერალს!

აღსანიშნავია, რომ შტაბს (ანუ სასტუმროს შენობას) რასაკვირველია იცავდნენ რუსული საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, მაგრამ..... Storm Shadow-ს წინააღმდეგ უსუსურნი აღმოჩნდნენ!

 გენერალ ცოკოვის განადგურებას `დაემთხვა` (ალბათ არც თუ შემთხვევით) იმავე 58-ე არმიის მეორე გენერლის, ივან პოპოვის გადადგომა.

ახლა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველნაირად ცდილობს ისე `გააფორმოს`, თითქოს გენერალი პოპოვი `გაუშვეს`. სინამდვილეში მიზეზი ის გახდა, რომ პოპოვმა ბოლო დროს რამდენიმე განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრ შოიგუს, ასევე გენერალური შტაბის უფროსის, გერასიმოვის წინააღმდეგ.

ამით აშკარად დასტურდება, რომ ევგენი პრიგოჟინს, პუტჩის მცდელობისას, ნამდვილად ჰყავდა მოკავშირეები არმიაში.

არანაკლებ საინტერესოა გენერალ პოპოვის პრეტენზიები: `უკრაინული არტილერია რატომ არის ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე რუსული არტილერიაო`. `უფრო წარმატებულში` იგულისხმება უამრავი რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის განადგურება.

იოლი ასახსნელია რატომ: იმიტომ, რომ ამერიკულ და ევროპულ გენიალურ ინდუსტრიებში - სამხედრო-სამრეწველო ქარხნებში - წარმოებული საარტილერიო სისტემები ბევრად ქმედითი აღმოჩნდა, ვიდრე რუსული-საბჭოთა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ომი და რუსული იარაღის ჩაფლავება რუსეთს იარაღის მსოფლიო ბაზრებზე პოზიციათა დაკარგვითაც ემუქრება: დღემდე მეორე იყო ამერიკის შემდეგ.

სიიაფით გადიოდა. არადა ყველა დაინახავს ახლა, რომ როცა საქმე ეხება იარაღს, მთავარი ხარისხია და არა ფასი.

აქვე: მსოფლიოში ყველაზე ძვირად ისრაელის იარაღი ფასობს. შესაბამისია ხარისხიც. უბრალოდ, ისრაელი ყველაფერს არ აწარმოებს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა ძალიან დიდი წარმატებით იყენებს დასავლურ რაკეტებს, არ არის გასაკვირი, რომ თეთრ სახლში მწიფდება გადაწყვეტილება უკრაინისათვის ATACMS ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტის გადაცემის შესახებ.

ამ რაკეტის გასროლა ხდება HIMARS დანადგარიდან, რომელიც უკვე აქვს უკრაინის არმიას.

მისი უპირატესობა GMLRS რაკეტებთან შედარებით (რითაც ამჟამად არის აღჭურვილი HIMARS) ისაა, რომ ჯერ ერთი უფრო შორსმწვდომია (300 კილომეტრი 90 კილომეტრის ნაცვლად) და ბევრად უფრო `მძიმეა` ანუ მეტი გამანადგურებელი ძალა აქვს.

HIMARS-ზე დღეს ერთდროულად 6 GMLRS რაკეტა თავსდება. ATACMS კი მხოლოდ ერთი, რაკი (ვიმეორებ) ბევრად დიდი და მძიმეა.

GMLRS  ბალისტიკური ტრაექტორიით ადის 50 კილომეტრის სიმაღლეზე, სტრატოსფეროში და შემდეგ ვერტიკალურად ეშვება სამიზნეზე. ამიტომ მისი ჰაერში განადგურება ძნელია. ამით GMLRS ტოლს არ უდებს რუსულ საუკეთესო რაკეტას SS-26 Iskander.

GMLRS რაკეტით,  უკრაინის არმია ყირიმის ხიდს ვერ დაანგრევს, რაკი ხიდის დანგრევა ზოგადად ძნელია რაკეტით, თუმცა შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს დიდი ხნით ისე, რომ ამ ხიდის მეშვეობით რუსული საოკუპაციო ძალებისთვის იარაღის და ცოცხალი ძალის მიწოდება ვეღარ ხდებოდეს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მკაცრად გააკრიტიკა პრეზიდენტი ბაიდენი და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სხვა ლიდერები იმის გამო, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ არ მიიწვიეს ალიანსში - უკვე ვილნიუსის სამიტზე.

ჯონსონის მთავარი არგუმენტი Common sense ანუ საღ აზრს მოკლებული როდია: `რუსეთი ამაზე უარესს რაღას იზამდაო`.

რაც შეეხება კონტრარგუმენტს, რომ უკრაინის მიწვევა ალიანსში გამოიწვევდა NATO-ს პირდაპირ ომში ჩართვას, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინულ დიპლომატიას, იმავე Common sense-იდან გამომდინარე, საკმაოდ მოქნილი პოზიცია ჰქონდათ: ზელენსკი მოითხოვდა NATO-ს მიეწვია (Invite-Invitation)  უკრაინა, რაც სულაც არ ნიშნავდა ალიანსში წევრობას, რადგან ამისთვის კიდევ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო. მაშასადამე არ გამოიწვევდა ალიანსის წესდების მეხუთე პუნქტის ავტომატურ ამოქმედებას `კოლექტიური თავდაცვის` შესახებ.

სამაგიეროდ, ეს იქნებოდა უძლიერესი `მესიჯი`კრემლის მიმართ.

უნდა ითქვას, რომ ზოგადად, ამ ომის დროს უკრაინულმა დიპლომატიამ უმაღლესი კლასი აჩვენა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინმა გადადგა პროვოკაციული ნაბიჯი და სამხედრო გემი გააგზავნა კუბაზე - ამერიკიდიან  90 მილში. ამასთანავე, სულ უფრო იზრდება რუსული ინვესტიციები მშიერ და ღარიბ-ღატაკ კუბაში.

თუმცა, საეჭვოა პუტინმა გაბედოს ის, რაც გაბედა ხრუშჩოვმა 1962 წელს, როდესაც ბირთვული რაკეტები განალაგა კუბაზე. მაშინვე გაანადგურებენ ამერიკელები.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის პლატფორმაზე ქმნის ხელოვნური ინტელექტის ჩატ-ბოტს xAI, რომელიც ChatGPT ალტერნატივა გახდება.

შეგახსენებთ, რომ ChatGPT შეიძლება ეურთიერთო, კითხვები დაუსვა და პასუხები მიიღო ისე, როგორც ცოცხალ ადამიანს.

ყველაფრით ჩანს, რომ Twitter მხოლოდ `აისბერგის მწვერვალი` იყო მასკისთვის: ეს გენიალური ადამიანი ახალი ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო რევოლუციისთვის ამზადებს კაცობრიობას, რაც ემთხვევა მარსზე კოლონის შექმნის გეგმებს.

 ყველაფერი კარგია, თუმცა კითხვებს წარმოშობს მასკის უცნაური განცხადება: AI (Artificial intelligence), როგორც საკაცობრიო ამოცანის (გამოწვევის) შექმნაში ჩინეთი კაცობრიობის მხარეს იქნებაო.

ანუ ისევ და ისევ მასკი ჩინეთზე ამყარებს ამ მიმართულებითაც იმედს, როგორც `ბაზისზე` მისი xAI შესაქმნელად.

და ჩინეთის ავტოკრატიულ-კომუნისტური სახელმწიფო არ შეეცდება ამ ახალი ტექნოლოგიის სადავეთა ხელში ჩაგდებას?

ვითომ არა? - არ იკადრებენ სი ძინპინი და მისი პოლიტბიუროს წევრები?!